Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა წყალი არ მოდის

29 იანვარი 2017

წყლის შეწყვეტა ნებისმიერისთვის მძიმე ფსიქოლოგიური სტრესია. თუ ეს ერთხელ მაინც გამოგიცდიათ და, სავარაუდოდ, ნამდვილად გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, რომ ასეთ დროს ვეღარც მუშაობ, ვეღარც ისვენებ, ვეღარც საკვებს იღებ ნორმალურად, ნერვები დაწყვეტაზე გაქვს, გგონია, რომ ანტისანიტარიაში ცხოვრობ და გონებაში სულ ერთი აზრი გიტრიალებს: როდის მოვა წყალი.

ჩემს მეხსიერებას მძაფრად შემორჩა რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტი ადამიანებზე, რომლებმაც პირველად ნახეს ელექტროენერგია, პირველად აანთეს გაზქურა და ა.შ. მე მათ შორის არ ვარ, თუმცა 21-ე საუკუნეში პრაქტიკულად წყლის გრაფიკის მიხედვით ვცხოვრობ და ეს პრობლემა სხვადასხვა მისამართზე თან დამყვება: ხან სახლში, ხან სამსახურში, ხანაც - ინგლისურზე, მასწავლებელთან.  გაუთავებელი დაზიანებების გამო, წყალი იმდენად ხშირად წყდება და მერე ამ ავარიების აღმოფხვრას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ უბრალოდ რეალობასთან შეგუება მიწევს: წყალი პრაქტიკულად გრაფიკით  მაქვს და თანაც ამ გრაფიკის შესახებ კონკრეტულად არავინ არაფერი იცის.  

აბა სხვა რა დავარქვა იმ ფაქტს, რომ 21 იანვრიდან დღემდე წყლის შეწყვეტის ან აღდგენის გადავადების შესახებ უკვე 9 შეტყობინება მივიღე. ახლაც ბოლო 28 საათია ონკანი დუმს და არავინ იცის ეს დუმილი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. შეტყობინების მიღება ცალკე მტკივნეული თემაა: როგორც კი სმს-ის ავადსახსენებელ ხმას ვიგებ და ეკრანზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ვხედავ, იმ იმედით, რომ რაღაცას მაინც მოვასწრებ, ელვის უსწრაფესად ვხსნი. მერე ოჯახის წევრები სირბილს ვიწყებთ: „აუუ, წყალი გადავივლო“.. „მოიცა, 2 წამით შევვარდები ჯერ მე რა“, „ყავის წყალი აიღე“... მაგრამ ჰოი, ბედის უკუღმართობავ: ვხსნით ონკანებს და წყალი უკვე შეწყვეტილია. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, წყლის მიწოდებას კი არა, შეწყვეტის შესახებ დროულ შეტყობინებას ვერ ან არ უზრუნველყოფს.

ჩემნაირი ბევრია და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია:  კომპანიის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 29 იანვარს თბილისის სხვადასხვა რაიონში  27 ავარიაა, 28 იანვარს ეს რიცხვი 30 იყო, 27 იანვარს - 32.  შეიძლება იფიქროთ, რომ ამინდისა და ყინვების გამოა ასე, მაგრამ სამწუხაროდ არა: დასტურად ნოემბრის შეტყობინებებიც შემიძლია წარმოვადგინო,  ოქტომბრისაც და - ივლისისაც.

რატომ სჭირდება დაზიანების აღმოფხვრას ამდენი დრო? გასაგებია, რომ სისტემის წყლისგან დაცლა, შემდეგ ტექნიკური სამუშაოების წარმოება და სისტემის ხელახლა შევსება გარკვეულ პერიოდს მოითხოვს, მაგრამ რატომ ცხადდება გათიშვის ადგილას ბრიგადა რამდენიმე საათის შემდეგ, ან მოდის, თხრის, მიდის, გაურკვეველი ვადით უჩინარდება, მერე ბრუნდება და იწყებს მუშაობას? ყურმოკრულს არ ვამბობ, ზოგჯერ  ავარიის ადგილი ჩემი ფანჯრიდან ხელის გულივით ჩანს და, ბუნებრივია, პროცესის თვალის დევნებასაც ვახერხებ. ისეთ დროს, როცა ბრიგადა აგვიანებს, ცხელ ხაზზე ვრეკავ და პერსონალის არმოსვლის მიზეზს ოპერატორს ვეკითხები, მაგრამ ყურმილის მეორე ბოლოს ჯიუტად მარწმუნებენ, რომ სინამდვილეში ბრიგადა ადგილზეა. მერე მე უკვე ჩემი მხედველობის დაცვას ვიწყებ, ზოგჯერ უბრალოდ აღშფოთებას გამოვთქვამ და ბოლოს ვიღლები... ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები აუცილებლად იქნება დაცული საუბრის ჩანაწერებში, რომლებსაც კომპანიაში „მომსახურების გაუმჯობესების მიზნით“ იწერენ, თუმცა წლებია ეს მომსახურება არ გაუმჯობესებულა: ჩემს  ტელეფონში მათი შეტყობინებები 2015 წლიდან ინახება და ამ 2 წელში მათი გამოგზავნის ინტენსივობა, შესაბამისად ავარიების რიცხვიც, არ შეცვლილა.

