4 თებერვალს დუშეთის პანსიონატში ერთ-ერთ ბენეფიციარს მისმა ოთახის მეზობელმა საკვები შეუტანა. ჭამის დროს შშმ პირს საკვები გადასცდა. პანსიონატის მომსახურე პერსონალი მის დახმარებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, შშმ პირი, მიუხედავად სამედიცინო ჩვენების არასრებობისა, ძირითადად, თავის ოთახში, მომვლელის მეთვალყურეობის გარეშე იკვებებოდა.
პანსიონატებზე პასუხისმგებლობა საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ “ადამიანით ვაჭრობისა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდს” აკისრია. ფონდმა დუშეთში გარდაცვლილი ბენეფიციარის ფაქტზე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე დუშეთის ფილიალის უფროსი გაუშვა . ფსიქოლოგსა და მომვლელს “საყვედური” გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის სამმართველომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ეს ფაქტი სახალხო დამცველის აპარატის ახალ ანგარიშში მოხვდა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებრივი მდგომარეობა ინსტიტუციებში“ - ასე ჰქვია სახალხო დამცველის აპარატის ახალ, 2016 წლის ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები 14-21 მარტის ჩათვლით შშმ პირთა ხუთ დაწესებულებაში იყვნენ: თბილისი - ჩვილ ბავშვთა სახლი; კოჯორი - შშმ ბავშვთა სახლი; ძეგვი, მარტყოფი, დუშეთი - სადაც ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.
ფოტო: კოჯრის ბავშვთა სახლი, 2015 წელი; კვლავ “უყურადღებოდ მიტოვებულნი”
დუშეთში ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა, რადგან ანგარიშის ავტორების თქმით, შშმ პირის სიკვდილზე ადეკვატური რეაგირება არცერთ სახელმწიფო უწყებას არ მოუხდენია.
დუშეთის გარდა, 2015 წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლშიც დაიღუპა ბავშვი. ამავე წელს მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში გარდაცვლილის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.
ბენეფიციართა სიკვდილიანობის გარდა, სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში საუბარია შშმ პირთა მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობისა და უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე, დაწესებულებებში არსებულ ანტისანიტარიაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და არასათანადო ფსიქო-სოციალური მომსახურებების არსებობაზე, ძალადობრივ მკურნალობაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ძალით გადაყვანის სხვადასხვა შემთხვევებსა და სხვა მძიმე ფაქტებზე. ასევე, მომვლელებისა და აღმზრდელების 24-საათიან მძიმე სამუშაო პირობებზე და შრომის დაბალ ანაზღაურებაზე.
2016 წლის მონაცემებით, 4 ინსტიტუციაში სულ 205 ბენეფიციარია (თუმცა, ამ რიცხვში არ შედის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები და რელიგიურ გაერთიანებათა დაწესებულებები).
მონიტორინგის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ პანსიონატებში ბენეფიციარებს შორის ძალადობის შემთხვევებიც გამოვლინდა.
მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში, კოჯრის პანსიონატში შესამჩნევია მომსახურე პერსონალის სიმცირე, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ბავშვებს შორის ძალადობას: “ერთ-ერთი ბავშვი ხშირად ძალადობს სხვებზე, აყენებს მათ ფიზიკურ ტრავმებს, იღებს თვითდაზიანებებს, მაგრამ მომსახურე პერსონალი ამას ვერ აფერხებს და ბავშვი ხშირად სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ”, - წერია ანგარიშში.
მარტყოფის ექთნებისა და მორიგეების ჩანაწერებით კი დასტურდება, რომ შშმ პირთა შორის კონფლიქტი და ურთიერთძალადობა ყოველდღიურად ხდება. გარდა ყოფითი მიზეზებისა, ძალადობა ხშირად გამოწვეულია ალკოჰოლური თრობით, ბილწსიტყვაობით, ბენეფიციართა მოუწესრიგებელი ქცევებით, ფსიქომოტორული აღგზნებითა და უძილობით.
დუშეთის პანსიონატში ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებსაც აქვს ადგილი. მაგალითად, ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელსაც სხვებზე მეტი გავლენა აქვს, აცხადებს, რომ ის სხვების უფლებების დასაცავად “შიშველი იშიმშილებს”, “პირს ამოიკერავს”, “მუცელს გამოიფატრავს” და ა.შ. ამის სანაცვლოდ კი, “უარს არ იტყვის, თუ ვინმე მას საკუთარი პენსიიდან ფულს მისცემს”.
იგივე ბენეფიციარი ამბობს, რომ “მას სექსუალური მოძალადის” იარლიყი მიაკერეს, მაგრამ არ უარყოფს სხვა ბენეფიციარებთან სექსუალურ კავშირებს.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის დროს სექსუალური ექსპლუატაციის კონკრეტული ფაქტები არ გამოვლენილა, თუმცა საკითხს მეტი შესწავლა სჭირდება (ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები თითოეულ პანსიონატში 1 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ).
