Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათი ათასი ლარი

26 იანვარი 2017

მეოთხე კლასში ვიყავით, როდესაც ჩვენზე სამი-ოთხი წლით უფროსი, თანასკოლელი გოგო ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლაში არ დაბრუნდა. ერთი თვის მერე გავიგეთ, გათხოვდაო. უფროს კაცს გაჰყვაო. 

2000-იანი წლების დასაწყისში გათხოვილ გოგოებს ორი ბედი ჰქონდათ: ან ღამის სკოლას ამთავრებდნენ, ან - ქმრები და დედამთილები მხოლოდ ოჯახში ტრიალის ნებას რთავდნენ. ეს კი ღამის სკოლისთვისაც ზედმეტად პატარა, 13 წლის იყო. ამ ამბის შემდეგ სკოლაში მასწავლებლებისა თუ სკოლის მომსახურე სხვა პერსონალისაგან მისი აგდებულად მოხსენიება ხშირი ამბავი გახდა. იმდენად, რომ  ჩვენც ნეგატიურად განგვაწყვეს. ჩვენც ქუჩაში შეხვედრისას არ ვესალმებოდით და გვერდს ისე ვუვლიდით, თითქოს, მისი შეხედვაც კი რაიმე საშინელებას დაგვმართებდა. ის კი ნაღვლიანი თვალებით მოგვიკითხავდა და ჩვენგან პასუხს ელოდა. 

წლების შემდეგ მივხვდი, როგორ გავრიყეთ 13 წლის გოგო, რომელსაც, იქნებ, სულაც არ სურდა გათხოვება. გოგო, რომელსაც გვერდში არც ოჯახი დაუდგა, არც მეზობელი და არც ხალხი, რომლის ყბაში ჩავარდნის შიშსაც, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება, ზრდასრულ ასაკშიც კი, სხვადასხვა სახით ეწირება.  

ალბათ, არც იმ 15 წლის გოგოს ჰკითხა რამე დედამ, როდესაც 40 წლის კაცს შვილივით ატანდა სკოლაში. არ დაინტერესებულა, რა ხდებოდა შვილის  თავს. ალბათ, არც მისი ორსულობის გაგების მერე გამოიდებდა თავს ამბის გამორკვევით, არ იკითხავდა, რა ფორმით ჰქონდა ძალადობას ადგილი, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან დარწმუნებული იქნებოდა, რომ მომხდარში დამნაშავე მისი შვილი იქნებოდა და ბედსაც უკითხავად გადაუწყვეტდა.

არც მისი მეზობლები იქნებოდნენ ტრადიციული მეზობლებისაგან განსხვავებულები. აი, ისეთებისაგან, ამბის გარკვევის ნაცვლად, სეირი რომ უფრო აინტერესებთ. მხოლოდ დააკვირდებოდნენ მეზობელ ოჯახში მიმდინარე ამბებს და რომ გაიგებდნენ, 40 წლის კაცს 15 წლის გოგო ცოლად მოჰყავსო, საქციელსაც მოუწონებდნენ, პასუხისმგებლიანი ყოფილაო.

არც სკოლა და მასწავლებლები გამოექომაგებოდნენ მოსწავლეს - მათაც ზიზღით სავსე თვალები ექნებოდათ მისი სახელის ხსენებაზე, გაიხსენებდნენ მის თითოეულ ჩვევას, იტყოდნენ, გამომწვევად იქცეოდაო, ეს კიდევ, კაცია და რას იზამდაო.

სანაცნობო წრის მსგავსად, არც სახელმწიფო დაუდგა 15 წლის გოგოს გვერდით. არც იმ ცვლილებებმა უშველა, ერთი წლის წინ რომ მიიღეს კანონში. ალბათ, არც საქმის განმხილველი მოსამართლე დაინტერესდებოდა დეტალების გარკვევით მსხვერპლთან. ყურადღებით მხოლოდ მის მშობლებსა და ბრალდებულს მოუსმენდა, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, რომელიც არც სამართალში ჩაჭრიდა და არც ქართველობაში.  (დღეს, საღამოს, თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არასრულწლოვან მოსწავლესთან სქესობრივი კავშირში ბრალდებულ მანდატურს 10 000 ლარის გირაო შეუფარდა)

15 წლის ორსულს არც ის საზოგადოება დავუდექით გვერდით, ფეისბუქზე რომ გამუდმებით გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების გულმხურვალე დაცვით გამოვირჩევით, არც იმ არასამთავრობო ორგანიზციათა შესახებ გაგვიგია რამე, რომლებიც გენდერული ცნობიერების ამაღლებაზე, ქალთა უფლებებსა და თუნდაც, არასრულწლოვან გოგონათა დაცვაზე მუშაობენ. ალბათ, არ გვეცალა. ჩვენ ყველა ჩვენი გადაუდებელი საქმეებით ვიყავით დაკავებულები.

ბედნიერი მხოლოდ 40 წლის კაცის ოჯახი იქნება - მათ ხომ ახალგაზრდა რძალი შეუვათ ოჯახში, რომელსაც შვილივით, თავის ჭკუაზე გაზრდიან და, ასაკიდან გამომდინარე, ბევრ შვილსაც გააჩენინებენ. მერე კი ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველას დაავიწყდება 15 წლის გოგო, რომელსაც არც ხმის ამოღების უფლება მისცეს, არც მოუსმინეს და მის მხარესაც არავინ დამდგარა. ჩვენთან ხომ ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - პედოფილია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^