Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაგონში ზიხარ ფანჯარასთან და მატარებლის გასვლას ელოდები. გვერდით რელსებზე დგას მეორე მატარებელი, რომელიც თითქმის მთელ თვალსაწიერს, ხედს ფანჯარაში ისე ავსებს, რომ მის გარდა ცის მხოლოდ ვიწრო ზონარი მოჩანს, ისიც თუ გრილ შუშას საფეთქლით აეკვრები. ისმის ლითონის ნაცნობი, მსუყე ხმები და ადგილიდან იძვრით შენ და შენი ვაგონი. სიხარულით იყურები მეორე მხარეს და ხედავ, რომ სადგურის ბაქანი ადგილს არ იცვლის, უკან არ რჩება, არამედ თითქოს შენს მატარებელს აეწება და თან მოჰყვება. ეს კი შეუძლებელია! ესე იგი, მხოლოდ მოგეჩვენა, რომ შენს ფანჯარასთან, სკამთან და ვაგონთან ერთად დაიძარი; ესე იგი, სინამდვილეში ის მეორე მატარებელი ამოძრავებულა, შენ კი ერთმა ცნობილმა ვიზუალურმა ილუზიამ მოგიცვა და გაგაცრუა.

როცა თვალწინ გარემომცველი სამყაროს დიდი ნაწილის რეალურ ან ილუზორულ მოძრაობას ხედავს, თავად უძრავად მყოფ ადამიანს ეჩვენება ხოლმე, რომ თვითონ მოძრაობს. ამ ვიზუალურ ილუზიას ჰქვია ვექცია (vection), რაც ინგლისურად, ამავე დროს, ვირუსული დაავადების გადადებასაც ნიშნავს. მაგრამ საკუთარი მოძრაობის ილუზია არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ პირწმინდად სმენითი, აკუსტიკური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. მას წრიული ვექცია (circular vection) ეწოდება.

მე კი მგონია, ეჭვი გამიჩნდა, რომ ვექცია შეიძლება იყოს ონტოლოგიურიც. რაც იმას ნიშნავს, რომ „გადამდები“ არის არა მარტო მოძრაობა, არამედ არსებობაც. უძრავად მყოფ ადამიანს ეჩვენება ხოლმე, რომ თვითონ მოძრაობს, თუმცა მხოლოდ გარემოს მოძრაობას ხედავს; ასევე ეჩვენება ადამიანს თავისი არსებობა; მას ეჩვენება, რომ თვითონ არსებობს, რადგან „ხედავს“, რომ და როგორ არსებობს სამყარო მის გარშემო.

თავისი არსებობის აღქმა აუცილებელი რომ არაა და თავისთავად არ იგულისხმება ცნობიერების მქონე, ასე თუ ისე „გონზე მყოფი“ ადამიანისთვის, ამაზე მეტყველებს კოტარდის სინდრომით დაავადებული ზოგი პაციენტის მიერ თავისი არარსებობის მტკიცება, ანუ იმის მტკიცება, რომ თვითონ არ არსებობს. ამ იშვიათი დაავადების განსაკუთრებით მწვავე კლინიკური შემთხვევები ირიბად იმას ადასტურებს, რომ ცნობიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გრძნობს, აღიქვამს, განიცდის თავისი არსებობის ფაქტს, თუ და როცა მასთანაც(!) ეჩვენება, რომ არსებობს.

ერთი შეხედვით, ამ ბოლო ფრაზაში ვინმეს კატეგორიალური ან ტერმინოლოგიური შეცდომა შეიძლება სწორედ რომ მოეჩვენოს. მართლაც, „ეჩვენება“ ითქმის მაშინ, როცა ადამიანი ხედავს რაღაც ისეთს, რაც სინამდვილეში არ არსებობს ან ისე არ არსებობს, როგორც ეჩვენება. მაგრამ რა უნდა ითქვას ისეთ აღქმაზე, შეგრძნებაზე, ისეთ გრძნობაზე, წარმოდგენაზე ან შეხედულებაზე, რომლის სისწორესა და ობიექტურობაში დარწმუნებული სულაც არ ვართ და ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ჩვენ ამას ვგრძნობთ, ასე აღვიქვამთ ან ვფიქრობთ. ასეთ შემთხვევებში ვამბობთ ხოლმე - „მეჩვენება, რომ...“. ვიმედოვნებ, ასე ხდება ნათელი, რომ რათა რამე სწორად და ობიექტურად იცოდე, ის თანაც სუბიექტურად უნდა იყოს შენთვის მოცემული, ის თანაც უნდა გეგონოს, უნდა გეჩვენებოდეს. ვფიქრობ, ასეთია ეპისტემოლოგიური აუცილებლობა, რომელიც ილუზიას განუყრელად აკავშირებს ობიექტურ ცოდნასთან.

