"კაბელების საქმის" განხილვა დასრულდა. მოსამართლე გელა ბუგიანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმესთან დაკავშირდებით კითხვები და ეჭვები მათი დაკავებისთანავე გაჩნდა. მათ დაკავებას მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მწვავე განცხადება, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. ხმაური და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა განაჩენის გამოცხადებასაც.
მხარეების დასკვნითი სიტყვა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრალდება და რა არგუმენტებს უპირისპირებს მას დაცვის მხარე. ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურა რეალურად მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღებას არ ამახვილებს. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა ბრალეულობა ნამდვილად იკვეთება. დასკვნითი სიტყვების გაცნობა საზოგადოებას მეტ-ნაკლებად სრულყოფილ სურათს შეუქმნის ამ საქმის სამართლებრივ მხარეებზე. სწორედ ამიტომ, "ლიბერალი" პროკურატურის დასკვნითი სიტყვიდან ძირითად ამონარიდებს და ამაზე დაცვის მხარის სიტყვიდან საპასუხო ჩანაწერებს გთავაზობთ.
პროკურატურის დასკვნითი სიტყვის თანახმად, 2013 წლის 2 თებერვალს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბრძანებით, სახელმწიფო შესყიდვების, სასაქონლო მარაგების მოთხოვნის, დაგეგმარების, დასაწყობების და მიწოდების პროცესის ავტომატიზაციის ტექნიკური დავალების მომზადებისთვის შესაბამისი ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ზაზა ბროლაძე ხელმძღვანელობდა. პროცესის ავტომატიზაცია სამინისტროს ყველა ქვედანაყოფის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში ჩართვას ისახავდა მიზნად.
2013 წლის 30 ივლისს J-6 დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა წერილობით მიმართა ზაზა ბროლაძეს და კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის, აპარატურის შეძენისა და მონტაჟის აუცილებლობის შესახებ ამცნო. ეს დოკუმენტი რეაგირებისთვის სახელწმიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, გიზო ღლონტს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსს, ირაკლი უჯმაჯურიძეს გადაეცათ. გიზო ღლონტი ვალდებული იყო წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩაეტარებინა და პირველ რიგში, გამოეკვლია, ხომ არ შეძლებდა ამის გაკეთებას სამინისტროს შიდა რესურსით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ბაზარზე შესაბამისი მომწოდებლის მოძებნა დაეწყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს არ მოუძიებია ინფორმაცია, შეძლებდა თუ არა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგების სამუშაოების განხორციელებას სამინისტროს სსიპ "დელტა". ამით გიზო ღლონტმა რეაგირების გარეშე დატოვა ზაზა ბროლაძის მითითება. როგორც პროკურატურის დასკვნით სიტყვაში ვკითხულობთ, ამ საქმეზე გამოძიების პროცესში, საექსპერტო კვლევებით დადგინდა, რომ "დელტა" მის ბალანსზე არსებული რესურსით მაგისტრალის ასაგებად საჭირო მიწის სამუშაოების ჩატარებას შეძლებდა, რაც მთლიანი საქმის 90% იყო. სამინისტროს კი მხოლოდ კაბელის კანალიზაციის განთავსების მომსახურების ყიდვა დასჭირდებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, J-6 დეპარტამენტის უფროსმა, ნუგზარ კაიშაურმა წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, გიზო ღლონტს და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანაზე, აპარატურის შეძენასა და მონტაჟზე ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა. თუმცა ბრალდების მხარე განმარტავს, რომ სამინისტროში შესყიდვების მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილებას J 4/8 დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ინფორმირების გარეშე J-6 დეპარტამენტიდან პირდაპირ სახელწმიფო შესყიდვების დეპარტამენტში მოთხოვნის გაგზავნა, პროკურატურის აზრით, ბრალდებულებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული, რათა ამ ორი დეპარტამენტის თანამშრომლებს პროცესის სასურველი შედეგით დასრულებაში "ხელი არ შეშლოდათ".
