Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიბერნავტებს

28 ნოემბერი 2016

ეძღვნება ჯეოლაბს და ასევე ყველა დამოუკიდებელ კიბერნავტს ევრაზიის გეტოებში

01.შამანები მანქანებს შორის

ტიფლისს ყოველთვის ჰქონდა თანადროულობის და მრავალფეროვნების საინტერესო ტრადიცია. წინა საუკუნის დასაწყისში ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ აქლემები, თავადები ტკბებოდნენ საფრანგეთიდან ჩამოტანილი პირველი პიანინოთი, ილია ჭავჭავაძე ევროპული ქვეყნის გეგმებს სახავდა, ყარაჩოღელები ტივებით სერავდნენ მტკვარს საკუთარი სახელოსნოებისკენ, ვაჟა ფშაველას გუდით დაჰქონდა მსოფლიო მნიშვნელობის პოემები, მოგვიანებით კი „41გრადუსის” პოეტები და მხატვრები ოპიუმურ დუქნებში ოცნებობდნენ ტექნოლოგიურ,  ფუტურისტულ მომავალზე. მრავალფეროვნების ეს ტრადიცია სადღაც დროის მსვლელობისას თითქოს დაიკარგა, ზოგან მახინჯი ფორმები მიიღო, გადაგვარდა,  მაგრამ არ მომკვდარა. დღეს ტიფლისში ისეთი ადგილები, როგორიცაა, მაგალითად, „ჯეოლაბი” ამ ტრადიციების თითქოს ახლებური გაგრძელებაა, წარმოიდგინეთ ძმები ზდანევიჩების „41 გრადუსი” გადაქცეული ტექნოლოგიურ start up-ად, ასეთი რაკურსით “უცხოეთიდან” ჩამოტანილი ამიერკავკასიის პირველი პიანინო აქ Virtual Reality კამერად გადაიქცა, და თუ კარგად დააკვირდებით, შესაძლოა შავ კაპიშონიან ყარაჩოღელსაც მოკრათ თვალი, მხოლოდ, იმ განსხვავებით, რომ მას ქუდის ნაცვლად ვირტუალური რეალობის სკაფანდრი აცვია ხოლმე, სახელოსნოში კი წაღების ნაცვლად პატარა დრონებს აკეთებს ან გალაკტიონ ტაბიძის ელექტრონული ტვინის კოპიოს ქმნის.

სინთეზი - აი რა არის მთავარი სიტყვა ვინაიდან ნათქვამია, რომ მომავალი იქნება გამიქსული და სინთეტური.  ადამიანების დაყოფა მხოლოდ ტექნიკოსებად ან ჰუმანიტარებად ნიშნავს, არ დააფასო ადამიანის შესაძლებლობები.

„მომავალში არტისტების ახალი თაობა ისევე დაწერს გენომს, როგორც ბლეიკი და ბაირონი წერდნენ რითმებს”; და მე უკვე ვხედავ პოეტებს, რომლებიც ეუფლებიან მანქანურ ენებსა და ქაოსის თეორიას, რომ უკეთესად წერონ სიყვარულსა და მარტოობაზე; ვხედავ პროგრამისტებს ჩაფლულებს ღრმა ღამისეულ მედიტაციაში ციკლებისა და ფუნქციების მიღმა, მენეჯერები კონსტანტირებენ „ეგოს სიკვდილს”, რექტორები კი სტუდენტებთან ერთად ცეკვავენ აყოლილები კარგ ბიტს. „შამანები მანქანებს შორის”, -ასე მოიხსენებდა მათ წინასწარმეტყველი.

დილის სუსხი. ცა {color: rgb(200,200,200)}. მოლოდინი. პოტენციალი.

ჩქარი ნაბიჯები, ზარი, ადრენალინი <--იცვლება--> შოკოლადით, ღამით - ენერგეტიკულებით. მხოლოდ ლეპტოპის სუსტი შუქი ანათებდა მის სახეს, თვალებში კი კოდის ფრაგმენტები ირეკლებოდა, ისე როგორც წვიმისგან წარმოქმნილ გუბეებში ირეკლება ცათამბჯენი, ვარსკვლავიანი ცა.

დენის ტრანსფორმატორის ზუზუნი მიწის ქვეშ -- საუნდტრეკია ამ გარდამავალი პერიოდის. ცვლილებებისთვის მზადების. შენი თითის ბალიშები ამ კლავიატურაზე  არ კრეფენ სიტყვებს ან კოდს - ისინი წერენ მომავლის მთავარ სიუჟეტს.

