Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზიზი

25 ნოემბერი 2016

ზიზი პირველად 2013 წლის 31 მარტს, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს გავიცანი. მეტრო თავისუფლებასთან შევხვდით, ალბათ, 10-12 ადამიანი და რუსთაველის მეტროსკენ გავემართეთ ბუშტებით, პოსტერებით ხელში. ზიზის მოკლე წითელი კაბა ეცვა, ამანდას - ლურჯი. მეგონა, რუსთაველის გამზირს უვნებლად ვერ ჩავივლიდით. შევცდი, მეტრო რუსთაველთან ბიჭებმა ქვები დაგვიშინეს. ზიზი და ამანდა ტაქსით გაეცალნენ იქაურობას. დანარჩენები კიდევ ცოტა ხანს არ ვიშლებოდით, თითქოს იმ წუთას მოპოვებული მცირე გამარჯვებით ვტკბებოდით - ხუმრობა ხომ არ იყო, ტრანსგენდერმა ქალებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი ისე, რომ ცოცხლები გადარჩნენ. გადარჩნენ მაშინ.

ახლა კი ზიზი შუა ოთახში წევს გაყინული, გახევებული, ჩავარდნილი თვალებით და გულზე დაწყობილი ხელებით. ერთთვიანი კომის შემდეგ. მას შემდეგ, რაც თავისა და სახის ძვლები ქვით დაუმსხვრიეს და დანით ყელის არეში დაჭრეს.

ვიღაცამ დამირეკა იმ ღამეს - ზიზის ყელი გამოჭრესო. თითქოს ცივ ჭაში ჩამიშვეს. არის სიცივე რომელსაც აღარ ეშველება. ყველაფერს ეშველება ამ სიცივეს კი არა. იმდენ ხიფათს გადაურჩა ზიზი, მეგონა, აწი აღარაფერი მოუვიდოდა. თვითმკვლელობის მცდელობას გადაურჩა. პლეშკაზე უამრავ თავდასხმას გადაურჩა. სერიოზულ ოპერაციას გაუძლო. ახლა კი ჩვენ მას დავმარხავთ.

სულ ცოტა ხნის წინ შემხვდა ზიზი ქუჩაში. იცოდა, რომ სამსახური დავკარგე და რამე ხომ არ გჭირდებაო მითხრა, რითიც შევძლებ დაგეხმარებიო. ერთი წინადადებით ყველაფერი იყო ნათქვამი - ისიც, რომ მისთვის ახლო იყო ჩემი გაჭირვება, ისიც რომ განიცდიდა, ისიც რომ მზად იყო, თავად აეტანა დისკომფორტი, რათა ჩემთვის რამით მაინც შეემსუბუქებინა ტვირთი. ტვირთი, რომელიც ზიზისთვის კარგად იყო ნაცნობი: ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან უარყოფა და დაუხმარებლობა, შიში, რომ საცხოვრებლის ქირას ვერ გადაიხდი და სახლიდან გაგაგდებენ.

ერთხელ კიდევ მასთან ვიყავი ასული. მაშინ ახალი ნაოპერაციები იყო და, როგორც ჩანს, მეგობრებმა მიუტანეს სხვადასხვა ტკბილეული. ყველაფერი გამომიტანა და პატარა მაგიდაზე დააწყო. ძლივს ეტეოდა სხვადასხვა ზომისა და სახეობის ნუგბარი იმ პატარა მაგიდაზე. ზიზი მეხვეწებოდა, ესეც გასინჯე და ესეცო. ვხუმრობდით, ვიცინოდით. გვიხაროდა, რომ აღმოჩნდა ისეთი კარგი ადამიანი, ექიმი, რომელმაც ურთულესი ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა სრულიად უცნობს. ვეფერებოდით ამ კაცს შორიდან,  ერთმანეთს ვეუბნებოდით, აწი ყველაფერი კარგად იქნებაო.

„მე თუ რამეში დაგჭირდი, შენს გვერდით მიგულე” - ეს ფრაზა ბოლო დროს ზიზიმ რამდენჯერმე მითხრა. ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მათბობდა და მამხნევებდა ის ემოცია, რომელიც მან ამ სიტყვებს ჩააქსოვა.

მე?! მე რით დაგეხმარე? მე რა შევძელი, რომ შენთვის გამეკეთებინა ჩემო საყვარელო ადამიანო?

ვერაფერი.

საერთოდ ვერაფერი!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

29 ნოემბერი
29 ნოემბერი

კულტურული პერიფერიის კონტექსტში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სახელოვნებო პრაქტიკის განვითარებასა და გამრავალფეროვნებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებშ ...
08 ნოემბერი
08 ნოემბერი

მამის ბლოგი - წერილი N8

ჯანმრთელობისთვის ძილის მნიშვნელობაზე შენთან ხშირად მისაუბრია, როდესაც დროულად დაძინებას აპროტესტებდი ხოლმე. ახლა კი მინდ ...
30 ოქტომბერი
30 ოქტომბერი

Ciao მიშა - კინო ყველასთვის და არავისთვი ...

„ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები“ ხორხე ლუის ბორხესი; „მედალი“ გარდაიცვალა მიშ ...

მეტი

^