Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართლაც ასეა?

29 ნოემბერი 2016

თავის შესანიშნავ წიგნში „მრავალი სამყარო ერთში“ ალექსანდრ ვილენკინი წერს, რომ თუ ანტიკურობაში ადამიანს თავი სამყაროს ცენტრში ეგონა, მეცნიერების განვითარებამ იგი თანდათან განდევნა კოსმოსური სივრცის ერთ-ერთ სრულებით ჩვეულებრივ წერტილში. ხოლო მარადიული ინფლაციის კოსმოლოგიური თეორია იმაში გვარწმუნებს, რომ ჩვენი დედამიწა და ცივილიზაცია მხოლოდ ერთ-ერთია იდენტურ პლანეტებსა და ცივილიზაციებს შორის, რომლებიც უსასრულო კოსმოსში გაფანტულ პარალელურ სამყაროებში არსებობს. ადამიანის განდევნისა და მისი უნიკალურობის ილუზიის გაფანტვა მე მაინც დაუმთავრებელი მგონია, ვიდრე იგი, ადამიანი, თავისი სხეულის ბატონ-პატრონად რჩება. წინა ესეებში გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანი, როგორც სუბიექტი, სინამდვილეში შეიძლება იყოს მხოლოდ ჰალუცინაცია, რომელიც ორგანიზმში ჩნდება, რომელიც მხოლოდ ნერვულ სისტემაში განვითარებული მოლანდებაა, ცხადია, სოციო-კულტურულ ქსელში გულმოდგინედ გაზიარებული და მრავალფეროვანი მითებით შემკული. ამით, ვფიქრობ, ადამიანი არამარტო სამყაროს ცენტრიდან, თავისივე სხეულის ცენტრიდანაც განიდევნება რეალურობის პერიფერიაზე, ჰალუცინაციების პროვინციაში.  

მაგრამ არც ამგვარი გაძევებაა, ვეჭვობ, საბოლოო, რადგან ხელუხლებელი რჩება განსაკუთრებული, პრივილეგირებული კავშირი, რომელიც ადამიანს აქვს დროსთან. ვგულისხმობ აწმყოს. როგორც ცნობილია, ფიზიკურ სამყაროში არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული მომენტი, რომელსაც აწმყო შეიძლება ეწოდოს. ფიზიკური სამყარო მოვლენათა თანმიმდევრობისგან შედგება, როგორც კიბე საფეხურებისგან. არადა, აწმყოს წყალობით ამ სამყაროსთან, მთელ კოსმოსთან თითქოს განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თითქოს აწმყო ჭიპლარი იყოს, რომლითაც კოსმოსი გადაბმულია თავის, ჯერ კიდევ, განსაკუთრებულ შვილთან, ადამიანთან. მე კი მგონია, რომ ამგვარი წარმოდგენა ემყარება ჩვენს კიდევ ერთ ძველთაძველ ილუზიას. არა, იმას კი არ ვამტკიცებ, რომ აწმყო ილუზიაა. საქმე, ვფიქრობ გაცილებით სერიოზულადაა, რადგან ამ ილუზიის უტყუარობაში ჩვენს დარწმუნებას კულტურასა და ტრადიციასთან ერთად დაუღალავად ცდილობს კაცობრიობის უდიდესი და უძლიერესი, თანაც დაუღალავი ილუზიონისტი - მისი უდიდებულესობა ენა.

ახლა კი საღად დაუკვირდი, რომ ილუზია არის არა თავად აწმყო, არამედ ის, რომ აწმყო დროა, დროის ნაწილია, დროის ნაირსახეობაა, რომ აწმყო ისევეა დრო, როგორც წარსული და მომავალი, და რომ „ახლა“ ჰქვია დროის ნაწილს, როგორც „მანამდე“ და „მერე“. ჩემი აზრის, იმედია, უკეთესად გამოსათქმელად იმავე ფიზიკოსებს დავესესხები ორ ტერმინს, რომლებსაც გრძნობადი, სენსორული ინფორმაციის დასახასიათებლად გამოვიყენებ. სკალარულს უწოდებენ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც მოკლებულია მიმართულებას, ხოლო მიმართულების მქონე სიდიდეს ვექტორული ჰქვია. ამის გათვალისწინებით ვიტყვი ისეთ რამეს, რამაც, მკითხველო, შესაძლოა ცოტა ყური მოგჭრას, მაგრამ მალევე, გზადაგზა განვმარტავ, რადგან ნებისმიერი ტერმინოლოგია უნდა იყოს თუნდაც რადიკალური, მაგრამ მკაფიო აზროვნებისთვის გამოსადეგი და არა „ღრმააზროვანი“ ნაცარი ვინმესთვის თვალებში შესაყრელად. 

