ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი სტატისტიკა იყო ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგინა. საგანმანათლებლო-შემცნებით კამპანიებთან ერთად სამინისტრომ კანონპროექტიც შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა უკონტაქტო პატრულირების შემოღება, მართვის მოწმობაზე, ე.წ. ქულების სისტემის ამოქმედება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კანონპროექტს მეტწილად დადებითად აფასებდნენ და მის მიღებას “სასიცოცხლოდ აუცილებლად” მიიჩნევდნენ, ამბობენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევას საქართველოს პარლამენტი გაუგებარი მიზეზით აფერხებს.
კანონპროექტი პარლამენტში 10 დეკემბერსაა ინიცირებული. მან უკვე გაიარა მოსმენა დარგობრივი ეკონომიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებში. პლენარულ სხდომაზე გატანამდე ის იურიდიულ კომიტეტზე უნდა გავიდეს.
იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი, ზურაბ დეკანოიძე ამბობს, კომიტეტში ჯერ არ იციან, როდის დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და მისი განხილვის შეფერხების მიზეზებზე ან განხილვის სავარაუდო დროზე საუბარი არ შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი კი ამბობს, რომ პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს და, როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესების გამო ამ კანონპროექტზე მეტად უფრო პრიორიტეტულად სხვა საკითხები მიიჩნიეს.
“ჩვენ ჩვენი ნაწილი გავაკეთეთ და ახლა პარლამენტზე ვართ დამოკიდებული. ვერ ვიტყოდი, რომ მისი მიღება ფერხდება. პარლამენტში სხვა მიმდინარე საკითხებიცაა. ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა, ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია, ყველა სადავო საკითხზე შეთანხმება შედგა, აღარაა დარჩენილი საკითხი, რომელზეც, მაგალითად, წინააღმდეგობა კიდევ იქნებოდა. ამიტომ ალბათ უბრალოდ სხვა საკითხების პრიორიტეტულობამ ამ პროცესის შენელება გამოიწვია ”, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
გზა ევროკავშირამდე სატრანსპორტო პოლიტიკის გარეშე
საქართველოს გზები - ომზე უფრო საშიში
არასამთავრობო ორგანიზაციის “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ წესით კანონპროექტი 1 მარტს უკვე მიღებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით რეალური მიზეზიც არ მოგვისმენია იმაზე, რატომ ფერხდება კანონპროექტის მიღება.
“გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატებს არ ესმით ამ ცვლილებების მნიშვნელობა. როდესაც გვაქვს ტენდენცია, რომ მძღოლების გარკვეული კატეგორია უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს, იხდის ჯარიმას და მარტივადაგრძელებს დარღვევებით მოძრაობას, ეს ცვლილებები უკონტატქო პატრულირებისა და ქულათა სისტემის დანერგვის შესახებ მოგვცემს იმას, რომ მათ უბრალოდ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მართვის მოწმობით მას შემდეგ, რაც კონკრეტული რაოდენობის დარღვევებს ჩაიდენენ, ჯარიმებსაც გადაიხდიან და ქულებსაც დაკარგავენ, შედეგად კი რამდენიმე თვით ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა”, - განმარტავს ეკა ლალიაშვილი “ლიბერალთან” საუბარში.
ის ბოლო დროს გამუდმებით მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ციფრები საგანგაშოდ დიდია, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება ცვლილებების მიღებასა და დაჩქარებას არათუ არ ცდილობს, პირიქით, აფერხებს კიდეც. მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენებისას გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ხალხი ამ ცვლილებებით უკმაყოფილო იქნება, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია.
“100 ადამიანით მეტი დაიღუპა წელს პირველი სამი თვის განმავლობაში. ძირითადად მიზეზი სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო. ეს მაშინ, როდესაც გაერო-ის მოწოდებით, ქვეყნებმა 2020 წლისთვის გზებზე სიკვდილის შემთხვევები 50%-ით უნდა შეამცირონ. ევროკავშირი ამისთვის ყოველწლიურად ასობით მილიონს ხარჯავს. ეს პრევენციაში ჩადებული ფულია: როგორც ადამიანების სიცოცხლის, ისე ეკონომიკური ზარალის დასაზღვევად. 2011-2014 წლებში ევროკავშირში გატარებული ცვლილებებით ეს მაჩვენებელი 18%-ით უკვე შემცირდა, 15 000 ადამიანი გადარჩა და 30 000 ევრო დაიზოგა”, - ამბობს ლალიაშვილი და დასძენს, რომ ეს ციფრები და საქართველოს გზების სტატისტიკა თავად მეტყველებს არსებულ მდგომარეობაზე.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში და რამდენიმე სხვა საკანონმდებლო აქტში შესატანი ცვლილებების თანახმად, მართვის უფლების მქონე ყველა მძღოლს წლის განმავლობაში 100 ქულა მიენიჭება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფულად ჯარიმას გულისხმობდა, კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, კონკრეტული რაოდენობის ქულის ჩამოკლებასაც გამოიწვევს. მაგ. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა -10 ქულა, მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა -15 ქულა, სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით -10 ქულა და ა.შ.
