Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონები მგელზე და მგლის კანონები ტყეში

20 იანვარი 2017

მოქალაქე გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც  მტაცებელ ცხოველებზე, განსაკუთრებით კი მგლებზე ნადირობის გამარტივებას შეეხება, საზოგადოებაში ამ დრომდე განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ დარგის სპეციალისტების თუ თავად გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წინადადების მოთხოვნებს ბუნდოვანს, გაუგებარსა და შეცდომაში შემყვანსაც კი უწოდებენ, აღმოჩნდა, რომ პარლამენტში ამ საკითხით მაინც დაინტერესდნენ და მასზე მსჯელობას აუცილებლად აპირებენ.

რას ითხოვს გიორგი ლაბაძე?

მოქალაქის წერილის მიხედვით, საქართველოში არაოფიციალური ინფორმაციით რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობს. როგორც ის წერს, მომრავლებული მგლების გამო გახშირებულია მათ მიერ ადამიანებსა და პირუტყვზე თავდასხმის ფაქტები. საკანონმდებლო წინადადებაში მას მოაქვს ინფორმაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მგლის რაოდენობის შესახებ, რაც, მისი სიტყვების თანახმად, ბევრად ჩამორჩება საქართველოში მათ რაოდენობას.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „მგლის მონადირება ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა მის მიერ ადამიანზე თავდასხმისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ისჯება ჯარიმით. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში, არაპროპორციულად ბევრი მგელი ბინადრობს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეს სურს, რომ „ნადირობის წესების დარღვევად აღარ ჩაითვალოს ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას“.

საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირების შემდეგ პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ აქტიური მონადირეა, საკითხის მოგვარების, მგლების რაოდენობის რეგულირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მტაცებელი ცხოველები რაოდენობრივად ჩლიქოსნებზე გაცილებით მეტია. მისი ინფორმაციით, საქართველოში 2000-ზე მეტი მგელი ბინადრობს [IPRESS].

ამ საკითხებზე მსჯელობისას მგლის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ მთავარ განსახილველ და საკამათო საკითხს წარმოადგენს, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე ყურადღება უნდა გავამახვილოთ საქართველოს დღეს მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებზე, რომელიც მგელზე ნადირობას ეხება და, რომელზეც გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადებაში ყურადღება არ მახვილდება.

პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ როდესაც მტაცებელი, მგელი, თავს ესხმის ადამიანს და მის ან საქონლის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, ადამიანს უფლება აქვს ის მოკლას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ასევე, შესაბამისი ნებართვების გაცემის შემდეგ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება გარემოდან ამოიღონ [მოკლან] კონკრეტული ინდივიდები, რომელიც მოსახლეობას თავს ესხმის ან ქონებას უზიანებს.

ამას გარდა, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, მგელზე ნადირობა დაშვებულია, ე.წ. სამონადირეო მეურნეობაში, ოღონდ დამტკიცებული კვოტის ფარგლებში.

საქართველოში მგლის რაოდენობის შესახებ, არასწორი რეგულაციების რისკებისა და მგლის პირუტყვებზე თავდასხმის მიზეზების შესახებ „ლიბერალი“ სახეობათა კონსერვაციის ცენტრ NACRES-ის გამგეობის თავმჯდომარეს, ბიოლოგ ირაკლი შავგულიძეს ესაუბრა.

რამდენად რეალურია, რომ საქართველოში რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობდეს?

ეს არის სრული აბსურდი. უბრალოდ შეუძლებელია, რომ საქართველოში ამ რაოდენობის მგელი არსებობდეს. საქართველოში რამდენიმე ათასი მგლის არსებობა ყოველგვარ ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტი მონაცემები, რამდენი მგელია საქართველოში. ჩვენ გვაქვს მონაცემები მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც კვლევა გვაქვს ჩატარებული.

[NACRES-ის ინფორმაციით, მგლის ტელემეტრიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მტაცებლის რიცხოვნობა არ აღემატება 500 ინდივიდს].

რატომ ესხმის მგელი თავს მოსახლეობას, მის პირუტყვს? შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენას მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ჰქონდეს?

