Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უცოდველი სულები

06 იანვარი 2017

იმ შეხედულების თუ ჰიპოთეზის მიხედვით, რომელსაც მე შეძლებისდაგვარად ვავითარებ, აწმყო არის მიმართულება უახლოესი წარსულიდან უახლოესი მომავლისკენ. ამიტომ, რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს იგი ობიექტურ, ფიზიკურ დროში, აწმყოს მაინც აქვს არა მარტო ფიზიკური დასაწყისი და დასასრული. არამედ აწმყო, როგორც ჩანს, აღჭურვილია თავისებური ანჯამებით, რომლებითაც იგი უახლოეს წარსულსა და უახლოეს მომავალზე კარივით კიდია. სწორედ ეს ანჯამები არის აწმყოს, როგორც მიმართულების, დასაწყისი და დასასრული, მიმართულების „აქედან“ და „იქით“, რომლებიც აკავშირებს ერთმანეთთან უახლოეს წარსულს და უახლოეს მომავალს. ნუთუ შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება არის აწმყოს დასაწყისი, ხოლო მისი დასასრული არის სუბიექტი? თუ ასეა, ცნობიერება თვითონ არის უახლოესი წარსული, ხოლო სუბიექტი არის უახლოესი მომავალი. 

უფრო ნათელი და თვალსაჩინო რომ გახდეს, ასეც შეიძლება ითქვას: ცნობიერება არის უახლოესი წარსულის მეხსიერება; სუბიექტი კი არის უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება. გეთანხმები, უცნაურია თვალსაზრისი, რომლის თანახმად შენ, პირველ რიგში, ხარ... წინასწარმეტყველება, და მეც ასევე. მაგრამ აწმყოს ეს ანჯამები - ცნობიერება და სუბიექტი - ერმანეთისგან განუყრელია, როგორც განუყრელია ერთმანეთისგან ყოველი მიმართულების „აქედან“ და „იქით“, „A-დან“ და „B-სკენ“. ხომ ცხადია, რომ მიმართულება არ შედგება ორი ნახევრისგან, რომელთაგან პირველი არის „აქედან“, A-დან, მეორე კი არის „იქით“, B-სკენ. არამედ ეს ორივე ერთად და ერთდოულადაა მოცემული მიმართულებაში, მის ყოველ „წერტილში“. ასევე განუყრელი და  ერთდროული იქნება აწმყოში ცნობიერება და სუბიექტი, უახლოესის მეხსიერება და უახლოესის წინასწარმეტყველება. მაგრამ ვინ (ან რა) არის ის, ვისაც ახსოვს და ვინც წინასწარმეტყველებს? პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენადვე ურთულეს „დამნაშავეზე“ მიუთითებს - სამყაროთი და სხეულით გარემოცულ ტვინზე, რომელშიც ჩნდება და აგრძელებს არსებობას ეს შინაგანი ჰალუცინაცია - აწმყო, იგივე მიმართულება, იგივე ვექტორული ინფორმაცია, როგორც მე ვივარაუდე. 

ჯერალდ ედელმანი ამბობდა, რომ ცნობიერება არის „დამახსოვრებული აწმყო“ (the remembered present). ხოლო კრის ფრითი ამბობს, რომ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, არის „გაკონტროლებული ჰალუცინაცია“ (controlled hallucination). ვფიქრობ, რომ ორივე მათგანი ახლოა რაღაც არსებითთან. ოღონდ მგონია, რომ ედელმანისეული ცნობიერება, როგორც „დამახსოვრებული აწმყო“, არასოდეს და არსად არ არსებობს იმისგან განცალკევებით, რასაც მე ზემოთ ვუწოდე უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება ანუ სუბიექტი. ჩემი ჰიპოთეზა ასევე იზიარებს კრის ფრითის მოსაზრებას, რომელიც გულისხმობს, რომ სამყარო, როგორც ის ჩვენ წარმოგვიდგება, მთლიანად არის ტვინის მიერ აგებული სურათი, რეპრეზენტაცია, რომელშიც სამყაროს მხოლოდ მკაცრად გაფილტრული ელემენტების შესაბამისი სუბიექტური ხატებია გაერთიანებული. ამასთანავე, სამყაროს ამგვარად აგებული რეპრეზენტაცია, მოდელი ტვინის მიერ გამუდმებით მოწმდება ობიექტურ რეალობასთან პრაქტიკული შესაბამისობის თვალსაზრისით. ამიტომაა ეს რეპრეზენტაცია, ეს სუბიექტური ჰალუცინაცია ფრითის თქმით „გაკონტროლებული“.  
მაგრამ ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით ჩვენს ცნობიერებაში მოცემული და ჩვენთვის ცნობილი სამყარო - როგორც შინაგანი, ასევე გარემომცველი - წარმოადგენს ჰალუცინაციის ინტერპრეტაციას, ტვინის მიერ თავისი შინაგანი ჰალუცინაციის, კერძოდ, აწმყოს ინტერპრეტაციას. ცხადია, ტვინი თავის ყოველ ქმედებას და მის რეზულტატს თანაც მკაცრად შეიძლება აკონტროლებდეს და ამოწმებდეს ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. მაგრამ, ვფიქრობ, ამგვარი კონტროლი, პირველ რიგში, ემსახურება არა იმას, რომ ჰალუცინაცია პრაქტიკულად გამოსადეგი გახდეს (როგორც ფრითი ვარაუდობს), არამედ იმას, რომ ჰალუცინაცია შეიქნას ტვინისთვის, სხეულისთვის რაც შეიძლება მეტად გასაგები ანუ უკეთესად, უფრო სრულად ინტერპრეტირებული. ვფიქრობ, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სხეული აწმყოს, როგორც შინაგანი ჰალუცინაციის, გამოყენებას პრაქტიკული, ყოველდღიური მიზნებისთვის.