ცნობიერება არის ნებისმიერი - რეალური, სიზმრისეული, ფსიქოდელიური - სახისა და წარმომავლობის სკალარული სენსორული ინფორმაციის ვექტორული სინთეზი. (ჯვარი აქაურობას). ხოლო აწმყო არ არის დრო, აწმყო არ წარმოადგენს დროს. აწმყო არ ეკუთვნის დროს, აწმყო არაა დროის ტემპორალური ანუ საკუთრივ დროითი „ნაწილი“. არამედ, აწმყო არის მიმართულება! აწმყო არის მიმართულება, რომელშიც ან რომლის მიხედვითაც ხდება სტატიკური - სკალარული ანუ თავისთავად მიმართულების არმქონე - სენსორული ინფორმაციის გაერთიანება მიმართულების მქონე ანუ ვექტორულ მოძრაობად. ამასთანავე, აწმყო არის სუბიექტი! სხვა სიტყვებით, სუბიექტი არის აწმყო ანუ მიმართულება...

შენ თვითონ უნდა იყო ეს მიმართულება იმისთვის, რომ იყო სუბიექტი, რომელიც მოძრაობას, როგორც მიმართულების მქონე პროცესს ქმნის. ცხადია, ესეც თავის მხრივ ჰალუცინაციური პროცესია, რადგან გრძნობის ორგანოებით მოპოვებულ და ტვინის მიერ აგებულ უძრავ კადრებს, ამ წყვეტილ, დისკრეტულ და სტატიკურ ინფორმაციას იგივე ტვინი აერთიანებს გრძნობად აღქმაში თავდაპირველად არარსებულ უწყვეტ მოძრაობად. რადგან და რამდენადაც უნდა იყო მოძრაობის შემქმნელი მიმართულება, ამიტომ და ამდენად შენი ცნობიერება სუბიექტურია და მხოლოდ პირველი პირის სუბიექტურ პერსპექტივაშია მოცემული. შესაბამისად, ცნობიერება არასოდეს გახდება ობიექტური დაკვირვების საგანი.

ასევეა აწმყოს საქმე. აწმყო არის თავისთავად აბსტრაქტული მიმართულება, რომელიც არასოდეს უშუალოდ არ გვეძლევა, არასოდეს დამოუკიდებლად არ არსებობს, არამედ ყოველთვის მიმართულების მქონე პროცესიდან, რამე მოძრაობიდან მიიღება აბსტრაქციის გზით. როგორი მარტივიც არ უნდა იყოს სწორ გზაზე გაქანებული მანქანის მოძრაობა, მისი მიმართულება არ არსებობს და არც აღქმაში არ გვეძლევა თვითონ მოძრავი სხეულისა და მისი მოძრაობისგან დამოუკიდებლად. ამით იგი ჰგავს ნებისმიერ მათემატიკურ ობიექტს. ფიზიკურ სამყაროში ხომ ნებისმიერი რიცხვი - ვთქვათ, ორი -  ყოველთვის ორი ცალი მატერიალური მოვლენის ან ციფრის, ორიანის, სახით გვეძლევა და არასოდეს წმინდა, ასე ვთქვათ, განუხორციელებელი სახით.

ასევეა მიმართულებაც, ასეთივე აბსტრაქტულია მოძრაობის მიმართულება. ამიტომ აწმყო აბსტრაქციაა, უფრო ზუსტად, აბსტრაქტულია... და იმისთვის, რომ იგი რამენაირად უშუალოდ, წმინდა სახით და ახლოდან დაინახო, თვითონ უნდა იყო ეს აბსტრაქტული აწმყო. და რადგან აწმყო არის სუბიექტი, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი, როგორც საკუთრივ სუბიექტი, აბსოლუტურად უხილავია გარედან, არამედ ყველგან და ყოველთვის კონკრეტულ ორგანიზმში განსხეულებული გვევლინება. სუბიექტს მხოლოდ მაშინ შეხვდები უშუალოდ, როცა შენ თვითონ იქნები ის სუბიექტი. ეს კი ნიშნავს, რომ თვითცნობიერება და რეფლექსია კი არაა ცნობიერების წყარო, როგორც ცნობიერების, ეგრეთ წოდებული, მაღალი რიგის, უაღრესად ავტორიტეტული თეორიები (HOT) გვარწმუნებს, არამედ პირიქით: თვითცნობიერება წარმოადგენს ცნობიერების მდგომარეობას და საგანს.