ბრალდების მხარის მტკიცებით, ზემოხსენებული დეპარტამენტის თანამშრომლებმა: გიზო ღლონტმა, არჩილ ალავიძემ და გიორგი ლობჟანიძემ 2013 წლის 27 აგვისტოს 8 კომპანიას თბილისი-ახალციხე-ბათუმის მიმართულების ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის მიწოდების თაობაზე სამინისტროს მოთხოვნა წერილობით გაუგზავნეს და ტექნიკური და ფინანსური პროექტის წარმოსადგენად ვადა 5 სექტემბრამდე მისცეს. პროკურატურა განმარტავს, რომ ტექნიკურ პირობებში ჩამოთვლილი მასალების ერთობლიობა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს ქმნის. შესაბამისად, დაინტერესებულმა კომპანიებმა მაგისტრალის აგების ფასი წარმოადგინეს. მხოლოდ „სილქნეტმა“ წარადგინა 4 სხვადასხვა წინადადება, რომელიც არა მაგისტრალს, არამედ კაბელში წვერების გატარებას ეხებოდა.
დასკვნითი სიტყვის თანახმად, ბრალდებულებმა მაგისტრალისა და მაგისტრალურ კაბელში არსებული წვერების ფასი შეადარეს ერთმანეთს და ასე დაასკვნეს, რომ "სილქნეტის" შეთავაზება ყველაზე იაფი იყო. სხვა კომპანიებისთვის არც უკითხავთ კაბელში წვერების გატარების ფასი. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ მიზანმიმართულად არ გამოიკვლიეს შეძენილი ქონების ბაზარზე არსებული ფასი, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედიოდა.
ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, რატომ არ იკითხეს ბრალდებულებმა თავიდანვე წვერების ფასი. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამის მიზანი "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭება იყო, რაც, ბრალდების მხარის თქმით, მოწმეთა ჩვენებითა და ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება.
კერძოდ, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებს J-6 დეპარტამენტის თანამშრომლები დავით წიფურია და თემურ მირიანაშვილი, ასევე ირაკლი უჯმაჯურიძე შეხვდნენ და კომპანიებს ქსელის მოსაწყობად გარკვეული სამუშაოების შესრულების პირობები გააცნეს. "კავკასუს ონლაინის", "ახალი ქსელებისა" და "დელტა კომის" წარმომადგენელთა თქმით, ამ შეხვედრაზე მათთვის სამხრეთის მიმართულებით საკაბელო მაგისტრალის აგებაზე სამინისტროს არცერთ თანამშრომელს არაფერი უთქვამს. ერთადერთი კომპანია, რომლის წარმომადგენელმაც წინასწარ იცოდა 27 აგვისტოს გაცხადებული მოთხოვნა, "სილქნეტი" იყო. ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ის სამინისტროში შედარებით ადრე დაიბარეს და ამის შესახებ ამცნეს. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა "სილქნეტი" თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სამინსიტროს მხრიდან შეთავაზების მიღებამდე ერთი წლით ადრე "დელტა კომის" ფინანსური დირექტორი დავით ხუბულური და ტექნიკური დირექტორი გიორგი ჯალიაშვილი საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ ნუგზარ კაიშაურს და კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ ახალციხე-ბათუმის, სენაკი-ზუგდიდის და თბილისი-თელავის მიმართულებით საკუთრებაში ჰქონდათ ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლოთ სამინისტროსთვის მაგისტრალური კაბელების წვერების გადაცემა. პროკურატურის ინფორმაციით, ანალოგიური შემოთავაზება კომპანია "სპეცკავშირმშენსაც" ჰქონდა. ამის მიუხედავად, ბრალდებულები მაინც "სილქნეტის" შემოთავაზებას დასთანხმდნენ. პროკურატურის თქმით, ნუგზარ კაიშაური ორივე შეთავაზების შესახებ იყო ინფორმირებული.
