როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს, აქვს სურვილი, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება გააჩნდეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ამ საკითხის განხილვაც სთხოვა.
გავრცელდა განსხვავებული მოსაზრებებიც, კონსტიტუციონალისტები ამ ინიციატივის მიღმა დიდ საფრთხეს ხედავენ.
ამ კონტექსტში გთავაზობთ ამონარიდს პატრიარქ ამბროსი ხელაიას (1861 - 1927) საბოლოოს სიტყვიდან, რომელიც მან 1924 წლის 16 მარტს სასამართლო პროცესზე წარმოთქვა:
..."რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა.”
სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა. ამის გამო ამნაირ შემთხვევებში, როგორც გეუბნება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემორჩილოთ უფრო ღმერთსა, ვიდრე კაცთა (საქ. მოც. 5,29).
ეს ნორმები ეკლესიური ცხოვრებისა, ამნაირიურთიერთობა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის, მიღებულია ყველა საქრისტიანო ქვეყნებში და არ გვეგონა, თუ ჩვენი მთავრობა ამას არ გაუწევდა ანგარიშს"...