Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღამურები

01 თებერვალი 2017

აწმყო მეტაფორას ჰგავს-მეთქი აგებულებით. ახლა კი ვნახოთ, მეტიც ხომ არ შეიძლება ითქვას. მართლაც, რადგან „მეტაფორა“ ძველბერძნულად გადატანას ნიშნავს, ამიტომ აწმყო არა მარტო ჰგავს მას, არამედ არის კიდეც მეტაფორა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუ აწმყოს განვსაზღვრავთ, როგორც ერთდროულობაში გადატანას. ისედაც ცხადი უნდა იყოს ჩემი მკითხველისთვის, თუმცა მაინც გავიმეორებ, რომ აწმყოში ვგულისხმობ სუბიექტურ „წამს“, რომელიც მოიცავს ცნობიერებას და მის სუბიექტს.

მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ცნობიერებაც და სუბიექტიც ჯერ სადმე სხვაგან არსებობენ აწმყოსგან დამოუკიდებლად და აწმყოში უბრალოდ ხვდებიან ერთმანეთს, როგორც პაემანზე. წინა ესეში ხომ გარკვევით ვთქვი, რომ ჩემი ვარაუდით ცნობიერება შეიძლება განვიხილოთ, როგორც აწმყოს გადატანითი მნიშვნელობა, ხოლო სუბიექტი - როგორც აწმყოს პირდაპირი მნიშვნელობა. ამგვარ ანალოგიაში მთავარი ისაა, რომ ცნობიერება და სუბიექტი არსებობენ მხოლოდ აწმყოს ფარგლებში და არსად სხვაგან ზუსტად ისევე, როგორც მეტაფორის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობები არსებობენ მხოლოდ მეტაფორაში და სხვაგან არსად.

ასე რომ, როცა ვამბობ, რომ აწმყო არის ერთდროულობაში გადატანა და, აქვე დავამატებ, ამ გადატანის ხანმოკლედ მდგრადი შედეგი, არ ვგულისხმობ იმას, რომ ერთმანეთთან შესახვედრად გადატანილია წინასწარ არსებული, რამენაირად მანამდე ჩამოყალიბებული ცნობიერება და სუბიექტი. არამედ აწმყოს კართან იკრიბება გარკვეული შინაარსები, კერძოდ, გრძნობადი, სენსორული მონაცემები და მეხსიერებიდან მოხდილი ქაფი. შემდეგ კი, უშუალოდ აწმყოს „სფეროში“, ეს ელემენტები ჯგუფდება მის ორ პოლუსად, ორ მნიშვნელობად - ცნობიერებად და სუბიექტად. ამრიგად, აწმყო არის ერთდროულობაში გადატანა ანუ „გაერთდროულება“ და ამ პროცესის დროებითი ფორმა-ნაყოფი.

ამ თვალსაზრისით, აწმყო, მართალია, არა ენობრივი, მაგრამ მენტალური, უფრო ზუსტად, ბიოლოგიური წარმოშობის მეტაფორაა, რომელიც ტვინში წარმოიქმნება მისთვისვე მოულოდნელი შინაგანი ჰალუცინაციის სახით. ასეთი ჰალუცინაციის გაგებას, რამენაირად ამოხსნას და მასთან შეგუებას ცდილობს ცოცხალი სხეული აწმყოს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების, ანუ სუბიექტისა და ცნობიერების, ამოკითხვის მეშვეობით. მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ შინაგანი და უნებლიე ჰალუცინაციის გაგება, ანუ აწმყოს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების ამოკითხვა, ანუ დაუპატიჟებლად ჩასახლებულ ცნობიერებასა და მის სუბიექტთან შეგუება მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც უკიდურესად დაკავებულ სხეულსა და მის ტვინს, რომლებიც მთლიანად თავისი თავით არიან სავსე.