ბრალდების მხარე "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭების ნიშნებს პროექტის წარმოსადგენად მიცემულ ვადაშიც ხედავს. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, კომპანიებმა სამინისტროსგან 2-თვიანი ვადა მოითხოვეს. მაგრამ მიუხედავად საჭიროების არარსებობისა, ბრალდებულებმა მაინც 9 დღის ვადაში ჩაატარეს სახელწმიფო შესყიდვის სხდომა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ "სილქნეტმა" 2 თვით ადრე იცოდა სამინისტროს შემოთავაზების შესახებ და წინადადების მოსამზადებლადაც მეტი დრო ჰქონდა.
პროკურატურის ინფორმაციით, „სილქნეტის“ წინადადებები აცდენილი იყო სამინისტროს მოთხოვნებს, მაგრამ ამის მიუხედავად, 2013 წლის 26 სექტემბერს მაინც ამ კომპანიის შეთავაზებები გაგზავნეს. ბრალდებულთა განმარტებით, ასე იმიტომ მოხდა, რომ „სილქნეტის“ შეთავაზება ყველაზე დაბალფასიანი იყო. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ J-6 დეპარტამენტის თანამშრომლებმაც, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა მიკერძოებული დამოკიდებულება გამოავლინეს და "სილქნეტის" 3 წინადადება შეარჩიეს.
რა ღირებულებისაა სინამდვილეში სამინისტროს მიერ შეძენილი ქონება, საქონელი და მომსახურება? ამის გამოსაკვლევად ბრალდების მხარემ ორი ექსპერტიზა ჩაატარა, რომელთა დასკვნის მიხედვითაც, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს მიერ "სილქნეტისგან" შეძენილი ქონების, საქონლისა და მომსახურების ღირებულება 2 618 005 ლარია. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა ამაში 6 720 877 ლარი გადაიხადეს, მათ, პროკურატურის შეფასებით, 4 102 872 ლარი გაფლანგეს.
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვად აკვალიფიცირებს (სსკ-ის 182-ე მუხლის მაორე ნაწილის “ა“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტები). ბრალდებით მხარის მტკიცებით, ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენისას ანგარება ამოძრავებდათ, რაც არა მხოლოდ მათი, არამედ სხვების ქონების გაზრდასაც გულისხმობს და "სილქნეტისთვის" უპირატესობის მინიჭების მიზანიც სწორედ ამ კომპანიისთვის მატერიალური სარგებლის მოტანა იყო.
ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის თანახმად, ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე 4 თვით ადრე, თავდაცვის სამინისტროს როგორც J-6, ასევე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს "სილქნეტის" წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ, რაც მათ ნაცნობობაზე მიუთითებს და ამ კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვაც სწორედ ამაზე მეტყველებს.
"ფაქტია, რომ აღნიშნული ურთიერთობები გახდა ბრალდებულების მამოძრავებელი ძალა (მოტივი) საიმისოდ, რომ "სილქნეტს" მიეღო სარგებელი და მისთვისვე უპირატესობის მინიჭების მიზნით გაფლანგულიყო სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872 ლარი, რითაც ბრალდებულები უპირობოდ მოიპოვებდნენ კომპანიის წარმომადგენლების კეთილგანწყობას",- აღნიშნულია პროკურატურის დასკვნით სიტყვაში, რომელსაც ხელს პროკურორები, ლევან ბაჩიაშვილი, ზვიად გუბელაძე და ნინო აღლემაშვილი აწერენ.
პროკურატურის არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და მიიჩნევს, რომ ამ საქმეში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დანაშაული არ იკვეთება. ამის დამტკიცებას კი საკუთარ დასკვნით სიტყვაში კონტრარგუმენტებით ცდილობს.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში გამოხატული მოსაზრება, რომ J 4/8 დეპარტამენტის გვერდის ავლით J-6 დეპარტამენტის მიერ მოთხოვნის პირდაპირ სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტში გაგზავნა ეწინააღმდეგება თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში ფუნქციების განაწილების წესს.
