Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხიარული და ძალიან სწრაფი

09 მარტი 2017

საქართველოში სამოყვარულო ლიგა პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე რომ გაუთავებელი ჯახაობა მიდიოდა და რაგბიმდე ბევრი გვაკლდა,  იმ დროს  ჩვენი კლუბის „ხალიბების“ რიგებში გამოჩნდა ერთი მხიარული და ძალიან სწრაფი კაცი - სოსო მათიაშვილი  და პირველი სამოყვარულო კეპიც მოიხვეჭა. თუმცა რა დროს სამოყვარულო რაგბია, როცა სარაგბო მარტი გვიდგას...

ჰოდა,  მაშინ, როდესაც ევროპის პირველი ეშელონი ისვენებდა და „6 ერის“ მამები ქართველი ქომაგების მიერ შელახული კარიბჭეების გამაგრებით იყვნენ დაკავებული, ბორჯღალოსნები  ესპანელ ლომებთან შესახვედრად ემზადებოდნენ. სანამ იმას გავარკვევდით, „ვინ იყო აქ ლომი“,  ჯერ ახალი ფორმა და ფორმის ფასი გაიკიცხა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მერე სიტყვა „კვართი“ შემოიხია... 

ბელგიისა და გერმანიის დამარცხებამ ყველაფრის მცოდნე და სხვა სიბრტყიდან მომზირალი საზოგადოება დააშოშმინა, თუმცა მცირე ხნით. 2 დღის წინ  გამოჩენილ ვიდეოზე, სადაც გასახდელში მორაგბეები იცვამენ, ერთმანეთს ჩახუტებით ამხნევებენ  და მოედანზე გადიან, ბევრი „გახურდა“,  COUB-ის დახმარებით „მისცა ნიჭსა გზა ფართო“...
 
მსგავსი „ნიჭიერების გამოვლინებები“ საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს რაგბი და სად გადის ზღვარი ჯანსაღ იუმორსა და ღლიცინს შორის. ღლიცინს იმ სფეროზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წარმატებულია, ქმნის მომავალს და გვმატებს ღირსების შეგრძნებას.

ჰოდა დავბრუნდეთ ესპანეთში. ლომებთან პირველ ნახევარში ლელო ვერ დავდეთ, აქეთ დაგვიდეს. გვქონდა ტექნიკური წუნი, ვთამაშოდით არასარაგბო მოედანზე და ღმერთისტოლი მსაჯიც, ბატონი ევანსიც უბრალო მოკვდავივით სცოდავდა. ფეისბუკის კედელი კი წალეკა კრიტიკამ. თამაშის ხარისხს იწუნებდნენ რაგბის მცოდნეები, უცოდინრები, კარგები, ცუდები... არავის დასცდენია - „მიდით ბიჭებო , არაუშავს“ და ასე შემდეგო... 

მეორე ტაიმში ევანსმა პირველი ნახევრის ცოდვები არ იკმარა და ორი არჩათვლილი ლელო შეჰმატა „აქტივს“. აი ის დრო რომ დადგა, როცა კლასი თავისას შვება, თხილაიშვილმა ლომების მომთვინიერებლის როლი მოირგო: მშვენიერი გარღვევა მოაწყო, ლელო დადო და ცენტურიონმა გარდასახა. 10-10 .

 მესამოცე წუთისკენ ცენტურიონმა მეტოქის ოცდაორთან გაამწვავა და ფეხით შეაგორა. ფრთაზე კი  ერთი მხიარული და ძალიან სწრაფი კაცი გამოჩნდა. სოსო მათიაშვილმა პირველ სანაკრებო შეხვედრაში პირველი ლელო დადო: 10-15. ცენტურიონმა ისევ გარდასახა და თამაშის ბოლოსკენ კიდევ სამი ქულა გვაჩუქა. ლომები დავამარცხეთ: 10-20 .

 მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვებამ უკმაყოფილება ვერ გადაფარა. კი ბატონო - თამაში არ ვარგოდა, უკეთესადაც შეიძლებოდა, შეცდომაც ბევრი  დავუშვით, მაგრამ სანამ რუსეთთან თამაშზე გულს მოვიოხებთ და მერე ისევ „6 ერის“ კარზე მოვაწყობთ შეტევას, მგონი კარგი იქნება ბორჯღალოსნებს მადლობა გადავუხადოთ დებიუტანტიან ცენტურიონიანად და  ვუთხრათ: 

„მიდით ბიჭებო , არაუშავს“  .

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^