Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი საკონკურსო დღე

12 მაისი 2016

#1

გახსნის დღე

გუშინ მთელი დღე წითელ ხალიჩას აგებდნენ. ამინდი ხელს არ უწყობდათ, გაწვიმდებოდა, გადაიღებდა... მერე ფესტივალის აფიშას კიდებდნენ და ისეთი ქარი ამოვარდა რამდენჯერმე, მოგლიჯა კადრი გოდარის ფილმიდან “ზიზღი”. საბოლოოდ წითელი ხალიჩაც დააგეს და აფიშაც დაგვყურებს თავზე.

დღეს საფრანგეთის დროით 8 საათზე ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით“café society” გაიხსნა. წითელი ხალიჩა აიარეს ვუდი ალენმა და მისმა გუნდმა. ნელ-ნელა ადიოდა კიბეებზე მოხუცი ვუდი, თვითონაც მოხუცდა და მისი კინოც, თუმცა ამას შარშან მივხვდით “გაუწონასწორებული კაცი” რომ ვნახეთ.

“ნის მატენთან” ინტერვიუში ალენი წერს: “მე ვაჩვენებ არსებობის აბსურდულ მხარეებს. ჩემს ფილმებში ბევრი ირონიაა თუმცა ამავდროულად ჩემი გმირები იტანჯებიან. ზუსტად ამიტომ არასდროს არის ჩემი ფილმები ერთმნიშვნელოვნად კომედური ჟანრის”.

კანის ფესტივალის კინოფორუმებზე უკვე ხუმრობენ კიდეც, რომ ეს კაცი ფილმებს მხოლოდ ამ ფესტივალისთვის იღებს და რომ დროა დაისვენოს. “მომაბეზრებელია შუახნის ასაკის მამაკაცის კრიზისის ყურება ყოველ წელსო”, -  წერდა იტალიელი ჟურნალისტი.

ფილმში მოქმედება 30-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. განგსტერების ოჯახიდან გაქცევის სურვილით ბობი ჰოლივუდში თავის ბიძა ფილთან მიდის, იმ იმედით, რომ ის დაასაქმებს. ფილი ჰოლივუდის ვარსკვლავების სააგენტოს მფლობელია. სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე ელოდება ბობი ბიძა ფილთან შეხვედრას, თუმცა ის საკმაოდ დაკავებულია... ბოლოს შეხვდება და კურიერის ადგილს გამოუნახავს საყვარელ დისშვილს. ახალგაზრდა ბილს და შუახნის ბიძა ფილს ერთი გოგო უყვარდებათ და ამბავიც აქ იწყება.

ვუდი ალენის ცუდ ფილმებზე თუ ვისაუბრებთ, ეს ფილმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს. დებიუსის დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო, ალაგ-ალაგ უკმაყოფილო შეძახილებიც ისმოდა.

თუმცა კოსტიუმების მხატვარი, როგორც ყველა მის ფილმში, კვლავ გაოცებულს დაგტოვებთ. მან 30-იანი წლების ნიუ-იორკი დახატა.

დღეს პირველი საკონკურსო ფილმი ვნახეთ, რუმინელი რეჟისორის კრისტი პუიუს “სტერანევადა”. ფილმი 2 საათსა და 53 წუთს გრძელდება. მოქმედება კი ერთ ვიწრო ბინაში ვითარდება. ამ დროის განმავლობაში ეკრანს უყურებ და სული გეხუთება, ისეთი სივიწროვეა ამ ბინაში.

შარლი ებდოს ტრაგედიიდან 3 დღის შემდეგ, 40 წლის ლარი, რომელიც მედიცინის დოქტორია, მამამისის ორმოცზე მიდის მეუღლესთან ერთად, თავისი მშობლების სახლში, თუმცა ყველაფერი დაუგეგმავად ვითარდება. მღვდელი აგვიანებს, ოჯახში რამდენიმე კონფლიქტია, ლარის და შინ მთვრალი ბრუნდება...

2 საათისა და 53 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გავდიან სახლიდან და ისიც მანქანაში. შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა ჩვენც ამოვიხუთებოდით იმ ვიწრო საბჭოურ ბინაში. შემიძლია ვთქვა, რომ ოპერატორის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რაც კი აქამდე მინახავს.

ვუდი ალენისგან დაღლილი პუიუს ფილმიდან 20 წუთით ადრე გამოვედი, ჩავისუნთქე გრილი ჰაერი და მივხვდი, რომ პირველი საკონკურსო ფილმი მომეწონა.

ამასობაში სანამ ჟურნალისტები ფილმებს ვუყურებთ კანში საინტერესო ცხოვრება გრძელდება აი, მაგალითად:

გარდა იმისა, რომ საინტერესოა თვითონ ფესტივალი, ასევე საინტერესოა, რა ხდება ამ დროს კანში.

1.            ფესტივალის დროს იშვიათად შეხვდებით ადგილობრივ ფრანგს. კანელებს არ უყვართ ეს ფესტივალი და 10 დღით ქალაქიდან გადიან;

2.            ფესტივალის დროს მოსახლეობა ოთხმაგდება;

3.            სასტუმროების ფასი საგრძნობლად იზრდება. თუ ჩვეულებრივ სასტუმროს ერთი ნომრის ფასია 154 ევრო, ფესტივალის დროს 525 ევრომდე ადის;

4.            საგულისხმოა ისიც, რომ 10 დღის განმავლობაში ნახევარი მილიონი ბოთლი შამპანიური იხსნება და მილიონზე მეტი მიდია იჭმევა;

5.            წელს დაცვა გააძლიერეს. ფრანგები ხუმრობენ, “თითო ადამიანზე თითო სპეცრაზმელია გამოყოფილიო”.

პირველი საფესტივალო დღე ყველაზე დამღლელია, კანის მუშათა კლასი იძინებს, გართობისთვის ჩამოსულები კი ახლა გადიან გარეთ...

ხვალამდე. ხვალ გრძელი და იმედია მზიანი დღე გველოდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...
28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

უმწეოდ მიყრილნი, დარვინის ამარა

„რა თქმა უნდა, არც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯეროდა, არც უბიწო ჩასახვის, არც ინკვიზიციის და არც პაპის წმინდანობი ...

მეტი

^