კრის ფრითიც არაერთხელ აღნიშნავს თავის შესანიშნავ წიგნში „როგორ ქმნის ტვინი ჩვენს მენტალურ სამყაროს“ (Making up the Mind: How the Brain Creates our Mental World), რომ ჩვენი გონებისა და ცნობიერების ყველა შინაარსი არის არსებითად სუბიექტური ილუზია, რომელიც ობიექტური რეალობის მიერაა გარედან მეტ-ნაკლებად კორექტირებული. სხვა სიტყვებით, ინგლისელი ნეიროფსიქოლოგი ფიქრობს, რომ სასარგებლო და გამოსადეგი გახდება ჩვენი ნებისმიერი შეხედულება ან წარმოდგენა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ობიექტური - ფიზიკური და სოციო-კულტურული - რეალობის მკაცრ ცენზურას გაივლის. მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, უნდა წარმოიქმნას თავად ეს სუბიექტური ილუზიები, ჯერ უნდა მოგვეჩვენოს და გვეგონოს ის, რაც ან გაუძლებს გამოცდას, ან ცარიელ და უსაფუძვლო ფანტაზიის ნაყოფად დარჩება.

რატომ გვგონია, რომ ვარსებობთ, რატომ გვეჩვენება, რომ ვარსებობთ? ამ კითხვაზე პასუხს გვთავაზობს ჰიპოთეტური ონტოლოგიური ვექცია, არსებობის ილუზია, რომელსაც ისევე ვემორჩილებით, როგორც ვიზუალურ ვექციას, ვიზუალურ ილუზიას, რომლის ძალით გეჩვენება, რომ შენ თვალწინ გადაშლილი ხედი კი არ მოძრაობს, არამედ შენ მოძრაობ, თუმცა ყველაფერი პირიქითაა. შენი მატარებელი ადგილზე დგას, სადგურიდან კი გადის მატარებელი გვერდით ლიანდაგიდან.

თუ გაიკითხავ, აღმოაჩენ, რომ ონტოლოგიური ვექციის ილუზია საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში. როცა არ სძინავს, ჩვენს უმრავლესობას ჰგონია და ეჩვენება, რომ არსებობს. სავარაუდოდ, წარსულშიც ასე იყო და, ალბათ, მომავლშიც ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება. საკუთარი არსებობის ილუზიის ასეთი, შეიძლება ითქვას, საყოველთაო გავრცელება არც ისე ძნელი ასახსნელია. ინდივიდუალური ონტოლოგიური ვექცია ანუ ცალკეული ადამიანის ილუზია, რომ თვითონაც ისე არსებობს, როგორც გარესამყარო, უაღრესად საჭირო და სასარგებლო საფუძველია მეორე ილუზიის წარმოქმნის, განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ეს მეორე ილუზია კი საზოგადოების არსებობაა. საზოგადოება ადამიანებისგან შედგება, ხოლო არსებულის არსებობისთვის მისი ელემენტებიც უნდა არსებობდნენ. რამ ათქმევინა ადამიანს ეს მოუშლელი სიტყვა - ვარ? უფრო ზუსტად, რატომ უნდა ეკისრა ადამიანს თანაც ასე დაჟინებით ინდივიდუალური და წარმავალი არსებობის ტვირთი სხვა ილუზიის - საზოგადოების - საკეთილდღეოდ? მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება არის მთავარი ხრიკიც და იარაღიც, რომელმაც ჯერ კატისებრთა ბასრი კლანჭებისგან იხსნა ჩვენი უსუსური წინაპარი, მოგვიანებით კი დედამიწა და მისი შემოგარენიც თითქმის დააპყრობინა.

საგანს ირეკლავს სარკე და არა სარკეში საგნის ანარეკლი. გთხოვ, ამას დავუკვირდეთ, ვიდრე გაგვეცინება. 

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^