Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სხვა გზა თუ არ დაგრჩა

20 დეკემბერი 2016

ნუთუ ენა, ბუნებრივი ენა არის დისოციაციის სამკურნალო წამალი? ნუთუ ენა არის აბლაბუდა, რომლის ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს აწმყოს ორ განშტოებას, ანუ ცნობიერებასა და სუბიექტს? თუ ასეა, პირველი, რაც უნდა ვიფიქროთ ისაა, რომ რადგან ორივე - ცნობიერება და სუბიექტი - არის მიმართულება და, როგორც ასეთი, გარკვეული მოძრაობისა და ცვალებადობის საფუძველი, მათ შორის გაბმული ქსელი მოკლებული იქნება ამ უნარს. სახელდობრ, მოკლებული იქნება ნებისმიერი სახის უახლოესი წარსულისა და უახლოესი მომავლის ერთმანეთთან დაკავშირების, ერთმანეთზე გადაბმისა და სათანადო ნაკადის შექმნის უნარს, რომელიც აწმყოსგან „მემკვიდრეობით“ უნდა ჰქონდეს მიღებული მის განშტოებებს - ცნობიერებასა და სუბიექტს. შესაბამისად, რადგან არ ემთხვევა არც ცნობიერებას და არც სუბიექტს, ამიტომ ეს ქსელი ანუ ენა, არსებითად დროისგან განყენებული, „ზედროული“ უნდა იყოს, რაც სემანტიკის პირველი ჩანასახი ჩანს. ასე წარმოდგენილი ბუნებრივი ენა მდინარის ზუსტად საპირისპიროა, მისი ნეგატიური გამოსახულებაა. თუ მდინარე არის მოძრავი ნაკადი, რომელსაც აქეთ-იქით ორი უძრავი ნაპირი გასდევს, ენა უძრავი „მდინარეა“ მოქცეული ორ მოძრავ „ნაპირს“ შორის. ამ აზრით ენა ნეგატიური მდინარეა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ენა არის ცნობიერებისა და სუბიექტის დისოციაციის სამკურნალო ან პრევენციული წამალი, ამით აიხსნება ჩვენი გატაცება, ასე ვთქვათ, აქტიური და პასიური ენობრივი ქმედებით - ლაპარაკით და მოსმენით,  წერით და კითხვით. ამათი მსგავსია ასევე ფიქრიც და უფრო დაქსაქსული შინაგანი მონოლოგიც. ეტიმოლოგიური არგუმენტები დიდად გამოსადეგი არ მგონია, მაგრამ ის ფაქტი, რომ „ტექსტი“ ლათინური სიტყვაა, რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა ქსოვილს, აქ მეტაფორულად მაინც შეიძლება გამოვიყენო: ენობრივი ტექსტი, შინაგანი თუ გარეგანი, ზეპირი თუ წერილობითი, ყველა შეთხვევაში არის „ქსოვილი“ - იგივე აბლაბუდა, იგივე ქსელი - რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცნობიერებას და მის სუბიექტს ან, გნებავს, სუბიექტსა და მის ცნობიერებას. ამრიგად, ხომ არ უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი ენა, მისი სემანტიკური „სუბსტანცია“ არის ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ინფორმაციულ ნაკადს, რომელიც ცნობიერებისა და სუბიექტის საფუძველზე წარმოიქმნება? თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არამარტო „გარედანაა“ ქსელური არსება, როგორც სხვაგან ვთქვი, არამედ შინაგანადაც ქსელშია გახვეული. მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს ფუნდამენტურ დისოციაციაზე ადამიანსა და ნებისმიერ სხვა არსებაში, რომელსაც ცნობიერება შეიძლება ჰქონდეს.

რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიდრე დისოციაციის თაობაზე განვაგრძობ, მოკლედ ჩავურთავ მოსაზრებას, რომელთანაც თანდათან მივედი და, რომელიც ადამიანის გარდა სხვა არსებებში ცნობიერების არსებობის მნიშვნელოვანი საკითხის ერთ ასპექტს ეხება. თუ აწმყო არის მიმართულება, მასთან ერთად ცნობიერებაც და სუბიექტიც გარკვეული მიმართულება უნდა იყოს. ალბათ შეიძლებ ითქვას, რომ სუბიექტი, მე, პირველ რიგში, არის მიმართულება, რომელიც აკავშირებს უახლოეს წარსულ ბიოგრაფიას უახლოეს მომავალ ბიოგრაფიასთან. ანალოგიურად, ცნობიერება არის მიმართულება, რომელიც აკავშირებს ცნობიერების უახლოეს წარსულ შინაარსს ცნობიერების უახლოეს მომავალ შინაარსთან. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ღამურას აქვს ცნობიერება, ისიც არსებითად ისეთივეა, როგორიც არის ადამიანის ცნობიერება, თუმცა, ცხადია, სრულებით განსხვავებულ „ბიოგრაფიას“ და შინაარსებს აერთიანებს. ასე რომ, მე მგონი, საკმაოდ უსაფუძვლო უნდა იყოს ცნობიერების ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ყბადაღებული მოსაზრება, რომელიც ფოლოსოფოს თომას ნეგელს ეკუთვნის: რადგან ღამურას აქვს ადამიანისგან სრულებით განსხვავებული შეგრძნების უნარი, რომელსაც მას აკუსტიკური სონარი ანიჭებს, ამიტომ ღამურას ცნობიერება პრინციპულად უცხო, წარმოუდგენელი და მიუწვდომელია ჩვენთვის, ადამიანებისთვის. მეტის უფლებასაც მივცემ თავს და ჩემს ამ შეხედულებას განვაზოგადებ: დედამიწის ხმელეთზე, ცასა და ზღვაში, ნებისმიერ უცხო პალანეტაზეც, ვისაც ან რასაც არ უნდა ჰქონდეს ცნობიერება, ის ყველგან და ყოველთვის არსებითად ერთი და იგივე იქნება, თუნდაც სრულებით განსხვავებული შინაარსებისა და ბიოგრაფიების ფრაგმენტებს აკავშირებდეს ერთმანეთთან.

