Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შემთხვევითი პაემნები

12 თებერვალი 2016

„არც ისე ბოლომდე გვჯერა. იმიტომ, რომ ეს აბსურდია: ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ  ჩვენ უნდა გვჯეროდეს“ - ხულიო კორტასარი

ყოველდღე ვხედავთ ადამიანებს ჩვენ ირგვლივ, გაყინული და წაშლილი სახეებით, ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ სურათებს, ვწერთ სტატიებს და ვსაუბრობთ „მკვდარ“ თაობაზე.  მედიაც ხანდახან  გვახსენებს მათ და ხლართავს სხვადასხვა მანიპულაციებს. პოლიტიკოსებიც ხვდებიან არჩევნებამდე და კარგ მომავალს ჰპირდებიან. ინტელექტუალებსაც (ასე ეძახიან მათ) ახსენდებათ ხანდახან, როცა მეინსტრიმული თემების განხილვის შემდგომ თავისუფალი დრო რჩებათ. ეს „დანახვის“ ერთი უბრალო ფრაგმენტია, გრძნობა კი ამ ჩახუთულ ოპიუმში ნელ-ნელა კვდება. ერთია დაინახო და  ხანდახან ახსენო, მეორეა იგრძნო და გაგიჩნდეს ემპათია. ემპათია კი იგივეა, დაინახო  ამ ადამიანებში საკუთარი თავი, მიიღო მათი პრობლემები საკუთარ პრობლემებად და არა ფარისევლურად ანუგეშო და ხელი ჩამოართვა. უთხრა, რომ  ყველაფერი გაივლის.  ამ დროს ისინი მხოლოდ შენს შეფურთხებაზე ფიქრობენ. შენ კი არ გსურს ტახტიდან ჩამოსვლა.

ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“   კი სწორედ გრძნობებზე და ემპათიის გაღვივებაზეა და არა ტრივიალურ და გაცვეთილ  დანახვაზე. რეჟისორი შუახნის  მამაკაცების ცხოვრებას იკვლევს და ქმნის გაყინულ და კლაუსტროფობიულ ატმოსფეროს.  ამ გარემოში კი კამერა და გმირები ერთიან მთლიანობას წარმოადგენენ. კამერა სწორედ ამ შემთხვევაში  გრძნობს მათთან სიახლოვეს, გრძნობს და ისმენს  ისტორიებს და მეტიც - გრძნობს იმას, რასაც გმირები არ და ვერ ამბობენ. ეს ერთიანობა ეხმარება მაყურებელს გაიცნოს თითოეული პერსონაჟი, ბოლომდე მიენდოს საკუთარ ინსტიქტებს და არ შეეშინდეს საკუთარი თავის. გაიცინოს, ირონიულად გაიღიმოს, თავი გააქნიოს, თვალები დახუჭოს, გვერდით მჯდომს გადახედოს და უსიტყვოდ ჰკითხოს, მანაც თუ  იგრძნო იგივე. შემდგომ განაგრძოს  ყურება, გაბრაზდეს, ხელები გაუოფლიანდეს, ისევ გაიცინოს. სიცილი კი მალევე  ტკივილით და ცრემლებით შეიცვლება. არ შეშინდეს და იტიროს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება კამერის მსგავსი  „პოზიციის“  შესაქმნელად. „შემთხვევითი პაემნები“ სწორედ რომ შემთხვევით და  ბუნებრივად  გამოვლენილ გრძნობებზეა და არა წინა დღით თუ ხუთი წუთით ადრე  დაგეგმილ მოქმედებებზე.

