ქართველმა ფეხბურთელებმა ლევან კობიაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, ნიკა კაჭარავამ, გიორგი ლორიამ ბაჩო ცხადაძემ და სხვებმა მხარდაჭერის ნიშნად „ინსტაგრამსა“ და Facebook-ზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს. 18 ოქტომბერს გურამ კაშიას ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ.
რამდენიმე კვირის წინ ჰოლანდიის უმაღლეს ჩემპიონატში ყველა გუნდის კაპიტანმა ლგბტ დროშის სამკლავური მოირგო. მათ შორის იყო არნემის „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია. ჰოლანდიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების ხელმძღვანელის, დენი ჰესპის ინიციატივით, ეს იყო მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მიძღვნილი კამპანია. ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილისგან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა Facebook-ზე, მათი კომენტარები ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს. კაშია nos.nl-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ნანობს, რაც გააკეთა.
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფლებას და ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვარ... ისინი ცოტათი იმედგაცრუებული იყვნენ ჩემ გამო, თუმცა არ ვნანობ, რაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო. მე იმაზე არ ვდარდობ, თუ ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ სხვებს არაფერს უშავებ, შეგიძლია ის იყო, ვინც გინდა რომ იყო - ეს ჩემი ხედვაა“, - თქვა კაშიამ