სხვა სიტყვებით, სადაც არის ცნობიერება, იქ აუცილებლად იქნება თვითცნობიერება თუნდაც სრულებით ელემენტარული, ჩანასახოვანი სახით. ეს მკრთალი თვითცნობიერება მართლაც ახლავს ჰალუცინაციურ ცნობიერებას, რომელსაც თითქმის სრული დეპერსონალიზაცია შეიძლება ახასიათებდეს. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ შეუდარებლად აშკარაა მკითხავების მრავალძარღვას (Salvia Divinorum) ძლიერი ჰალუცინაციური ზემოქმედებისას, როდესაც არაფერი აღარ გახსოვს შენს თავზე, არ გახსოვს, თუ ვინ ხარ, რა გქვია, აღარ გაგაჩნია საერთოდ არანაირი ბიოგრაფია და წარსული. ასეთ დროს მხოლოდ ჰალუცინაციური მხედველობის ათვლის წერტილი ხარ, პერსპექტივის საწყისი წერტილი და სხვა არაფერი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ განცდას, გრძნობას, რომლითაც შეფერილია მოლანდებული სანახაობა. ისიც კი არ გახსოვს და არ იცი, რომ ოდესმე და სადმე ვინმე იყავი. რაც ასეთ მდგომარეობაში ნათელია შენთვის, ორადორი სიტყვით გამოითქმის: „ვხედავ“ და „განვიცდი“.

ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითცნობიერება არის ცნობიერების თანდაყოლილი ნაწილი და არა მისი გამომწვევი თუ განმსაზღვრელი მიზეზი. სხვა სიტყვებით, თვითცნობიერება ჩნდება ცნობიერების პერსპექტივაში, როგორც ერთ-ერთი მასთან უახლოესი რამ; როგორც შენს საკუთარ ხელს ან მხარს ხედავ შენთან ახლოს. ცნობიერებისთვის, მგონი, განცდაც ასეთივეა. ამიტომ ჩვენი განცდებიც, გარკვეული აზრით, მიმართულების მაჩვენებელი ანუ სტატიკურის დინამიკურად, სკალარულის ვექტორულად გადამკეთებელი და მოძრაობის შემქმნელი კომპონენტი უნდა იყოს ელემენტარული ცნობიერების ქსოვილში. მაგრამ განცდა და გრძნობა რამდენადმე სხვა საკითხია. აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ცნობიერება მტკივნეულია.

ამრიგად, ცნობიერება არის ის, რაც ქმნის და გამუდმებით თან ახლავს მოძრაობის ჰალუცინაციას. თუნდაც მხოლოდ ამიტომაა თვითონ ცნობიერება ჰალუცინაცია, რომელიც სხეულშია დაბინავებული, როგორც ამ სხეულისთვის უცხო და სხვა. ასე ახალ განხრას იძენს ცნობიერების ჩემი „ჰალუცინაციური ჰიპოთეზა“. უკვე არა მაინცდამაინც რომელიმე გენეტიკური და ავადმყოფური მუტაციის შედეგად ჩნდება ორგანიზმში შინაგანი უცხო არსების ჰალუცინაცია. დღეს ვფიქრობ, რომ ამგვარი რამ შეიძლება მაშინ ჩნდება საკმარისად განვითარებული არსების, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის, ტვინის სიღრმეში, როდესაც იქ იწყება გრძნობის ორგანოებით მოპოვებული ცალკეული უძრავი ფრაგმენტების გაერთიანება და შერწყმა თანმიმდევრულ, უწვეტ მოძრაობად. ამიტომ უნდა დავაზუსტო, რომ მხოლოდ პირობითად შეიძლება ამ შემთხვევაში უძრავ კადრებსა და სტატიკურ სურათებზე საუბარი. კადრი და სურათი ვინმეს მიერ მათი დანახვის შესაძლებლობას გულისხმობს. მაგრამ ვიდრე დანახულისა თუ გაგონილის მოძრავ ნაკადს შექმნის, მანამდე ტვინი, განსაზღვრების ძალით, ვერც აცნობიერებს, ცნობიერად ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს ვერაფერს. ეს ყველაფერი მხოლოდ მიმართული „გადაბმის“ შემდეგ და განმავლობაში ჩნდება, რადგან მხოლოდ ამგვარი გადაბმა და ამოძრავება გულისხმობს ცნობიერებას, მასთან ერთად თვითცნობიერებას, სუბიექტს და აწმყოს. ჰერაკლიტე ამბობს - პანტა რეი, ყველაფერი მიედინება. როგორც ჩანს, მართლა ასეა, როცა კი საქმე ადამიანს ეხება.

რენე მაგრიტი, ნოსტალგია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^