XIX საუკუნის საქართველოში, ღრმად მასკულინურ საზოგადოებაში, ჩვენს წინაპრებს ბუნება კარნახობდათ, რომ სიყვარულის ობიექტი დედაა. მამა კულტურული ფენომენია, რომელსაც ყველა მასკულინური რელიგია აღიარებს. მატრიარქატის ამსახველი აზროვნება, რომელიც კიბელეს, დიდ დედას და სხვა ღვთაებებს ეთაყვანებოდა, მამის კულტის მაღიარებელმა ახალმა რელიგიებმა ჩაანაცვლა.
როგორც ვთქვით, მამა, უპირველეს ყოვლისა, კულტურული ფენომენია და როდესაც ვამბობთ, რომ ილია ჭავჭავაძე ერის მამაა, ვგულისხმობთ იმას, რომ მან მკვდარი საქართველო გააცოცხლა, იშვილა და გაზარდა.
აქვე ვახსენოთ ის ნიშნები, რის გამოც საქართველო მკვდარ ქვეყნად მიიჩნეოდა:
რუსებმა ქართულად საუბარი აგვიკრძალეს და ამას დავემორჩილეთ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურში, სასამართლოში, საქმის წარმოება რუსულად მიმდინარეობდა და ოჯახებშიც, პრაქტიკულად, მხოლოდ რუსულად საუბრობდნენ.
რუსეთის იმპერატორი საქართველოს მეფედ ვაღიარეთ - ეკლესიამ თქვა, საქართველო რუსეთის შემადგენლობაშია, ერთმორწმუნე ერი ვართ, ღმერთი სვამს იმპერატორს, ამიტომ რუსი იმპერატორი ჩვენი მეფეა! აკი, გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელოშიც“, ქართველი მეფეების შემდეგ, ბოლოს, რუსი იმპერატორია მოხსენიებული?!
ასევე, როდესაც ილია იწყებს მოღვაწეობას, არ გვაქვს პრესა, თეატრი, ბიბლიოთეკა... და სწორედ ილია აპირებს, რომ ეს ყველაფერი შექმნას!
საინტერესოა ისიც, თუ როგორ ჩამოყალიბდა ილიას გონებაში იდეა, რომ ერის მამა უნდა ყოფილიყო!
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე
რა თქმა უნდა, რუსთაველმა იცის ენები, რაც პოემაშიც დასტურდება.
ილია ჭავჭავაძე შესანიშნავი სტუდენტი იყო და ბუნებრივია, რომ ნიჭითა და შრომისმოყვარეობით პეტერბურგში ყველა განაცვიფრა. მის შესახებ ხმებმა სამეგრელოს დედოფლამდე (სადღა იყო სამეფო, მაგრამ...), ეკატერინე ჭავჭავაძემდეც მიაღწია, რომელიც მაშინ „ცარსკოე სელოში“ ცხოვრობდა. აი, დაიბარა ილია ჭავჭავაძე და ერთ-ერთი ცნობით, თავად გადასცა ხელში ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ნაწარმოები: „ბედი ქართლისა“ და „მერანი“, სხვა ცნობით, ეს მის ქალიშვილს, სალომე მიურატს გაუკეთებია.
ამ მომენტამდე ილიამ ბარათაშვილის ფენომენის შესახებ არაფერი იცის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პოეტის სიკვდილიდან 15 წელი იყო გასული, მისი ხელნაწერები კი არაერთ ქართულ ოჯახში ინახებოდა, ჩვენი გენიოსი გამოქვეყნების ღირსად არავინ ჩათვალა!
წარმოიდგინეთ, რა უღრმესი კულტურული, ეროვნული თუ როგორიც გენებოთ - შოკი განიცადა ილიამ, როდესაც ბარათაშვილი წაიკითხა... იმ ღამეს მან ორი ლექსი დაწერა, სადაც ამბობს დავობლდითო, ანუ გვიხსნის, რომ ბარათაშვილის სახით მშობლებმა კი არ დაკარგეს შვილი, არამედ შესაძლოა ილიამ, საქართველომ დაკარგა მამა!
ასე დაინახა მან ბარათაშვილი და დარწმუნებული ვარ, ამ ღრმა განცდას, სხვა ემოციებიც ახლდა თან, რადგან, მოგეხსენებათ, 15 წლის ასაკიდან ილია სრული ობოლი იყო; დედა ბავშვობაშივე დაეღუპა, მამის სიკვდილი კი ისე მძიმედ გადაიტანა, რომ ვეღარ ისწავლა და კლასში ჩარჩა. ამ მხრივაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, ორი დიდი „კლასში ჩარჩენილი“ გენიოსი გვყავს!