ალბათ ამიტომ იქმნებოდა და ვითარდებოდა თანდათან ის, რასაც პირობითად გარეთა სხეული, სხეული-ტანსაცმელი შეიძლება ვუწოდოთ. ესაა საზოგადოება, რომელსაც ყოველი ჩვენგანი, ჩემო კარგო მკითხველო, ისე ირგებს და ატარებს, როგორც გამოსდის. მაგრამ საზოგადოება არის საკმაოდ სიმეტრიული ფიჭა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი, ნებით თუ უნებლიეთ, ფუტკარივით აგებს. მეტიც, ეს ფიჭა თავის თავს აშენებინებს ყოველ ჩვენგანს და ამას ვერსად წაუხვალ. ამ თვალსაზრისით, საზოგადოება წარმოადგენს მრავალი აწმყოს, აწმყოთა კრებულს, სისტემას, ქსელს. ქსელიც ხომ ფიჭასავით უჯრედებისგან შედგება. ეს ბოლო ანალოგია გვკარნახობს მეტსაც: საზოგადოების ქსელში ცალკეული უჯრედები, ყოველი ჩვენგანის აწმყო, ერთმანეთს უკავშირდება წარსულითა და მომავლით. ამიტომ, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ როგორც აწმყო არის ცოცხალი სხეულის ტვინში წარმოქმნილი შინაგანი ჰალუცინაციური არსება, დაახლოებით ასევე წარმოადგენს წარსული და მომავალი სოციალურ ჰალუცინაციას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ფარგლებში არსებობს და არსად სხვაგან. შენ შენი აწმყო შეგაქვს საზოგადოებაში, ხოლო მადლიერი საზოგადოება სამაგიეროდ თავისი ჰალუცინაციის, წარსულისა და მომავლის, ბადეში გხვევს.

ღამურებს უწოდებენ სოციალურობის დიდოსტატებს.* რამდენადაც ეს შეფასება სამართლიანია, ამდენადვე უნდა ვივარაუდოთ, რომ თითოეულ ნორმალურ, ჭკუათამყოფელ ღამურაში ციმციმებს აწმყო, ანუ ყოველწამიერად ჩნდება და ქრება ცნობიერება და მისი სუბიექტი. ხოლო ღამურების ზოგჯერ მრავალმილიონიანი კოლონიის „სხეული“, თავისებური, ღამურული წარსულისა და მომავლის კონტურებშია მოქცეული. ცოცხალი არსებების ნებისმიერ კოლონიაზე ეს, ცხადია, არ ვრცელდება. საზოგადოებას განასხვავებს მისი წევრების ერთმანეთთან ინდივიდუალური ურთიერთობა, თავისებური „აწმყო აწმყოს წილ“ პრინციპი, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ცნობიერებისა და სუბიექტის მატარებელი ყოველი ცალკეული სხეული, როგორებიც ვართ შენ და მე, სხვაში ხედავს არა უბრალოდ საერთო კოლონიის მორიგ წევრს, არამედ ინდივიდუალური ჰალუცინაციის მატარებელ არსებას, ინდივიდუალურ აწმყოს. ჩვენ ერთმანეთისთვის წარსული და მომავალი მოგვაქვს.

ახლა კი წინა ესეში დაპირებულ ახსნას შევუდგები. როცა, ვთქვათ, პეკინის ქუჩიდან ბათუმის ქუჩაზე მივდივარ, ჩემს გზას აქვს დასაწყისი და დასასრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გზას აქვს მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს ჩემი სვლის გეზს. მაგრამ როცა იქვე, მუშთაიდის ბაღში, კარუსელზე ვტრიალებ, მე უბრალოდ წრეებს ვარტყამ და ჩემს გზას არც დასაწყისი გააჩნია და არც დასასრული. მაგრამ რადგან მე ვტრიალებ მასზე, ამიტომ მე ვმოძრაობ ჩემგან და მივდივარ ჩემკენ; ანუ მე თვითონ ვარ გზის დასაწყისიც და დასასრულიც. ის, რომ მე ვერ ვშორდები გზის ასეთ დასაწყისს (ჩემს თავს) და ვერ ვუახლოვდები გზის ასეთ დასასრულს (ჩემსავე თავს), გარკვეული აზრით, სწორედ იმას ადასტურებს, რომ კარუსელზე ტრიალისას გზის დასაწყისიც და დასასრულიც მე თვითონ ვარ. მართლაც, პეკინისა და ბათუმის ქუჩები ხომ უცვლელად უნდა იყვნენ ერთმანეთს დაშორებული, რათა მათ შორის გასავლელი გზა იდოს ჩემ წინ. ეს ყველაფერი კი, მგონი, ნიშნავს, რომ რადგან კარუსელზე ტრიალისას გზის სტარტიც და ფინიშიც ჩემთანაა დაკავშირებული, ამიტომ თვით ამ წრიული გზის მიმართულებას მე განვსაზღვრავ.

