თამარ ბაქრაძე თბილისის მე-6 საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორია. ბაღს მიმდინარე წლის 21 მარტიდან აღარ ხელმძღვანელობს. თამარ ბაქრაძე ერთადერთი არაა, რომელსაც მერიის აუდიტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობის დატოვება მოუწია. მასთან ერთად თებერვალ-მარტში თბილისის 8 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. რვავე გათავისუფლებული დირექტორი კოლექტიური სარჩელის შეტანას გეგმავს საქალაქო სასამართლოში.
აუდიტის დასკვნები, რომლებიც დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, ლიბერალმა მერიდან გამოითხოვა. ექვსივე დასკვნა თითქმის იდენტურია - აუდიტი ყველა გათავისუფლებულ დირექტორს თანხის არამართებულ ხარჯვას ედავება.
მე-6 ბაგა-ბაღის აუდიტის დასკვნა სულ სამგვერდიანი.
თამარ ბაქრაძის თქმით, ბაგა-ბაღების სააგენტომ ბაღს 2016 წლის თებერვალში მოსთხოვა ფინანსური დოკუმენტაცია. ბაღების სააგენტოდან მისთვის არ უთქვამთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია აუდიტისთვის სჭირდებოდათ. 2016 წლის 21 მარტს აუდიტის დასკვნა და გათავისუფლების შესახებ ბრძანება თამარ ბაქრაძეს ერთად ჩაბარდა.
ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი წინასწარ არ იცნობდა აუდიტის დასკვნას და შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულზე თავისი მოსაზრებები წარედგინა შესაბამისი სამსახურისთვის.
თამარ ბაქრაძის თქმით, მათ რომ სცოდონოდათ, რა მიზნით გაითხოვა ბაგა-ბაღების სააგენტომ ბაღებიდან ფინანსური დოკუმენტები, მიაწვდიდნენ იმ დოკუმენტებსაც რომელთა ანალიზიც აუდიტის სამსახურს უფრო სრულფასოვანი სურათის დანახვის შესაძლებლობას მისცემდა.
„რომ გვცოდნოდა რა მიზნით ხდებოდა აუდიტი, მივაწვდიდით უფრო სრულყოფილ ინფორმაციას, მაგალითად, მენიუფაქტურებს, რომელიც იწერება ყოველდღე თითოეულ ბავშვზე, აქ არის გაწერილი, რამდენი ბავშვია მოსული, რამდენი კალორაჟია დახარჯული თითოეულ ბავშვზე. ყველაზე სერიოზული დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება კვების თანხის ხარჯვის ნახვა, თუ რატომ ხდება რომ ზოგჯერ ბავშვზე 2,40 ლარი დაიხარჯა დღეში და ზოგჯერ 1,70 ლარი, რომელიც ჩვენგან არ გამოუთხოვიათ“, - ამბობს თამარ ბაქრაძე.
დასკვნის მიხედვით, თამარ ბაქრაძემ 2015 წელს ბავშვების კვებისთვის მოითხოვა 135 051, 06 ლარი, ხოლო დახარჯა 107,558,15 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ თამარ ბაქრაძემ 2015 წელს კვებისთვის 27, 482, 91 ლარით მეტი მოითხოვა, ოღონდ, საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხა ბაღის დირექტორმა სამეურნეო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბაღის დირექტორს აღნიშნული თანხა სხვა ხარჯებისთვის მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით უნდა გამოეყენებინა. თუმცა თამარ ბაქრაძის თქმით, ბაგა-ბაღის წესდების მიხედვით, დირექტორი თავად განაგებს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებას და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორად ხარჯვაზეც ისაა პასუხისმგებელი. შესაბამისად, თამარ ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ვალდებული არ იყო, სააგენტოსთვის შეეთანხმებინა ის ფაქტი, რომ საკვებიდან დარჩენილი თანხის სათამაშოების, ან სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გამოყენებას გეგმავდა.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის განმავლობაში მე-6 ბაგა-ბაღის მიერ ბავშვების კვებაზე წარმოდგენილი მოთხოვნების თანახმად გაანგარიშებულმა თანხამ ერთ ბავშვზე შეადგინა დღეში - 1, 723 ლარი, როცა ბაგა-ბაღის მიერ ფაქტობრივად ერთი ბავშვის კვებაზე დღეში გახარჯულად ნაჩვენებია - 2, 235 ლარის დასკვნები, ანუ 0, 412 ლარით მეტი. შესაბამისად, წლის განმავლობაში მე-6 ბაგა-ბაღის მიერ კვებაზე ზედმეტად გახარჯულად ნაჩვენები საკვების თანხამ შეადგინა 21, 027 ლარი.“ - წერია დასკვნაში.
