Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ ბავშვები და დეინსტიტუციონალიზაცია - ინტერვიუ ამირან დათეშიძესთან

20 ნოემბერი 2017

75 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი კვლავ დიდ ინსტიტუციაშია. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც დიდი ზომის დაწესებულებების დახურვასა და ბავშვებისთვის ალტერნატიული, ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნას გულისხმობს, საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო. სულ 36 დიდი ზომის ბავშვთა სახლი დაიხურა.
შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, ნაწილი მინდობით აღზრდაშია, ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ეს პროცესი გართულდა შშმ ბავშვების შემთხვევაში. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ რთულია, საქართველოში ოჯახების მოძიება, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მინდობით აღზრდა შეიძლება მოუნდეს. რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ ბავშვების ინსტიტუციური საცხოვრებლებიდან გამოყვანასთან დაკავშირებით და როდის დაიხურება ისინი? „ლიბერალი" ჯანდაცვის სამინისტროს  სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს, ამირან დათეშიძეს ესაუბრა. 

...

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ორი დიდი ზომის დაწესებულება მოქმედებს. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვების ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ, ამ დროისთვის 45 ბავშვია. მეორე ინსტიტუცია კოჯორში მდებარეობს, სადაც 10-დან 18 წლამდე ასაკის 30 მოზარდია. წლების განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებდა ყურადღებას. ჩვილ ბავშვთა სახლში, მაგალითად, 2012 წელს 13 ბავშვი გარდაიცვალა, 2013-14 წლებში სულ - 14; რაც შეეხება კოჯრის ბავშვთა სახლს, „უყურადღებოდ მიტოვებულები” - ასე დაარქვა 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია DRI-იმ თავის კვლევას, სადაც დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. იყო საუბარი ბავშვების მიმართ ძალადობაზეც; რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახლა, რა გეგმები აქვს სამინისტროს ამ ორ კონკრეტულ ინსტიტუციასთან დაკავშირებით?  


- 2016 წელს გაერო-ის ბავშვთა ფონდის დახმარებით ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხნა, სადაც ჩვილ ბავშვთა სახლიდან 7 ბენეფიციარი უკვე გადავიყვანეთ. ასეთივე სახლის გახსნა თბილისში წელს იგეგმება. დამატებით, მომავალ წლებში 2-3 მსგავსი სახლის საჭიროება გვაქვს, რომ მოხდეს ჩვილ ბავშთა სახლის სრული დეინსტიტუციონალიზაცია. ეს ალბათ 2020-21 წლამდე გაიწელება. რაც შეეხება კოჯრის ბავშვთა სახლს, აქამდე ჩვილ ბავშვთა სახლიდან 10 წლის შემდეგ ბავშვები კოჯორში გადადიოდნენ. ახლა, ჩვილ ბავშვთა სახლიდან იქ გადინება აღარ ხდება. შესაბამისად, კოჯრის ინსტიტუციას ბავშვები აღარ ემატება. 18 წლის შემდეგ კოჯორში მცხოვრები მოზარდებისთვის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა გვაქვს, სადაც მათ ოჯახთან მიახლოებულ გარემოს ვუქმნით. 


- საკმარისია თუ არა მსგავსი სათემო ორგანიზაციები იმისთვის, რომ კოჯრის ბავშვთა სახლიდან 18 წლის შემდეგ ბენეფიციარები გადანაწილდნენ და ველოდოთ, რომ ეს დაწესებულებაც დაიხურება?


- ასეთი 10-მდე სერვისი გვაქვს. თბილისში და რამდენიმე რეგიონში. ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში კოჯრის სრული დეინსტიტუციონალიზაციაც მოხდეს. რაც მთავარია, იქ ჩვილ ბავშვთა სახლიდან ბავშვები აღარ გადაგვყავს.


-  მათი უმრავლესობა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ფუნქციონირებს. ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სახელმწიფო დღეში 16 ლარს უხდის, რაც ორგანიზაციების არსებობისთვის საკმარისი არაა. კომუნალური გადასახადები, ქირა, თავად ბენეფიციარებისთვის საჭირო მოვლისა და რეაბილიტაციის ხარჯები, პერსონალის ხელფასები და ა.შ. ვიცით, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია იმ საშიშროების წინაშეცაა, რომ დონორმა ორგანიზაციამ აღარ დააფინანსოს. ამ შემთხვევაში, რა მიზნები აქვს სამინისტროს? მიმდინარეობს თუ არა საუბარი ბენეფიციარების ვაუჩერის გაზრდაზე?


