Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ წაკუზავს დღეს ქართველს ყველა, როცა უნდა და სადაც უნდა…

21 დეკემბერი 2016

დაახლოებით სამი წელია, რაც ფეისბუქის კედელი გავხსენი და მას შემდეგ გამუდმებით ერთი საკითხი მაღელვებს - მინდა იმ მასალიდან, რასაც ამ სივრცეში ვეცნობი, ზოგადი წარმოდგენა შევიქმნა, თუ რა ტერიტორიაზე და რა დონეზე იმყოფება ქართული საზოგადოების მენტალობა და აქედან გამომდინარე რა განზომილებებს მოიხელთებს ქართული საზოგადოებრივი სინდისი.

გულახდილად რომ ვთქვა, მთელი ეს დრო გაუთავებელ მერყეობაში ვიყავი: ხან მეჩვენებოდა, რომ ჩვენი “ქართული გულწრფელობა/გულმიხეულობა/ფაქტს ატყეპებულობა” შეიძლება დადებით, ანუ “კარგი გულის” თვისებად ჩაითვალოს; ხან დიდი გულისწრიპინით ვცდილობდი წარმომედგინა, რომ გარკვეული განსჯის უნარები ჩვენს კომუნალურ ცნობიერებას მაინც გააჩნია, ზოგჯერ კი ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ დისკურსებში ჩაბმულობის ენთუზიაზმს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებაში, გარკვეულ სიფხიზლის ნიშნად წარმოვიდგენდი.

მოკლედ ზუსტი აზრი ვერ გამომქონდა, გაუთავებლად ვმერყეობდი და ნაადრევი დასკვნის გაკეთება კი არასწორად მიმაჩნდა.

და აი, სულ რამდენიმე დღის წინ, ჩემს ვოლზე რუსული მილიტარისტულ/აგრესიული იდეოლოგიის წინააღმდეგ გაზიარებულ პეტიციაზე, ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენი უშუალო და ცალსახა მტრის იდეოლოგიური თავდასხმების პროპაგანდის წინააღმდეგ დოკუმენტზე, რომელსაც, ჭკვიანი კაცისთვის, უპირველეს ყოვლისა მტრის წინააღმდეგ ერის გამაერთიანებელი ფუნქცია გააჩნია, ამ პეტიციის ოფიციალურ დოკუმენტად ქცევის შემთხვევაში კი ის საზოგადოებაში პრინციპული და ძლიერი რეზისტენტული ატმოსფეროს შექმნის საწინდარი უნდა გახდეს - აი ასეთმა პეტიციამ, სულ 1300 ხმა შეაგროვა და მალე დამუნჯდ/მიყრუვდა, პირველ რიგში მტრის გასახარად რასაკვირველია (ამ დროს მარტო ჩემი პირადი მეგობრების, “ფოლოვერების” და მეგობრობის სურვილის მქონეთა რიცხვი 9 000-ს აღწევს). ხოდა ამ ფაქტმა და ამ ფაქტის გარშემო სხავადასხვა კედლებზე ხალხის “ნაკომენტარ/ნაღადავებ/ნაღაღადებმა” საბოლოოდ გამაკეთებინეს დასკვნა იმ პრობლემასთან დაკავშირებით რაც ტექსტის დასაწყისში ვახსენე - თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ქართული საზოგადოების მენტალობა.   

მოკლედ ის, რაც მოხდა სამარცხვინო, უსამარცხვინოესი შედეგია ერისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ოკუპაცია ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს ცოცვას და საზღვრის იქიდან ოკუპანტი არა მარტო პირქუშად გვიმზერს, არამედ გატლეკილი და ზიზღით გაჯერებული ტექსტებით იმუქრება და დიდგულოვნად ბაქიობს.

ამგვარ სიტუაციაში, ასეთ პეტიციას პრიბალტიკაში… რუსი მოსახლეობის გარდა, უ კ ლ ე ბ ლ ი ვ ყველა მოქალაქე მოაწერდა ხელს! - ამაში ნამდვილად ვერავინ გადამარწმუნებს! ძლიერი, გონიერი და ამის გამო მუშტად შეკრული ხალხია და სწორედ ამიტომაც გრძნობენ მათი მთავრობის წარმომადგენლები თავს ასე დამაჯერებლად და ასეთ სიმპათიას იმსახურებენ.