რა თქმა უნდა, ამ საკითხს აქვს ორი მხარე, ასპექტების მთელი ჯგუფი. პირველი არის  - ეკოლოგიური, ბუნებრივი ასპექტები; და მეორე კი - ხელოვნური, ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მგლის საკვები რაციონი სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს - ეს არის  ველური ჩლიქოსნები/სხვა ცხოველები, ასევე შინაური პირუტყვი და ლეში/ნარჩენები და ა.შ. მგელს კი არსებობისთვის მხოლოდ ორი რამ სჭირდება - საკვები და თავშესაფარი. საქართველოში მგლების თავშესაფარი ჯერ კიდევ გავქვს. სანამ გვაქვს ტყეები და ბუნება, ასეთი რელიეფი, საქართველოში მგლის თავშესაფარიც გვექნება.  

რაც შეეხება საკვებს, ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში ველური ჩლიქოსნების ნაკლებობაა.

ველური ჩლიქოსნები მგლის მთავარი საკვებია, ხოლო როდესაც მათი  რაოდენობა ტყეში იკლებს, ბუნებრივია, რომ მეტი მგელი გადადის შინაურ ცხოველზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ თუ ტყეში უამრავი ირემი იქნება, მგელი თავს არ დაესხმება ცხვარს ან ძროხას. არა, ასე არ იქნება, რადგან მგელი არის მტაცებელი ცხოველი, მისი ინტერესია ადვილად მოიპოვის ბევრი ხორცი და ადვილად მოსაპოვებელი ბევრი ხორცი შესაძლოა იყოს ცხვარი, ძროხა და ა.შ. ცხვარი საერთოდ დაუცველია მგლის წინაშე, ირემი და შველი თავს გაქცევით იცავენ; ჯიხვი იქ ცხოვრობს, სადაც მგელი საერთოდ ვერ მიდის, და ა.შ. ძროხამ რა ქნას? ძროხა უნდა დაიცვას ადამიანმა, ძაღლმა და ა.შ. თუ აქ ეს რგოლი დარღვეულია,  მაშინ შინაური პირუტყვი მგლისთვის ძალიან ადვილი მოსაპოვებელი ხდება.

შესაბამისად, ძროხასა და სხვა შინაურ პირუტყვზე რომ ვისაუბროთ, მათ ადამიანმა მოუსპო ბუნებრივი დაცვის საშუალებები და თავის თავზე აიღო ეს ფუნქცია. შეკითხვაც სწორედ ასე დგას, რამდენად აიღო ადამიანმა ამ საკითხის მოგვარება თავის თავზე? სრულად არსულებს თუ არა ამ მოვალეობას ადამიანი? ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ეს რგოლი დარღვეულია. დაცვის ისეთი ძლიერი მექანიზმი, როგორიც ადრე იყო, აღარ არსებობს. მაგალითად, კავკასიური ნაგაზი, თქვენ ნამდვილ კავკასიურ ნაგაზს ცხვარში თითქმის ვეღარ იპოვით. ეს ძალიან დიდი იშვიათობა გახდა. ეს მოხდა სწორედ წინა საუკუნეში. ადამიანს აღარ ჰყავს მთავარი მოკავშირე მგლის წინააღმდეგ. ძაღლი კი, რომელიც ჰყავს, ხშირად ვერ ასრულებს ამ ფუნქციას. იმიტომ, რომ არ არის ფიზიკურად ისეთი ძლიერი, არ აქვს საკმარისი კვება, შესაძლოა ინტელექტიც არ ჰქონდეს ისეთი, როგორიც კავკასიურ ნაგაზს, მათ არ აქვს ისეთი წვრთნა, ტრენინგი და ა.შ.

შეიძლება თუ არა არგუმენტად იმის მოშველიება, რომ მომრავლებულმა მტაცებელმა ველური ჩლიქოსნების რაოდენობის  შემცირება გამოიწვია?

არა, ეს სრული ეკოლოგიური აბსურდია. ირემი მგლის ბუნებრივი მსხვერპლია, ირმისთვის ბუნებრივი მტერი კი მგელია. მათ შორის ევოლუციურად ჩამოყალიბებულია ბალანსი და ურთიერთობა. შეუძლებელია ბუნებრივმა მტერმა ბუნებრივი მსხვერპლის გადაშენება გამოიწიოს. ეს წარმოუდგენელია. ეს რომ დასაშვები იყოს, ადამიანის აქტიურად ჩარევამდე [მათ სამყაროში], როგორ შეიძლებოდა გადარჩენილიყო მგლისა და ირმის მტაცებელი მსხვერპლის სისტემა. თუ ევოლუცია იმუშავებდა ასე - მტაცებელი გაანადგურებდა თავის მსხვერპლს, ეს თვითგანადგურება იქნებოდა. ცოცხალ ველურ სამყაროში კი ასე არ ხდება. 

