Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემურ სტურუას და დანარჩენებს

25 აგვისტო 2016

ტრაგედიაზე ტირილი მარტივია, ერთ-ერთი გადაუმოწმებელი გადმოცემის თანახმად მეგისიც ტიროდა ხანდახან, კარგი მელოდრამების ყურებისას.  კითხვები რომლებზე პასუხის გაცემის სურვილმაც ტექსტის დაწერა მაიძულა შემდეგია - როგორ უნდა ვისაუბოროთ მომხდარ ტრაგედიაზე? როგორი განცდები უნდა გვქონდეს მასზე საუბრისას? როგორ არ უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი ენა იმ კულტურულ ლოგიკას, რომელიც საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისა და სივრცეების სიბნელისა და ჩამორჩენილობის მაგალითად გამოცხადებას ცდილობს.

შესაძლოა, რეალობის აღწერით უნდა დავიწყოთ: საქართველო სოციალურად ფრაგმენტირებული ქვეყანაა, ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ დროშისა და ჰიმნის უკან არსებული მრავალფეროვნების გაანალიზებისგან - პარალელური სოციალური სივრცეები, ჩაგვრისა და უთანასწორობის ფორმები, რაციონალობების განსხვავებული სტრუქტურები, რწმენა და უიმედობა, რომლებიც ამ ხალხის აზროვნებას განსაზღვრავენ. უნდა ვაღიაროთ, რომ სალონური ელიტა ყოველთვის სტუმრად იყო ამ ქვეყანაში, მისი კულტურა არაერთ ბრწყინვალე ნიმუშს და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას მოიცავს, თუმცა ხომ არ გადაიქცა ბოლო წლების საჯარო სივრცე თბილისური ელიტის მონოლოგის ადგილად, სადაც ინტელექტუალები და არტისტები სოფლებსა და გარეუბნებში არსებულ სიბნელესა და ეგზოტიკაზე საუბრობენ.

რას გვიყვებიან ეს სხვადასხვა კილოზე მოსაუბრე ხმები. მოსმენა არასოდეს ნიშნავს უბრალოდ მოსმენას, ან სხვის საუბრის მიმართ ტოლერანტული შემწყნარებლობის გამოჩენას. სხვისი საუბარი ჩვენი წინასწარი განწყობებისა და აზროვნების წესების გადააზრებას მოითხოვს. უნდა ვუსმინოთ არა მხოლოდ იმას რაც ითქმის, არამედ იმასაც რაც არ ითქმის, რაც სიტყვებს შორის პაუზებსა და გამომთქმელის ტემპერამენტშია დამალული. როგორ არის ეს გამონათქვამები სტრუქტურირებული, რა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინსტიტუტები მოქმედებენ მათ ჩამოყალიბებაზე, რატომ მაინცდამაინც ეს ინსტიტუტები, არსებობს თუ არა პოზიტიური ალტერნატივა ამ ადამიანებისთვის.

სოფლის მაცხოვრებლები მომხდარ ამბავს ასე ყვებიან - გარდაცვალების ღამეს, კისერზე თოკმოხვეული 22 წლის ბიჭი, ურეკავს პოლიციელს(როდესაც გვამი იპოვეს, მობილური მის გვერდით ბალახში ეგდო - ბოლო აკრეფილი ნომერი პოლიციელს ეკუთვნის), ის ყურმილს იღებს და აცრემლებული ბიჭის ხმა ესმის, რომელიც აგინებს და ეუბნება,

რომ აი ეხლა თოკზეა ჩამოკიდებული

და რამდენიმე წამში

თავს მოიკლავს.

რამდენიმე წუთში ეზო პოლიციელებით ივსება, რომლებიც იმერული თხილნარის წყვდიადსა და სიჩუმეში ფანრებით  მოძრაობენ, ეს მეზობლებმა დაინახეს. ერთი მათგანი ხეზე ჩამოკიდებულ გვამს პოულობს, სიგარეტს უკიდებს და შეიძლება ამასაც ამბობს - „მართლა უქნია...“. საკუთარი ბრალის დაფარვის მიზნით გაფითრებული პოლიციელები ტოვებენ ეზოს და ხეზე ჩამოკიდებულ გვამს, რომელსაც ორი დღის განმავლობაში მატლები ესევიან. ორ დღეში ცხედარს სტურუების მეზობელი მოხუცი პოულობს.

რას აკეთებდა პოლიციელი გოდერძია მაშინ როდესაც გვამი ჯერ კიდევ ხეზე ეკიდა, ამ კითხვამ ღამის სამტრედიის დაბლობებში უნდა დაგვაბრუნოს, სადაც მცირე   ჯიხურებში ცოცხალი თევზი იყიდება და ხანდახან ერთი ნახვით შეყვარებულ გოგოებს იტაცებენ. როგორია ამ ხალხის რეალობა, ვის აქვს ძალაუფლება და ვის არა? როგორია ამ ძალაუფლებასთან ურთიერთობის ყოველდღიური ფორმები, რიტუალები, რომლებსაც მოსახლეობა იცავს. გოდერძია მოვალეობის შესრულებას აგრძელებდა და ეგონა, რომ საქმე უკვე ჩაფარცხული იყო - სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მორიგმა ახალგაზრდამ ჩამოიხრჩო თავი, გამოაცხადებდნენ ტელევიზიები და ამბავი მარტივად ჩაილექებოდა საინფორმაციო ნაკადის ქაოსსა და ინდიფერენტულობაში. დემურიმ წერილის დატოვება მოახერხა, რომელმაც ამბავში რადიკალური გარდატეხა შეიტანა. წერილის არსებობის გაგების შემდეგ, პოლიცია მის მოპოვებას და განადგურებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ფარატინა ფურცელზე დამტვრეული ქართულით დაწერილი ტექსტი საჯარო სივრცეში აღმოჩნდა.

სოფლის მოსახლეობა სხვა ამბებსაც ყვება. პატრულირების პროცესში პოლიციელები ხშირად აგინებენ ადგილობრივ მოსახლეობას, შეშინების მიზნით ჰაერშიც ისვრიან ხოლმე, ვიღაცები ბირჟებიდან აჰყავთ და რამდენიმე საათის შემდეგ აბრუნებენ. „ზოგიერთ სოფელში საერთოდ ვერ ჩავდივართ, გაგანია მიშას დროა, თუ მოხვდი თვალში, უეჭველი გაგინებენ, თუ უპასუხებ, გცემენ, უკეთეს ვარიანტში“, - მეუბნება ერთერთი ჭირისუფალი. ბიჭებს აქციაზე მოსვლის ეშინიათ, - „თქვენ მიდიხართ ძმაო აქედან და ჩვენ წამალს დაგვიყრიან, კარგის ტრაკს მოგვიტყნავენ ესენი. ძმაკაცურად გაგვიგე, შენ სხვა პონტში ხარ, თბილისი რამე და აქ სხვა სამყაროა, ადამიანის უფლებები არ მოქმედებს“.  პოლიციის ათმეთაურ არკადიჩის ხსენებაზე სამტრედიის მაცხოვრებლებს სახეები ეცვლებათ - „ცუდ ხასიათზე თუა გარეთ ბავშვების გამოშვება არ შეიძლება ძმაო“. ერთ-ერთი ბიჭი 70 წელს მიტანებულ შავებში გახვეულ ბებიაზე მანიშნებს, რომელიც ქელეხისთვის თევზს ამზადებს, როგორც აღმოჩნდა, 2011 წელს მისი შვილიშვილი მაშინდელი პოლიციის ერთ-ერთი სასურველი მსხვერპლი იყო, სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ტყვიები ჩაუდეს, მოხუცმა ტყვიების შენახვა თავად დაიბრალა, რის შემდეგაც გირაო და 5-წლიანი პირობითი მიუსაჯეს. ისიც მითხრეს, მარტო ეს არ არის ასეთ დღეში, საკმაოდ ბევრს ვიცნობთო - „ბავშვს გლდანში ხო არ გაუშვებდა“.

ცხედრის პოლიციასთან გადასვენების შემდეგ აქციას მთვრალი კაცი უერთდება, ჩემთან მოდის და გამოკითხვას მიწყებს, მის მკლავზე გადახუნებული ჟ.ვ.ს.ს. იკითხება, ცერა თითთან „ბეში“ ახატია, სროკზე ყოფნის აღმნიშვნელი სიმბოლო. სიტუაციის აღწერის შემდეგ სიმთვრალისგან მობარბაცე კაცი მოთქმას იწყებს და თავში მუშტებს ირტყამს - „ამათ დედებს შევეცი, ორი შვილი მყავს სროკზე, ვაჯაკაცები, მალე გამოვლენ და ამათ დედას მოუტყნავენ... დედას მოუტყნავენ ამათ! არ გჯერა? იცი რა ბიჭები არიან? ამ ბოზების ბლატაობა დამთავრდება...მითხარი რა გავაკეთო, ცეცხლი მოვუკიდოთ თუ გინდა...“, ჭირისუფალი ქალები კაცს დამშვიდებას და ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, ჩემ გვერდით მდგომი რამდენიმე განსაკუთრებით კულტურული ადამიანი სცენას თვალს არიდებს და სიტუაციას ეცლება.

დემურ სტურუა ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა, გაჭირვების გამო დედამისს თურქეთში თხილის საკრეფად მოუწია წასვლა. იმათ გასაგონად ვინც არ იცის, რას ნიშნავს თურქეთში თხილის საკრეფად სიარული, რითაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების დიდი ნაწილია დაკავებული უნდა ვთქვათ, რომ თურქეთის პლანტაციები 40 გრადუსიან სიცხეში თორმეტ საათიან შრომას გულისხმობს, თხილის ძირები ადამიანის სიმაღლეზე დაბალია და ჩრდილს არ იძლევა. ხშირია გადაგდებები, რადგან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის შრომის კოდექსი არ იცავთ, ეს თურქოფობიას კიდევ უფრო აძლიერებს, „თურქები მაგარი გადამგდები ხალხია“ - ამბობენ ბიჭები.

გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივი ეკლესიის სასულიერო პირმა, დემურისთვის წესის აგებაზე უარი თქვა - რას ვიზამთ უყვარდა, მაგრამ თვითმკვლელს წესს ვერ აუგებს. საბოლოოდ ერთ-ერთმა მეგობარმა დემურის ჯვარი ჩამოკიდა, სანთელიც დაანთო და მღვდელს შეუთვალა, რომ ამ სასიკვდილო ცოდვას საკუთარ თავზე იღებს, თან დარწმუნებული იყო რომ ჯოჯოხეთში მოხვდებოდა.

გონების გავარჯიშების მიზნით ალტერნატიული სიუჟეტი წარმოვიდგინოთ - საჯარო სივრცეში ხვდება დამტვრეული ქართულით, „შეჩემას“ ენაზე დაწერილი წერილი, წერილის ავტორი ვინმე სამტრედიელი დემურ სტურუაა, რომელიც ამბობს რომ 5 წლის განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შევიწროვებას, პოლიციელი გოდერძიასგან, რის შემდეგაც მან და მისმა მეგობრებმა გოდერძია სიცოცხლეს გამოასალმეს. რა რეაქციები იქნებოდა საჯარო სივრცეში? ალბათ სასტიკად დაგმობდნენ პოლიციელის მკვლელობას, ვიღაც გამოძიებას დაელოდებოდა, ვიღაც კი ყურადღებასაც არ მიაქცევდა.

სამტრედიელი ბიჭებისთვის, რომლებიც ე.წ. „სამმართველოს პრესს“ ყოველ დილით ჩუსტების ჩაცმის და კბილების გახეხვის მსგავსად განიცდიან, საჯარო სივრცეში შემოღწევის ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა მსხვერპლშეწირვაზე გადის. ენასაც უნდა დავაკვირდეთ, როდის უსმენს ცენტრი ამ ენაზე მოსაუბრის გასაჭირს: ან არჩევნები უნდა იყოს, ან ტრაგედიაზე უნდა გვიყვებოდნენ, დანარჩენი უბრალოდ არასაინტერესო და დაბალგანვითარებულ მსჯელობებად ფორმდება, რომლებსაც არაფერი მოეთხოვებათ და საინტერესოსაც ვერაფერს იტყვიან. კარგმა ლიბერალმა ამ მსჯელობაში შეიძლება წერტილსა და მძიმეს შორის გამოჩენილი სისხლის წვეთები და ძალადობისაკენ მოწოდებებიც დალანდოს, თუმცა არ ღირს ამ თემაზე საუბრის გაგრძელება.

უცნაურად მეჩვენება გიყვარდეს  ფუკო და სპივაკი და გძულდეს სამტრედიელი ბიჭები, რომლებსაც გულზე „დედა“ აწერიათ და ზურგი სხვადასხვა ჯიშის მგლებითა და მორიელებით აქვთ გაფორმებული. პოლიტიკური გარყვნილების უჩვეულო ფორმაზე  მიუთითებს, შეიძლება უგემოვნობაზეც კი. მაშ „როდის შეუძლია სუბალტერნს/დაქვემდებარებულს საუბარი?“ მაშინ როდესაც ის მსხვერპლია და ყველანაირი აგენტობა წართმეული აქვს, პოლიციასთან ერთად სამტრედიელ ბიჭებს აგენტობას, ცენტრის კულტურული ჰეგემონიაც აკარგვინებს. მსხვერპლი კარგად უნდა იქცეოდეს, შინ და გარეთ, მათ შორის აქციაზეც, მერე ჩვენც რომ კარგად ვიტიროთ და მხარი დავუჭიროთ.

ზურაბ ჯაფარიძის ინციდენტი, მომხდარს საბოლოო ფორმას აძლევს. ამბობენ ზურას იქიდან გაგდება სიქაჯე არისო, არადა ვინ დაიწყო ზურას გინება -  მიშას დროს სპეცრაზმის მიერ დარბეულმა გაფიცულმა მუშებმა და სროკზე ნამყოფმა ახალგაზრდებმა. ერთი მოხუცი კაცი თვალებში მიყურებდა და მთელ ხმაზე ყვიროდა - „ამ დედამოტყნულის გვერდზე როგორ დამაყენეთ, არ იცით ეს ვინ არის?! მე წავალ ეს თუ იქნება“.

მერე ზურას ვიდეოებსაც გავეცანი, თურმე იცოდა ციხეში რა ხდებოდა, კარანტინის დარბევის ამბები, იმასაც ამბობს საქართველოში ადამიანის უფლებები მასიურად არ ირღვეოდაო, მერე მარიხუანას დეკრიმინალიზაციასაც ითხოვს, მოკლედ გემოვნებიანი კაცია. ერთი მხიარული სცენა წარმოვიდგინე -  2011 წელია ზურა, გიგა, გიგი და გოკა კაფე ლა ტრუფეში არიან,  გოკა ამბობს გეებს არაფერს ვერჩი, მაგრამ მაინც არ მინდა ჩემი შვილი ეგეთი იყოსო, რაზეც ყველას ეცინება. გიგა პასუხობს, რომ არ უნდა გოკასთან ამაზე საუბარი, ისედაც ძალიან დაღლილია, ცხადია ეს პატარა ხარვეზი საერთო დონეს არ ცვლის. ბიჭები ბრაუნებს და კრუასანებს უკვეთავენ, ყველამ იცის გლდანში რაც ხდება, შეიძლება ამ წუთებშიც კი „ბასტი და ბუბუ“ მორიგი კარანტინის დარბევით არიან დაკავებულები. ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება,  ქურდული სანამ არის მაინც მკაცრი რეჟიმია საჭირო, უკვე მუშაობს ხალხი, ამ ახალაიას მაგრად შიგ აქვს, მარა რასაც ამბობს არის მაგაშიც სიმართლე, ხო იცი ეს ქურდული - ზონის მაყურებლები, ობშიაკები, ძალადობა, რამენაირად ხო უნდა გავაჩეროთ, მამენტ ისეთი ქვეყანაა ძალადობა სულ იქნება საჭირო. მერე გიგას რაღაც ახსენდება და გლდანის მერვე საპყრობილის შესახებ წუხილი კრუასანის გემოსა და ჯაზის ჰანგებში იკარგება. იციან და ცდილობენ გამოსწორებას.