სწორედ წრიულ, უფრო ზუსტად, შეკრულ ტრაექტორიაზე მოძრავი ინფორმაცია იქნება მიმართულების მქონე, ჩემი ტერმინოლოგიით, ვექტორული იმ (სკალარული) ინფორმაციისგან გასხვავებით, რომელიც გაშლილი გზით განსაზღვრულ მიმართულებას მიჰყვება. ამრიგად, ეს იქნება თვისობრივად განსხვავებული ინფორმაცია. აქ გავიხსენებ ადამიანის ტვინის აგებულებისთვის დამახასიათებელ, მარყუჟად შეკრულ რკალებს, რომლებზეც ინფორმაცია „ტრიალებს“.** გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ სწორედ ამ მარყუჟებში „გროვდება“ მიმართულების მქონე, ვექტორული ინფორმაცია, რაც საბოლოოდ წარმოშობს... აწმყოს. ადრეც არა ერთხელ მითქვამს, რომ აწმყო სხვა არაფერია, თუ არა მიმართულება. აქ დავამატებ მხოლოდ, რომ აწმყო არის მიმართულება, რომელიც თავისი თავიდან არ გადის. ის სავარაუდოდ ობიექტური დროის ძალზე მცირე მომენტის (ვთქვათ, წამის რამდენიმე მეათასედის) განმავლობაში არსებობს, მაგრამ შინაგანად უცვლელია, სტატიკური და ამ თვალსაზრისით არსად არ იწყება და არსად არ მთავრდება ქანდაკებასავით. აწმყო ბიოლოგიური, ნეირონული კარუსელის ტრიალში ჩნდება.

ნაწილ-ნაწილ რომ ქარმა არ გაფანტოს ეს ჩემი ესე, ასე დავასრულებ: ადამიანების საზოგადოებაში თითქოს მკაფიოდ მოჩანს ადამიანის ტვინის მარყუჟისებური სტრუქტურების თავისებური გამოძახილი თუ გამეორება. უფრო ზუსტად, ჩვენს საზოგადოებაში, რამდენადაც ის რელიგიურია, თანდათან მყარდება განმეორებადი აწმყო. ვთქვათ, მართლმადიდებლური ეკლესია ასეთ გაწელილ აწმყოდ განიხილავს ერთ სრულ წელიწადს, რომელშიც მოაქცევს ერთი და იმავე ადამიანის ჩასახვის, დაბადებისა და სიკვდილის აღმნიშვნელ დღესასწაულებს. თორმეტთვიან აწმყოზე ისტორიის პროეცირება არსებითად სოციალური აწმყოს დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. მაგრამ ყოველი დიქტატურა ადამიანის ადამიანურობის დათრგუნვის ხარჯზე მკვიდრდება. მართლმადიდებლური აწმყოს სოციალური დამკვიდრებაც, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ ითრგუნება დროის საკუთრივ სოციალური განზომილებები - წარსული და მომავალი. მაგრამ სადაც რელიგიური ანუ ყალბი, ფიქტიური აწმყოს გავლენით უფასურდება წარსული და მომავალი, იქ იფიტება ნამდვილი აწმყოც, ასე ხანმოკლე ადამიანი. 

*David Eagleman, Incognito: The Secret Lives of the Brain

**ამ საკითხზე მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, თუმცა შორს რომ არ წავიდეს, მკითხველს იგლმენის იმავე წიგნში ჩახედვას ვურჩევ. არანაკლებ საინტერესოა, ვთქვათ, დუგლას ჰოფსტატერის წიგნი „მე ვარ უცნაური მარყუჟი“, Douglas Hofstadter, I Am a Strange Loop.

პიტერ ბრეიგელი (უფროსი), "ბაბილონის გოდოლი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^