და აი, 1860 წლის იმ დღეს, როდესაც ბარათაშვილის „მერანი“ და „ბედი ქართლისა“ ილიას ხელში აღმოჩნდა, მან მიაგნო კიდეც თავის ფუნქციას, რომ საქართველოს მამასავით უნდა მოექცეს, გააცოცხლოს და აღზარდოს მკვდარი ქვეყანა! თუმცა, ამ გზაზე არაერთი „ომი“ ედო წინ...
იდეოლოგიურ ომში ილია ჭავჭავაძე ორჯერ შევიდა, ერთხელ, როგორც შვილი - მამების წინააღმდეგ, მეორედ კი მამა - შვილებთან ომში. პირველი, სიცოცხლეშივე მოიგო, მეორეში კი სიკვდილის შემდეგ გაიმარჯვა.
არადა, მამათა და შვილთა პირველი ბრძოლა საოცრად უწყინრად დაიწყო, როდესაც „ცისკარში“ ილიამ ლიტერატურული წერილი გამოაქვეყნა - „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.
მოგეხსენებათ, კოზლოვი რუსი პოეტი იყო, თუმცა, როდესაც რუსულ ლიტერატურას ჰყავს პუშკინი, ლერმონტოვი და გოგოლი, ილია ამ უმნიშვნელო პოეტის ნაწარმოების თარგმნამ გააკვირვა. რაც შეეხება თავად რევაზ შალვას ძე ერისთავს - ის განსაკუთრებული კაცი გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მეტისმეტად უნიჭო იყო... ამ კაცის ენობრივი პოლიტიკის განქიქებით, ილიამ მამების თაობასაც გაჰკრა კბილი, როდესაც სტატიაში ძველი ქართულიდან შემორჩენილი ასოები არ გამოიყენა და აღნიშნა, ასე შეგნებულად ვიქცევიო.
ამ ამბავზე მამებმა „დასცხეს“ შვილებს, ანუ ილია ჭავჭავაძეს და ატყდა კიდეც ომი...
თუმცა ილიამ საკმაოდ მარტივად დაიცვა თავი საკუთარი პროგრამა - არგუმენტით, რომელიც, მისი აზრით, სამ მთავარ ღირებულებას აერთიანებდა და დღეს ყველა ქართველმა იცის: მამული, ენა, სარწმუნოება. მან თქვა, რომ წინაპრებმა ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვიტოვეს და თუკი ვერ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობასო?!
სხვათა შორის, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ „მამული, ენა, სარწმუნოება“, ამავდროულად, იერარქიაცაა. სულ მალე ეს ისტორიამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა შეუსწორა ილიას - „ენა, მამული, სარწმუნოება“ გაცილებით უკეთესად ჟღერს, რადგან, ასეთი წყობით „უფრო ლამაზი“ ათმარცვლიანი ლექსია.
რა თქმა უნდა, ამ შესწორებას ილია არ მიიღებდა. ამ პროგრამაში, მისთვის პირველ ადგილას მამული იდგა, რასაც ადასტურებს კიდეც თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთის იმპერიის მიერ შემოერთებულ აჭარაში ჩასულმა, ისეთი ტერმინები შემოიღო, როგორიც იყო „ოსმალოს საქართველო“ და „მაჰმადიანი ქართველები“.
ამით მან თქვა, რომ ქართველობა უფრო მაღლა დგას. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ დროს მოიძებნა ხალხი, რომლებიც მიიჩნევდა, რომ აჭარლები ქართველები არ არიან. არადა, 300-წლიანი მონობის შემდეგ, დედა-სამშობლოს მიერთებული აჭარის მოსახლეობა სწორედ რომ შესანიშნავი ქართველები იყვნენ!
ბუნებრივია, იმ მომენტში რუსეთის იმპერია სულ არ ფიქრობდა იმაზე, რომ აჭარა საქართველოს შემოუერთა, თუმცა, ილია მიხვდა, როგორ ემოქმედა ოპერატიულად და ვითომდა რუსეთის იმპერიაში აჭარლების სტრუქტურირების მიზნით, ბათუმში პირველი ქართული სკოლა გაახსნევინა.
საერთოდაც, ამ საქმეში, აჭარა რომ საქართველოა, აჭარლები კი ქართველები და „არავის არაფერი შეეშალოს“, ილია ჭავჭავაძის როლი განუსაზღვრელია! სწორედ აქ გამოჩნდა, რომ მისთვის მამული და ენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარწმუნოება. ეს არცაა გასაკვირი იმ კაცისგან, რომელსაც მკაცრად სეკულარული იდეები ჰქონდა...
შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ილიას ეს იდეები მამებს თავიდანვე არ მოეწონათ და მათი დაპირისპირება ნამდვილად ომი იყო, რომელშიც, საბედნიეროდ, ილია ჭავჭავაძემ გაიმარჯვა!
მოდი, გავიხსენოთ, რა ხდებოდა მაგ დროს ჩვენთან, რა წარმოდგენა ჰქონდათ მამებს საქართველოსა და რუსეთზე...
დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ ჯოჯოხეთის კარზე წერია: „აქ შემომსვლელმა დაივიწყე იმედი ყველა“.
აი ასე, ქართველმა თავად-აზნაურებმა გადაწყვიტეს, რომ არაფერი გამოვა, რუსეთის იმპერიას თავს ვერ დავაღწევთ, ამიტომ უნდა დავივიწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა იმედი. ამის გათვალისწინებით, ისინი გულწრფელად ჩადგნენ იმპერიის სამსახურში, დაიკერეს ეპოლეტები, წერდნენ პატრიოტულ ლექსებს და ემსახურებოდნენ იმპერატორს, მათ შორის საქართველოში, გურიის აჯანყების ჩახშობისას.
მათ დაიჯერეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა მოკვდა, თუმცა, მკვდარი შენ ხარ, როდესაც დამოუკიდებლობაზე აღარ ოცნებობ და ამბობ, თქვენზე ნაკლები პატრიოტები კი არ ვიყავითო! ახალგაზრდობაში ვცადეთ ბრძოლა, არაფერი გამოვიდა და არც არავის გამოუვა რამეო.
ამიტომაც, იყო - რუსეთი, რუსეთი, რუსეთი...
თუ არ ჩავთვლით ჩვენს დიდ გენიოსს, მთავარ ქართველ ევროპეისტ ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელსაც სოლომონ დოდაშვილის სახით - ბრწყინვალე მასწავლებელი, ილია ჭავჭავაძის სახით კი საუკეთესო მემკვიდრე აღმოაჩნდა. ილიამ დაიჯერა, რომ მკვდარი საქართველოს გაცოცხლება შეეძლო და აკი შეძლო კიდეც!
აქვე უნდა ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - საინტერესო იდეები არაერთ ქართველ პატრიოტს ჰქონდა. ამ კუთხით, დიმიტრი ყიფიანის სახით, ჩემპიონიც კი გვყავდა, თუმცა მათ განხორციელებას ვერ ახერხებდა.
ილია კი იყო ტალანტი, რომელსაც არა მხოლოდ იდეები ჰქონდა, არამედ საოცრად თანმიმდევრულად შეეძლო მათი განხორციელება.
საერთოდაც, დინჯი კაცი იყო, აუჩქარებლად მოძრაობდა, ნელა საუბრობდა, სიტყვაძუნწობდა. „კაი მსმელი“ არასდროს ყოფილა, პრაქტიკულად, წელიწადში ერთხელ სვამდა, „ილიაობაზე“, ბანქოს თამაში უფრო უყვარდა.
ასეთი იყო მთავარი ქართველი, რომელიც აღმერთებდა ქვეყანას, როგორც შვილს და მშობლის პოზიციიდან არაერთი საყვედური აკადრა საქართველოს. არავის უთქვამს ისეთი სიტყვები, როგორიც ილიამ „ბედნიერი ერით“ გვითხრა და არც იმის თქმა გაუბედავს ვინმეს, თათქარიძე იმიტომაა ასეთი, ქართველი რომ არისო.
ასეთ რამეს არ ამბობდნენ ხოლმე საქართველოზე, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც მამა, დედა, სამშობლო და არა შვილი, როგორც ილიამ დაინახა, რომელსაც საყვედურიც უნდა უთხრა, მოუარო და გაზარდო, რაც მთავარია - გაცოცხლების შანსი მისცე!
წარმოიდგინეთ, რა გაქანების უნდა იყოს კაცი, რომელიც ახერხებს, რომ რუსეთის იმპერია, რომელსაც ერთადერთი სახელმწიფო ბანკი ჰქონდა, საქართველოში სათავადაზნაურო ბანკის გახსნის აუცილებლობაში დაარწმუნოს! არ ვიცი როგორ შეძლო, მაგრამ ფაქტია, დიმიტრი ყიფიანის იდეას სწორედ მან შეასხა ხორცი და საქართველოში ბანკი შექმნა.