თარიღი: 20.11.2015  მორიგი აღშფოთებული შეტყობინების შემდეგ კომპანიის წარმომადგენელი მპასუხობს: „თქვენ მართალი ბრძანდებით ქალბატონო ნინო, მოსახლეობას წყალი არ უნდა ეთიშებოდეს, ან აუცილებლობის შემთხვევაში მინიმალური ვადით უნდა მოხდეს შეზღუდვა, რა იარაღითაც არ უნდა მუშაოებდნენ. თუმცა ასეთი სამუშაოების წარმოება გარდაუვალია წყალმომარაგების სისტემაში. კომპანია მუშაობს ამ საკითხზე, რომ მოსახლებას უწყლობის პრობლემები აღარ ჰქონდეს ტექნიკური სამუშაოების წარმოების გამო. მოგეხსენებათ ქსელები მოძველებული და ამორტიზებულია, მიმდინარეობს ქსელების ეტაპობრივი რეაბილიტაცია. ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის“.

თარიღი: 29.01.2017 პასუხი იგივე ტიპის შეტყობინებაზე: „მიმდინარე წლის სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მოძველებული ქსელები ახლით შეიცვლება და მსგავსი შეფერხებები მინიმუმამდე დავა“.

პრინციპში, კომპანიისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმაზე მეტს, რაც შეტყობინებაში წერია, მაინც ვერაფერს გეუბნებიან და სერვის პლუსის დაზეპირებული ფრაზებით ცდილობენ შეწუხებული მომხმარებლის ყურადღების მოდუნებას. შენ კი ამ დროს ჭკუიდან ხარ გადამდგარი  და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ნინოს დაგიძახებენ, მაიას, თუ ჯემალის. აღარც  „მადლობა ზარისთვის“ გაინტერესებს, იმიტომ რომ  მთავარი არ იცი: კონკრეტულად როდის მოვა წყალი და მერე რამდენ ხანში შეწყდება. 

კომპანიის პრობლემა მესმის: მილები უძველესია, ზოგი ალბათ სულს ღაფავს,  ქსელიც სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ისიც ვიცი, რომ ავარიები ყველგან ხდება, თუმცა მინიმუმ 2 წელია ამას ვისმენ, მაგრამ არაფერი იცვლება: არც დაზიანებების ინტენსივობა იკლებს და არც მათი აღმოფხვრის დრო. დაგეგმილი თუ მიმდინარე რეაბილიტაცია ჩემსავით ბევრ ადამიანს გვერდს უვლის და ცარიელ დაპირებებს გვიტოვებს.

ერთხელ თეატრში ყოფნის დროს, როცა სპექტაკლის დაწყების წინ დარბაზში შუქი ჩაქრა, ჩემ წინ მჯდომმა ბავშვმა გახარებული და გაკვირვებული ხმით თქვა: ეე, დე, შუქი ჩაქრა, რა მაგარიაო. მაშინ მივხვდი, როგორ უცნაურად იცვლება დრო: 25 წლის წინ ჩვენ შუქის მოსვლა გვიხაროდა, ახლა ჩაქრობა უკვირთ. იქნებ ოდესმე უწყლობაც ასეთი გასაკვირი გახდეს. მე ოპტიმისტი ვარ. თანაც, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ სანამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს შეფერხებისთვის იხდის, აუცილებლად უნდა გავარკვიო რა ბერკეტები გვაქვს ადამიანებს ასეთ დროს, ვის უნდა მივმართოთ, როგორ ვიმოქმედოთ, რა შეგვიძლია. მომდევნო პოსტიც  ამაზე იქნება: როგორ მოვიქცეთ უწყლოდ დარჩენილები, როცა წყალი არ მოდის.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

ხაზარაძე - დაფასთან!

ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებამ ჩვენი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ველი მთლიანად დაიკავა. ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

პროგრესი, პატრიოტიზმი და „დოლია ვარავსკა ...

2 სექტემბერს, ფეისბუქზე, თბილისის ერთ-ერთ მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ორი ქუჩის ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

სამყაროს დასასრული

დასასრულის დასაწყისი ყველაფერი დასრულდება. დედამიწას სულ ხუთიოდე მილიარდი წლის სიცოცხლე დარჩენია, სანამ გაფართოებული მზ ...

მეტი

^