საქართველოში კი, ანუ ბალტიისპირეთი შედარებით კიდევ უფრო მწვავე სიტუაციაში მყოფ ქვეყანაში, მაშინ როდესაც პეტიცია ითხოვს, რომ სამშობლოს ოკუპანტის და ერის მჩაგვრელის აგიტაცია პროპაგანდაზე საკითხი დაისვას, რომ მას არ მიეცეს დაშინება/დაყვავების საშუალებით სუსტი სულების დაფრთხობა/გადაბირება - ქართველობას მისთვის ძალიან სიმპტომატური რეაგირება ჰქონდა: ჟელესავით გამლღვარ/მოთახთახე ცნობიერებისთვის დამახასიათებელი, რომელსაც არანაირი არტიკულირებული გამორკვევა/შეფასების უნარი არ გააჩნია სამყაროსა და გარემოს ფაქტების მიმართ; ისეთი ფაქტების მიმართაც კი, რომლებიც მის უშუალო უსაფრთხოებას და სუვერენობას ემუქრება! გასაოცარი კონდიციაა…

რატომ? მოგახსენებთ.

იმიტომ, რომ მითო/ზღაპრების დამამკვიდრებელი პარადიგმების დამჯერი მუტრუკებ/რობოტების საზოგადოება პრინციპულად დამთავრდა - ინდივიდუმების კეთილშობილი ერთობისთვის კი ქართველის ცნობიერება ნამდვილად არ არის ჯერ მზად! ჩვენი ცნობიერება მხოლოდ ახლა იწყებს ფართხალს - ანუ სიტყვების, ტერმინების, ცნებების და დაგლეჯილი კონცეფციების ნაფლეთ/ფრაგმენტების შინაარსმოკლებული აკინძვა/გადაკინძვების დონეზე (სამწუხარი ის არის, რომ ეს ფართხალი მას აზროვნებად  ეჩვენება). დღეს ქართველი „ინდივიდის” გონება შინაარსგამოცლილ ენობრივ სეგმენტებს შეძლებისდაგვარად აკოწიწებს, საზიზღარ/სასაცილო (ამაზრზენი რომ არ ვთქვათ) - უმეცარ კოლაჟებში. ასეთი მობლანდავე, მიკიბ-მოკიბულ, მიდებ-მოდებული ცნობიერება სიზმარში თუ დაგესიზმრება კაცს და ყოველთვის ერთის ნიშანია - ახალი ცნობიერების ფენომენის სრულიად ჩანასახობრივ მდგომარეობაში ყოფნის!

უნდა ნახოთ, ამ პეტიციასთან კავშირში ინტერნეტის კედლებზე, კომენტების სახით რა სპექტრის და რა „გასაქანის” დღლამუზი მსჯელობა/პროტესტები არ გაცხადდა. აშკარაა - ქართველი ინდივიდის ცნობიერებაში არეკლილ სამყაროს წახნაგები ჯერ არ გააჩნია - ფაქტების აღქმა/დანახვას და გააზრებას არანაირი სიმწყობრე არა აქვს, ეს სიმწყობრე კი, როგორც ვიცით, შემდგომში დიდი და მოცულობითი განზოგადებების შესაძლებლობის გარანტიაა. ასეთი განზოგადებების უნარის გარეშე კი ცნება „ერი” ხორცს ვერ შეისხამს, რადგან ამ ცნებაში სწორედ რომ დიდი განზოგადებების შედეგად მოპოვებული შეფასება/დამოკიდებულების გარკვეული მორალურ-ეთიკური ერთობა იგულისხმება.

