Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კუდიანი ენა

07 აპრილი 2017

ენა შეიძლება ჩაისახა, როგორც შენიშვნის მიცემის, შესწორების მოთხოვნილება, რომელიც, ასე ვთქვათ, ქრონიკულად და ზედმეტად გაღიზიანებული სარკისებური ნეირონების საფუძველზე აღმოცენდა და იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი ინდივიდის მიერ მოუხერხებლად შესრულებული რამე ქმედების დანახვა სხვა ინდივიდში იწვევდა ისეთ გაღიზიანებას, როგორსაც გამოიწვევდა თავისი უგერგილობა. ამიტომ ეს მეორე, დამკვირვებელი, ინდივიდი შეეცდებოდა, „შენიშვნა“ მიეცა პირველი, შემსრულებელი, ინდივიდისთვის და რამენაირად გამოესწორებინა მისი მოუხერხებლობა დაახლოებით ისეთივე მონდომებით, როგორითაც შეეცდებოდა საკუთარი მოქმედების გაუმჯობესებასა და გამოსწორებას.

რათა ენის წარმოშობაში განსაკუთრებული როლი შეესრულებინა, შენიშვნის მიცემის მოთხოვნილებას, ცხადია, ჩვენი შორეული წინაპრების ბიოლოგიური, გენეტიკურად განპირობებული თავისებურების სახით უნდა დაეწყო არსებობა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოთხოვნილების გამომწვევი იქნებოდა რომელიღაც მცირე გენეტიკური მუტაციის შედეგად ზედმეტად აგზნებული და გაღიზიანებული სარკისებური ნეირონები. იმისთვის, რომ ეს ახალი თავისებურება გავრცელებულიყო და, თანაც, ისეთი უმნიშვნელოვანესი ფენომენისთვის მიეცა დასაბამი, როგორიც ენაა, იგი მემკვიდრეობით უნდა გადასცემოდა მრავალ თაობას. ეს კი ნიშნავს, რომ ხსენებული მუტაცია და შესაბამისი ნეირონული ჰიპერაქტიურობა იქნებოდა ან უვნებელი თავისი პატრონებისთვის, როგორც, ვთქვათ, თვალების ფერის ცვლილება, ან აღმოჩნდებოდა გარკვეული სარგებლობის მომტანი, ადრინდელზე უფრო ბასრი იარაღის დამზადების ახალი ტექნოლოგიის მსგავსად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნარისა და ქცევის ცვლილება თვითონ „მოუფრთხილდებოდა და შემოინახავდა“ შესაბამის მუტაციას. ამიტომ, უფრო სავარაუდოა, რომ ჰიპოთეტური, უჩვეულოდ გაღიზიანებული სარკისებური ნეირონები გამოჩენისთანავე სასარგებლო შეიქნა.

ამრიგად, უნდა დავუშვათ, რომ სახეცვლილი სარკისებური ნეირონები და შესაბამისი „შენიშვნის მიცემის მოთხოვნილება“ გამომჟღავნდებოდა განსაკუთრებული ქცევითი ფორმის სახით, რომელიც ადამიანის წინაპრებს მომგებიანად გამოარჩევდა სხვა ჰომინიდებისგან. ისიც ცხადია, რომ ამ მოთხოვნილებისადმი მიდრეკილებას არც ყოველდღიური სტიმული მოაკლდებოდა, რადგან ზრდასრული და გამოცდილი ინდივიდები გამოუცდელ, ნაკლებად გაწაფულ ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად ცხოვრობდნენ. რაც უდავოდ ასე იყო, რადგან თუ უფროსები არ უზრუნველყოფდნენ უმცროსების კვებასა და მტაცებლებისგან დაცვას, ჯოგი შთამომავლობის გარეშე, ანუ უჩვენოდ, გადაშენდებოდა.

