Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთიკის ორმაგი სახე

05 მარტი 2016

რამდენიმე წლის წინ ერთ ინტერვიუში კითხვაზე - არსებობს თუ არა ბავშვებისთვის აკრძალული თემები?  - ვუპასუხე, რომ არა, ბავშვებისთვის აკრძალული თემები არ არსებობს და ბავშვს უნდა მივაწოდოთ ნებისმიერი ინფორმცია, რაც მას აინტერესებს. უნდა მივაწოდოთ, ცხადია, მისი ასაკისთვის გასაგებად და იმ ფორმით, რომ მისი ინტერესი დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი თავად შეეცდება მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას - დღეს ეს ბევრად გაადვილებულია თუნდაც ინტერნეტის წყალობით, და გამორიცხული არ არის, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნაკადში ან არასწორი ინფორმაცია მიიღოს, ან საერთოდ დაიბნეს და ვერ გაერკვეს.

ბავშვებისთვის აკრძალული თემები არ არსებობს - ამ სათაურს მოყვა კრიტიკული გამოხმაურებები ისე, რომ ბევრს შინაარსი არც ჰქონდა წაკითხული. ეს უცხო არ არის - ხშირად ხომ ვმსჯელობთ რაღაცაზე ისე, რომ მისი არსი არც კი გაგვიგია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით ჩვენვე ვაგებთ საკუთარ თეორიებს. როგორ, ბავშვს ყველაფერზე უნდა ველაპარაკოთ? რას ქვია, აკრძალული თემები არ არსებობს? - დაახლოებით ასეთი იყო ამ გამოხმაურებების პათოსი.

რა გასაკვირია, რომ ადამიანები, ვისთვისაც აკრძალვები ძვალ-რბილშია გამჯდარი და ყველას თავისი შეხედულებით უწესებენ იმასაც კი, რა ჩაიცვან, როგორ გამოიყურებოდნენ ან როგორ იცხოვრონ, ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი აკრძალვების დაწესების მომხრეები არიან ისეთ საკითხშიც კი, როგორიც განათლებაა. ზოგადად, განათლებული ადამიანები ქმნიან საზოგადოებას, საზოგადოება კი ხელს უშლის ადამიანთა მცირე ჯგუფს საკუთარი პრივილეგიებით ისარგებლოს, საკუთრი ყალბი აღმატებულობა გამოაჩინოს და საკუთარი პერსონის მომხიბვლელობით თავადვე დატკბეს.

ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეგობარი შეშფოთებული წერდა, რომ მის ვაჟს საყურისა და შეღებილი გრძელი თმის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უფროსი ასაკის ადამიანებმა. და ეს მოხდა დღისით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ცხადია, როგორც ხშირ შემთხვევაში, დამნაშავეები არ დასჯილან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც აკრძალვებს სხვას უწესებს, ხოლო თავად შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობა სურს და საკუთარი შეხედულებით უნდა დააწესოს, ვინ ატაროს საყურე და ვინ - არა, ვინ გრძელი თმით იაროს და ვინ - მოკლე კაბით, ვინ როგორ წარმართოს საკუთრი პირადი ცხოვრება, რა წაიკითხოს, რა ჭამოს... ეს აკრძალვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ მისთვის, ვინც „არღვევს ტრადიციებს“, „ზნეობას“, „მორალურ პრინციპებს“... რატომღაც, ამ მორალურ პრინციპებში მშვენივრად თავსდება ბავშვის ფიზიკური დასჯა (მისივე საჭიროებისათვის, ცხადია!). ცოლის ცემა ან მოკვლაც კი (აბა, როგორ? თუკი უზნეოდ იქცევა!), განასხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანის შეურაცხყოფა (ის ხომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ აღიარებს!), განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიკვდილიც კი (უზნეო და გარყვნილები არიან!), შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საერთო შესასვლელით სარგებლობის აკრძალვა (მათი დანახვისას ცუდად ხდებიან და რა ქნან?)...

მეგობრის ვაჟის ამბავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამართულ კამათში ერთმა ქალბატონმა დამმოძღვრა - ბიჭის მიერ საყურის ტარება ეწინააღმდეგება დაწესებულ ეთიკურ ნორმებს და ამასთან, არაესთეტიკურიაო! კითხვაზე, ვინ განსაზღვრავს, რა არის ესთეტიკური და რა არა, მიპასუხა - სინდისი და შემოქმედებითი აზროვნებაო(!)

დამაინტერესა და ამ ქალბატონის პირად გვერდზე მისი რამდენიმე ფოტო ვნახე. გამოგიტყდებით, და საკმაოდ არაესთეტიკური მომეჩვენა მისი მოკლე კაბა. საერთოდ არ უხდებოდა! დავაპირე მეთქვა - საერთოდ არ მომწონს თქვენს ტანზე ეგ კაბა და რატომ გაცვიათ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე - ამით ხომ ეთიკურ ნორმებს დავარღვევდი. მოკლედ, დავიბენი.

გამოდის, რომ ერთი ადამიანი მეორეს უწესებს ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს, ხოლო თავად საკუთარ ნორმებს მისდევს. შემდეგ ასეთივე ადამიანი უკვე ჩოხაში გამოწყობილი (მათ ერთი კონკრეტული სახე არა აქვთ - ხან მინი-კაბით მოგვევლინებიან ზნეობის სადარაჯოზე, ხანაც - ჩოხა-ახალუხით) გამოდის ერის ზნეობის დამცველად და აცხადებს, რომ ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ თანასწორობა, არ უნდა გავზარდოთ ყველა ფორმის განსხვავებულობის მიმღებლად, და საერთოდაც, აკრძალვები და ეთიკური ნორმები უნდა დააწესოს იმ ინსტიტუტმა, რომელიც ჩვენს ტრადიციებს და ღირსებას იცავს. ამ ეთიკაში არ თავსდება გრძელი თმა და საყურე ბიჭის ყურზე, ზედმეტად მოკლე კაბა გოგოს ტანზე, ოჯახურ კონფლიქტებზე და ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკი, გენდერული თანასწორობა და თავად სიტყვა გენდერიც კი, აღარაფერს ვამბობთ სქესობრივი ცხოვრების და სქესობრივი ჰიგიენის სწავლებაზე. სამაგიეროდ, გავლენიანი ჯგუფები და ცალკეული ადამიანები შეინარჩუნებენ საკუთარ გავლენას და იცხოვრებენ ისე, როგორც ეს მათ საკუთარ ნორმებს შეეფერება, როგორც მათ სჭირდებათ.

ამ ადამიანებს ერთი რამ ავიწყდებათ - დროთა განმავლობაში იცვლება ეთიკური ნორმები, რასაც კონკრეტული საზოგადოება აწესებს; იცვლება ტრადიციები, რომლებიც ძველდება; იცვლება მმართველი ინსტიტუტები და თავად ადამიანებიც, ვისაც დღეს შეიძლება მართვის სადავეები ეპყრას ხელთ. მაგრამ არ იცვლება მთავარი ღირებულება - ადამიანთა თანასწორობა და თავისუფლების უფლება!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...

მეტი

^