სხვადასხვა ფერის ღუნღულა ქურქში გამოწყობილი გამხდარი, აწოწილი ქალი, ხელში მუშტუკით, გაფშეკილი თმებით და ღვარძლიანი სიცილით - ეს კრუელაა “101 დოლმატინელის ლეკვიდან”. ალბათ, გეხსომებათ, მისი თავგადაკლული მცდელობა, ხელში ჩაეგდო, პატარა ლეკვები და მათგან კიდევ ერთი ქურქი დაემზადებინა. კრუელა მდიდარი იყო. მდიდრები კი ქურქებს ატარებენ და ცდილობენ, ამით ხაზი გაუსვან საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას.
ღრმა ბავშვობიდან გამოყოლილი ეს შეხედულება წიგნების, განსაკუთრებით, რუსული კლასიკური ლიტერატურის დროს გამიმყარდა, სადაც ტოლსტოის გმირები ბალებსა და მიღებებზე საფრანგეთში შეძენილ, ფუმფულა ქურქებში გამოწყობილები დადიოდნენ. ტოლსტოი ხომ მდიდარ საზოგადოებაზე წერდა!
ტოლსტოისა და “101 დოლმატინელის ლეკვში” ასახული რეალობიდან უამრავი წელი გავიდა. მოდაც ბევრჯერ შეიცვალა და ისეთი პალტოებიც გამოიგონეს, ქურქებზე რომ მსუბუქი და თბილია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთისათვის, “შუბა” კვლავ რჩება საზოგადოებრივი მდგომარეობის ხაზგასმის საშუალებად, თუმცა მას თავისი პირდაპირი დანიშნულებაც აქვს ისეთ ქვეყნებში, სადაც ზამთარში სიცივე -40 გრადუსს აღწევს. იქ მათი ტარება არავის უკვირს, თუმცა ქვეყანაში, რომლის კლიმატიც ნულს ქვემოთ იშვიათად ჩამოდის, ქურქით სიარული ცოტა სასაცილოა.
საუკუნეების წინ, ოპერის შექმნის მოტივი მარტივი იყო: სურდათ, გაეკეთებინათ წარმოდგენა, რომელიც, კამერული და სიმფონიური მუსიკისაგან განსხვავებით, ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ამ უძველესმა ჟანრმა დღემდე მოაღწია. უნდა ვაღიაროთ, რომ დროსთან ერთად, უფრო ნაკლებ და ნაკლებ გასაგები ხდება თანამედროვე მუსიკის მოყვარული ადამიანებისათვის, მიუხდავად ამისა, მათი ნაწილი მაინც დადის, დადის ისე, როგორც ჯაზის ფესტივალებზე, სადაც მუსიკა ბევრს არ ესმის, სამაგიეროდ, მეორე დღეს სალაპარაკოდ აქვთ.
ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის წინაპერიოდი საკმაოდ სკანდალური იყო. ჯერ უცნაური ფორმის დეკორაციამ მოიარა სოციალური ქსელები (კიდევ კარგი, მოიფიქრეს და შეცვალეს!), მერე რიგითი მოკვდავების წუწუნმა, რომლებსაც ბილეთებზე ჯავშანი გაუუქმეს და განუცხადეს, რომ ყველა მათგანი ერთმა კომპანიამ შეიძინა, დაგვირგვინება კი მაყურებლების ჩაცმულობა იყო.
სხვადასხვა ცხოველის ბეწვისგან დამზადებული, სხვადასხვა სიგრძის, ფასისა და შეფერილობის ქურქებიდანვე კარგად ჩანდა თეატრში შეკრებილი, მოსაწვევიანი საზოგადოების ოპერისადმი დამოკიდებულება. ჩანდა, რომ ისინი ოპერას აღიქვამენ როგორც ფუფუნების საგანს, როგორც რაღაც ძალიან ძველს და მაღალინტელექტუალურს, სადაც რიგითი მოკვდავების ადგილი არ არის. შესაძლოა, ამ “ელიტურ სიძველეს” უკავშირდება ქართული მაღალი საზოგადოების საოპერო ჩაცმულობის მიზანიც - დაებრმავებინა თვალები რიგითი მოკვდავებისათვის, რომლებსაც ნამდვილი “შუბა” თვალითაც არ უნახავთ და თავის შავსა და გაცვეთილ პალტოებში გამოწყობილები, ყვითელი ავტობუსების გაჩერებიდან, გაოცებულები იყურებოდნენ.
დრო იცვლება. იცვლება საოპერო ჩაცმულობაც და შეხედულებებიც თანამედროვე მსახიობებზე. სტეროტიპი, რომლის მიხედვითაც ოპერის მომღერალი მსუქანი უნდა იყოს, იმსხვრევა. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენით, იმსხვრევა “შუბებისადმი” შემწყნარებლური დამოკიდებულებაც. უფრო მეტიც - ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ქურქის ტარებისათვის არაერთი ცნობილი მსახიობი საჯარო გაუკრიტიკებიათ. სწორედ ამიტომაც იყო უხერხული “შუბები”. არადა, ვინ იცის, იქნებ ზოგმა მათგანმა სპეციალურად ამ დღისათვისაც შეიძინა?!