Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დროა ქალებმა ხმა ამოვიღოთ, ისე, რომ ყველამ გაიგოს

12 სექტემბერი 2016

გააღეთ პოლიციაა. კარი იღება. კარის უკან დგას ახალგაზრდა კაცი. საშუალო წონის და სიმაღლისა. ამან როგორ უნდა გცემოს - მეფიქრება, მაგრამ შემდეგ მახსნედება საკუთარი ცხოვრებიდან ეპიზოდი, როცა ხაფანგში აღმოვჩნდი:

განწირული ხმით ვყვიროდი, უფროსი შვილის სახელს ვყვიროდი რატომღაც, თუმცა ის ძალიან პატარა იყო და ვერ დამეხმარებოდა. დარტყმები სახეში, მკლავებში, მუცელში და ფეხებში მხვდებოდა. ყველაზე ძლიერად და მტკივნეულად თავსა და მუცლის არეში. ვერაფერი მოვახერხე. ვერც გაქცევა, ვერც თავის დაცვა. ბოლოს ხელებიც კი ჩამოვუშვი. უბრალოდ თვალებში ვუყურებდი მოძალადეს და ვცდილობდი, ისეთი სიტყვები შემერჩია, რომლებიც ფიზიკურ დარტყმაზე მეტად მტკივნეული იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ხმამაღლა ვყვიროდი,  მაინც არავინ შემომეშველა.

გონზე რომ მოვედი, იატაკზე ვიწექი და გული მერეოდა. შუქი ჩამქრალი იყო. მივხვდი, რომ ბავშვები, დედამთილი და თვითონ ყოფილი ქმარი სახლის მეორე სართულზე იყვნენ და ალბათ ეძინათ. არ მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარტო როგორ მივედი. სიკვდილის შიში სრულებით გამქრალიყო, ავტომატურად ვმოქმედებდი. ექიმი ქალი, რომელმაც მიმიღო ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა. პოლიცია მაშინ არავის გამოუძახებია.

სამაგიეროდ მას შემდეგ მე გამოვიძახე პოლიცია, ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად. თვლა დავკარგე, რამდენჯერ მოვწყდი სამსახურს, სახლს, ქუჩას და მივედი მსხვერპლი ქალის დასახმარებლად.

ამჯერად კაცმა 2 წლის შვილი ჩაკეტა თავის სახლში და დედას აღარ ატანდა. მისივე ნათესავებმა გააფრთხილეს დედა, რომ სამხრეთ ოსეთის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავდა ბავშვის წაყვანას თავისთან საცხოვრებლად. “წლების შემდეგ დამიჩოქებ, რომ შენი შვილის სურათი მაინც გაჩვენო”, - მოსწერა ყოფილ ცოლს სატელეფონო შეტყობინებით. ძლივს გამოვაშვებინეთ ბავშვი შინაპატიმრობიდან.

დღეს ახალი შემთხვევის შესახებ მომივიდა ინფორმაცია. ნაცემია ახალგაზრდა ქალი, ტვინის შერყევით წევს საავადმყოფოში. ცემის დროს ერთი წლის შვილი დაუვარდა ხელიდან. ქალს შეეშინდა, ბავშვს რამე არ მოსვლოდა და მხოლოდ ამიტომ გამოიძახა პოლიცია.

პოლიცია კი სულ კაცებითაა დაკოლმპლექტებული. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოძახებაზე არც ერთი ქალი არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ათობით გამოძახებას შევესწარი. პოლიციელი კაცების უმრავლესობა მოძალადეს ამართლებს ხანდახან ისე, რომ თავადაც კი ვერ ხვდება რამდენად მიკერძოებულია. ამართლებს იმიტომ, რომ ის კაცია.

ხელისუფლება სხვადასხვა შეხვედრებზე ირწმუნება, რომ ყველაფერს აკეთებენ პოლიციელების გასაწვრთნელად. ამ კუთხით მცირე პროგრესიც შეიმჩნევა, მაგრამ თავად პოლიციელების შეგნება თანასწორობის იდეისაგან ჯერ კიდევ შორსაა. სადღაც იქ არის, სადაც ყველაფერში დამნაშავე თავად ქალია, კაცი კი - მუდამ მართალი და სათაყვანო.

ნელ-ნელა ყველაფერი გამოგვივა - გვამშვიდებენ ქალთა ორგანიზაციები; რაც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ - ჩაგვძახიან მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენ კი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის, ადამიანის პატივისა და ღირსებისთვის დამამცირებელი მოპყრობის პირისპირ ისევ მარტოები ვართ.

2008 წლის ომში იმდენი ადამიანი არ დაღუპულა, რამდენი ქალიც მოკვდა საქართველოში ოჯახის წევრი კაცის ხელით 2014, 2015, 2016 წლებში. ის თუ ომი იყო, მაშინ ეს რა არის?

დროა ქალებმა ხმა ამოვიღოთ, ისე, რომ ყველამ გაიგოს. სახლებიდან ეს ხმა არ ისმის. ქუჩა არის ის ადგილი, სადაც პროტესტი ჩანს და ისმის. ვერავინ დაგვეხმარება, თუ თავად არ შევეწინააღმდეგებით მჩაგვრელ სისტემას, რომელსაც მორჩილ მონებად ვუნდივართ. ხოლო თუ მონობაზე თანახმა არ ვართ, მაშინ არც სიცოცხლის უფლებას გვაძლევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ნოემბერი
13 ნოემბერი

დიდი გასეირნება ფრანკფურტში

რთული სათქმელია, ისტორია რას იტყვის, მაგრამ ფაქტია - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თანამედროვე ქართული მწერლობის, დრამატ ...
13 ნოემბერი
13 ნოემბერი

როგორ მოგვპარეს პოლიტიკა

ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ გაანადგურა პოლიტიკის იდეა. მან არჩევანი პოლიტიკის იმგვარ გაგებაზე გააკეთა, რომელიც მთავარ მიზნ ...
09 ნოემბერი
09 ნოემბერი

რა შემთხვევებში შეუძლია ახალ პრეზიდენტს ...

წლის ბოლოს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დიდი ალბათობით ის ფიცს 23 დეკემბერს დადებს, რომლის წარმოთქმის შემდეგ ძალ ...

მეტი

^