Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფილოსოფია

23 თებერვალი 2017

რა ღმერთი, რას ბოდავთ? რელიგია ან გონებრივი თვითმკვლელობაა ან მაძღარი კარიერის პერსპექტივა ან ორივე, სრული კომფორტისთვის, ერთმანეთში მსუყედ შეზავებული. ვისაც ამქვეყნად დასანაყრებლად საპატრიარქოს გეჯასთან არ მიუშვებენ, მას ჰპირდებიან კარიერას საიქიოში. უკან მაინც ვერავინ დაბრუნდება, პასუხი რომ მოსთხოვოს მომტყუებელს. თვალი გადაავლე, ეს დიდი დინგების ალიანსია, რომელიც არა მარტო ქვეყნის და ხალხის სულიერ წინამძღოლობას იჩემებს, არამედ პარლამენტშიც იკვებება და გზად ტელევიზიებსაც ეპატრონება, კერძოს თუ საზოგადოებრივს. მათ გამოხედვით ამოიცნობ, უტიფარ ფლიდებს.

მე თვითონ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უსაქმურობასა და ლოთობაში გავატარე, ამიტომ ვერავის დავაბრალებ იმას, რომ სანტა ფეს ინსტიტუტში ვერასოდეს ჩავალ საჩემოდ დარტყმულ მეცნიერებთან შესახვედრად, ან თუნდაც იმისთვის, რომ ფილოსოფოსი დენიელ დენეტი პირისპირ გამეკენწლა დარვინის პროფანაციის გამო. აქ კი რა ხდება? ხელისუფლებაში ყოფნას და ეკლესიას ვინც გადაურჩა, მათ შორის ზოგი, თუმცა საბჭოთა კავშირში უცხოვრია, მაინც მემარცხენეა მხოლოდ იმიტომ, რომ გაუწვრთნელი გონება აძლევს ამის უფლებას. მათ გარდა ჯოგურ მიდრეკილებას აყოლილი ახალგაზრდებიც მემარცხენეობენ იმის მაგივრად, რომ ყოველმა მათგანმა თავისი გონების განცალკევების ჩვევა და უნარი მკაცრად მოიპოვოს. კვერის და ტაშის დამკვრელებს ერთმანეთში ეძებენ და, ცხადია, უიოლესად პოულობენ აქაური საზოგადოების ყველაზე უხერხემლო წარმომადგენლები - კონსერვატორები. მათი ბლანტი გონება ყველაფერს შეიწოვს, დაეთანხმება და გაამართლებს, მათი მშობლიური ჭაობი ოღონდ კი რამემ არ შეაშფოთოს. 

სიკვდილის შემდეგ ისიც კი არ გეცოდინება, რომ მკვდარი ხარ, რადგან აღარ იქნები შენ, ვინც რამე შეიძლება იცოდე შენი თავის, ან ნებისმიერი სხვა რამის, შესახებ. ეს შეიძლება სიკვდილის ერთადერთი ნაკლი იყოს ბიოლოგიური თვითმკვლელობის შემთხვევაში. სამაგიეროდ, საკუთარი სიკვდილის არცოდნა აშკარად სასიამოვნო უმეცრებაა, როცა გონებრივ თვითმკვლელობას ეხება საქმე. სწორედ ამას ადასტურებს დიდი დინგების თვითკმაყოფილი გამომეტყველება.

ან ამათ რა უნდა მოვთხოვოთ, როცა კაცობრიობის მთელი ისტორია საეჭვოდ ჰგავს ათასწლეულებზე გადაჭიმულ, გახანგრძლივებულ გონებრივ თვითმკვლელობას, რომელსაც ადამიანი ახერხებს ათასნაირი რელიგიის, სოციალური და სახელმწიფო ინსტიტუციის, სხვადასხვანაირი ტრადიციის, წესის ან სტერეოტიპის მეშვეობით. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როცა სიკვდილი წინ უსწრებს დაბადებას, როცა განაჩენი მანამდეა გამოტანილი, ვიდრე დანაშაულის ჩადენა ვინმეს აზრად მოუვა. ამ თვალსაზრისით, გონება არის გარკვეული მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს... თვითონ გონება, და რომელში ყოფნაც მას შეიძლება დაუშალო ან აუკრძალო კიდეც.

