Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა უშლის ხელს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას

24 ნოემბერი 2017

დღესდღეობით სკოლის ავტონომია კანონმდებლობითაა გარანტირებული. უფრო კონკრეტულად კი, ზოგადი განათლების შესახებ კანონსა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში მოცემულია ძირითადი პრინციპები, რომელიც სახელმწიფომ ზოგადი განათლების სფეროში უნდა დანერგოს - ავტონომია, სკოლის ღიაობა, ურთიერთთანამშრომლობა სკოლასა და საზოგადოებას შორის.

მიუხედავად ამისა, განათლების სისტემაში ვხვდებით ისეთ კანონქვემდებარე აქტებსაც, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ასევე ზოგადი განათლების შესახებ კანონის გაცხადებულ მიზნებთან და პრინციპებთან.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (CDI) სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზი. დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში ჩატარდა კვლევა. საჯარო სკოლის მასწავლებლებთან, დირექტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში გამოიკვეთა ის ძირითადი ხარვეზები, რომლებიც სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობისას არსებობს.

ერთ-ერთი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ზღუდავს სკოლის ავტონომიას მინისტრის #837-ე ბრძანებაა.

ბრძანება #837 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების პროცესს არეგულირებს. უფრო კონკრეტულად კი ბრძანების თანახმად, აღნიშნული აქტივობები სკოლებში მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობით უნდა ტარდებოდეს. ბრძანება 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მიიღო.

სკოლა და რეგულაციები - რა უშლის ხელს სასწავლო პროცესს

პოლიტიკის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორის, რეზო ხოფერიას განმარტებით, აღნიშნული ბრძანება პრობლემურია როგორც შინაარსის, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

„როდესაც შემზღუდველი აქტი გამოიცემა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ან კანონში/კანონქვემდებარე აქტში უნდა ეწეროს, რომ მინისტრს აქვს ასეთი აქტის გამოცემის უფლება. ჩვენ ეს სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს, ამიტომ ეს აქტი გამოცემულია სამართლებრივი საფუძველის გარეშე“, - ამბობს რეზო ხოფერია.

რაც შეეხება შინაარსობრივ პრობლემას, ხოფერიას განმარტებით, ბრძანებაში არ არის გაწერილი კონკრეტული წესი - როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თანხმობა სკოლაში გარკვეული ღონისძიების ჩატარების თაობაზე; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ან რა ვადაში არის შესაძლებელი თანხმობის მიღება. ვინაიდან მსგავსი ჩანაწერი ბრძანებაში არ არის, სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებისას ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას იყენებს, რასაც შედეგად მოაქვს ის, რომ დაინტერესებული პირისთვის რთულია, წინასწარ განსაზღვროს, როგორი სახის განაცხადი უნდა წარადგინოს, რა ვადაში მიიღებს ის სამინისტროს თანხმობას და ა.შ.

სამინისტროს პრაქტიკის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში სამინისტროში შესული განცხადებები და ამ განცხადებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები გაანალიზდა. ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ სამინისტროს პრაქტიკა ერთგვაროვანი არ არის. განცხადებების პასუხად ძირითადად ოთხი ტიპის გადაწყვეტილება გვხვდება, რაც დარგის სპეციალისტების შეფასებით ბუნდოვანია და სამინისტროს გადაწყვეტილებების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს:

კვლევისას გამოვლინდა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებთან შედარებით, სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს სკოლებში საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელებას. ამ შემთხვევაში სამინისტრო ორგანიზაციას პასუხობს, რომ დაეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში, როგორც სკოლებში, ასევე რესურსცენტრებში.

მეორე შემთხვევაში, სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს პასუხობს, რომ ის მათ დაეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში, ანუ პროექტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სკოლებსა და რესურსცენტრებს. თუმცა აქვე, თავისი თანხმობის წერილში ამატებს, რომ სკოლა არის ავტონომიური. 

მესამე შემთხვევაში, სამინისტრო ამბობს, რომ სკოლა ავტონომიურია - პროექტზე თანხმობის ან თანხმობაზე უარის გადაწყვეტილებას იღებს სკოლა და არა სამინისტრო.

მეოთხე შემთხვევაში კი სამინისტრო ითხოვს დამატებით ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ეხება, ძირითადად, ფიზიკური პირების განცხადებებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს.

რეზო ხოფერიას თქმით, ფოკუსჯგუფებში მონაწილე საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მიმართულებით არსებობს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა სამინისტროს რეგულაციები და პრაქტიკა. მათი განმარტებით, ხშირად ერიდებიან ინიციატივების განხორციელებას, რადგან შიშობენ, რომ ამ ინიციატივებისთვის დაისჯებიან.

საკვლევი პერიოდი მიმდინარე წლის მაისი-ნოემბერს მოიცავს. 

როგორია ევროპული პრაქტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისას შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს - უნდა დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი; გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულ ვადაში; შემუშავებული წესი უნდა იყოს კონკრეტული.

რეზო ხოფერიას განმარტებით, პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული პრინციპები #837-ე ბრძანებასთან მიმართებით დარღვეულია, ვინაიდან სახელმწიფო არ იცავს თანასწორობის პრინციპს, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ბრძანება არ მოიცავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს.

პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში გაანალიზდა ავსტრიის გამოცდილებაც, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გზა გაეხსნა სკოლის ღიაობას, მეტი ავტონომია მიენიჭა სკოლას და მასწავლებლები გათავისუფლდნენ შეზღუდვებისგან.

ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, თუკი სკოლა ღიაა საზოგადოებასთან, მშობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობისთვის, ეს ხელს უწყობს სკოლას მოსწავლე რეალურ ცხოვრებასთან მეტად დააახლოვოს. ვინაიდან, სასკოლო განათლება არ არის დადგენილი ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება, სასკოლო განათლებამ მოსწავლეებს რაც შეიძლება ფართო გამოცდილება უნდა შესძინოს. ვინაიდან სკოლები სხვადასხვა ტიპის გარემოში არსებობენ, მნიშვნელოვანია ამ საზოგადოებასთან ურთიერთობდეს სკოლა. სკოლის ღიაობა კი ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. 

სკოლა და საზოგადოება

პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა და საკითხით დაინტერესებულმა ადამიანებმა. მათ, ერთი მხრივ, ისაუბრეს შესაძლებლობებზე და, მეორე მხრივ, რისკებზე, რომლებიც შესაძლოა სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას ახლდეს თან. მათი შეფასებით მნიშვნელოვანია სკოლების რეალური დეცენტრალიზაცია, საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუნდოვანი და არაობიექტური გადაწყვეტილებები, ასევე მნიშვნელოვანია სკოლების სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ამ ურთიერთობის წახალისება. რათა სისტემა დღევანდელობისგან განსხვავებით წახალისებაზე მეტად იყოს ორიენტირებული, ვიდრე კონტროლზე. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები განხილვის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ.

სკოლა და კერძო სექტორი

სასკოლო ცხოვრება და მშობლები

როგორ ეხმარება კურსდამთავრებული სკოლას

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერება მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის” ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^