მართლაც, თუ ჰალუცინაციური აწმყოს ინტერპრეტაცია რაღაცნაირად მოიცავს თავად სხეულს და მის გარემომცველ სამყაროს, ასეთ შემთხვევაში, ტვინს ალბათ გაუჩნდება ცდუნება, დროდადრო „შეისვენოს“ ხოლმე, იმის მაგივრად, რომ ყოველთვის უშუალოდ და გადაუდებლად ჩაებას თავის პრაქტიკულ ცხოვრებაში. როცა გარემოება დაუყოვნებელ რეაგირებას არ ითხოვს, ტვინს მიეცემა საიმისო დრო, რომ თავისი ქმედებაცა და უმოქმედობაც წარმართოს, ასე ვთქვათ, შემოვლითი გზით, სახელდობრ, იმ ავატარის მართვის მეშვეობით, რომელიც ინტერპრეტაციის შედეგად აგებულ ვირტუალურ რეალობაში ბინადრობს. სხეულის მიერ თავისი თავის შემოვლითი გზით მართვის შესახებ რომელიღაც წინა ესეშიც ვწერდი. 

ცხადია, მართვის ასეთი მეთოდი მით უფრო სასარგებლო და უსაფრთხო იქნება, რაც უფრო მეტად მიუახლოვდება ტვინის მიერ თავისი შინაგანი ჰალუცინაციის, აწმყოს ინტერპრეტაციის სახით აგებული ვირტუალური რეალობა ობიექტური რეალობის საჭირო და გამოსადეგ ასპექტებს (ვთქვათ, სამგანზომილებიან სივრცეში მხოლოდ სათანადო მასშტაბის სამგანზომილებიანი სხეულების რეალურ განლაგებას, მათ გადაადგილებას, და სხვა). ამრიგად, რამდენადმე დავაზუსტებ კრის ფრითის მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ჩვენთვის ცნობილი რეალობა სინამდვილეში არის არა გაკონტროლებული ჰალუცინაცია, არამედ წარმოადგენს ჰალუცინაციის გაკონტროლებულ ინტერპრეტაციას. უფრო ზუსტად, ცნობიერ მდგომარეობაში ჩვენ მიერ ცნობიერად აღქმული სამყარო არის ჰალუცინაციური აწმყო - უახლოესი წარსულის ხსოვნა და უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება - ერთიანად ინტერპრეტირებული და გაკონტროლებული ობიექტურ რეალობასთან პრაქტიკული შესაბამისობის მიხედვით. 

ეს კი ნიშნავს, რომ საზოგადოება, რომელშიც ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, არის ინსტრუმენტი, რომლის თავდაპირველი და ძირითადი დანიშნულებაა სუბიექტის, პიროვნების ინტერპრეტაცია. მაგრამ ინტერპრეტაცია ზოგჯერ აგებასაც ნიშნავს. მართლაც, საზოგადოება დიდწილად თვითონ აგებს და აშენებს ჩვენს სხეულებში ჩაბუდებული აწმყოს სუბიექტურ პოლუსს,  ანუ მართლაც რომ აყალიბებს ჩვენს პიროვნებებს, ჩვენს ხასიათებსა და მისწრაფებებს. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ კაცობრიობის არც ისე ხანგრძლივი ევოლუციის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნაჩქარევად, სახელდახელოდ შეკოწიწებული ინსტრუმენტია, ადამიანთა საზოგადოება არა მარტო ემსახურება სუბიექტის, როგორც ჰალუცინაციის, გაგებასა და ახსნა-განმარტებას, არამედ თვითონაც ინერციით, „სპონტანურად“ იწყებს ახალი ჰალუცინაციების წარმოქმნასა და გენერირებას. ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე ჰალუცინაციური და შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, არის ღმერთი, ეკლესია და მთელი ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ესენი რგავენ და თესავენ ადამიანების ჰალუცინაციურ, უცოდველ სულებში.

ლეონარდო დავინჩი, "მარიამ მაგდალინელი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^