ფილმის პროტაგონისტი ორმოცი წლის სანდროა (ანდრო საყვარელიძე), რომელიც სწორედ იმ  „მკვდარ“ ადამიანს განასახიერებს, რომელიც  უბრალო ნაწილი ხდება დახუთული და უსულო ექსტერიერის.  ის თითქოს არ არსებობს, მისი ხმა არ ისმის, მასზე არავინ ფიქრობს. ყოველდღიური რუტინა კი სკოლის გაკვეთილების უღიმღამო ჩატარებით და დაუსრულებელი ხეტიალით შემოიფარგლება. ფილმის დასაწყისში მეგობართან (არჩილ ქიქოძე) ერთად  ელოდება იმედს და ამ ატმოსფეროდან გაქცევის შანსს. თუმცა პირველი მცდელობა კრახით სრულდება.  ერთ სივრცეში (სასტუმრო)  დარჩენილ გორელ გოგოსთან საერთო ენას ვერ პოულობს. მათი სიახლოვე კი მხოლოდ წყლის დასხმით და უტრირებული დაბნეულობით შემოიფარგლება. ორივეს რაღაც ტკივა, სურთ ერთმანეთს ესაუბრონ ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მაგრამ კავშირი ბოლომდე არ დგება. მათი ისტორია კი აბსურდული ტრაგიკომიკური ხაზით მთავრდება.

რეჟისორი სასტუმროს ინტერიერიდან ოჯახურ გარემოში გადადის, სადაც  სანდროსა და მისი მშობლების ურთიერთობას შეისწავლის. ამ საკანში კი სანდროსი  არ ესმით.  მას არ ეკითხებიან, რა სურს, რას ფიქრობს და რა აღელვებს. მუდმივად ტუქსავენ, რომ  ცოლი არ მოჰყავს და „მკვდარი“ გმირის  ადამიანად დაბრუნების პროცესს  მხოლოდ ამ „პრობლემაში“ ხედავენ.  არ აცდიან განმარტოებას და დაფიქრებას. ჩვენ კი ვხედავთ ერთ ტიპურ ტრადიციულ ოჯახს, ბევრს შესაძლოა ძალიან  ნაცნობი გრძნობები გაგვიჩნდა.  ვფიქრობთ, თუ როგორი ტკბილია ციხე, რომელიც სახელმწიფოს მომავალ ქმრებს, ცოლებს, ჯარისკაცებს, შემდგარ თუ შეუმდგარ ადამიანებს და ყოველდღიური უიმედობისა და რუტინის პრიზმაში ჩაკეტილ გმირებს უზრდის. აქაც ვიცინით,  ვბრაზობთ,  მაგრამ საბოლოოდ იმ  მშობლებსაც ვუთანაგრძნობთ, რომლებიც თავის მხრივ დიდ ტკივილსა და იმედგაცრუებას ინახავენ გულში... აქედან გაქცევის გზად  კი შვილის „კალაპოტში“ ჩაყენება მიაჩნიათ... 

ამორფული სტრუქტურის ნგრევის იმედი კი მაშინ ჩნდება, როცა სანდრო მანანას (ია სუხიტაშვილი) გაიცნობს. სწორედ აქ თავისუფლდება შიშებისგან, ცეკვავს მის დასანახად კაფე-ტუალეტის ფონზე,  ესვრის კენჭებს დანგრეულ კარუსელს, ზის საქანელაზე, უყურებს ზღვას (სივრცეს) და ხედავს ბედნიერებას. ამ ყველაფერს კი  სრულიად ორგანულად ერგება  ჩიხლაძეების „კართან მოდგა შემოდგომა“, რომელიც ფილმის მუსიკალური ლაიტმოტივი ხდება; მაშინ როცა ურთიერთობა შედგება და სიყვარული იწყებს რუტინის ნგრევას, ჩნდება წინაღობა - მანანას ქმარი ციხიდან გამოდის. მალე კი ვუყურებთ ფილმის ცენტრალურ და ყველაზე სევდიან მიზანსცენას.  სანდრო ხდება მძღოლი, რომლის ერთადერთი  ფუნქციაც  მათი  სახლამდე გაცილებაა. უკანა ფონზე ვხედავთ  წყვილს, ქალის შეშინებულ და სარკის ეფექტის მსგავსად გაორებულ სახეს, რომელიც უყურებს ერთს და ფიქრობს მეორეზე. მათი კოცნის ფონს კი გადავყავართ სანდროს გაყინულ სახესთან, გრძნობით გამთბარი უიმედობა კი მალე  საწყის პოზიციას  უბრუნდება.  მარტოსულ მამაკაცს  კი  მხოლოდ კამერა უთანაგრძნობს.

