Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიჰყევი ბუმბულს

06 აგვისტო 2016

დარწმუნებულიც კი შეგიძლიათ იყოთ, რადგან ხრამის პირას თითოეულ თქვენგანს ტანით უგრძვნია: ამქვეყნად ყველა უფსკრული იმისთვის არსებობს, რომ მასში თავით გადაეშვა. როგორც ამბავი, ეს პარუირ სევაკმა მოგვითხრო. ხოლო მუსიკად კი მოჰსენ ნამჯუმ გვიმღერა. ოღონდ სიტყვებს არ მიჰყვეთ, არამედ ტემბრს, რომელიც უძირო ხეობებში ცივ კლდეებს ეჯახება და ბრუნდება ექოდ. ეს ნაპრალები ხმაში, რომ ჩნდება, ჩვენშიაც ხსნის ღია ჭრილობებს, ძველი წესის მიხედვით, საიდანაც ვიცით, - ყველაზე დრამატული სცენები საკუთარ თავთან თამაშდება.

Zolf bar bad made ჰაფეზის ლექსია. რომელს შეგიძლიათ დაივიწყოთ მისი ტაეპები? ,,ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.’’ მაგრამ ეს სხვა ლექსიდან არის და ეს კიდევ სხვა სიმღერაა. სადაც გვეუბნება, რომ სხეულმა შესაძლოა დაგვასამაროს და სვლა მიწისაკენ ხდება გასაგები, რომ სხვისი ღვინის სმა საკუთარი სისხლის სმით შეგიძლია გაიმეორო და ყველაზე ბუნდოვანი მოთხოვნილებებიც კი ბუნებრივია, რომ ქარში გზები შენი, არის ადევნება და  არასოდეს არჩევანი. დანარჩენსაც ნახავთ ქვემოთ, თავად ლექსში, რომელიც ნამჯუმ საკუთარ კომპოზიციას ტექსტად დაუდო, ხოლო გიორგი ლობჟანიძემ ქართულად თარგმნა, რომ არა მისი ეს მეგობრული ჟესტი, ეს პოსტიც არ იქნებოდა.

ისევ ნამჯუს მოვუბრუნდეთ. ვისაც Zolf bar bad made-ის ჯაზური ვერსია გესიამოვნებათ შეგიძლიათ მოისმინოთ, ამსტერდამის ლაივიდან. ხოლო იქ NBE Orchestra-ს დასტის ბიჭები სასულეებს ისე წელავენ შიგადაშიგ სმენა უნდა აარიდო კაცმა, ემანდ სუნთქვა არ შეგეკრას. ხმის მონაცვლეობა და თამაში ამ ვერსიის მახასიათებელია, მღერად რომ მოჩანს. ასეთ ღიღინში ნამჯუ საფეხურ-საფეხურ, მწყობრი ნაბიჯით მიემართება იქ, რის მიღმაც დავიწყების მდინარე ჩამორეცხავს ჩვენს ცოდვებს. მე არ მინახავს ასე სასხვათაშორისოდ და ასე დრამატულად ნამღერი.

https://www.youtube.com/watch?v=Iwc2z1ZAn1o

მოჰსენ ნამჯო ირანელი მუსიკოსია, სადებიუტო ალბომი 2007 წელს ჩაუშვა. იქამდე კი ერთი წლით ადრე ირანის სასამართლომ დაუსწრებლად 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კოპოზიციისთვის Shams. მიზეზი ირონია გახლდათ რელიგიას რომ მიემართა. აგერ ამასაც შეგიძლიათ მოუსმინოთ, არც მთლად გამოსადევნებლად უნდა ქონდეს საქმე.

https://www.youtube.com/watch?v=jMo_4jR1i1w

ამასობაში ვიღაცა იტყვის, სად სევაკი და სად ნამჯო და ჰაფეზიო. აი, პირველ რიგში სწორედ მათ გასაგონად უნდა აღიძრას ეს ჰანგები სილიკონის ველიდან ვიდრე ჩვენი სმარტფონების თითოეულ მეგაჰერცამდე.

https://www.youtube.com/watch?v=0dEkm0Mczzw

ბოლოს - YAROM BIA - ნამჯოს და ბენდ კიოსკის კოლაბორაციის შედეგი. ვიდეო მოსტაფა ფერავისაა, ფარაჯანოვის კადრებითა და ალუზიებით სამყაროს ორივე მხარეს. ეს ჯგუფიც ირანში, რომ ვერ დაედგომება ემიგრაციაშია და შარაგაზას მოდებული აზავებს ტრადიციულ მუსიკას (ამ შემთხვევაში რომ ტაჯიკურია) თანამედროვე ინსტრუმენტების ჟღერადობასთან.

https://www.youtube.com/watch?v=dFRworsIhW4

მოუსმინე ორი უნიკალური პორექტის ერთობლივ ნამუშევარს, სადაც ნამჯუ სიტყვებს მკერდიდან ისვრის და ბგერებს ფილტვების ნაფლეთები ამოაქვს. ხმის ვიბრაცია გულის ყველა ნაპრალში აღწევს, ყველა კუნჭულში შეძვრება, ცხრა მოგონებას და ცხრა ტკივილს გადაივლის, ჰორიზონტს სცდება, რათა თითქოს უკან არასოდეს დაბრუნდეს. დაგვტოვოს ასე უმოწყალო მზის, აგვისტოს უძრაობის, ტანზე მარილის თეთრი ლაქების და ფუჭი დარდის ამარა, არც სულის მოთქმა რომ არ ძალუძს და არც დასრულება.

ჰაფეზი

* * *

ზილფს ქარს ნუ მისცემ, რათა მეც ქარს არ გამაყოლო,

ტანს ნუ მიარხევ, რომ მიწად არ მაქციო ბოლოს;

ღვინოს ყველასთან ნუ სვამ, რომ მე გულის სისხლი არა ვსვა,

ნუ მეურჩები, ცას რომ მოთქმა არ გავაგონო.

რკალად ნუ შეკრავ ზილფს, ბორკილში რომ მომაქციო,

ნუ იხუჭუჭებ კულულს, ქარს რომ არ გამაყოლო.

ნუ შეიყვარებ სხვას, რომ თავი დამაკარგვინო,

სხვებზე ნუ დარდობ, მე რომ სევდას არ დამამონო.

აინთე ღაწვი, რათა ვარდი აღარ დამჭირდეს,

ტანი აშოლტე, ჩემთვის ყველა ალვის ხის სწორო!

სანთლად ყველას ნუ აენთები, რომ მე არ დამწვა,

და რომ მახსოვდე მუდამ, ხალხი არ მოიგონო!

ქალაქად სახელს ნუ გაითქვამ, რომ მთას გამხიზნო,

შირინივით ნუ ღელავ, ფარჰადს არ შემასწორო.

შემიბრალე და გაიგონე ჩემი ძახილი,

ჩემს ხმას მიწაში ნუ გაატან ქარების ქოროს.

ჰაფეზმა შენი დარდისაგან იქცია პირი,

თავისუფალი მაშინ ვარ, როს შენ გმონებ მხოლოდ.

სპარსულიდან თარგმნა

გიორგი ლობჟანიძემ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^