Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარაო

17 თებერვალი 2017

ბოლო დროს ჩვენი ქვეყანა ისე შეაშფოთა საპატრიარქოს წიაღში საწამლავის გამოჩენამ, თითქოს უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ეს პატრიარქი და ეს ეკლესია არ წამლავდეს მთელ საქართველოს რელიგიით და რწმენით, ანუ შიშითა და უვიცობით. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა და „კაგებეს“ უძღები, ანუ გაუმაძღარი შვილია მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი თანამოქალაქე ადამიანები კი ისე ვარდებიან რწმენაში, ისე ეწერებიან მრევლში, როგორც ადრე შედიოდნენ კომუნისტურ პარტიაში და ეკლესიას ისე დაუდიან მსტოვრებად, როგორც ადრე კაგებეს. სიხარბეა მათი ღმერთი.

ჩვენ კი, ჩემო მკითხველო, მოდი, მარაოს მსუბუქი დაქნევით ცოტა ხნით მაინც ნიავს გავატანოთ სულელების კაკაფონია და ერთად დავუკვირდეთ ტემპორალური, ანუ დროითი ცნობიერების აგებულებას. ამ საკითხზე იმდენი დაწერილა და ახლაც იწერება, რომ თუნდაც ძირითად შეხედულებათა გინდაც უმოკლესი მიმოხილვა შორს გასცდებოდა ბლოგზე დასაგდები ესეს მოკრძალებულ სიგრძე-სიგანეს.* ამიტომ მხოლოდ იმას შემოგთავაზებთ, რასაც მე თვითონ ვვარაუდობ, ვეძებ და ვფიქრობ.

შორეულ წარსულს გადავწვდეთ, პრეისტორიულს, როცა ჩვენი წინაპრები გამოქვაბულებსა და კლდეებზე ცხოველების გამოსახულებებთან ერთად უცნაურ, აბსტრაქტულ ნიშნებს ტოვებდნენ. ამ ნიშნებს შორისაა ზიგზაგი და ერთი გამოსახულება, რომელსაც პირობითად მარაოს უწოდებენ, რადგან ჩვეულებრივ, გაშლილ მარაოს ჰგავს. დროსა და სივრცეში ისეა დაშორებული ერთმანეთისგან ეს ნახატები, რომ მათი უნივერსალური ერთნაირობის ასახსნელად გამოდგება მხოლოდ ადამიანის ნერვული სისტემის, ტვინის აგებულება, რომელიც არსებითად ერთი და იგივეა ათასობით წლითა თუ კილომეტრით დაშორებული მხატვრების სხეულებში. ვარაუდობენ, რომ პრეისტორიული მხატვრობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით კი აბსტრაქტული, გეომეტრიული ნიშნები, წარმოადგენს მხატვარ- შამანის მიერ ჰალუცინოგებენის ზემოქმედებით გამოწვეული ჰალუცინაციური ხილვების დროს ნანახის გადატანას და გამოსახვას რეალური გამოქვაბულის კედელზე ან ჭერზე. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჯერ ჰალუცინაციებში, შემდეგ კი მხატვრობაში გამოიხატებოდა ტვინის საკუთარი ფუნქციონირების, ცხოველქმედების მარტივი, გეომეტრიული აგებულების უტრირებული ასლები.

ვფიქრობ, ზიგზაგი და მარაო, თუკი მათ ისე გავაერთიანებთ, რომ ზიგზაგი შეივსება მასში ერთმანეთის თავდაყირა ჩახატული გაშლილი მარაოებით, საკმაოდ ზუსტად შეიძლება გამოხატავდეს ტემპორალური - დროში განფენილი და დროის აღმქმელი - ჩვენი ცნობიერების ძირითად აგებულებას. მოდელი, რომელსაც მე მკითხველს ვთავაზობ, ასე გამოიყურება: ვიდრე ცნობიერებას გადასცემდეს, ტვინი აგროვებს გარესამყაროს ამსახველი სტატიკური კადრების გარკვეულ რაოდენობას და მეტ-ნაკლებად მწყობრად ალაგებს მათ ერთ დასტად. ამის შემდეგ ეს დასტა მარაოსავით გადაიშლება სუბიექტის თვალწინ მისი ცნობიერების შინაარსის სახით. აი, შემდეგ კი ადგილიდან იძვრის თვითონ სუბიექტი და  გადაადგილდება იქ, სადაც გაშლილი მარაოს ბოლო კადრის შორეული წვერია მოთავსებული. ამასობაში კი ტვინს მომზადებული აქვს სტატიკური კადრების მორიგი დასტა, რომელსაც ახალ ადგილზე გადანაცვლებული სუბიექტის გონების თვალწინ გადაშლის ისევ მარაოსავით, რის შემდეგაც სუბიექტი კვლავ ჩაცურდება მის წინ გადაშლილი ბოლო კადრის შორეული წვერისკენ, რომელიც სიცარიელეშია გამოკიდებული, რადგან მისი გამგრძელებელი კადრების მარაო ჯერ არ გადახსნილა. ვფიქრობ, ასე ერთმანეთის თავდაყირა ჩალაგებული მარაოები ქმნის ზიგზაგს, რომელზეც სუბიექტი მოძრაობს, რათა ყოველ ჯერზე შეავსოს ხანმოკლე სიცარიელე, ინტერვალი, რომელიც ცნობიერების უწყვეტობას დაარღვევდა. ვფიქრობ, ასეთი მექანიზმით შეიძლება აიხსნას ჩვენი ცნობიერების თვალსაჩინო, ფენომენალური უწყვეტობა, რომელსაც სუბიექტურად აღვიქვამთ ყოველთვის, როცა ცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დავაზუსტებ, რომ სუბიექტი და მის წინ გადაშლილი ცნობიერების შინაარსების მარაო ქმნის და წარმოადგენს ერთიან აწმყოს.