ადვოკატები მინისტრის მოადგილის, ზაზა ბროლაძის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სამხრეთის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია კაიშაურის მიერ მისთვის 2013 წლის 30 ივლისს გაგზავნილ წერილში, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის ყოველთვის იმართებოდა სამუშაო შეხვედრები. ბროლაძემ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის სამუშაო ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი იყო და ყველა დეტალი სწორედ მასთან თანხმდებოდა. დაცვის მხარის ინფორმაციით, ამას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის, ირაკლი უჯმაჯურიძის, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, მამუკა კაკალაშვილისა და თავად ბრალდებულთა ჩვენებები ადასტურებს.
ადვოკატები ასევე უარყოფენ პროკურატურის მოსაზრებას, რომ კომპანია „სილქნეტი“ სხვა დეტალებთან ერთად სამხრეთის მაგისტრალის აგების შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 2013 წლის მაისში შედგა ორი შეხვედრა რამდენიმე კომპანიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. პირველ შეხვედრას ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, თემურ მირიანაშვილი, ირაკლი უჯმაჯურიძე და საკომუნიკაციო კომპანიების - შპს ,,დელტა კომმის", სს ,,სილქნეტის", შპს ,,ახტელის", ,,ახალი ქსელების", შპს ,,კავკასუს ონლაინის," ,,ოპტიკლაინის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მეორე შეხვედრას გენერალი ვახტანგ კაპანაძე, ნუგზარ კაიშაური და J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის თანამშრომლები თემურ მირიანაშვილი და ზაზა მგელაძე, ხოლო კომპანიების მხრიდან - შპს,, დელტა კომმის", შპს ,,კავკასუს ონლაინის", სს ,,სილქნეტის", შპს ,,საქართველოს რკინიგზის", შპს ,, რკინიგზის ტელეკომის", შპს ,,მაგთიკომის", შპს ,,ჯეოსელის", შპს ,,ბილაინის", შპს ,,ახალი ქსელების", შპს ,,ახტელის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადვოკატთა ინფორმაციით, მირიანაშვილის, უჯმაჯურიძის, გოჩა გოთოშიას, გელოვანის, ჯღამაძის, ბრელიძის, კაიშაურის და წიფურიას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების თანახმად, 2013 წლის მაისში გამართულ შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად სამხრეთის მიმართულებით კავშირის საჭიროებაზეც იყო საუბარი.
დაცვის მხარის განმარტებით, ამას ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელთა ელექტრონული ფოსტის გადამოწმების ოქმები. უფრო კონკრეტულად კი, „ოპტიკლაინის“ მენეჯერმა გელოვანმა 2013 წლის 04 და 30 ივლისს თემურ მირიანაშვილს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წერილები, სადაც მითითებულია კოჯორი-ნინოწმინდა-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით კაბელის ჩადების ფასი. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობაზე საუბარია ,,დელტა კომის" მიერ 2013 წლის 26 ივნისს თემურ მირიანაშვილისათვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილშიც.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებზე, ბრალდების მხარეს თავის დასკვნით სიტყვაში საერთოდ არ უმსჯელია“, - წერენ ადვოკატები.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ კომპანია „სპეცლკავშირმშენი“ თავდაცვის სამინისტროს უფასო მომსახურებას სთავაზობდა, დაცვის მხარე ადასტურებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ ჭოლოკავა მართლაც შეხვდა ირაკლი ალასანიას, ვახტანგ კაპანაძესა და ნუგზარ კაიშაურს, მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც. ჭოლოკავა სამინისტროს რამდენიმე, მათ შორის სამხრეთის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში ორი წვერის გატარებას სთავაზობდა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჭოლოკავას შეთავაზება მოიწონეს, მაგრამ ნუგზარ კაიშაურმა მას განუმარტა, რომ ეს წინადადება სამინისტროში წერილობითი ფორმით უნდა წარმოედგინა, თუმცა ასე არ მომხდარა. კაიშაურის და ჭოლოკავას ჩვენებით დასტურდება, რომ სატელეფონო საუბრის დროს კაიშაურმა მას აუხსნა, რომ ის პასუხისმგებელი პირი არ იყო და არც რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა შეეძლო.