ყველამ ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძე უნივერსალურზე უნივერსალური ფიგურა იყო: მწერალი, დრამატურგი, პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მედიის ორგანიზატორი, ბანკის დამფუძნებელი, კრედიტის იდეის განმახორციელებელი, საქართველოს დამცველი მტრებთან ბრძოლაში როგორც ისტორიკოსი, როგორც პუბლიცისტი და სხვა. განსაკუთრებული იყო როგორც მთარგმნელიც, რადგან ივანე მაჩაბელთან ერთად „მეფე ლირი“ თარგმნა. „ჰამლეტში“ კი არ მიიღო მონაწილეობა, არამედ სწორედ იმ ტრაგედიაში, სომელშიც მთავარი ფიგურა მამაა! პირადად ჩემთვის ეს ფაქტიც ბევრს ამბობს...
ამის ფონზე, სასაცილოა იმ ადამიანების კრიტიკა, ვინც ილიას უნივერსალიზმს იწუნებდა. მთლიანობაში, მას ვერავინ აჯობა და ილია იყო ერთადერთი, ვისაც მკვდარი ქვეყნის გაცოცხლების სწამდა! და ხომ არ გვავიწყდება რა ქვეყანაზე ვსაუბრობთ?!
რაც შეეხება მეორე იდეოლოგიურ ომს, რომელშიც ილიას მოუწია ჩართვა. სოციალ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ილიას კლასთა ბრძოლის საკითხი არ ესმოდა. ილია ამ ბრძოლას არ აღიარებდა, ის შერიგების, საერთო ნიადაგის თეორიას ეთანხმებოდა, რომლის მიხედვითაც თავადი და გლეხი უნდა შერიგდნენ. ამაზე წერდა მხატვრულად, პუბლიცისტურად და ა.შ. რეალურად, ის დღევანდელ საქართველოზე ოცნებობდა, დამოუკიდებელ ქვეყანაზე, რომელიც სხვა დამოუკიდებლობებით უნდა შეივსოს.
მიუხედავად ამისა, „იმ ილიასთან“ ბრძოლაში, რომელსაც „მარქსიზმი არ ესმის“, სოციალ-დემოკრატებმა მთელი საქართველო აიყოლიეს, რადგან საქართველო მაშინ სოციალიზმის იდეებს გულშემატკივრობდა, ჭავჭავაძე კი ამ პოპულარული იდეების მტრად შერაცხეს.
საბოლოო ჯამში, ილია მარტო დარჩა ამ ბრძოლაში და როცა მოკლეს, მოკლეს, სწორედ, როგორც მამა, რომელიც კლასთა ბრძოლის უარყოფითა და სხვა მოქმედებებით, ხელს უშლიდა შვილებს მარქსისტული, სოციალისტური იდეების განხორციელებაში.
1900 წელს ილია ჭავჭავაძე ცუდად გახდა, გულზე შეექმნა პრობლემა და მეუღლემ გერმანიაში წაიყვანა სამკურნალოდ. უკან დაბრუნების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არსად ჩანდა. ამ დროს, როდესაც რუსეთის იმპერიაში პირველი რევოლუცია დაიწყო და როდესაც ილია ყველას ჩამოშორებული ეგონა საქმეს, მან მოახერხა და იმპერიის სახელმწიფო საბჭოში აღმოჩნდა.
ამბობდნენ, ილიამ იმპერატორიც კი დაითანხმა რუსეთის იმპერიაში საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭების საკითხზეო, თუმცა ამ ამბის სინამდვილეს ვეღარასდროს შევიტყობთ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ილიას როლი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაში, რითაც მან ფაქტობრივად გადაარჩინა ქართული ენა და წერა-კითხვა ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. იმ დროს ეს უზარმაზარი მიღწევა იყო!
გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის უსაზღვრო ღვაწლი დევს იმ საქმეში, რომ საქართველომ თავისი გენიოსები არ დაკარგა:
ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწერები ქართულ ოჯახებში წლების განმავლობაში ინახებოდა, თუმცა გენიოსი პოეტი დაუბეჭდავი და დაუტირებელი წავიდა. სწორედ ილიამ დაგვანახა ბარათაშვილი და იზრუნა იმაზე, რომ სამშობლოს დაებრუნებინა არა მხოლოდ მისი პოეზია, არამედ ნეშტიც.