ევოლუციამ ადამიანზე უკეთესად მოიგონა, როგორი უნდა იყოს ის, რომ ირემი არ გაანადგუროს. მგელს ეძახიან კიდეც უძველეს ფერმერს. იცით რატომ? იმიტომ, რომ მგლის პოპულაციური გადანაწილება და ქცევა ისე მოეწყო, რომ ის თავის მსხვერპლს გამრავლების საშუალებას აძლევს და ეს ბუნებრივად ხდება. კერძოდ, მგლის ოჯახებს შორის რჩება „ნეიტრალური“ ტერიტორიები, სადაც არცერთი მეზობელი ხროვის მგლები არ ნადირობენ და იმ ადგილზე საუკეთესო პირობებია ირმებისა და სხვა ცხოველების გასამრავლებლად. ისინი მრავლდებიან, გადიან სხვა ტერიტორიაზე, სადაც მათზე უკვე ნადირობენ. ასეთი სისტემა აქვს მოფიქრებული მგელს. ამიტომ ვერავინ იტყვის იმას, რომ მგელმა ირემი გაანადგურა. ირემი გაანადგურა ადამიანმა, ირემი გაანადგურა ახალმა იარაღმა, რომელიც მე-20 საუკუნიდან გახდა ხელმისაწვდომი. ჯიხვი, ნიამორი და სხვა ცხოველები ადამიანმა და მონადირემ გაანადგურა.

რატომ შეიძლება მოიმატოს მგლის თავდასხმებმა მოსახლეობაზე მათზე უსისტემოდ ნადირობის შემთხვევაში?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ როცა კონკრეტული ინდივიდი ქმნის პრობლემას, იქ სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, რაღაც უნდა გააკეთოს. ჩვენ გვინახავს მტაცებლებისგან აბსოლუტურად განადგურებული ოჯახები, როდესაც მტაცებლები ადამიანს ერთადერთ მარჩენალ ძროხას უნადგურებენ, თუმცა ზედმეტი აჟიოტაჟი არაა საჭირო, რადგან არასწორმა ჩარევამ შესაძლოა მტაცებლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს.

მგლებს აქვს ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურა, ისინი ცხოვრობენ ოჯახებად, ოჯახი შედგება - მთავარი მამა, მთავარი დედა, შეიძლება იყოს მათი და-ძმები, მათი შვილები და სხვადასხვა თაობის შვილები. ეს არის ოჯახი, ამ ოჯახს განაგებს მთავარი მამა და მთავარი დედა. მთავარი მამა, რომელსაც ალფა ხვადი ეწოდება, აკონტროლებს, რომ ოჯახში და მათ ტერიტორიაზე სხვა მგელი ვერ შემოვიდეს და ვერ გამრავლდეს. დედა მგელი განაგებს მდედრების ნაწილს და ყველა მდედრს უკრძალავს გამრავლებას სხვა ოჯახების წევრებთან. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ოჯახმა უნდა იზრუნოს  ერთი მდედრის და ერთი მამრის შვილების გამოკვებაზე, იმიტომ რომ ოჯახი განაგებს ტერიტორიას, ის ტერიტორია შეზღუდულ რესურსებს მოიცავს. ალფა მამრს, არ სჭირდება სხვისი შვილები, მან საკუთარი შვილების გამოკვებაზე უნდა იზრუნოს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ჩარევით ალფა მამრი ან ალფა მდედრის კვდება (და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, რადგან აქტიურად ეს ორი ინდივიდი მოძრაობს, იცავს ტერიტორიას, თავდასხმების დროს მთავარი ესენი არიან, ნადირობას ისინი გეგმავენ და განაგებენ, ამიტომ აქტიურად უწევთ მოძრაობა და დიდი შანსია, რომ ხაფანგში გაებან და მონადირის მსხვერპლიც გახდნენ)?

ხდება იგივე, რაც ადამიანების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - იწყება ქაოსი,  ერთმანეთთან დაპირისპირება, პარტიზანული თავდასხმები. მეზობელი ოჯახები იგებენ, რომ ამათთან რაღაც აირია, იწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ მათი ტერიტორია დაიკავონ და ა.შ.

ძალიან ხშირად ამის შედეგად ერთი ოჯახი იშლება, და ერთი ოჯახის ნაცვლად შესაძლოა მივიღოთ ორი, სამი, ოთხი გამრავლების ერთეული. ამ შემთხვევაში ვიღებთ, რომ ის მდედრები და მამრები, რომლებიც ადრე „დაჩაგრული“/შეზღუდული იყვნენ და არ მრავლდებოდნენ, იწყებენ გამრავლებას, და ერთის ნაცვლად ორი იწყებს გამრავლებას, თან ერთდროულად. როდესაც შენ ბრმად კლავ მგელს, თუ ყველა არ დახოცე, შესაძლებელია, რომ მეორე წელს მიიღო უფრო მეტი.  

იქიდან გამომდინარე, რომ ნაშიერების გამოკვება მგლის ოჯახის მთავარი საზრუნავია, როცა ლეკვები ჩნდება მთელი ოჯახი ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძება მეტი საკვები მოიპოვოს. შესაბამისად, საკვებზე მოთხოვნილება იზრდება [ვინაიდან ოჯახი იყოფა] და ნადირობის კუთხითაც ისინი უფრო მეტად აქტიურდებიან.

თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც  გარემოს დაცვის სამინისტროდანაა მიღებული, მგლის გარემოდან ამოღებისთვის მუნიციპალიტეტებისთვის ბოლო წლების განმავლობაში 363 ნებართვაა გაცემული, საიდანაც გარემოდან მხოლოდ 67 მგელია ამოღებული. ნებართვები ასევე გაცემულია სამონადირეო მეურნეობებზეც, რომელიც ასევე არაა ათვისებული. ვის მიმართ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას ლეგიტიმური პროტესტი ასეთ შემთხვევაში?

აუცილებლად მთავრობის მიმართ, მათ შორის ადგილობრივი მთავრობის მიმართ. ეს არის ცალსახა. ეს ისეთი სახის პრობლემაა, რომელიც მთავრობამ უნდა მოაგვაროს, მთავრობა არის ვალდებული და პასუხისმგებელი როგორც ადამიანისა და მისი ქონების, ასევე ბუნების დაცვაზეც. ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის დაცვა არის გასაღები ამ პრობლემის.

როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვას, ეს პროფესიულ წრეებთან შეთანხმებით ხდება. ჩვენთან ირიბი თუ პირდაპირი შეთანხმების გარეშე არცერთი ნებართვა არ გაცემულა. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი პრობლემური ინდივიდის ლიკვიდაციის, რადგან ეს ცხოველი მართლაც უქმნის საფრთხეს მოსახლეობას.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმის განსაზღვრა, რომელი ინდივიდია პრობლემური, და რომლის ლიკვიდაციაა საჭირო. პრობლემაა, როგორც პრობლემური ინდივიდის განსაზღვრა, ასევე შემდეგ ამ პრობლემური ინდივიდის მოკვლა. მგელზე ნადირობა ძალიან ძნელია. ამას კარგი მონადირე სჭირდება, რატომ ვერ მოკლეს ამდენ ხანს [ის ინდივიდები, რომელზეც ნებართვა გაცემულია]?, იმიტომ, რომ არ იციან როგორ მოძებნონ და მოკლან. მიბრძანდნენ და მოკლან მაშინ ის ინდივიდი, რომელიც გამოვლენილია და რომელზე ნებართვაც არსებობს.

როგორი უნდა იყოს პოლიტიკა? როგორ უნდა მიუდგეს მთავრობა ამ საკითხს?

კომპლექსური საკითხია. შესამუშავებელია "მგლის მენეჯმენტის" გეგმა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. ეს საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ წონასწორობის მდგომარეობას. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წონასწორობა.  რამდენი მსხვერპლიცაა, იმის შესაბამისი მგელი უნდა იყოს და ეს ასეც ხდება ხოლმე. წონასწორობა კი ამ შემთხვევაში ადამიანსა და ბუნებას შორის უნდა დამყარდეს.