ახლა კი ნელ-ნელა მივუბრუნდები დისოციაციას. უკვე სხვაგანაც არაერთხელ ვთქვი, რომ ცნობიერება და სუბიექტი არის აწმყოს განშტოებები; ხოლო აწმყო არის უახლოესი წარსულისა და უახლოესი მომავლის დამაკავშირებელი მიმართულება. რადგან განშტოება განშტოებულების რაღაცნაირ დაშორებას გულისხმობს, მე კი მგონია, რომ ცნობიერება და სუბიექტი ერთმანეთს ძირფესვიანად, უფრო ზუსტად, უკვალოდ არ შეიძლება მოწყდეს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ცნობიერებასა და სუბიექტს განვიხილავ აწმყოს ორი ძირითადი განზომილების სახით, ანუ როგორც ცვლადებს. ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება და სუბიექტი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც კოორდინატთა ღერძები კოორდინატთა ორგანზომილებიან სისტემაში. ამრიგად, ადამიანის ყოველი ცნობიერი მდგომარეობა ამ კოორდინატთა სისტემაში გამოისახება წერტილით, რომელსაც ყოველთვის შეესაბამება გარკვეული სიდიდეები ცნობიერებისა და სუბიექტის ღერძებზე.

ახლა კი საბოლოოდ მივუბრუნდები ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ვფიქრობ, განუყრელად დამახასიათებელ ფუნდამენტურ დისოციაციურ დაავადებას, რომელიც ჩემი ჰიპოთეზით წარმოდგება აწმყოს ბუნებიდან, კერძოდ იქიდან, რომ ცნობიერება და სუბიექტი აწმყოს განშტოებებია. განშტოება კი, განსაზღვრების ძალით, გულისხმობს რადიკალურად გამოხატულ დისოციაციას თუ არა, მისდამი განუხრელ მიდრეკილებას მაინც. ამით მარტივად აიხსნება, ასე თავდავიწყებით რატომ უყვართ ადამიანებს ლაპარაკი და სხვების ლაპარაკის მოსმენა; უფრო იშვიათად, მაგრამ არანაკლები გატაცებით რატომ უყვართ კითხვა და, საბედნიეროდ, კიდევ უფრო იშვიათად, წერა. ეს ყველაფერი მათ აზღვევს და კურნავს თანდაყოლილი დაავადებისგან, რომელსაც ჰქვია სუბიექტისა და ცნობიერების დაშორება, დისოციაცია! ხოლო დისოციაცია ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისთვის კარგად ცნობილი ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელსაც ჯანმრთელი ანუ უბრალო მოკვდავები სულ ცოტა ხნით და უვნებლად გაეცნობიან ხოლმე ამა თუ იმ ფსიქოტროპული ნივთიერების, ვთქვათ, ძლიერი მარიხუანას ან ჰაშიშის ზემოქმედების მეოხებით. ხოლო ხანგრძლივი, მით უმეტეს, ქრონიკული დისოციაცია ავადმყოფური მდგომარეობაა, საზოგადოებაში ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებასთან სრულებით შეუთავსებელი.

საზოგადოებას ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მის გარეშეც მარტივად აიხსნება, ვიმედოვნებ, რატომ ურჩევნია ცოცხალ სხეულს, ორგანიზმს, რომ მისი შინაგანი ჰალუცინაცია ანუ აწმყო არ დაავადდეს გადაჭარბებული დისოციაციით, ზედმეტად არ დაცალკევდეს ერთმანეთისგან დაშორებულ ცნობიერებად და სუბიექტად. მართლაც, ინტუიციურად ნათელი ჩანს, რომ ტვინის შინაგანი ეკონომიის კონტექსტში ერთი შინაგანი ჰალუცინაციის გაკონტროლება ნაკლებად „ხარჯიანი“ იქნება, ვიდრე ორის. და თუ ენა მართლაც წარმოადგენს საშუალებას ამ სახიფათო დაშლის, ავადმყოფური განცალკევების თავიდან ასაცილებლად, ასეთ შემთხვევაში, რამდენად დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, ენა ყოფილა ეკონომიის გამოხატულება და მხოლოდ „შემდეგ“ კომუნიკაციის საშუალება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტვინი საკმაოდ ბევრ ენერგიას და მეტ-ნაკლებად სპეციალიზებულ უბნებს უთმობს ენას, მის შესწავლას, ზეპირი და წერილობითი ტექსტების როგორც შექმნასა და გადმოცემას, ასევე აღქმასა და გაგებას. ასე რომ, მკითხველო, იფიქრე შენთვის, სხვებს ელაპარაკე და მოუსმინე, იკითხე სხვების მიერ დაწერილი და, თუ ჩემსავით სხვა გზა არ დაგრჩა, თვითონაც წერე. ესენი, როგორც ჩანს, ევოლუციის მიერ მოპოვებული, გამოცდილი და საკმაოდ სრულყოფილი წამლის ნაირსახეობებია; წამლის, რომელიც იმისგან გადაგარჩენს, რომ შენი სხეულისთვის არ იქცე ისეთ გაორმაგებულ ტვირთად, რომლისგან გათავისუფლების გზასა და საშუალებას იგი ადვილად იპოვის, თუნდაც თავისი სიცოცხლის ფასად, შენსაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მქსოველი ქალები, ძველი ბერძნული კერამიკა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^