როგორც ადვოკატების დასკვნით სიტყვაში ვკითხულობთ, კაიშაურის განცხადებით, იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხი რაღაც დონეზე მაინც განხილულიყო, ზუსტად უნდა სცოდნოდათ, რას სთავაზობდა მათ ჭოლოკავა. თუმცა მას არც დრო ჰქონდა დაკონკრეტებული და არც რაიმე კონკრეტული გეგმა წარმოუდგენია სამინისტროში.
დაცვის მხარის მტკიცებით, კომპანია „სუპერ ტვ-ის“, რომელთანაც ჭოლოკავას კომპანია თანამშრომლობდა, ასეთი მაგისტრალი არ გააჩნდა და არც მომავალში აპირებდა აგებას. ამის სურვილი კომპანია ,,შავი ზღვის ტელეკომს" ჰქონდა, რის შესახებაც ჭოლოკავამ არაფერი იცოდა.
დაცვის მხარისთვის ასევე დაუსაბუთებელია პროკურატურის განცხადება, რომ „დელტა კომი“ სამინისტროს კაბელის წვერების, საჭიროების შემთხვევაში კი თბილისი-კოჯორი-ახალციხის მიმართულებით მაგისტრალის აგებას და მასში წვერების გადაცემას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდა.
,,დელტა კომმის“ ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჯალიაშვილის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, დაახლოებით 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში მას დაურეკა თემურ მირიანაშვილმა და უთხრა, რომ მის ახალ ხელმძღვანელობას უნდოდა შპს ,,დელტა კომის“ წარმომადგენელთან შეხვედრა. შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შეხვედრაზე მივიდნენ გიორგი ჯალიაშვილი და დავით ხუბულური. ისინი ნუგზარ კაიშაურსა და თემურ მირიანაშვილს შეხვდნენ. ჯალიაშვილის ჩვენებით, შეხვედრაზე კაიშაურს რომელიმე კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია, მათ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა სახის და რომელი მიმართულებით მომსახურების მიწოდება შეეძლო კომპანიას თავდაცვის სამინისტროსთვის. ჯალიაშვილის განმარტებით, 2013 წლის მაისამდე მას ურთიერთობა თემურ მირიანაშვილთან ჰქონდა, თუმცა სამინისტროში შეხვედრა აღარ ჰქონია.
2016 წლის 15 იანვარს თემურ მირიანაშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა „დელტა ნეტის“ („დელტა-ნეტი-ის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მესაკუთრე „დელტა კომმია“) ტექნიკური დირექტორისა და იმავდროულად ,,დელტა კომმის“ ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჯალიაშვილის მიერ მისთვის 2012 წლის 13 დეკემბერს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი და მასზე მიმაგრებული ფაილი. გიორგი ჯალიაშვილმა კომპანია ,,დელტა ნეტის“ სახელით თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დადება შესთავაზა, რომლის თანახმად, 1 წყვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერით მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებად თბილისი-ხაშური-ახალციხის, ხაშური-ფოთი-ბათუმის, თბილისი-მარნეულის, თბილისი-კოჯორის, თბილისი-თელავის მიმართულებით, დღგ-ის ჩათვლით, 80 000 ლარი დაასახელა.
დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს არცერთი წერილობითი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2012 წლის ნოემბერში ,,დელტა კომი“ თავდაცვის სამინისტროს თბილისი-კოჯორი-ახალციხის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის აგებას უფასოდ სთავაზობდა. ამას კი ,,დელტა კომმისა“ და ,,დელტა ნეტის“ დირექტორის, პაატა ქიქოძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ამტკიცებს. ჩვენების თანახმად, ,,დელტა კომსა“ და ,,დელტა ნეტს“ თავდაცვის სამინისტროსათვის უფასო შეთავაზება არასოდეს გაუკეთებიათ.
რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებას, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნებმა არ შეისწავლეს, შეეძლო თუ არა სსიპ „დელტას“ სამინისტროს მოთხოვნის შესრულება, დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს უპირველეს ყოვლისა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაზა ბროლაძის უფლებამოსილება იყო.
სამინისტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამშენებლო - საინჟინრო ბაზის უფროსის რამაზ მოსაშვილის ჩვენების თანახმად, ზოგად საინჟინრო ბატალიონი ბროლაძის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო და სწორედ მას უნდა გადაეწყვიტა, შეძლებდა თუ არა თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მოსაშვილის ინფორმაციით, ბროლაძემ იცოდა, რომ ზოგად საინჟინრო ბატალიონი ამ ამოცანის შესრულებას ვერ შეძლებდა.
ამავეს ამბობს ზაზა ბროლაძე სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში, რომლის თანახმადაც, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანა ძალიან სპეციფიკური საკითხია და ანალოგიური პროექტების განხორცილების გამოცდილებას მოითხოვს, რაც „დელტას“ არ ჰქონდა. ბროლაძემ ასევე განაცხადა, რომ თავისუფალი ბაზრის მომხრე იყო და შიდა რესურსების გამოყენებას ყოველთვის გარე რესურსების გამოყენებას არჩევდა. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ სამუშაოების შესასრულებლად გარედან კომპანიების მოწვევის პრაქტიკა სამინისტროს მანამდეც ჰქონდა.
„არცერთი ჩვენ მიერ ზემოთ მითითებული მტკიცებულება და გარემოება საერთოდ არ არის ნახსენები არც ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში და არც 2015 წლის 26 მარტის საინჟინრო ექსპერტიზის 2015 წლის 26 მარტის #001729215 დასკვნაში, რის გამოც ისინი სრულიად დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნას გაზიარებული“, - აღნიშნავს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში.
კიდევ ერთ ბრალდებას, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუსტად არ განსაზღვრეს, თუ რისი შეძენა სურდა უწყებას კომპანიებისგან, კაბელში წვერების თუ მაგისტრალის, დაცვის მხარე ზაზა ბროლაძის, გენერალ ვახტანგ კაპანაძისა და ირაკლი უჯმაჯურიძის ჩვენებებს უპირისპირებს. მათი თქმით, უწყებისთვის მთავარი ქვედანაყოფებს შორის უწყვეტი, მდგრადი და ფარული კავშირის უზრუნველყოფა იყო და განხორციელების გზებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. კავშირის დამყარების გზები თავად კომპანიებს უნდა გადაეწყვიტათ. ამავეს ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ნასარიძეც, რომელიც თავის ჩვენებაში ამბობს, რომ კომპანიებისთვის გაგზავნილ წერილში სწორედ ამიტომ იყო მოთხოვნილი მხოლოდ მაგისტრალის ტექნიკური პირობები და არა მაგისტრალი.
სამინისტროს შეთავაზება რომ არაკონკრეტული იყო, ამას „დელტა კომის“ დირექტორი დავით ხუბულურიც ადასტურებს და მიიჩნევს, რომ ეს მანიპულაციის საშუალებას იძლეოდა. რაც შეეხება კითხვას, თავად მისმა კომპანიამ რატომ არ წარადგინა რამდენიმე წინადადება, მან განაცხადა, რომ მათ სამინისტროს ერთი და ძალიან ხარისხიანი, შესაბამისად, ძვირადღირებული პროექტი შესთავაზეს.