რადგან გარემომცველ სამყაროში მუდმივად იარსებებდა შესატყვისი გამღიზიანებლები გაუწაფავი ბავშვებისა და ნაკლებად მოხერხებული ან, უბრალოდ, უიღბლო უფროსების სახით, შენიშვნის მიცემის ბიოლოგიურად განპირობებულ მიდრეკილებას მიეცემოდა სოციალური გასაქანი, სარბიელი, რათა სრულად გამოევლინა თავისი სასიკეთო და საზიანო თვისებები. თანდათან გამოიკვეთებოდა შესაბამისი ქცევის ფორმები, რომლებიც თან ადვილად გავრცელდებოდა და დამკვიდრდებოდა იმიტაციის, ანუ მიბაძვისადმი იმ მიდრეკილების გავლენით, რომელიც დიდსა თუ მცირე მაიმუნებს გამორჩეულად გვახასიათებს. შეიძლება ითქვას, რომ შენიშვნის მიცემის ჩვევას უმცროსები თან ისწავლიდნენ უფროსების მიბაძვით იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად გამოვლენილი იყო ყოველ მათგანში „გაღიზიანებული სარკისებური ნეირონები“. ეს კი ნიშნავს, რომ თავიდან სრულებით ბიოლოგიურად განპირობებული ფენომენი გადაიქცეოდა კულტურულ ფენომენად, ანუ ისეთ რამედ, რაც არაგენეტიკური გზებით გადაეცემა თაობიდან თაობას. აქვე იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ შენიშვნის მიცემის მოთხოვნილება, ნეირობიოლოგიურად განპირობებული და ქცევითი ჩვევის სახით ჩამოყალიბებული, არ შემოიფარგლებოდა უფროსების უმცროსებთან ურთიერთობით და ჰორიზონტალურადაც გავრცელდებოდა როგორც უფროს, ასევე უმცროს თანატოლებს შორის.  

ამიტომ, ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ასეთი საყოველთაო ქცევითი ფორმა თანდათან მოითხოვდა და შეიძენდა საკუთარ, სპეციალიზებულ მედიუმს, გარკვეულ „ენას“, რომელიც დროთა განმავლობაში ნამდვილ ენად განვითარდა. ის ფაქტიც, რომ ბუნებრივი ენა ნორმატიული სისტემაა, შეიძლება სწორედ იმაზე მეტყველებდეს, რომ ენაში განხორციელებულია მისი თავდაპირველი ფუნქცია - შენიშვნის მიცემა, როგორც გარკვეული ნორმის დადგენა და მისი შესრულების მოთხოვნა.

ასე რომ, ადამიანი მოაზროვნე - Homo sapiens - რამდენადაც მეტყველი არსებაა,  ისტორიულად არის „ადამიანი შენიშვნების მიმცემი“. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვისთვის შენიშვნის, მითითებისა და რჩევის მიცემა, უფრო ზუსტად კი მათი ჯერ კიდევ პრიმიტიული წინამორბედების ხშირი გამოხატვა ხელს შეუწყობდა განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობას, კოოპერაციას ჯგუფის წევრებს შორის. რაც, თავის მხრივ, სასიკეთოდ იმოქმედებდა საკვების მოპოვებისა და თავდაცვისთვის აუცილებელი ჯგუფური ქმედების ხარისხზე და, ამგვარად, გაზრდიდა გადარჩენისა და გამრავლების შანსს. ამრიგად, გენეტიკური მუტაცია, რომელმაც განსაკუთრებით მგრძნობიარე, ქრონიკულად გაღიზიანებული სარკისებური ნეირონებით დააჯილდოვა ჩვენი წინაპრები, მართლაც უპირატესობას მიანიჭებდა მათ სხვა სახეობებთან უმწვავესი კონკურენციის ყოველდღიურ პროცესში.

