“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ხვადაგიანი აცხადებს, რომ გუშინ ღამით აქციაზე პოლიციამ დააკავა და სცემა. პოლიცია მას ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. მასთან ერთად დაკავებულია ირაკლი ხვადაგიანის ძმა დავით ხვადაგიანი.
----------------------------------------------
გუშინ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოსული იყო რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ღონისძიებას უძღვებოდა, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მათ დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა და რუს დეპუტატს არ მისცეს ღონისძიების გაგრძელების საშუალება.
სიტუაციის გამწვავების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა ღონისძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
გუშინ, 20 ივნისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააანონსეს აქცია პარლამენტთან. აქციის მონაწილეები რუს დეპუტატს პროტესტის ნიშნად სასტუმრო „რედისონთან“ დახვდნენ. სერგეი გავრილოვმა მოგვიანებით ქვეყანა დატოვა.
აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. მალე პოლიციამ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას. მოგვიანებით, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მოქალაქეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.
მალე მობილიზდა სპეცრაზმიც. პოლიციამ პარლემენტის ყველა შესასვლელი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების კორდონით გადაკეტა.
დაახლოებით 12 საათისთვის სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით სცადა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით რეზინის ტყვიებსაც ისვროდა.
აქციის დაშლა და მისი მონაწილეების დაკავება დილის 8 საათამდე გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი. დაშავებულებიდან რამდენიმემ მიიღო მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.
დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.
ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი
სპეცრაზზმა მოქალაქეებს გადაუარა - ვიდეო
ერთი საათის წინანდელი ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი
LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო