Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სად ვიყავით 2012 წლამდე?

29 აგვისტო 2016

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ყველა მოწვევის პარლამენტის უცვლელი წევრია, უნდა შევთანხმდეთ, რომ უმწიფარი პოლიტიკური სპექტრი გვყავს.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ გახადონ გასაგები წინასაარჩევნო მესიჯები, არც ის იციან, რეალურად რა საჭიროებები აქვს მათ ამომრჩეველს. პრობლემებში გარკვევის სურვილიც დროებითია - არჩევნებამდე.

ჩვენი პოლიტიკოსები არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფიქრობენ ამომრჩეველზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მოსახლეობამდე მისატანად უამრავი ფული იხარჯება, მათ არ იციან,  როგორ გახადონ ინფორმაცია ადაპტირებული იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც  მაღალფარდოვანი ტექსტით გაჯერებულ მესიჯებს ვერ იგებენ.

ჩვენი პოლიტიკოსები რეალობას მოწყვეტილები არიან და არ იციან, როგორ ებრძოლონ პროპაგანდას. მათ არ აქვთ ამომწურავი ინფორაცია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობასა და საჭიროებებზე. არც ის იციან, თუ რაში სჭირდებათ მათ დახმარება.

სამაგიეროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა იციან, როგორ ლანძღონ წინა ხელისუფლება. იმ ყბადაღებული ცხრა წლის მანძილზე ხომ გამუდმებით ავლებდნენ პარალელს შევარდნაძის მთავრობასთან. იცოდნენ, როგორ უნდა ეყვედრებინათ დაგებული გზები და ელექტროენერგია ისე, თითქოს მოქალაქეების კი არა, საკუთარ ფულს ხარჯავდნენ, იცოდნენ, როგორ უნდა გაეკონტროლებინათ კერძო ბიზნესი თუ გავლენიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი მედიასაშუალებები და თან თავისუფალ ჟურნალისტიკაზე ესაუბრათ.

მომდევნო ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკოსებმაც კარგად იციან, როგორ უნდა აკრიტიკონ წინა მთავრობა. მერე კი აღმოაჩენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ციხის კადრებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, შვიდ ნოემბერზე, 26 მაისსა თუ ბუნდოვანი პირობებით გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე ნიშნის მოგების გარდა, ბევრი არც არაფერი დაგმახსოვრებია. სამაგიეროდ, თუ ვინმე გაბედავს და მთავრობას გაძლიერებული რუსული პროპაგანდისა თუ მოჭრილი ხეების გამო გააკრიტიკებს, მოუტრიალდებიან და ჩამჭრელად ჰკითხავენ - სად იყავი 2012 წლამდე?

ჩვენი პოლიტიკოსები თავის ამომრჩეველს არ იცნობენ. არ იციან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ნელ-ნელა ვითარდება და ე.წ. თავისუფლად სუნთქვის დამადლებაც აგრესიაში გადადის. განსაკუთრებით მაშინ, როცა არც მილიონი ხე გამოჩენილა სადმე და არასწორი დარგვის გამო ის ნერგებიც გახმა, რომელშიც არცთუ მცირე თანხა გადაიხადეს.

ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან, რომ ციხის კადრების წინ და უკან ტრიალი, ხმის მოსაგროვებლად მოძველებული მეთოდია. წინა ხელისუფლებაზე გადაღებული, წინასაარჩევნოდ სამ ტელეარხზე გამზადებული მრავალსერიანი ფილმი და 2012 წლის არჩევნების ქრონიკა კი ამომრჩეველთა გულის მოგების უბადრუკი მცდელობაა ხელისუფლებისაგან, რომელსაც უმრავლესობაში მოსვლის პრეტენზია აქვს.

მერე ამის შემხედვარე ამომრჩეველს მოტივაცია ეკარგება. ბოლოს კი ან უარს ამბობს საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე, ანდაც, ხმას გაუაზრებლად თუ პირადი ნაცნობობის საფუძველზე  აძლევს. მიზეზი მარტივია: მან იცის, რომ შემდეგ ჯერზე მოსული ხელისუფლება, კვლავ წინა მთავრობის კრიტიკით იქნება დაკავებული და პასუხის მომთხოვნ მოქალაქეებს ნიშნს მოუგებს, 2016 წლამდე სად იყავითო?

სამწუხაროა, რომ წლები გადის, ჩვენ კი ისევ ვდგავართ, წინ და უკან ვატრიალებთ ტრაგიკომიკურ ფრაზებს და ვითვლით, ვის რამდენჯერ გვაქვს ნანახი „ჩემი კუკარაჩა” და ვინ რას ვაკეთებდით 2012 წლამდე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^