დაცვის მხარისთვის დაუგებარია პროკურატურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულთა მიერ შერჩეული „სილქნეტის“ წინადადებები თავდაპირველ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ზაზა ბროლაძე თავის ჩვენებაში უარყოფს ბრალდების იმ ნაწილს, რომ სამინისტროს მოთხოვნების შესახებ წინასწარ მხოლოდ „სილქნეტმა“ იცოდა. მისი განმარტებით, 27 აგვისტომდე შეხვედრა ყველა კომპანიასთან იმართებოდა და მიუხედავად საბოლოო შეთავაზების მოსამზადებლად მიცემული 9 დღისა, ბევრად ადრე იცოდნენ, რა უნდოდა სამინისტროს.
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის თანახმად, 2013 წლის 05 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს თავისი შემოთავაზებები ხუთმა კომპანიამ წარუდგინა - „გრინ პროჯექტმა“ წარადგინა მხოლოდ აპარატურის შეთავაზება (ფასი 1 522 454 ლარი, დღგ-ს ჩათვლით), ,,დელტა კომის“ შეთავაზების ფასი შეადგენდა 10 464 982 ლარს დღგ-ის ჩათვლით, „სპეცკავშირმშენის“, შეთავაზების ფასი განსაზღვრული იყო 12 886 026.25 ლარით დღგ-ის ჩათვლით, „ოპტიკ ლაინის“ მიერ შეთავაზებული ფასი შეადგენდა 9 258 395,5 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო „სილქნეტმა“ ერთი პაკეტით თავდაცვის სამინისტროს ერთი ძირითადი და სამი ალტერნატიული წინადადება წარუდგინა, შეთავაზებული ფასები დღგ-ის გარეშე 5 100 000 ლარიდან 5 800 000 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად, განსახილველად „სილქნეტის“, როგორც ყველაზე დაბალფასიანი შემომთავაზებლის წინადადებები გადაიგზავნა.
ადვოკატები ხაზგასასმელად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის ხელშეკრულება, კაიშაურისა და ღლონტის გარდა, წერილობით იყო შეთანხმებული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატიაშვილთან, ვახტანგ კაპანაძესთან, J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროს მამულაიშვილთან, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროს გიუნაშვილთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროს უჯმაჯურიძესთან.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექპერტიზებს, რომელთა მიხედვითაც ქონების (ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების) ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 487 553,82 ლარს შეადგენს, ადვოკატთა მტკიცებით, მთლიანად ეყრდნობა ,,დელტა კომის“ 2014 წლის 11 ოქტომბრის #ს-12 და #ს-10 წერილებს, აგრეთვე ბაზარზე არსებულ ინფორმაციას. დაცვის მხარის ინფორმაციით, ექსპერტმა ამაშუკელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ადგილობრივი ინტერნეტ-საიტები დაათვალიერა, მაგრამ მას არ ახსოვს, რომელი ვებგვერდებიდან და რომელი კომპანიების საბაზრო ფასები მოიძია. ამაშუკელმა დაადასტურა, რომ არც ინტერნეტ-გვერდების მისამართები და არც იმ კომპანიების დასახელებები თავის დასკვნაში არ მიუთითებია.
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის თანახმად, ადვოკატების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვექტორის“ ექსპერტის და ,,აი-ენ აუდიტის“ დასკვნებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სილქნეტს” შორის 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მომსახურების რეალური საბაზრო ღირებულება 20 წლის ვადით, დღგ-ის ჩათვლით, 15 666 702.84 ლარს შეადგენს. თუ თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს შეისყიდიდა და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდებოდა, ქონების შესასყიდი ფასი და 21 წლით მომსახურება 17 880 657,82 ლარი იქნებოდა.
რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, დაცვის მხარე განმარტავს, რომ გაფლანგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ ნივთი გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაშია. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა - 4 102 872,6 ლარი არასოდეს ყოფილა ბრალდებულთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. გარდა იმისა, რომ სამუშაო ჯგუფს ბროლაძე ხელმძღვანელობდა და მასში ჩართული იყო სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი.