ეს უკანასკნელი გარემოება, ვფიქრობ, კიდევ ერთ საეჭვო მსგავსებაზე მიუთითებს. თავისუფლებას და გონებას სხვაც ბევრი რამ შეიძლება ჰქონდეს საერთო, ძალიან ბევრი, მაგრამ ეს განსაკუთრებით საგულისხმო მგონია: ორივე მათგანი გარკვეულ მდგომარეობას აღნიშნავს. ვფიქრობ, თავისუფლების დახასიათებისას ერთი რამ გამორჩა ისაია ბერლინს, როდესაც ერთმანეთისგან განასხვავა თავისუფლების ორი სახე, ორი „კომპონენტი“ - თავისუფლება რაღაცისგან და თავისუფლება რაღაცისთვის. ორივე ამათგანს ხომ იმდენად აქვს აზრი, რამდენადაც თავისუფლების შესატყვის მდგომარეობაში ჩავარდნას და მასში ყოფნას, მის შენარჩუნებას ემსახურება. გონებაც ასეა, თუ გარკვეულ, „გონიერ“ მდგომარეობაში მოხვედრის და იქ საკმარისად დიდხანს დარჩენის საშუალება არ მიეცი, მის მაგივრად შეგრჩება რაღაც გამძაფრებული ყნოსვის მაგვარი, რომელიც იერარქიულ სისტემებში ან სადმე სხვაგან სარფიანი ადგილის დამკვიდრებისთვის გამოდგება და კიდევ იმისთვის, რომ დიდი წარმოდგენა შეიქმნა შენს თავზე, მით უფრო დიდი, რაც უფრო შორს ხარ გონებისა და თავისუფლების მდგომარეობისგან.

ხომ ხედავ, მკითხველო, რომ კიდევ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რაც საერთო აქვს გონებას თავისუფლებასთან. ორივე მათგანი ბუნების წინააღმდეგ მიდის, ორივე ზედმიწევნით არაბუნებრივია. მართლაც, ცოცხალ ბუნებაში მხოლოდ პრაქტიკულ ჭკუას აქვს არსებობის უფლება, ხოლო მიზეზ-შედეგობრივად განსაზღვრულ, დეტერმინისტულ ფიზიკურ სამყაროში თავისუფლება უბრალოდ შეუძლებელია. ამის მიუხედავად ორივე მათგანი - თავისუფლება და გონება - მაინც გვეძლევა თავისებური მდგომარეობის სახით, რომელსაც პირველად მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა მასში ამოვყოფთ ხოლმე თავს რომელიმე სრულებით მიწიერი მიზეზის შედეგად. ასეთი რამ ხდება, როცა: ა) მისაბაძ ნიმუშს გვთავაზობს ვინმე; ბ) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოვიხმართ; გ) უჩვეულო გრძნობები გვეუფლება; დ) ჩვენ თვითონ წავიბორძიკებთ რომელიმე გაკვალულ გზაზე და მხოლოდ ასეთი შემთხვევის წყალობით აღმოვაჩენთ განსხვავებული პერსპექტივის შესაძლებლობას. ჩამონათვალი სახელდახელოა და, ცხადია, არასრული.

ამ საუბარმა ალბათ ის გაგახსენა, რასაც ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. გარკვეული აზრით, ვფიქრობ, მათ შორისაა საძიებელი გონებისა და თავისუფლების მდგომარეობები ან საერთო მდგომარეობა, თუ გონება და თავისუფლება მართლაც ერთი მედლის ორი მხარეა. მაგრამ აქ სხვა რამის თქმას ვცდილობ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიოლოგიიდან სუბიექტური სამყაროს, უფრო ზუსტად კი ცნობიერების წარმოშობა მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად ითვლება. ზოგჯერ იმასაც გაიგონებ, რომ ადამიანის ტვინი, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, მაინც არაა საკმარისად გამჭრიახი, რათა ცნობიერების საიდუმლო ამოხსნას. შეიძლება მართლაც ასეა და სამყაროში არსებობს მოვლენები, რომელთა სირთულე პრინციპულად მიუწვდომელია ბიოლოგიური გადარჩენისა და გამრავლებისთვის განვითარებული ჩვენი ველური ტვინებისთვის. მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ცნობიერების წარმოშობის ამოხსნა შეიძლება იმალებოდეს თვითონ ცნობიერების ან გონების რომელიმე უჩვეულო მდგომარეობაში, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია, ან რომლის ამგვარად - საკუთრივ ცნობიერების ამოსახსნელად - გამოყენება უბრალოდ არ მოგვსვლია თავში. ასეა თუ ისე, დაკვირვება გვმართებს და სხვა მხრივაც მოქმედება, რადგან, მოგეხსენება - „არა ვიქმ, ცოდნა  რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^