სწორედ ამ მიზეზის გამო დარწმუნებული იყავით, რომ ყველა(!), ყოველთვის ისე გადაგვივლის და გვიხმარს, როგორც მათ ეს მოეპრიანებათ! და ნამდვილად არ გაგიკვირდეთ, რომ ნაძირალა დუგინის სიტყვები ერთ დღეს ასრულდეს - საქართველო დაიშალოს, ან ჟირინოვსკის ვნება/სურვილი ახდეს და თბილისი დაბომბონ…

- ასე ხდება: როცა უნიათს წაკუზავენ - მერე უზამენ კიდევაც…

პეტიციაზე რეაქციებმა (კომენტარებმა), რომ იტყვიან უკლებლივ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ცალსახად გამოკვეთა ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება/მენტალიტეტის ჭეშმარიტი სახელი: "ხალადეც/აჯაბსანდალი". ესენი ხომ ძალიან სპეციპიკური კერძებია ვიზუალური და „სენსიბილური” თვალსაზრისით; ერთიანი სხეულის აჭრილ-დაჭრილ-დაკეპილი ნაწილების ჯანჯუხი, სადაც პირველსაწყისები (სიმბოლური თვალსაზრისით: საწყისი სააზროვნო მოცემულობები - ანუ რისგან არის ეს ხალადეცი გაკეთებული) სრულებით არ იცნობა და ყველაფერი ერთ რაღაც თოხთოხა ჟელეშია გადაზავებულ-ჩაზელილი. ამ ჟელეს ზედაპირზე კი მხოლოდ ცარიელი ნიშნებ/ტერმინები იკითხება თახთახ/თონთლოდ. ასეთი ფორმამოშლილი ცნობიერება ყველაფერში, ყველაფერს, ყველაფრიდან იზიდავს, აზავებს და აბრტყელებს - რახან არ ესმის - პირველხარისხოვანი და მეორე, ცენტრალური საკითხი და პერიფერიული, არსობრივი და ზედნაშენი.

აი ასეთი „ბრუტალური” სურათია ქართული საზოგადოებრივი “ცნობიერება” და ამ უბედურებასთან ერთად დღევანდელი ქართველი კიდევ თვითცენტრული ნარცისიცაა - ყოველ გაცხადებულ დოკუმენტში (კონეფცია/იდეაში) ჯერ და უპირველეს ყოვლისა თავის თავს ირეკლავს და აღიქვამს - ანუ სად, როგორ და რა ხრიკით შეიძლება საკუთარი თავი დაინახოს, ჩააწებოს ან ჩაამატო/ჩატენოს მოვლენაში. არანაირი მოკრძალება, მიმღებლობა, აზრის დაუინტერესებელი რეფლექსია არ ჩანს ამ ეგოცენტრულ ფუსფუსში - „მოაზროვნის” უმთავარესი მიზანია რ ა ი მ ე „თავისი” დამოკიდებულება გაიჩინოს საგანთან, მოვლენასთან, კონცეფციასთან, რომ რამენაირად თ ვ ი თ ო ნ დაფიქსირდეს შიგნით რაიმე სახით - აქ ინდივიდუალობის მოთხოვნა კი არ იჩენს თავს - ეს უბრალოდ „ეგოს” კივილ/ძახილია. ვის აინტერესებს საქმე ობიექტურად ან ობიექტური შედეგი, მთავარი, საკუთარი თავის რაიმე ხერხით ინსტალიაცია საზოგადოებრივ წარმოდგენა/სხეულში (ისე, ქუჩურად რომ ვთქვათ - “ჩემი აზრი ეგაა ტო…”)! სულ ერთია რა დონის არის ადამიანი, რა განათლების მატარებელი, აზროვნების რა პოტენციის - ყველა უკლებლივ სრული კომპეტენციით და 100%-იანი „რწმენით“ ამტკიცებს - ოღონდ ღმერთმა უწყის რას!