ადვოკატთა მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს არცერთი თანამდებობის პირი და არც ფინანსთა მინისტრის მოადგილეები არ მიიჩნევენ, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა ან სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები საზიანო იყო თავდაცვის სამინისტროსათვის. პირიქით, მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ „სილქნეტთან“ ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც 1 წლით უფასო მომსახურებასა და მომდევნო 20 წლის განმავლობაში თვეში 1000 ლარად მომსახურებას ითვალისწინებს, თავდაცვის სამინისტროსათვის უაღრესად ხელსაყრელია.
ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ „სასამართლოს მეგობრის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ ნ. თოდუას სასამართლოსათვის წარდგენილი წერილობითი მოსაზრების იმ ადგილზე, სადაც აღნიშნულია, რომ: „მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ ხელშეკრულების პირობების მომზადებაში, მათ ვერ გადააქცევს მითვისების ან გაფლანგვის სუბიექტებად, რადგან ერთია ხელშეკრულების პირობების მომზადება და სულ სხვაა მასზე ხელის მოწერა. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ მასზე კომპეტენტური პირების მიერ ხელის მოწერის შემთხვევაში“.
დაცვის მხარე განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი თუ მის განხორციელებაში მონაწილეები წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამ დროს უნდა დადგინდეს, როგორც ადგილი და დრო, თუ სად და როდის შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები, ასევე ისიც, თუ როგორ და ვის მიერ განაწილდა ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის. თუმცა ბრალდების მხარეს ეს არ დაუდგენია.
ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარემ შეფასების გარეშე დატოვა ის მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, გიზო ღლონტი შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 17 ივლისს დაინიშნა, ხოლო გიორგი ლობჟანიძე - იმავე წლის 29 ივლისს. მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2013 წლის 27 აგვისტომდე 4 თვით ადრე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს სისტემატური სატელეფონო კავშირი ჰქონდათ „სილქნეტის“ თანამშრომლებთან.
დაცვის მხარის განმარტებით, პროკურატურას ასევე არ შეუფასებია ბრალდებულთა ის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, ნუგზარ კაიშაური და გიზო ღლონტი ერთმანეთს პირველად 2013 წლის ოქტომბერში შეხვდნენ. ხოლო კაიშაურს ალავიძესთან არასოდეს ჰქონია შეხება, ლობჟანიძე კი 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, მათი დაკავების შემდეგ გაიცნო. ასევე, ლობჟანიძემ და წიფურიამ ერთმანეთი 2013 წლის ბოლოს გაიცნეს.
ადვოკატთა შეფასებით, ბრალდებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ განიზრახეს ბრალდებულებმა „სილქნეტის“ სასარგებლოდ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და რაში გამოიხატებოდა ,,სილქნეტის" კეთილგანწყობა ბრალდებულთა მიმართ.
„არც იმას გვიმხელენ, ,,სილქნეტის" რომელი თანამშრომლის ან თანამშრომლების კეთილგანწყობა უნდა დაემსახურებინათ ბრალდებულებს და არც იმას, ყველა ბრალდებულს ერთად უნდა დაემსახურებინა ,,უპირობო კეთილგანწყობა" თუ რომელიმე მათგანს. ვფიქრობთ, ბრალდების დაუსაბუთებლობა ამაზე შორს ძნელად თუ წავა“, - წერენ ადვოკატები დასკვნით სიტყვაში, რომელსაც ხელს აწერენ ადვოკატები: იოსებ ბარათაშვილი, ლევან სამუშია, ვახტანგ კვიჟინაძე და გიორგი სამუშია.
საია ე.წ. კაბელების საქმეზე: განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი
ინტერვიუ "კაბელების საქმეზე" - ბრალდების საფუძვლები და დაცვის მხარის კონტრარგუმენტები
სასამართლო: სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის ფაქტი