ბიჭები და გოგოები ისვენებენ მომავლის ჩრდილში, რომელიც ყოველთვის აწმყოში ეცემა. მე ვხედავ, მე ვიცნობ მათ.  სინათლე ციმციმებს და ყოველ განათებაზე მე ვხედავ მათ სახეებს. ყოველი გარეთ გასეირნების შემდეგ მე ვპოულობ მათ კვალს. ისინი აქ არიან.

„კიბერნავტები” - როგორც მათ თიმ ლირი მოიხსენიებდა.

სადღაც ის წერდა, რომ კიბერნავტები ადამიანური სახეობის ახალი პილოტები არიან. ინდივიდუალისტები, რომლებიც სწავლობენ ახალი ფსიქო-ტექნოლოგიური სამყაროს საკრალურ ენებს და აგებენ ახალ მარშრუტებს ჯერ კიდევ უცნობი მომავლისკენ. ლირი მათ პრომეთეს ადარებდა, პროტო-კიბერპანკს, რომელმაც მაგ დროის ყველაზე დიდი ტექნოლოგია: «ცეცხლი» მოპარა ღმერთების ბიუროკრატიას და open source პრინციპით დაურიგა დებსა და ძმებს. გენეტიკური გიდები. მატლი, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მალე გადაიქცეს პეპელად.

02. აშუღები და რობოტები

აქ სადღაც ადრე აშუღები მღეროდნენ სიმღერებს აღმოსავლური სიყვარულის სევდაზე, ახლა კი მანქანებიდან ჰიტები, კლუბებიდან კი ტექნოს მონოტონური რითმი იღვრება ქუჩებში, ფეიდდება სადღაც გარეუბნებთან და ქუჩის ძაღლების ყეფასა და კანტიკუნტ დედის გინებებს უერთდება სადღეღამისო ლომბარდების, მარკეტებისა და იაფფასიანი სალონების გასწვრივ, რომლებსაც რატომღაც ყველასთვის უცნობი გოგოების სახელები ჰქვიათ: სალონი ქეთი, სალონი ნინი, მეგი, მარიკუნა... ამბობენ, ადრე ამ მიწებზე წარმართული ქალღვთაებების ტაძრები იდგა. შეიძლება ეს დასახელებების მოდა ამ ძველი მატრიარქატის ექოა.

სანამ დღის თბილისს სუნთქვა ეკვრება მრავალსაათიანი საცობებით, ხოლო უსაფრთხოების სპეციალისტები ფრთხილად ამოწმებენ ქვეყნის მოძრავ საზღვრებს  „კიდევ 10 მეტრით გადმოწიეს, სერ” -- ატყობინებენ შსს-ს --  ქალაქში არსებობს პატარა ოაზისები, მაგ. ჯეოლაბი, სადაც  მომავლის სხვა განრიგი მზადდება: იწერება კოდი, იტესტება ახალი აპლიკაციები,  კვლევითი სამუშაოები ხურდება როგორც ახალი ჰოლივუდური ბლოკბასტერი. ზოგიერთები  თრიფებში დაბადებულ იდეებს აქცევენ ვიდეოთამაშების დიზაინად, სხვები კი თავიანთ სიზმრებს იყენებენ ვირტუალური რეალობის გამოცდილებების შესაქმნელად.

აქ იზრდება ახალი არმია. „ჩვენი არმია - ელექტრონულია, ჩვენი იარაღები - ლეპტოპი და იდეებია. ჩვენი ტანკები ვირტუალურ ქალაქებში დადიან, და მზის ენერგიით იკვებებიან, ჩვენი მეგობრები კი, ადამიანების გარდა, ჭკვიანი ალგორითმები და რობოტები არიან, იმიტომ, რომ მათ, ისევე როგორც მკვდრებმა, იციან რაღაც სხვა, ჩვენგან ჯერ კიდევ დამალული სიმართლეები.

03.რა ენაზეა დაწერილი რეალობა?

