Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერის დაჩოქების პოლიტიკური ფასი

03 მაისი 2016

როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩნდება საჯარო სივრცეში, ფოტოაპარატების წინ, პოლიტ-ელიტის თანხლებით - მისი ნებისმიერი ქცევა არის პოლიტიკური აქტი. ეკლესიაში პრემიერ-მინისტრის დაჩოქებაც არა მარტო რელიგიური რიტუალის ნაწილია, არამედ პოლიტიკური აქტია, რომელიც სეკულარიზმის მორიგ კრიზისზე მიგვანიშნებს.

საქართველო სეკულარული ქვეყანაა. კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. სახელმწიფოს არ აქვს უფლება რომელიმე რელიგია მოახვიოს თავს საკუთარ მოსახლეობას. მართლმადიდებელი ეკლესიას კი არ აქვს უფლება ერეოდეს სახელმწიფოს მართვაში.

დღევანდელ საქართველოში სეკულარიზმის კრიზისის არაერთი მაგალითია სახეზე: სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებულია მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო შევიწროვებულია სხვა რელიგიები (იხილეთ სახალხო დამცველის ანგარიში); მართლმადიდებელი ეკლესია ერევა სახელმწიფოს მართვაში და მინისტრები ღიად ცვლიან პოლიტიკას საპატრიარქოს სურვილის შესაბამისად. ხელისუფლება უხვი საჩუქრებით გამოირჩევა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

დღეს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის არჩევნების შედეგებზეც. ამ მოცემულობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაჩოქება ეკლესიაში კონკრეტული შინაარსის და პოლიტიკური ფასის მატარებელია. აღნიშნული პრობლემა საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა. დღემდე საერო ხელისუფლება ცდილობს იყოს ხელდასმული საეკლესიო ხელისუფლებისგან. საკუთარ თავში დაურწმუნებელი პოლიტიკური ძალა კი ცდუნებას ვერ უძლებს და მაღალი რეიტინგისა და ნდობის მქონე რელიგიურ ინსტიტუციას ეტმასნება, რადგან ეს შესაძლოა პირდაპირ აისახოს არჩევნების შედეგებზე.

ამ ფონზე რა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია ტაძარში პრემიერ-მინისტრის არა უბრალოდ სალოცავად მისვლა, არამედ საჯარო დაჩოქება და ამის ფოტოზე აღბეჭდვა/გავრცელება? მალე არჩევნებია. ქართულ ოცნებას კი ძალიან სჭირდება მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილგანწყობა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირების ქადაგების არსი მრევლის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვაა, მოძღვრები ხშირად პოლიტიკური განცხადებებით მიმართავენ მრევლს, ზოგჯერ კი პირდაპირ მოუწოდებენ, თუ ვის მისცენ ხმა არჩევნებზე.

სეკულარიზმის კრიზისი და საეკლესიო ხელისუფლების მზარდი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ცდილობს რა, საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგში დაურწმუნებელი პოლიტიკური პარტია მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რეიტინგის სათავისოდ გამოყენებას, თვითონვე იწვევს და რთავს საეკლესიო ხელისუფლებას პოლიტიკურ პროცესებში.

ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებად ჩამოყალიბდა საერო და საეკლესიო ხელისუფლებებს შორის ვითომ უხილავი და უთქმელი გარიგებები და ძალაუფლების გადანაწილება. ყოველწლიურად იზრდება საეკლესიო ხელისუფლების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და იზრდება საერო ხელისუფლების ანგარიშვალდებულებაც საეკლესიოს მიმართ, იზრდება დაფინანსება და ერთ ლარად გადაცემული მიწებისა და შენობა-ნაგებობების რიცხვი. აი, ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრის ეკლესიაში დაჩოქებას, რელიგიურის მიღმა, პოლიტიკური შინაარსი აქვს და პოლიტიკური ფასიც, რომელიც სეკულარულ საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.

P.S. მავანი იკითხავს, აბა რა ქნან მორწმუნე პოლიტიკოსებმა, აღარ ილოცონ? რასაკვირველია მორწმუნემ უნდა ილოცოს და დაკავდეს სხვა რელიგიური რიტუალებით, მაგრამ ნუ აქცევენ ამ ყველაფერს პოლიტიკურ პერფომანსად და კიჩად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^