ცალსახა და ერთმნიშვნელოვან მტრის (თვალწინ რომ გიდგას, მავთულხლართები გაგიბა, ძმები დაგიხოცა, მიწა წაგართვა, მოცოცავს და გემუქრება) იდეოლოგიისგან თავდაცვის თემაზე მსჯელობისას უცბად ქართული ცნობიერება, არსაიდან და „უპრაგონოდ” სერიოზულ არგუმენტად შემოიტანს: რომ მტერს ზოგი კერძი ძალიანაც კარგი და გემრიელი აქვს; რომ მტერს მომხიბლავი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჰყავს; რომ მათი რომელიღაც მსახიობი, სიმღერა, ან ნოველა/რომანი ნამდვილად ღირებულია; ან განგიცხადებს, რომ თუ უშუალო მტრის და შენი ტერიტორიების ოკუპანტის იდეოლოგიას აპროტესტებ, რატომ ბარემ მთელი იმპერიალიზმის, ან საერთოდ ისტორიულად კაცის მიერ კაცის ჩაგვრაც არ მივაყოლოთ, ან ეგებ ჯობია მსოფლიო ბანკ/კორპორაციებს ჩავუდგეთ ბარემ კრიჭაში; ან, გაცხადდება, რომ მტერთან საერთო რელიგია გვაკავშირებს და ამ საფუძველზე პირიქით, უნდა შევკავშიდეთ და გავერთიანდეთ - ვითომ საერთო რელიგიის მატარებლებს ერთმანეთი არ გადაუხოციათ უამრავჯერ კაცობრიობის ისტორიაში; ან კიდევ, “დამაჯერებელი” ტონით ვიღაც ალტერნატივას შემოიტანს - რომ თურმე დასავლეთი ირყვნება, აქოთებულა და მათი გამრყვნელი ბაცილისგან თავის დაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, - ნუ აი ასე ზუსტად გაიაზრეს და სულის სიჯანსაღეს უფრთხილდებიან მატერიალურ სამყაროზე უკვე ამაღლებული ქართველთა სულები!

მოკლედ ა.შ. და ა.შ.

ხოდა ამ სიგიჟის ფონზე, ასეთი “ხალადეც/აჯაბსანდლით” მოწამლულს შეიძლება კაცს დაგებინდოს გონება და გაგეფიქროს: მართლაც, რატომ პირდაპირ სამოთხის კარის გაღება არ მოვთხოვთ იმას, ვინც ეს კარი ერთხელ ჩაგვიკეტა და პეტიცია სწორედ ამ საკითხზე არ შევადგინოთ… რაღა ამ რუსს გამოვეკიდეთ?

აი ასე შეიძლება „დაყლ...დე” ასეთ „გამოყ...ბულ” გარემოში!

სამწუხაროა, მაგრამ დასკვნა ასეთია: „თვითგამოხატვის და ინდივიდების ეპოქის” ალღო ვერ აღებული და ამიტომ საკუთარ “ეგოზე” დაფიქსირებული ქართველობა განუწყვეტლად ბლუყუნებს თავისმტკიცების პათოსში, რახან გონი არ და ვერ მუშაობს ფაქტების, ხარისხების, სისტემების, კატეგორიების გამოყოფა/გაფორმება/განზოგადებების რეჟიმში.

და ყველაზე საშიში და დამთრგუნავი იცით რა არის? - სწორედ ასეთი ტიპის გონებების არსებობის გამო ქართულ სოციალურ გარემოში კ ო ლ ა ბ ო რ ა ც ი ო ნ ი ზ მ ი ს სუნი ტრიალებს ჰაერში; მტერი შენ ქვეყანას ოკუპაციას რომ გაუკეთებს და ეგრევე ოკუპანტის პოლიციაში იწყებ მუშაობას… - ხომ გახსოვთ ასეთები ვინც და რაც არიან და ოკუპაციის გათავების შემდეგ რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ!

 . . .

