Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ქათმის" სტატუსი - ვინაიდან ადამიანად ყოფნის ღირსად არ გთვლიან

01 აპრილი 2016

გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთი გეი პატიმრის საქმე განიხილებოდა. სამოქალაქო საქმე. სისხლის სამართლის საქმე დიდი ხანია განხილულია და ასლარიანი ტელეფონის ქურდობისათვის ოთხ წელიწადზე მეტი მისჯილი და ვინაიდან პატიმარი ჰომოსექსუალია, სასჯელსაც ციხის “საქათმეში” იხდის.

მერე რა - იტყვის ზოგი, ეს ხომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა, რომ “კაი ბიჭებმა” არ გამოასალმონ სიცოცხლეს ან არ დაასახიჩრონ, არ მოკლან იმის გამო, რომ მათ გვერდით ცხოვრობს. ანუ ადამიანის სტატუსზე და იქიდან გამომდინარე უფლებებზე უარის თქმა სიცოცხლის სანაცვლოდ? ამაზე ფიქრის დროს პროტესტის, ბუნტის, აჯანყების, დესტრუქციის მფეთქავ მუშტად ვიკვრები. ტკივილამდე მინდება ისეთ დაუძლეველ ძალად ვიქცე, რომელსაც ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს.

ცისარტყელის ფერებში თასმით ადვოკატის მოწობას ვიმაგრებ და სასამართლოს დარბაზში  შავი ფერის ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილ სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელს წინ ვუჯდები. მისი სიტყვები მცირე ზომის კენჭებს ჰგავს, ავტომობილის ბორბლების ქვემოდან რომ იყრება. მთავარია, მანქანამ გაიაროს, დანიშნულების ადგილას მივიდეს, ხოლო ვის გადაუვლის და რა გზით გაივლის, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს შავ კოსტუმსა და შინდისფერ მანტიაში გამოწყობილებისთვის.

ზურგს უკან, გისოსებს მიღმა ახალგაზრდა ბიჭია. გრძელი წამწამები აქვს და წაბლისფერი თვალები. ერთმანეთს ადვილად ვუგებთ. ტკივილი გვაერთიანებს, ახლო მეგობრებად, თანამოაზრეებად გვაქცევს. ერთმანეთს ვეხმარებით, ვაძლიერებთ შეჩვეულ ჭირთან უთანასწორო ბრძოლაში.

ორივეს გვეცინება როდესაც ციხის თანამშრომლები, წინასწარ დასწავლილი გაკვეთილივით ჰყვებიან ამბავს: “ამ პატიმარს ჩვეულებრივად ვექცევით. არავინ მას არ ერჩის. ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას ღებულობს. ყოველთვის აქვს ყველაფერი, რაც პატიმარს უნდა ჰქონდეს. არანაირად არ ხდება ციხეში პატიმრების კატეგორიებად დაყოფა”.

დასწავლილი გაკვეთილის მიღმა ჩვენს კითხვებზეც ასეთ პასუხებს ვღებულობთ: “კი, კონსულტაციაზე ამბობდა, რომ მესაკნესთან პრობლემა ჰქონდა, ამბობდა რომ სქესობრივ კონტაქტს აიძულებდა. მაგრამ არა მგონია ასე ყოფილიყო. რამე რომ ყოფილიყო,  უშიშროების სამსახურს ხომ ეცოდინებოდა. მე კი მხოლოდ ფსიქოლოგი ვარ. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა მას ჩემთან. თვითმკვლელობის მცდელობა? ვიცი, ჰქონდა - ჩამოხრჩობას ცდილობდა შარშან ზაფხულში. სამეურნეო ნაწილიდან გათავისუფლების ბრძანების პროექტი მე როგორც სოცმუშაკმა შევადგინე. საფუძველი პატიმრების ერთობლივი წერილი იყო. შემიძლია მისი შინაარსი გაგაცნოთ:

“ბატონო გელა, მოგახსენებთ, რომ ვართ დაწესებულების სამეურნეო ნაწილში ჩარიცხული მსჯავრდებულები და ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, შეძლებისდაგვარად ვშრომობთ და გვესაჭიროება დასვენება, რაშიც პრობლემებს გვიქმნის ჩვენივე სართულზე განთავსებული მსჯავრდებული გ. პ, რომელიც არის შიდსით დაავადებული არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი. ის არ ერიდება არც თანამშრომლებს და არც მსჯავრდებულებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს და ჩადის, ე. წ. გარყვნილებებს, დასვენების საათებში (ღამით) იწვევს ხმაურს და არ გვაძლევს ნორმალურად დასვენების საშუალებას. მას შემდეგ, რაც კანონი შევიდა ძალაში (ლგბტ) მის აღვირახსნილ საქციელებს საზღვარი აღარ აქვს. წარმოუდგენელია ასეთი უღირსი ადამიანი დადიოდეს ჩვენს შორის შეღებილი თმებით, რაღაც კაბის მსგავსი ტანსაცმლით და იწვევდეს, უბიძგებდეს პატიმრებს მსგავსი აღვირახსნილობისაკენ. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა უკვე მოხდა… ამიტომ მოგმართავთ თხოვნით:

ბატონო გელა, ჩვენ შორის უამრავი პატიოსანი მშრომელი ადამიანია და ვთვლით, რომ ასეთი უღირსი ადამიანები არ უნდა გვიშლიდნენ ხელს, პირნათლად და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები. ბატონო გელა, იმედი გვაქვს თქვენი გვერდში დგომის, როგორც მშრომელი, ქრისტიანი და ღირსეული მამაკაცის, რომ ყველას მიუჩენთ შესაბამის ადგილს, რაზედაც დიდი მადლობელი დაგრჩებით, ხოლო ჩვენ კი გავაგრძელებთ დაკისრებულ საქმეს”.

ექვსი მოწმე გუშინ დაიკითხა, საქმე კი სამ ტომს მოიცავს. სამოქალაქო სასამართლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე რეაგირებას ვერ მოახდენს. ამას გამოძიებისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოვითხოვთ.

ფაქტია, რომ სამეურნეო ნაწილიდან მოსარჩელის გათავისუფლება მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მოხდა, რადგან ციხის დირექტორის ბრძანება მხოლოდ ზემოთ მოტანილ წერილს ეყრდნობა. 22 აპრილს მხარეები ვიტყვით საპაექრო სიტყვებს და სასამართლოც გადაწყვეტს - ჰქონდა დისკრიმინაციას ადგილი თუ არა. თუ იტყვის რომ არა, ამის გაფიქრებაზე ისევ მინდება წვიმად, სეტყვად, ქარიშხლად ვიქცე, სახლების სახურავები ავხადო, იქ მცხოვრები ადამიანები აღვაშფოთო, მოსვენება დავუკარგო, ავალაპარაკო, ავაყვირო, იმ ზომამდე მივიყვანო, როდესაც მათი ძალისხმევით მატერიალური სამყარო იდეების წინაშე უკან იხევს, იცვლება.

წვიმის შემდეგ ისევ კარგი ამინდია. ისეთივე როგორც დღეს, ლურჯ ცას კი ცისარტყელა უხდება. ის ჩემს გულს სიამაყით ავსებს, ახარებს, აძლიერებს და აბედნიერებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^