უნდა გამოვტყდე, როდესაც 20 აგვისტოს აქციაზე შეკრებილმა ბიჭებმა ზურას გინება დაიწყეს, ძალიან ავღელვდი, სათვალე დამიცრემლიანდა, იყო ამაში რაღაც ამაღლებული, რაღაც რასაც გოდარის, პაზოლინის და ბუნუელის კლასობრივი ბრძოლის ტემპერამენტით გაჟღენთილ ფილმებში ვხედავდი ხოლმე. ისე რა უჭირს, ერთი-ორი ვისთვის არ შეუგინებიათ,  როგორმე გადაიტანს, წინასაარჩევნო კამპანიას გადააყოლებს გულს, ხოლო მისი მაგინებლები ისევ აუტანელ სამუშაო გარემოსა და პოლიციის პრესში დაბრუნდებიან. ისიც ხომ ვიცით ირმა ინაშვილი, ან რომელიმე სხვა მოფაშისტო სუბიექტი, რომ გაეგდოთ აქციიდან ბევრი ამჟამად შეწუხებული ტაშს დაუკრავდა. როგორც ჩანს, „კარგი გემოვნება“ ამგვარ პოლიტიკურ კაზუსებში გამოიხატება ხოლმე, გემოვნებიანი კაცი თანმიმდევრული უნდა იყოს, გემოვნებაშიც და პოლიტიკის კეთებაშიც, ერთხელ თუ დაგიცდა ფეხი ფეისკონტროლის არასასურველ მხარეს აღმოჩნდები სექსისტებთან და ჰომოფობებთან ერთად. ნეტა ვის ინტერესებს იცავენ ამ წუხილით.

ვინ არიან ჩვენი მტრები? ისინი ვინც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ჰეგემონიას ინარჩუნებენ, მათი სწორხაზოვანი, ბნელი იდეოლოგები, რომლებიც ხმაწართმეულ ხალხს კაბალურ სამუშაო პირობებში და პოლიციის პრესში ამყოფებენ და სულ ფეხებზე მკიდია ეს ადამიანები ჰომოფობები არიან თუ არა და ისიც რა მუსიკას უსმენენ, მართლმადიდებლები არიან თუ ათეისტები, მიშისტები, შუაშისტები, თუ ქოცები.

ეს წერილი ეძღვნება დემურ სტურუას ხსოვნას და ყველას ვინც პოლიციის და ციხის პრესს ვერ გაუძლო. ასევე იმათ ვინც გაუძლო და იმ გამოცდილების მერე გაღიმებას ახერხებს. რთულია ერთხელ დამსხვრეული ფსიქიკის აღდგენა, როდესაც გაგინებენ, გაფურთხებენ, გირტყამენ, შეიძლება გაუპატიურებენ კიდეც და შენ პასუხს ვერ ცემ. ამათმა შეძლეს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

ფოტო: თორნიკე შევარდნაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^