100 ქულის ამოწურვის შემდეგ კი მართვის მოწმობა გაუქმდება და მძღოლს 2 თვეში მოწმობის ხელახლა აღება მოუწევს - ოღონდ გამოცდის თავიდან ჩაბარებით. 100 ქულის ამოწურვის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტად ასევე განიხილებოდა არა მოწმობის გაუქმება, არამედ მისი 6 თვით მისი მოქმედების შეჩერება.
საგზაო უსაფრთხოების პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საკამათო პუნქტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დარეგისტრირების შეზღუდვა იყო. ამ ინიციატივას მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა. თუმცა ის არ ეხება ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს: არ აიკრძალება მათი გაყიდვა, გასხვისება ან რეექსპორტის მიზნით შემოყვანა. არ შეიზღუდება ასეთი ავტომობილების სპორტული სარგებლობისა და სპეციალური დანიშნულებისთვის შემოყვანაც. სამინისტრო დილერებსა და იმპორტიორებს დაჰპირდა, რომ მისცემს გონივრულ პერიოდს, რამდენიმე თვეს იმისათვის, რომ დაწყებული ოპერაციები დაასრულონ.
„2013 წლიდან ყოველწლიურად რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა რამდენიმე ათასით აჭარბებს მარცხენასაჭიანების რიცხვს“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. შსს-ში ამბობენ, რომ მათი გათვლით, ზრდის ტემპი ფასთა სხვაობიდან გამომდინარე იმდენად მაღალია, რომ 3-5 წელიწადში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენასაჭიანისას გაუთანაბრდება.
„ეს, ერთი მხრივ, გააუარესებს უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მოგვიწიოს საგზაო ინფრასტრუქტურის გადაგეგმვა-გადაკეთება, რაც მილიარდზე მეტი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანასა და მოსახლეობას, რადგან დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მხოლოდ 3 ქვეყანაშია (ავღანეთი, რუსეთი, მიანმა) დაშვებული მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების თანაბარი უპირატესობით მოძრაობა“, - განმარტავს სამინისტრო ცვლილების აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილის თქმით, მარჯვენასაჭიანები 40%-ით მეტი რისკის ქვეშ არიან ავტოსაგზაო შემთხვევებთან მიმართებაში და არსებული სტატისტიკით საგზაო შემთხვევათა დაახლოებით 25% სწორედ მარჯვენა საჭის მქონე ავტომობილებზე მოდის.
გელა კვაშილავა, ფონდ -„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, „ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული კონსულტანტი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ადმინისტრირების გამკაცრებას და მას დიდი პრევენციული როლის შესრულება შეუძლია. განსაკუთრებით კი დარღვევების შემცირება იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ჯარიმის გადახდა არ უჭირს. კვაშილავას თქმით, ახალი წესები მათ წინააღმდეგ გაცილებით სერიოზული ბერკეტი იქნება:
„ქულების სისტემა თანაბრად კარგად მუშაობს როგორც მაღალგანვითარებულ, ისე განვითარებად თუ ჩვენს მსგავს ქვეყნებში. თუ ამ ყველაფრის კარგი აღსრულება მოხდება, შესუსტდება დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც შეძლებულ მძღოლებს აქვთ. ახლა მათ შეუძლიათ, წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ თუ 10-ჯერ გადაკვეთონ ღერძულა ხაზი, გადააჭარბონ სიჩქარეს, საფრთხე შეუქმნან სხვის და თავიანთ სიცოცხლეს და ამისთვის მხოლოდ ჯარიმა გადაიხადონ - მეტი არაფერი. ცვლილებების შემდეგ კი მათთვის ეს პროცესი გაცილებით უსიამოვნო გახდება. 4-5 დარღვევის შედეგად წლიური ლიმიტი 0-ს გაუტოლდება, მოუწევთ მართვის მოწმობის თავიდან აღება, გამოცდის ჩაბარება, მანამდე კი ორთვიანი ლოდინი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული“, - ამბობს კვაშილავა და იხსენებს, რომ 2014 წელს სიჩქარის გადაჭარბებასა და სხვა დარღვევებზე ჯარიმის განახევრება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახა ავარიების რაოდენობაზე.
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა:
2012 წელი - 5359 შემთხვევა;
2013 წელი - 5510, ანუ 151-ით მეტი;
2014 წელი - 5992, ანუ 482-ით მეტი;
2015 წელი - 6432, ანუ 440-ით მეტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 053 181 ავტომანქანაა რეგისტრირებული. მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო და სპეციალიზებული. აქედან მხოლოდ თბილისში 389 756 ავტომანქანაა რეგისტრირებული. ამ მანქანების 90%-ზე მეტი 11 წელსაა გადაცილებული.
საგზაო სფეროში არსებული სტატისტიკით, საქართველო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით 10 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანას შორისაა. ამ მონაცემით, ევროპაში - რუსეთისა და სომხეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საქართველოში აღინიშნება - საშუალოდ 16 ადამიანი ყოველ 100 000 მოსახლეზე.
2014 წელს - დაიღუპა 145, დაშავდა 1993 ადამიანი; 2013 წელს -125 დაღუპული და 1687 დაშავებული იყო, ხოლო 2012 წელს კი -160 დაღუპული და 1509 დაშავებული. აქედან დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავებული.
2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 - დაშავდა.