ჩვენი კვლევის მიხედვით [საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2020], უნდა მოხდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბება და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად სათანადო საკანონმდებლო ბაზის განვითარება დაინტერესებული მხარეების მონაწილეობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით. უნდა მოხდეს მონადირეთა გადამზადებისა და სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება; ადამიანსა და ველურ სახეობებს შორის კონფლიქტში ჩართული სახეობების იდენტიფიკაცია და კონფლიქტის ძირითადი ფორმების შეფასება; ადამიანსა და ველურ სახეობებს შორის კონფლიქტის მართვის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.

იმ ქვეყნებში, სადაც ეს საკითხი მოწესრიგებულია, ითვლიან მგლებს, იცნობენ ყველა მგელს, როგორც კი რაოდენობის მატება შეინიშნება, იციან რომელი მგელი უნდა გაანადგურონ, მათ ზუსტად იციან, რომ იმ მგელს კლავენ, რომელიც არ გამოიწვევს ძვრებს პოპულაციაში.  არის შემთხვევები, როცა არც კლავენ, შესაძლოა დაიჭირონ და სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანონ და ასე შემდეგ.  

ადამიანების განათლებასაც აქვს მნიშვნელობა. მგლის და სხვა მტაცებლის თავდასხმებს ხშირად ჩვენ თვითონაც ვიწვევთ, მაგალითად, ნაგავსაყრელები იზიდავს მტაცებლებს, რადგან ისინი ჭამენ ლეშსა და ნარჩენებს. ადამიანმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ საქონელზე. რეგიონებში არის შემთხვევები, გურიაში, აჭარაში, საქონელი უყურადღებოდ არის მიშვებული.

შესაბამისად, არსებობს გზები, როგორ მართო მგლის პოპულაცია ისე, რომ მან ნაკლები პრობლემა შეუქმნას ადამიანებს. 

ბიომრავალფეროვნებისთვის რა სარგებლობა მოაქვს მგლის არსებობას?

მგელი არის ყველაზე მთავარი მტაცებელი. ის არეგულირებს, აბალანსებს ყველაფერ დანარჩენს, რაც „მის ქვეშ“ არის და "მგლის ქვეშ" არის ყველაფერი. თუ წარმოვიდგენთ ეკოლოგიურ პირამიდას, ამ პირამიდის წვერში დგას მგელი.

მგელი ზრუნავს იმაზე, რომ ირმის პოპულაცია ძალიან არ მომრავლდეს, რომ ირმის პოპულაცია იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ ის სანიტრის ფუნქციას ასრულებს. თუ  ბევრი ირემი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ტყე იქნება ჯანსაღი, რომ ტყე მუდმივად განახლდება, ტყეს არ დაემუქრება განადგურება და ა.შ. ტყე თუ იქნება ჯანსაღი, ეს ნიშნავს იმას, რომ გარემო იქნება ჯანსაღი, ჩვენ ვისუნთქებთ სუფთა ჰაერს და ა.შ.

მომრავლებული ირემი ტყის მთავარი მტერია. ამის მაგალითები გვაქვს ავსტრიაში, შოტლანდიაში, ასევე ამერიკაში, სადაც მგელი მიზანმიმართულად გაანადგურეს. შემდეგ უსაშველოდ გამრავლდა ირემი, რამაც გამოიწვია ის, რომ ტყის ბუნებრივი განახლება შეფერხდა. ტყეების ახალი პლანტაციები ვეღარ განვითარდა, რადგან ირემი, შველი და ა.შ. გამოდიოდა ტყიდან და ანადგურებდა ნათესებს და ა.შ. შოტლანდიაში ტყეებს რომ რგავენ, მავრთულხლართებით შემოსაზღვრავენ ხოლმე. სხვანაირად ტყეს ვერ გაახარებ, მოვა ირემი და შეგიჭამს.

მგელს ეკოსისტემაში ქვაკუთხედ სახეობას ეძახიან. როგორც არ უნდა მოინდომოს მონადირემ, მგლის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ადამიანი კლავს მაღალ, დიდრქიან ლამაზ ირემს, რომელსაც შემდეგ ბუხრის თავზე კიდებს. მგელი კი ასეთ ირემს არ კლავს, ის კლავს დაძაბუნებულ, დაბერებულ დაავადებულ ირემს, და ამით პოპულაციას კიდევ უფრო აჯანსაღებს. მგლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ირმის მაგალითი ერთი-ერთი თვალნათელი მაგალითია, თორემ იქ სხვა უამრავი პროცესიც მიმდინარეობს.

ტყის ინტელექტუალი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^