სულ პაწაწინა ვიყავი - აი პირველად რომ იწყებ აღმოჩენას და სრულიად გაოგნებს და ოცდები, რომ თურმე, კონკრეტული ფაქტების და მოცემულობების სიმბოლურ/პირობითი განზოგადებების პროცესები არსებობს, რომელთაც „დიდი დასკვნები” მოჰყვება. და რომ ეს უზარმაზარი ძალაა, ანუ შენი ცნობიერების სამყაროზე ამაღლების შანსია. მოკლედ ისეთი მცირეწლოვანი ვიყავი, როცა ფილმი „გიორგი სააკაძე” კიჩად კი არა, დიდ მონუმენტურ/დიდაქტიკურ ნათელღებად გეჩვენება და სწორედ იქიდან ჩამრჩა მეხსიერებაში „გასხივოსნებულ” ცოდნად ასეთი ფრაგმენტი ფილმიდან: გიორგი სააკაძე შვილ პაატას ისარს ატეხინებს, მერე კი ისრების კონას სთავაზობს და შვილი პაატა რომ ვერ ახერხებს მათ გადატეხვას, გიორგი „მონუმენტურ” დასკვნას უცხადებს: - ერთობის ძალაზე და ამგვარი ძალის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე! აი ასეთი „ფილოსოფიური რეფლექსიის” „დიდმა მაგალითმა” მოახდინა ჩემზე ბავშვობაში შთაბეჭდილება!

მაგრამ დღეს კი ვიცი: „ფილოსოფოს” გიორგის თავში არ მოსვლია, რომ სანამ ადამიანების ასეთ ერთობის კონაში გაერთიანების შესაძლებლობა გაჩნდება, ისინი ჯერ ისრებად უნდა შესდგნენ - მიზანდასახულ, ანუ განწმენდილი მიზნის მქონე მოძრაობის პოტენციის შესაძლებლობად, წრფივ/სწორხაზოვანი სწრაფვის უნარის მქონე შანსად - და რომ მხოლოდ ასეთი მახასიათებლების არსებობა აყალიბებს თავად ისრის მიზანსაც - მტრის ცხადი და განწმენდილი ხატის ხედვას! ასეთი თვისობრიობა კი ისართა კონის შეკვრის საშუალებას განაპირობებს. ამიტომ ჯერ ადამიანი ისრად უნდა შესდგეს - ამის საწინდარი კი ბასრი და კონცენტრირების უნარის მქონე ინტელექტია (რაც როგორც აღმოვაჩინეთ ქართველისთვის ჯერ საოცნებო საგანია) და არა „ხალადეცი” და მხოლოდ შემდეგ შეიკვრება ისრები კონად. თუ არადა, იყავი და შეკარი კონად, რაც ხელში მოგხვდება, ეგ მიზანდასახული შეგნებული ერთობის სიკეთეს და სასურველ შედეგს ვერანაირად ვერ მოიტანს. ეს ყველაფერი გიორგი სააკაძეს პაატასთვის არ აუხსნია და, როგორც ვთქვით, არ იცოდა მაშინ გიორგი სააკაძემ, რომ საზოგადოება მართვადი მუტრუკების ერთობიდან ინდივიდ/პიროვნებების ერთობის გზას დაადგებოდა, სადაც ისრობა ადვილი საქმე არ არის, დიდი ვალდებულებაა, რომელიც საღ, ქმედით და გამჭრიახ გონებას მოითხოვს და ამ გზაზე საქართველოს და ქართველს ნამეტანი უჭირს დღეს.

პეტიცია, პეტიცია - როგორ გაგიჭირდა “პეტიტ” გონებას რომ გადაეყარე…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

მომავლის ლექსიკონი გენდერული: ანუ ჩამოლა ...

ის, რასაც დღეს ჰომოსექსუალობის „პროპაგანდას” ეძახიან, იმ ომის ნაწილია, რომელიც ზოგადად სოციალური შ ...
20 ივნისი
20 ივნისი

საწნახელი და ბედუინის დღიური

სადაც პატრია რქიანი ხარ, ბარემ მონა რქიანიც რომ გახდე, რაღა დაშავდება? მოკლედ, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, კაგებეშნიკე ...
20 ივნისი
20 ივნისი

რას იზამ, მოგვიგეს რა...

საცობი, საყვირი, „იმოძრავე, იმოძრავე“ ყრუ ხმა ტრიბუნიდან და გაუსაძლისი სიცხე. ვდგავარ მესხის მიმდებარე ტერიტ ...

მეტი

^