რეჟისორი შემდგომ სანდროსა და მანანას ქმრის (ვახო ჩაჩანიძე) პატარა მოგზაურობას აღწერს.  თუ როგორ ცდილობს მოიპოვოს საჭირო ფული, რომელიც საყვარელს უნდა გადასცეს აბორტისთვის. სანდრო კი  „ცოლს“ ფორმალურად სწორედ  მაშინ მიიყვანს სახლში, როცა ლტოლვილებთან მისულს არავინ უსმენს და მათ  „ქორწილს“ აწერენ ხელს. ამიტომ  გახდება „ქმარი“ და გაჰყვება დინებას. სინამდვილეში კი ლტოლვილებთან მისვლის მიზეზები სწორედ ამ ფულის გადაცემა იყო.  სანდრო მშობლებს ეუბნება, რომ ის მისი მეგობარია და დროებით იცხოვრებს მათთან.  რეაქცია თავდაპირველად უარყოფითია, თუმცა საბოლოოდ თბილად ხვდებიან და შვილის ეს „სიახლე“ ახარებთ.  უტრირებული და ზეკომიკური სცენა  კი საბოლოოდ  სევდანარევი ღიმილით იცვლება.  ეს ყველაფერი კი სიზმარს ემსგავსება, სადაც  სასპენსს   სწორედ გამძაფრებული შეგრძნებები, აბსურდულობა, დრამატიზმი და  გაუგებარი გრძნობები  ქმნიან.  სიუჟეტის ამ ეკლექტური ხაზის განვითარებას კი რეჟისორი კვლავ იუმორით ახერხებს.  პანაშვიდზე მისული ანტაგონისტი ჭირისუფალს ესაუბრება, რომ მათ შვილს ფული სჭირდება, გამოსავალი კი მდიდრულ სუფრაზე უარის თქმა და ეზოში გაშლილი „სეფა“ უნდა გახდეს.  ეს ყველაფერი კი იმდენად სასაცილო და ამავდროულად ბუნებრივია, შეუძლებელია ორაზროვანი გრძნობები არ გაგიჩინოს. ერთი მხრივ, დასცინო არსებულ რეალობას და, მეორე მხრივ, იგრძნო ემპათია გმირის მიმართ, რომელიც შესაძლებელია სულაც არ იმსახურებს შენს თანაგრძნობას. თუმცა რეჟისორი ახერხებს თითოეული გმირის ბოლომდე გაშიშვლებას და გვაჩვენებს ჩვენს უსუსურობას; ციხიდან გამოსული გმირს კვლავ აპატიმრებენ. ჩნდება განცდა, რომ  სანდროს და მანანას  ურთიერთობა გაგრძელდება.  თუმცა  დინება არ იცვლება, გმირები უკანასკნელად  ეხუტებიან ერთმანეთს.  „შენ კარგი ადამიანი ხარ“ - ეუბნება ქალი სანდროს ... სანდრო კი ოთახიდან გადის  და უსასრულობისკენ მიდის;  ეს სივრცე კი არასდროს დაინგრევა, სანამ მოჩვენებითი კეთილდღეობა სავსე იქნება აპათიით,  მოუმწიფებლობით და ტრადიციული  სისტემური უსამართლობით. აბსურდი და ბედნიერება კი, როგორც კამიუ ამბობდა, ნიადაგის ორი განუყოფელი ნაწილია... მთავარია, ვიგრძნოთ და მთავარია, გვიყვარდეს...  

მაშინ კი საბოლოოდ მივხვდებით რა არის დაგეგმილი ქმედება და რა ძალა აქვს შემთხვევითობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^