ახალი და ჩემთვისაც საკმაოდ მოულოდნელი, რასაც ტემპორალური ცნობიერების ჩემი მოდელის აქ მოცემული წინასწარი, სქემატური მონახაზი გულისხმობს, ისაა, რომ თვითონ სუბიექტი გამუდმებით მოგზაურობს ზიგზაგზე, რომ ყოველი აწმყოს მარაოსავით ბოლომდე გაშლის შემდეგ, გარკვეული აზრით, თვითონ სუბიექტი ხდება ბოლო „კადრი“, ცნობიერების ბოლო კონკრეტული შინაარსი. ასევე უცნაური და საინტერესო მეჩვენება საკუთრივ ცნობიერების დროითობის საფუძველში სუბიექტის გადაადგილების დასახვა. აქვე დავაზუსტებ, რომ ცნობიერების ამ მოდელის მიხედვით გაცნობიერებული ხდება, ანუ ცნობიერებაში შემოდის უკვე გახსნილი მარაო, სტატიკური „კადრების“ სტატიკური თანმიმდევრობა, რომელიც ერთი აწმყოს შინაარსს შეადგენს. რაც შეეხება სუბიექტის გადაადგილებას, მე ის არა უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით წარმომიდგენია, არამედ ტვინში მიმდინარე პროცესების რეალური, თუმცა ჰიპოთეტური, გეომეტრიული ტრაექტორიის სახით. ცნობიერების მქონე ტვინის ჯერ აღმოუჩენელი პორტრეტი სწორედ ასე წარმომიდგენია - ერთმანეთის თავდაყირა გაშლილი მარაოებით შედგენილი ზიგზაგის სახით.

წინა ესეებში ცნობიერებას და სუბიექტს აწმყოს პოლუსებს ვუწოდებდი. დღეს კი თითქოს დავაზუსტე, რომ ცნობიერება სუბიექტის თვალწინ გადაშლილი მარაოა. ხოლო ის, რომ დისკრეტული აწმყოები, შეიძლება ითქვას, აწმყოთა წვეთები ჩვენ გვეძლევა ცნობიერების უწყვეტი ნაკადის სახით - ეს, ვფიქრობ, ილუზიაა, რომელსაც განაპირობებს სუბიექტის გადაადგილება, სუბიექტისა და ცნობიერების მიერ ერთმანეთისთვის ადგილების გაცვლა ყოველ მომდევნო აწმყოში. რამდენადაც ახალ აწმყოში სუბიექტი ხდება ის, რაც წინა აწმყოს ცნობიერების ბოლო, კიდურა შინაარსი იყო, ამდენად არის უზრუნველყოფილი აწმყოთა უწყვეტი მემკვიდრეობითობა და ამიტომ არის შეუმჩნეველი აწმყოთა წვეთების მონაცვლეობა. ხოლო იქ, სადაც წვეთები ქრება, იქმნება ერთიანი ნაკადი ან ასეთის ილუზია. ცნობიერების ნაკადის უწყვეტობის ილუზიად გამოცხადება, ვიცი, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში მთელი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მაგრამ ტრადიცია არგუმენტი არაა. მეტიც, ტრადიცია ფანტაზიის მტერია, ანუ მეცნიერების.

* იხილე: https://plato.stanford.edu/entries/consciousness-temporal/

კლდის მხატვრობა, ნიუ მექსიკო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^