ამასთანავე, მან არა მხოლოდ მამა, არამედ შვილებიც დაინახა, ის ქართველები, რომელებიც მომავლის საქართველოს ააშენებდნენ. თქვა კიდეც - „ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ!“
გადადო კიდეც, ამ სიტყვების შემდეგ მხატვრული ძეგლი აღარც დაუწერია. აქ ერთი საინტერესო ნიუანსია - ილიას სიტყვები აკაკის არ მოეწონა და მტრობა დაუწყო ვაჟას, იუბილეც კი ჩაუშალეს ჩვენს კიდევ ერთ გენიოსს; თუმცა ეს რა მოსატანია, რადგან აკაკი ვაჟას ენას უწუნებდა და პოეტს რომ ენას დაუწუნებ, უკვე გასაგებია, რა დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ.
სამაგიეროდ, ილია ჭავჭავაძეს მოსწონდა, მართალია, სუბიექტური იყო, თუმცა როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ეგიდით ვაჟამ, როგორც მასწავლებელმა, იმედები ვერ გაამართლა, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ილიას კარგად ესმოდა ვინ იყო ვაჟა-ფშაველა, მაგრამ მშვენივრად ესმოდა ისიც, რომ გაკვეთილების დროს მასწავლებელი სანადიროდ არ უნდა დადიოდეს.
სხვათა შორის, ამბობენ, ვაჟა-ფშაველას ეს ამბავი ეწყინა და ილია-მაჩაბლის დუეტზე გაბრაზებულმა, „ალუდა ქეთელაური“ დაწერაო. ეს თუ სიმართლეა, ილიას კიდევ ერთი დიდი დამსახურება ჰქონია საქართველოს წინაშე.
დასასრულ, დავუბრუნდეთ ილიას წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლას, რაც მისი ფიზიკური სიკვდილით დასრულდა. ილიას ებრძოდა ყველა: ებრძოდნენ სოციალ-დემოკრატები; ებრძოდნენ ნაციონალისტები, „ბედნიერი ერის“, განსაკუთრებით კი „კაცია ადამიანის“ გამო…
სხვათა შორის, თედო ლაბაური, ილიას მეეტლე, რომელიც მკვლელებთან იყო შეკრული, ამბობდა, რამდენადაც მახსოვს, მკვლელებს სამხედრო ფორმა ეცვათ და სომხური აქცენტი ჰქონდათო. როგორც ჩანს, ილიას მკვლელობის დაბრალება „ქვათა ღაღადით“ განაწყენებული სომხებისთვის სურდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ილიას მკვლელობის დაბრალებას მეფის რუსეთისთვისაც ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, „ოხრანკას“ ქართველი პატრიოტი ვერაფრით ეყვარებოდა, მაგრამ არც ეს იყო სიმართლე და ახლა ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოკლა ილია.
კაცმა რომ თქვას, სოციალ-დემოკრატებმა კი არა, ილია ჭავჭავაძე საკუთარმა შვილმა მოკლა...
ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვექიშპებით, ჩვენი გაერთიანების ყველა იოლი გზა საერთო მტრის პოვნაა. იმდენჯერ დაგვმოძღვრა ილია ჭავჭავაძემ, იმდენი შენიშვნა და საყვედური გვითხრა, იმდენჯერ არ მოიწონა ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია, რომ მის წინააღმდეგ დაუძინებელი მტრები, „ბოლშევიკები“ და „მენშევიკებიც“ კი გააერთიანა და ქართველი ხალხიც ერთიანად ამბოხდა მამის, ანუ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.
ამიტომაც იყო, რომ ილიას მკვლელობის ცნობა უმნიშვნელო გაზეთმა - „ისარმა“ გამოაქვეყნა და ის კი არ თქვა, საქართველო მოკვდაო, არამედ - თავადი ილია ჭავჭავაძე მოუკლავთო. დღეს კი ვიცით, რომ ეს უდიდესი კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მაშინ ეს ფაქტი ასე არ აღიქვეს.
საკუთარი სიკვდილით ილიამ დაასრულა მოღვაწეობა ქართველი ხალხის ჩამოყალიბებისა და გაცოცხლების გზაზე, იმიტომ, რომ ახლა ეს არის ნაცია, რომელსაც აქვს საერთო დანაშაული - მონანიებული, ან მოსანანიებელი და რომელსაც ჰყავს მამა, აქვს სახელმწიფო, ახალი შანსი...
ასეთი საქართველო შექმნა ილია ჭავჭავაძემ. მისი როლის ადეკვატურად შეფასება კი სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ვსაუბრობთ ყველაზე დიდ ქართველზე, ვინც კი ოდესმე დაბადებულა, კაცზე, რომელმაც სასწაული ჩაიდინა და როგორც ლაზარე, ისე გააცოცხლა მკვდარი ქვეყანა.