- საერთო ეკონომიკური მდგომარეობიდან და ინფლაციიდან გამომდინარე, სათემო ორგანიზაციების დაფინანსების პრობლემა რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო წლებში დონორი ორგანიზაციების რიცხვიც იკლებს. თუმცა, იმისთვის, რომ დაფინანსება გავზარდოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს ამის საჭიროების მყარი დასაბუთება. ზოგიერთი ორგანიზაცია ყოჩაღია და ახერხებს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვას, ზოგი - ვერა. ამიტომ, ვინც ვერ ახერხებს, მომსახურების დონითაც ჩამორჩება სხვებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, არასამთავრობოების დახმარებით ვატარებთ კვლევებს, რომ დაფინანსების საკითხს მხოლოდ ფულის კუთხით არ შევხედოთ. მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, მაგალითად, შშმ პირების მდგომარეობის მიხედვით, ვის მეტი სჭირდება, ვის - ნაკლები. ვინც შშმ პირების უფრო მძიმე კონტინგენტზე მუშაობს, მეტი გადავუხადოთ. პარალელურად კი, ვაკონტროლოთ ხარისხი, რათა ორგანიზაციებს შორის კონკურენციაც ჯანსაღი იყოს და საბოლოოდ, ბენეფიციარებისთვის შეიქმნას ადეკვატური გარემო. მაკონტროლებელ ორგანოს კითხვები არ უნდა ჰქონდეს, რატომ ფინანსდებიან ერთნაირად ის ორგანიზაციები, რომლებსაც განსხვავებული ხარიხის მომსახურება აქვს.  
თუმცა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სათემო ორგანიზაციები მაინც ინსტიტუციაა. ამიტომ მათი დაფინანსების გაზრდაზე მეტად პრიორიტეტული შშმ პირების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან ბავშვების მინდობითი აღზრდის სისტემის ფინანსურად გაძლიერებაა. ეს უნდა იყოს მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი. 


- თუმცა, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მინდობით აღზრდის ბევრი მსურველი არ გვყავს. რას აკეთებს სამინისტრო ამისთვის?


- ზოგიერთს იმდენად რთული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ძნელია ოჯახების მოძიება. მიუხედავად ამისა, ყოველ წელს იზრდება მათი რაოდენობა, ვინც შშმ ბავშვების მინდობითი აღზრდის სურვილს გამოთქვამს. ამას ხელს უწყობს სამინისტროს ოჯახებისთვის ტრენინგები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ჩვენ ვგევმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად კამპანიას, ვბეჭდავთ ბროშურებს, ვმუშაობთ ინფორმირებაზე. ასევე გვაქვს სამუშაო ჯგუფები სხვა ორგანიზაციებთან, გვიზიარებენ გამოცდილებას და ვცდილობთ წავახალისოთ დონორების მოძიება. ვხვდებით მინდობით აღმზრდელებს და გამოციდლება აჩვენებს, რომ ყველაზე კარგი წყარო ახალი ოჯახების მოსაძიებლად უკვე არსებული ოჯახებია.  


- თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია შემდეგ ამის მონიტორინგი? აპრილში სახალხო დამცველმა ერთ-ერთი ოჯახი შეამოწმა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე 5 ბავშვი მინდობით აღზრდაში იყო და საკმაოდ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. სამინისტროს კი მოუწოდა, ერთ ოჯახში ხუთი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი არ განათავსოს, რადგან რთულია ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. 


- ჩვენ შევისწავლეთ ეს შემთხვევა. დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, შეესწავლათ. მინდა ვთქვა, რომ სახალხო დაცმველის აპარატის მხრიდან ეს ანგარიში მეტისმეტად გადაჭარბებული იყო. ობიექტური სურათი სულ სხვა იყო. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო მინდობით აღმზრდელი ოჯახი. 

ამავე თემაზე: ბავშვები ოთახებიდან 
ამავე თემაზე: კვლავ “უყურადღებოდ მიტოვებულნი”

ამავე თემაზე: ოჯახის შესახებ, სადაც დაუნის სინდრომის მქონე 5 ბავშვი მინდობით აღზრდაშია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^