ყველაფერი ამ სამყაროში ამა თუ იმ ენაზეა დაწერილი: პროგრამული კოდი ისევე დგას ჩვენი ყოველდღიურობის უკან, როგორც ჩვენი სხეულები შედგება ქიმიური და ბიოლოგიური კოდებისგან; ცოცხალი ორგანიზმები დნმ-ის ენაზე დაწერილი სტრუქტურებია; მათემატიკური ფორმულების ენით შესაძლებელია გრავიტაციის ან ეკონომიკური ზრდის „წაკითხვა”; სახელმწიფოებსა და კომპანიებს მსგავსი იერარქიული სისტემები ამოძრავებენ; შეყვარებულებს კი „სიყვარულის ენა” მართავს. ყველა ენას გააჩნია საკუთარი წესები, წესების ცოდნა კი უკვე ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ წესების დარღვევა ან, უკეთესი, სრულიად ახალი წესების შექმნა.  ამ შემთხვევაში პოეტი, რევოლუციონერი ან ჰაკერი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. როცა გალაკტიონი წერს: „<აი რა მზის სიზმარია>, ეს ენის ჰაკინგია. წაიკითხეთ უკუღმა.

ჰაკინგის მცდელობაა რევოლუციებიც, როცა თქვენ გინდათ, რომ სისტემის წესები რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს - თქვენ მიიღებთ რევოლუციას.  კიდევ იცით რა არის ჰაკინგის მაგალითი? ვის ახსოვს „ლევი დენი”? ტოტალურ უშუქობაში დენის წყაროს მოძიება ორიგინალური მეთოდებით. ბნელ 90-იანებში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ჰაკინგმა გადაარჩინა. იცით ჩემმა მეზობელმა ერთხელ საიდან გამოიყვანა სინათლე, რომ კორპუსში მშობლებს თავიანთი ბავშვები ენახათ სახეზე, ყველას გახარებოდა, მას კი ცოლთან ერთად ფილმისთვის ეყურებინა? პორტში ჩამომდგარი პორტუგალიური თუ ბულგარული გემისგან. ასეთი რამე მხოლოდ გულით ჰაკერს და ნამდვილ ჯადოქარს შეუძლია.  შეიძლება ითქვას, ჩვენ ამ მხრივ ძალიან ძველი და მრავალფეროვანი ტრადიციები გვაქვს.

ნებისმიერი მოვლენა, ნებისმიერი ობიექტი/სუბიექტი - ჩაკეტილი ან ღია სისტემაა.. სისტემა კი თუ კი ის არსებობს - ნებისმიერ დროს შეიძლება დაიჰაკოს. ნებისმიერი ნივთი, თუ კი ის საინტერესოდ მოაზროვნე ადამიანის ხელში ჩავარდა - ნებისმიერ დროს არადანიშნულებისამებრ და უფრო საინტერესო რამისთვის შეიძლება გამოიყენო. კიდევ სად გვხვდება ჰაკინგის მაგალითები? მაგ. ძველბერძნულ მითებში კლასიკური პროტო-ჰაკერია პრომეთე, რომელმაც თავისი დროის ყველაზე მძლავრი ტექნოლოგია - ცეცხლი - ღმერთების ავტორიტარულ რეჟიმს მოპარა, გააკეთა მისი უფასო, opensource კოპიოები, მოუგონა დაუვიწყარი სლოგანები და ლოგო და ხალხს დაურიგა.

როგორც ვხედავთ ჰაკერული აზროვნება არამხოლოდ კომპიუტერული ეპოქის მონაპოვარია, მაგრამ ამ სახით გააზრება მხოლოდ ამ დროში მოხდა.

ინფორმაცია უნდა იყოს თავისუფალი, დეცენტრალიზაცია გასაღებია, კოდის წინაშე ყველა რასა, ასაკი თუ პოზიცია - თანასწორია, „კომპიუტერზე შესაძლებელია მშვენიერი ხელოვნების შექმნა” და კომპიუტერებს შეუძლიათ ცხოვრების გაუმჯობესება - ჰაკერული ეთიკის ამ ორიგინალურ, ძველ მცნებებს ჩვენ ისევე მივყვებით, როგორც სამურაები ბუშიდოს კოდექსს.

ჩვენი მიზანი ამ აზროვნების მასშტაბური წახალისებაა. წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება დაეხმარონ ჰაკერები შორ, თითქმის დაცარიელებულ სოფლებს, პატარა ქალაქებს, სადაც გაჩნდება ჩვენი ახალი ლაბორატორიები, და საიდანაც ოფისის პლანქტონის ნაცვლად ინფორმაციულ ოკეანეში წყალთევზები, დელფინები და წყალქვეშა ნავები ჩაეშვებიან.