ასევე მნიშვნელოვანია კვლევის ნაწილი, სადაც იმ შშმ პირებისა და მათ შორის ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი, რომლებიც მათი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მუდმივად გაუნძრევლად არიან. მაგალითად, მარტყოფის პანსიონატში ჰყავთ ბენეფიციარი, რომელსაც “შუშის ბავშვის” სახელით მოიხსენებენ. ამ გოგონას გადაადგილება უჭირს, ამიტომ მუდმივად თავის საწოლშია: ”დაბანითაც ოთახში ბანენ მომვლელები”, - აღნიშნა კვლევის პრეზენტაციაზე კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გია ჯვარშეიშვილმა.
კვლევის ავტორებმა ირინე ობოლაძემ და ქეთევან გელაშვილმა ასევე ისაუბრეს არასათანადო ფსიქიატრიულ მომსახურებასა და ბენეფიციარების მიმართ მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობაზე. მაგალითად, ანგარიშში საუბარია, რომ შშმ პირებს ძირითადად, მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობენ და სხვა ფსიქო-სოციალურ საშუალებებს არ მიმართავენ. პანსიონატების შინაგანაწესით განსაზღვრული არ არის სამედიცინო დახმარების მიწოდებისას ინფორმირებული თანხმობის საჭიროება. ამიტომ ანკეტაში ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. შესაბამისად, მონიტორებისთვის უცნობია, ნებაყოფლობით მიეწოდება თუ არა ბენეფიციარებს მედიკამენტები. ძევრისა და დუშეთის პანსიონატებში, ძირითადად, ძველი თაობის ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობენ. გამონაკლისი მარტყოფისა და კოჯრის ინსტიტუციებია, სადაც ფსიქოტროპული და მათ შორის, ახალი თაობის პრეპარატების საკმაო მარაგია.
ანგარიშში ასევე საუბარია მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე. გია ჯვარშეიშვილმა, რომელიც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია, აღნიშნა, რომ, მაგალითად, საწოლის ზეწრები გაურკვეველი დროის ხანგრძლივობით იცვლება: ”ან შესაძლებელია, ზეწრები და წინდები ერთად ირეცხებოდეს და შემდეგ ბენეფიციარები ერთმანეთის თეთრეულს იყენებდეს. ამას არავინ აკოტროლებს”.
ფოტო: მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი, 2015 წელიმარტყოფის პანსიონატი - ცხოვრების ილუზია
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურას ეხება. მაგალითად, ერთ-ერთ პანსიონატში ქაღალდი საპირფარეშოს კაბინის გარეთ იყო დამაგრებული, პანდუსები და სატრანსპორტო საშუალებები არაა ადაპტირებული ან ძირითადად არასტანდარტული დახრილობისაა, რაც საშიშია ბენეფიციარების გადაადგილებისთვის.
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
მაგალითად, ძევრში, სადაც 64 ბენეფიციარია, პანსიონატების საძინებელი ოთახების ფართის აბსოლუტური უმრავლესობა დადგენილ სტანდარტებს (მინიმუმ 24 კვადრატული) არ აკმაყოფილებს, დაახლოებით 16 კვადრატულებია. ისინი არაა აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, ფარდებით. საწოლების ნაწილი დაზიანებულია. საპირფარეშოები სარემონტოა და არაადაპტირებული, ისინი არ მარაგდება ცხელი წყლით. არაა ხელოვნური ვენტილაცია, რის გამოც მძიმე სუნი დგას.
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველს ახალ ანგარიშშიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები აქვს. ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ხოლმე ბენეფიციართა გარდაცვალების ფაქტებზე. ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე ხელი შეუწყოს შტატების გაზრდას და ინსტიტუციებში სოცმუშაკის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე, ბენეფიციარებზე თემზე დაფუძნებული სერვისების შესაბამისად იზრუნონ. ყველაზე მეტი რეკომენდაცია ომბუდსმენს “ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდის” მიმართ აქვს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნულ პროცესში რისკების მინიმუმადე დაყვანისკენ. უზრუნველყოს შშმ პირები შესაბამისი დამხმარე საშუალებებით; ასევე უზრუნველყოს ზოგადი პროფილის და ექიმ-ფსიქიატრის ხელმისაწვდომობა ყოველდღე, 24-საათიანი რეჟიმით.
ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ანა არგანაშვილმა, რომელიც “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტია, განაცხადა, რომ ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მოვალეობაა, ანგარიშში აღწერილ მძიმე შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვონ და არც ერთი შემთხვევა, ყურადღების გარეშე არ დატოვონ.