თამარ ბაქრაძის თქმით, ეს საკითხი დასკვნაში ზერელედ და არაკვალიფიციურად არის განხილული.
რადგან მოთხოვნილ თანხასა და ფაქტობრივ ხარჯს შორის განსხვავება ლოგიკურია და რეალურად კვებისთვის მოთხოვნილ და ფაქტობრივად გახარჯულ თანხას შორის სხვაობა გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. მისივე თქმით, მოთხოვნილი და ფაქტობრივად დახარჯული თანხა ვერასოდეს დაემთხვევა ზუსტად ერთმანეთს, რადგან მოთხოვნილი თანხა ეფუძნება ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობას, ხოლო ფაქტობრივი დანახარჯი დაფუძნებულია კონკრეტულ თვეში ბავშვების სწრებადობის მაჩვენებელზე, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
„მაგალითად, კვირის დასაწყისში ვუკვეთთ მომავალი კვირის პროდუქტს, ჩვენი ანგარიშით, რაკი ამ კვირაში გვესწრება 350 ბავშვი, ვალდებულნი ვართ, ვიანგარიშოთ, რომ ამდენივე იქნება მომავალ კვირას, ეს არის საშუალო სწრება. ამ სწრების მიხედვით, ვუკვეთავთ მალფუჭებად პროდუქტებს. როცა ელოდები 350 ბავშვს, ზუსტად ამდენი არასოდეს არ მოდის. ჩვენ ვანგარიშობთ მაქსიმუმს, არა იმდენს, რამდენიც სიით გვყავს, მაგრამ მაქსიმალურ სწრებას, რადგან, ვინც მოვა მშიერი არ დარჩეს. ძირითადად, ხდება ისე, რომ ის მაქსიმალური რაოდენობა არ მოდის“. - ამბობს თამარ ბაქრაძე. დარჩენილ საკვებს სხვა ბავშვებზე ანაწილებენ. მაგალითად, თუ წინასწარი გაანგარიშებით ბავშვს უნდა ეჭამა 80 გრამი კატლეტი, მისთვის მოამზადებენ 100-გრამიან კატლეტს, შესაბამისად, ბავშვზე ხან იხარჯებოდა წინასწარ განსაზღვრული 1, 70, ხან კი ამ თანხაზე მეტი. თამარ ბაქრაძის თქმით, იმ შემთხვევაში, როცა ბაღში მოსალოდნელზე ნაკლები ბავშვი მოდის, ბაღის ადმინისტრაციას ორ გზა აქვს: ან უნდა გადაყაროს დარჩენილი საკვები (ეს პროცედურა საკმაოდ რთულია), ან გადაანაწილოს ბავშვების არსებულ კონტიგენტზე.
მისივე თქმით, თვიდან თვემდე ერთ დღეში კვებისთვის საშუალოდ დახარჯული თანხის ოდენობა და მათ შორის სხვაობა, თავის მხრივ, კვების პროდუქტებზე ფასიც მატებითაც არის განპირობებული.