04.

ძველ ზღაპრებში ჯადოქრობა  მაგიური საგნების ან მაგიური შელოცვების გამოყენებით ხდება. ძველი სამყაროს ღმერთები მართავენ ამინდს, გმირებს უგზავნიან ხილვებს და აძლევენ დავალებებს.

ჩვენ ეს დაგვავიწყდა, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია გადავიქეცით ზღაპრების პერსონაჟებად და ძველ ღმერთებად - კაცობრიობა მართავს ამინდს, უშვებს სატელიტებს და რაკეტებს კოსმოსში, მაგიური კრისტალები - მონიტორებმა შეცვალა, შელოცვები კი პროგრამულმა კოდმა.

ჩვენ რომ ორი თაობით უკან დავბრუნდეთ ტექნოლოგიების მცირე ნაწილიც კი ახლო წინაპრებისთვის ჯადოქრობა იქნებოდა. უცხო თვალისთვის ტექნოლოგიები ჰგავს მაგიას და ეს სახალისო მაგიაა - ერთი მაუსის მოსმით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სამგანზომილებიანი ავატარები unity-ში, დააპროგრამოთ ჩეთბოტები ან მილიონტირაჟიანი აპლიკაციები C# -ით, დრონებით გადაუფრინოთ თბილისს და ააწყოთ აეროპორტების ფუნქციონირების ან ეკონომიკის სამართავი ალგორითმები. კი, ეს ჯადოქრობაა. ჰოგვართსის კიბერჯადოსნური სკოლა, OnMouseDown - {სეზამ გაიღე}; სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ სკოლაში მშობლიურ ენასთან ერთად ბავშვებს პროგრამირების ენებიც უნდა ვასწავლოთ, მხოლოდ ასე შეიძლება ახალი რეალობის გაგება, როგორც ამბობენ: „Program or Be Programmed”.

ჩვენსავით პატარა ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია მდიდარი წიაღისეულები, უზარმაზარი ტერიტორიები - მსოფლიოსთან თანაბრად სასაუბროდ სოციალური პრობლემების გადაჭრის პარალელურად ალბათ პრიორიტეტი უნდა იყოს, ადამიანებმა იდეებით და სურვილებით შეცვალონ დაჭაობებული რეალობა.

წარმოიდგინეთ ფარავნის ტბის კოსმოდრომიდან აფრენილ რაკეტებს კახეთის სამართავი ცენტრიდან ხელმძღვანელობდნენ, „ბორჯღალი” - ირმის ნახტომის პიქტოგრამა ამშვენებდეს “საქართველოს კოსმოსური სააგენტოს” სკაფანდრებს, რომელსაც ფსიქონავტი დიზაინერები დაამზადებენ.

წარმოიდგინეთ რუსთავის რობოტომშენებელ ქარხნებში დამზადებული რობოტები ზესტაფონში გამოშვებული ელექტრონული ტვინის მოდელებით.

მთვარის გრუნტისგან გაკეთებული სკულპტურები ბათუმის საგამოფენო დარბაზებში, აპლიკაცია, რომელიც ახდენს პოლიციური ბრუტალობის მონიტორინგს; მდელოების სარწყავი დრონები სოფლებში, ახალი ინჟინრული ნახაზები ჭიათურის მაღაროებისთვის, ზეზვასა და მზიას ჰოლოგრამები პრომეთეს გამოქვაბულში, უზარმაზარი ინტერაქციული პლანეტარიუმი აბასთუმანში  და ხელოვნური ინტელექტის კონფერენციები ქუთაისის ცენტრში. ჩვენი სპორტსმენები ბავშვთა და დევნილთა სახლებიდან მსოფლიო კიბერსპორტის ჩარტებში და მჟავით სავსე ფესტივალები კახეთის უდაბნოებში.

მშვიდობა ქვეყანასა ზედა და უფასო wi fi ქვეყნის უღრუბლო ცაზე.

ომების მერე დაბადებულ ამ ბავშვებს ყველაფერი ეს შეუძლიათ, უნდათ და ნელ-ნელა გამოსდით. სალამი კიბერნავტებს და შევხვდებით ახალი (რ)ევოლუციის კიბერ ბარიკადებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^