Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოწყალება/შეწყალება/გაწყალება

06 დეკემბერი 2015

საკუთრივ,  აი, რას ვიკითხავდი მოჭუტული თვალებით: პატრიარქის ინიციატივას, შეწყალების უფლების შეძენაზე, მთავრობა ასეთი ხალისით რატომ გამოეხმაურა? იმიტომ ხომ არა, რომ არაპოპულარული და დაჩაჩანაკებული მთავრობა ცდილობს, ამ გზით პასუხისმგებლობა დაითხელოს ყველა იმ პროცესზე, რომელზეც თავად არის და უნდა იყოს პასუხისმგებელი? თითქოს გვერდით ამოუდგა  საპატრიარქოს და დებილური ღიმილით გვითხრა, რომ მარტო ჩვენ კი არა, აი, ვისთან ერთად ვმართავთ ქვეყანას, ამიტომ ყველა შეცდომა და მავნებლობა უფრო ადვილად უნდა გვეპატიოს.  ცნობილი ანეგდოტი რომ გავიხსენოთ - ვინ მოგვერევა ახლა მე და საპატრიარქოს?

ეს ფეხქვეშ გაფენა სამარცხვინო მარცხისთვისაა განწირული. ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ ხელისუფლების ისედაც არადამაჯერებელ სოციალ-დემოკრატობას, არამედ ნებისმიერ მომავალ სოციალურ სახელმწიფოზე მოორიენტირე პოლიტიკურ პროექტს,  გადაულახავ დაბრკოლებებად დახვდება. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც, მცირეა შანსი ეს ინიციატივა დაკანონდეს, რაც ღარიბაშვილმა და კახიშვილმა ჩვენზე უკეთ იციან, (პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდებაო) შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პატრიარქის ამ მავნებლური ინიციატივის ატაცება წინასაარჩევნო მობილიზაციის ფარგლებში უნდა განვიხილოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ შეუსრულებელი დაპირებები და ჩვენი ყოფა, რომელიც მთელ რიგ სფეროებში გაუარესდა, ითხოვს გადატანას იქ, სადაც  მორჩილება და უკმაყოფილების თვითდათრგუნვა ყველაზე მეტად მუშაობს - საპატრიარქოს მოქმედების არეალზე. ამ ველზე მაღალი იერარქიის მიერ ნათქვამი სიტყვები, როგორც წესი პერფორმატიულია - ის უშუალო მოქმედებას (აღსრულება) უდრის. ამიტომ ეს გადატანა იმაზეა გათვლილი, რომ  ჩვენი სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილების გამოთქმა ყოველ ჯერზე გაურკვეველი დროით გადაიდოს.

ამას კი თავისი ფასი აქვს.

მოსალოდნელ შედეგებს შორის  უნდა ვახსენოთ ე.წ. ბარტერი, საქონელგაცვლა, ასე ვთქვათ.

ეს ბარტერი, ეს გაცვლა,  ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გაფორმდეს - წინასაარჩევნოდ მრევლის მობილიზაცია, რაც გულისხმობს სოციალური უკმაყოფილების რწმენით დათრგუნვას რომელიმე პოლიტიკური ძალის (ამ შემთხვევაში მმართველი კოალიციის) სასარგებლოდ. რწმენით, ან სულაც რელიგიური ხასიათის შეშინებით და შანტაჟით, რომლებიც ყველაზე ადვილია იქ, სადაც სულიწმიდა უკვე ჩაენაცვლა სოციალურ ინტერესს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა საპატრიარქო სიტყვაზე დაიჭერს მთავრობას (ან რა დაჭერა უნდა) და მოქმედებაში მოიყვანს იმას, რასაც პირდაპირ შეგვიძლია რესურსების მიტაცება ვუწოდოთ. თუ არ გამოვა შეწყალების უფლების მინიჭება, გამოვა სხვა: ახალ-ახალი უძრავ-მოძრავი ქონების დაუფლება საპატრიარქოს მხრიდან. მათ შორის ისეთებისაც, რომელთა მიტაცება ადამიანებს უბრალოდ, მშივრებს ტოვებს (როგორც მაგ. კახეთში, საძოვრების წართმევა და ტყის მითვისება).  ეს ჩვენი, ხალხის საკუთრებაა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვითხოვთ კუთვნილს. ეს გარდაუვალია. მაგრამ სწორი,  დამქანცველი პოლიტიკური ბრძოლის შედეგად გარდაუვალი. 

საკითხს კიდევ ერთი ასპექტი აქვს - აბა, ვის ახსოვს, ციხის კადრების გამომზეურების შემდეგ, პატრიარქის მიერ ნათქვამი: ეს ყველგან ხდება, მაგრამ არ ახმაურებენ? ხომ გაისმა მაშინ შემზარავად? ის კი არა, რომ ყველგან კი ხდება, მარა დამნაშავეს სჯიან, არამედ, არ ახმაურებენო. პატიმრებისადმი ასეთ დამოკიდებულებაში შემჩნეული ინსტიტუცია, როგორ ითხოვს, შეწყალების უფლებას?  საკითხის ასეთი, ვთქვათ ასე, მორალისტური დაყენება თითქოს, აგრძელებს  არსებული კრიტიკის ძირითად ხაზს, რომელიც კი ლეგიტიმურია, მაგრამ ნაკლული. 

ჩვენ უკვე ვისწავლეთ კრიტიკაც და დაცინვაც, ისიც  ვიცით, როგორი კრიტიკა უფრო ტოვებს ჰეროიკულობის არომატს. მაგრამ ჩვენ ჯერ ცოტას ვფიქრობთ პოზიტიურ ალტერნატივებზე. ამდენად,  ყველაზე გულწრფელი კრიტიკის შემთხვევაშიც კი, ჩვენს უკეთეს მომავალს მაინც იმათ ვუთმობთ, ვინც არ მოგვწონს, რადგან უარს ვამბობთ მომავლის გამოგონებაზე დღეს. 

ეს კარგად იციან  მათ შორის, საპატრიარქოშიც,  სადაც ალბათ, ყველა  შესაძლო, მათ წინააღმდეგ მიმართული  პეტიციის ტექსტს წინასწარ, თავისუფლად დაწერენ (რაც სულაც არ გამორიცხავს პეტიციის ეფექტურობას რიგ შემთხვევებში). 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ბევრს განათლება და ეკონომიკური განვითარება ეიმედება. მეც. მაგრამ აქ პრინციპულია, როგორ განათლებასა და როგორ ეკონომიკურ წესრიგზე ვამყარებთ იმედს.

მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ალბათ  პირველ რიგში  ეს უნდა იყოს, ისეთი ოპტიკების პოვნა,  რომლებიც საპატრიარქოს ძალაუფლების აბსოლუტიზაციას კი არ მოახდენდა, არამედ დაინახავდა მას მათ შორის, როგორც მსხვილ  ეკონომიკურ მოთამაშეს, რომლის ყველა მსგავსი ინიციატივა ან ქმედება ემსახურება ერთს - საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს და რომლის ყველა ასეთი ინიციატივა საბოლოო ჯამში სწორედ ეკონომიკურ ინტერესებში კონვერტირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^