თამარ ბაქრაძის თქმით, კვებისთვის განსაზღვრული თანხიდან ყოველთვიურად ბაღს 3000 ლარამდე რჩებოდა და მას სათამაშოებისთვის, ან ბაღის განვითარებისთვის სხვა საჭიროებებს ახმარდა.
„ჩვენს ბაღში არის დაახლოებით 420 ბავშვი. ყოველი თვის დაფინანსება, ასევე დაახლოებით, 50 000 ლარია, აქ ლაპარაკია დაახლოებით 3000-ზე, რომელიც დაახლოებით რჩება ყოველი თვიდან კვებიდან.
სააგენტო ამის საქმის კურსში იყო ყოველთვის. თვითონ საფინანსოში, როცა რაიმეს გასაკეთებლად თანხას ვთხოვდით, გვეუბნებოდნენ, რომ კვებიდან ხომ გექნება ეკონომია და ის გახარჯეო. სიტყვიერად ამას ყოველთვის გვეუბნებოდნენ“. - ამბობს თამარ ბაქრაძე.
შეკითხვაზე, რას უკავშირებს აღნიშნულ პროცესს, თამარ ბაქრაძემ გვიპასუხა:
„რეალურად, ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან ბაგა-ბაღების სააგენტოში, არ არიან კვალიფიციურები და ორიენტირებულები არიან თავიანთი კადრების დასაქმებაზე.“
მერიის აუდიტის სამსახურის პოზიცია
„ლიბერალი“ აუდიტის სამსახურის უფროსს ესაუბრა. შეკითხვაზე, რატომ არ მიეცათ ბაღებს აუდიტის დასკვნაზე ახსნა-განმარტებების შესაძლებლობა და არის თუ არა მერიის აუდიტის ფუნქცია, გაკეთოს დირექტორებთან მიმართებით და მათ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ დასკვნა - გვიპასუხა, რომ მათ ბაგა-ბაღებიდან ინფორმაცია სააგენტოს გავლით მოითხოვეს. აღნიშნული კი პროცედურების დაცვით მოხდა. მისივე თქმით, მათთვის ყველაფერი ცხადი იყო და დამატებითი ახსნა-განმარტებისთვის ბაღის დირექტორთა დაბარება საჭიროდ არ მიიჩნიეს.
„თუკი ვხედავთ ინსპექტირების პროცესში დამატებითი განმარტებების საჭიროებას, ვიბარებთ. ამ შემთხვევაში, ამის აუცილებლობა არ იყო. დოკუმენტურად ჩანდა ყველაფერი“.
მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, აშკარად ჩანდა, რომ დირექტორები წესდებით დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებდნენ, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდნენ ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვას.
„ჩვენ გვიწერია, რომ ბიუჯეტის მართვის ნაწილში მათი უნარ-ჩვევები არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას“.
შეკითხვაზე, რომელი რეგულაცია ავალდებულებს ბაღის დირექტორს, კვების პუნქტში დარჩენილი თანხის განკარგვა შეუთანხმოს სააგენტოს, გვიპასუხეს, რომ აღნიშნულს თბილისის მთავრობის ერთ-ერთი განკარგულება არეგულირებს.
მისივე თქმით, ინსპექტირება იმ ბაღებში მოხდა, რომლებიც რისკჯგუფში მოხვდნენ. კერძოდ კი, რისკჯგუფში მოხვდნენ ის ბაღები, რომლებიც სააგენტოდან გაზრდილ ვაუჩერს მოითხოვდნენ. ასეთი კი სულ 13 ბაგა-ბაღი იყო თბილისში.
აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, მათ შეადგინეს სხვა დასკვნაც, რომელიც სააგენტოს ორი თანამდებობის პირის გათავისუფლების რეკომენდაციას აძლევს. მისივე თქმით, ვინაიდან შემოწმებულ ბაღებში ზედმეტად ჩამოწერილმა თანხამ, ჯამურად, 350 ათას ლარს გადააჭარბა, ეს მასალები ასევე გადაიგზავნა პროკურატურაში.