Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღამე მშვიდობისა, ბატონო გასპარ!

07 მარტი 2016

აი ასე, ჩემო კუდრაჭებო (როგორც ერთი ტელეპოეტი ამბობს ხოლმე), მძიმე დრო დაგიდგათ. რაც თქვენ კინო გეგონათ, პორნოგრაფია აღმოჩნდა... შინაგან საქმეთა სამინიტრომ კრიმინალურ-აღდგენითი სამუშაოები უკან მოიტოვა და ერთი უცნაური გვარ-სახელის რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმს ძალიან ბანალური სახელწოდებით - „სიყვარული“, სადღაც საიტებზე მიაკვლია. მერე ცოტა გაიკითხ-გამოიკითხა და დაასკვნა, რომ ის აშკარად პორნოგრაფიის ელემენტებს შეიცავს.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში შესული ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული საიტებით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე უკვე გამოძიება დაიწყო. ეს ფაქტი უცნაურად ემთხვევა 2015 წლის სექტემბერში, რუსეთის შინაგან სამინისტროსა და კულტურის სამინიტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებმაც „პორნოგრაფიული ხასიათის სცენების გამო“ ფილმი რუსეთში აკრძალეს. რაზეც თავად გასპარ ნოემ იხუმრა, რომ რუსეთში მისი გმირების სისხლავსე სექსუალური ცხოვრების შეშურდათ....

გასპარ ნოე არგენტინაში დაიბადა, მაგრამ როგორც „ავხორცი“ ესთეტი და რეჟისორი კინოს სამშობლოში, საფრანგეთში დავაჟკაცდა. სიმართლე ვთქვათ, აქამდე ამ რეჟისორის არსებობის შესახებ საქართველოში კინომანების გარდა, ცოტა ვინმემ თუ იცოდა. საკმაოდ მოსაწყენი, მაგრამ ეროტიკული გამონათებებით, საკლუბო ცხოვრებით და მუსიკით გამრავალფეროვნებული ფილმი „სიყვარული“ ახალგაზრდა რეჟისორის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. სხვათა შორის, ის 2015 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენეს, ხოლო იმავე შემოდგომით მზიურ ბათუმშიც. თუმცა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წყალობით, ერთ ღამეში გახდა პოპულარული.

რაც ყველაზე უცნაურია, გასპარ ნოეს ფილმებიდან - „ერთი ყველას წინააღმდეგ“, „შეუქცევადობა“, „შესვლა სიცარილეში“ და „სიყვარული“, ეს უკანაკნელი ეროტიკული თვალსაზარისით ყველაზე მსუბუქია. თუ საერთოდ, შესაძლებელია ასეთი დიფერენციაცია.

როცა მაგალითად, მის ყველაზე ცნობილ ფილმში „შეუქცევადობა (2002), ქერად შეღებილ, მაგრამ ძალიან მომხიბვლელ მონიკა ბელუჩის პერსონაჟს, ერთი საშინელი კაც-მაჯლაჯუნა 9 წუთის განმავლობაში მიწიქვეშა გადასასვლელში აუპატიურებს, ეს კიდევ ჯადაბას... მართლა მძიმეა და ბნელი. მაგრამ რატომ ერჩის შსს სწორედ „სიყვარულს“, რომელიც ლარს ფონ ტრიერის „ნიმფომანიაკთან“ შედარებოით აშკარად წმინდა პოეზიაა, ნამდვილად გაუგებარია.

კი ბატონო, გასპარც ნოე არის სექსისტი და ქალებს რაღაც სექსუალურ ჩარჩოებსა და როლებს უწესებს. დაუშვათ, მოსწონს, როცა კაცები ქალებს არაპოეტური ზრახვებით იმორჩულებენ; იღზნება, როცა სილამაზესა და სისატიკეს ერთმანეთს მბჟუტავი განათების ფონზე აპირისპირებს და საერთოდაც, მოსწონს უმიზნოდ პოეტური, მაგრამ მიზანდასახულად ატროკებული ქალები. მათ შორის, რა გასაკვირია და მონიკა ბელუჩი... ზედ დართული და მოულოდნელი ვენსან კასელით. მერე რა? ამიტომ ფილმი  აუცილებლად პორნოგრიფსა და აკრძალვას იმსახურებს? მაშინ როცა დღისით, მზისით ჩვენს კინოთეატრებში ბევრად მძიმე რამეებს მშვიდად, ყოველგვარი სელექციის გარეშე უჩვენებენ.

როგორც ვახუშტი მენაბდემ დაწერა ერთხელ, პორნოგრაფიის მთავარი ნიშანი თუ თვისება მის გამჭვირვალობაშია. პორნოფილმებში შინაარსი ცხადად განძარცვულია რაიმე დამატებითი დატვირთვისა და სიმბოლიკისგან. „პორნო“ ზუსტად იმას გვაუწყებს, რასაც გვაუწყებს და ამდენად, უნაშთოდ, უშნოდ, უმწეოდ დაიყვანება მხოლოდ გამოსახულებაზე... ის არის ვნებითა და ოფლით შევსებული სიცარილე, ავთენტურობით ნიღბით შეიარაღებული ტყუილი, თამაში ფიზიოლოგიით, რომელიც თავს რეალობად ასაღებს.

ჰო, ჩემო კუდრაჭებო, პორნოგრაფიას სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან, სიცოცხლესთან. ის უსასრულო და უნიჭო გამეორებას გულისხმობს, რაც ძალიან, ძალიან მოსაწყენია. დიახ, პორნოფილნები ბევრად უფრო შელამაზებული და მოსაწყენია, ვიდრე საბჭოთა დროის იდეოლოგიური და ვითომ მხიარული ფილმები. მაგალითად, „ცირკი“ ან „მხიარული ახალგაზრდობა“...

კიდევ ერთ ნიუანსი: სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, „პორნოგრაფიად არ შეიძლება მივიჩნიოთ ფილმი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, სამედიცინო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება“. გასაგებია, რომ შეიძლება ვიდავოთ, ვის მოსწონს და ვის არა გასპარ ნოეს ფილმი, მაგრამ ნამდვილად აქვს სახელოვნებო ღირებულება და მისი პორნოგრაფიად განხილვა აშკარად ცენზურას ნიშნავს.

ნუ იდარდებთ, ბატონი გასპარ! თუ საქართველოში თქვენს ფილმს მაინც აკრძალავენ, ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება ის საბედისწერო 9 წუთი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, რომელმაც თავის დროზე ასე აღაშფოთა კანის კინოფესტივალი და რომელიც შსს-ს „ექსპერტებს“ არც კი გახსენებიათ. ღამე მშვიდობისა და მაინც მომავალ შეხვედრამდე!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^