Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განსხვავებულობის ტვირთი

29 ნოემბერი 2016

ოდესმე გიფიქრიათ, რამხელა სიმამაცე სჭირდება ოჯახის წევრებთან მისვლას და თქმას, რომ გეია?

ანდაც, როგორ ახერხებენ ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ადამიანები, აუმხედრდნენ ჩაკეტილ, კონსერვატიულ და დაკომპლექსებულ სამყაროს, ბიოლოგიური სქესის მიუხედავად, ჩაიცვან ქალის ან კაცის ტანსაცმელი და იყვნენ ისინი, ვინც არიან?.

გიფიქრიათ ემოციებზე, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხზე, რომლებსაც ოჯახისა და საზოგადოებისაგან  უარყოფილი, ეს მამაცი ადამიანები განიცდიან?

ალბათ, არა.

ჩვენი საზოგადოების ტრაგედია ბავშვობიდან იწყება. სახლიდან, საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებიდან, სადაც ყველაფერს გვასწავლიან თავისუფლების გარდა. სამაგიეროდ გვაწვდიან სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციისათვის გამზადებულ შაბლონებს როგორც ნორმას, რომლიდან გადახვევაც დაუშვებელია. ალბათ, ბევრი, ჩვენგანისათვის აუკრძალავთ მეშვიდე-მერვე კლასში გათხოვილ თანაკლასელთან ლაპარაკი. ისე, თითქოს, რაიმე განუკურნებელ დაავადებას გადმოგვდებდა. დაუშლიათ მანერული ქცევების მქონე ბიჭებსა და ბიჭური ჩაცმულობის მოყვარულ გოგოებთან მეგობრობა. სამაგიეროდ, წაუხალისებიათ ბულინგი მათ მიმართ.

ჩვენ ბავშვობაში ყველაფერს გვასწავლიან ადამიანის სიყვარულის გარდა. ადამიანის, რომელიც ქალსაც მოიცავს და კაცსაც, ტრადიციულსაც და განსხვავებულსაც.  არ გვასწავლიან სხვისი არჩევანის პატივისცემას, პირიქით, ტაბუს ადებენ.

ჩვენ ბავშვობიდან გვინერგავენ, რომ განსხვავებულობა საშიშია. ინდივიდუალიზმი - მიუღებელი. ალბათ, ამიტომაც ჰგონია დღემდე ბევრს ჰომოსექსუალობა გადამდები. სინამდვილეში კი წარმოდგენა არა აქვთ, რამდენი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთან ერთად მსხდარან ქართულ, ტრადიციულ ღრეობაზე და უსვამთ ვაჟკაცობის სადღეგრძელო.

ადამიანები კომფორმისტები ვართ. კომფორმისტები, რომლებსაც, უფლების არქონის მიუხდავად, სხვების კონტროლი გვიყვარს. ასეა სექსუალური უმცირესობების შემთხვევაშიც. რომლებიც ჩვენი კომფორტის ზონას არღვევენ.  ამიტომაც, განსხვავებულის ჩაგვრით, მასზე ძალადობითა თუ შეურაცხყოფით, სხვა ჩვენნაირების კომფორტის ზონასაც ვიცავთ, რადგან ვიცით, რომ მხარს დაგვიჭერენ, საქციელს მოგვიწონებენ, არ დაგვსჯიან და პირიქით, წაგვახალისებენ.

ალბათ, ასე მუშაობს ოჯახის ტრადიციებისა და სიწმინდის დღის დაცვის დემონსტრაციები რუსთაველზე. იმ ოჯახების, რომელსაც სიწმინდის გარდა, ყველაფერი სცხიათ. ასე მუშაობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმები განსხვავებულებისადმი, მათი გარიყვა საზოგადოებისაგან. ასე მუშაობს ტრანსგენდერების მკვლელობებიც, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილები, როდესაც ჩამდენებმა იციან, რომ საზოგადოება შემწყნარებელი იქნება.  

შემწყნარებელი იქნება სამართალიც. ის, სამართალი, რომელიც, აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებულს პასუხისგებისაგან ათავისუფლებს.

გიფიქრიათ, გარდაცვლილ, 25 წლამდე ტრანსგენდერზე, რომლის დაკრძალვაზეც სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა?. იმ მეორეზე, რომელიც პირადობის მოწმობის სახელით მიაბარეს მიწას? გიფიქრიათ, იმ ყოველდღიურ დამცირებაზე, რომლებსაც ეს ადამიანები გადიან? ანდაც, სექსმუშაკის იარლიყზე, რომელსაც მედია აწებებს?.

ბოლოდროინდელი შემთხვევები კარგად აჩვენებს, განსხვავებულობის ტვირთის სიმძიმეს და იმ აგრესიის ტალღას, რომელიც ტრანსგენდერებისადმი, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფისადმი, ასე აშკარად წამოვიდა. ჯგუფისადმი, რომლის წევრთა მიმართ ძალადობას სიკვდილის შემდეგაც ვაგრძელებთ და მათ ცხოვრებისეულ არჩევანს არც გარდაცვალების შემდეგ ვცემთ პატივს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^