ეს ნიშნავს, რომ „შენიშვნის მიცემა“ რამდენადაც ხელს შეუწყობდა ჩვენი წინაპრის კეთილდღეობას, ზუსტად ამდენადვე დაიმკვიდრებდა ადგილს მომავალ თაობებში და დროთა განმავლობაში გამოიკვეთებოდა, ჩამოყალიბდებოდა, როგორც ჩვენი სახეობისთვის ნიშანდობლივი, სწავლების ბიოლოგიური ინსტინქტი და მის საფუძველში მდებარე, ცხადია, სრულებით ჰიპოთეტური და პირობითი, ასე ვთქვათ, შენიშვნის მიცემის, სწავლების გენი. ამ ინსტინქტს რომ  დღემდე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარების ნებისმიერი ასპექტისთვის, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია.

ვილიანურ რამაჩანდრანის აზრით, ადამიანის კულტურის წარმოშობა და ევოლუცია შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ჩვენს ტვინში სწორედ სარკისებური ნეირონებია გაცილებით უფრო მეტად განვითარებული, ვიდრე ჩვენი რომელიმე ნათესავი პრიმატის ტვინში. რამაჩანდრანი ფიქრობს, რომ სარკისებური ნეირონები გვაძლევს იმიტაციის, მიბაძვისა და გამეორების, სხვებისგან სწავლის განსაკუთრებულ უნარს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა კულტურის ევოლუცია. მე კი მგონია, რომ მიბაძვა და სხვის მაგალითზე სწავლა ჩვენი კულტურისეული მედლის მხოლოდ ერთი მხარეა; და რომ მედლის მეორე, არანაკლებ აუცილებელ მხარეს წარმოადგენს შენიშვნის მიცემის, ანუ სწავლების მოთხოვნილება, უნარი და ჩვევა. ვფიქრობ, რომ ამ მეორე მხარესთანაა უშუალოდ დაკავშირებული ადამიანური ენის ჩასახვა და წარმოშობა. უფრო მეტის თქმას ამის თაობაზე, ვიმედოვნებ, მომდევნო ესეებში შევძლებ. აქ კი მხოლოდ მივუთითებ, რომ ენის და კულტურის თავდაპირველად წარმომშობ და შემდგომშიც მამოძრავებელ ძალად „შენიშვნის მიცემის“ დასახვა არსებითად ახალ, დამატებით ბიოლოგიურ მექანიზმებს არ საჭიროებს; არამედ რამაჩანდრანის მიერ კულტურის ბიოლოგიურ საფუძვლად მიჩნეული სარკისებური ნეირონების მხოლოდ რამდენადმე გააქტიურებას, ვთქვათ, მათი აგზნებადობის ზღურბლის ცოტათი დაწევას, ითხოვს. ასევე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ადამიანისა და პრიმატების სარკისებური ნეირონების ერთმანეთთან შედარება სრულებით შესაძლებელია. რაც მის დადასტურებას თუ არა, ჩემი ჰიპოთეზის ექსპერიმენტულ უარყოფას მაინც მისაწვდომს გახდის. ეს კი, მკითხველო, მეცნიერულობაზე პრეტენზიის მქონე ყველა ვარაუდსა და ჰიპოთეზას პირველ რიგში მოეთხოვება.

ვიდრე დავასრულებ, მოგახსენებ კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო წინასწარმეტყველების თაობაზე, რომელიც „შენიშვნის მიცემის“ ჰიპოთეტურ პერსპექტივაში ჩნდება. ვგულისხმობ უკმაყოფილებას, საპასუხო გაღიზიანებას და, სულაც, აშკარა უთანხმოებას, რომელიც ძალიან ადვილად მოჰყვება ხოლმე სხვის საქმეში ჩარევასა და ცხვირის ჩაყოფას, შენიშვნებსა და ჭკუის დარიგებას იმათი მხრიდან, ვისაც შენიშვნას აძლევენ, რამეს ურჩევენ და რაღაცას ასწავლიან. რამდენიმე წლის წინ, თბილისის მეტროში ორმოციოდე წლის კაცმა შენიშვნა მისცა მოზარდს, რომელიც იქ მზესუმზირას ჭამდა და ნაფცქვენებს ძირს ყრიდა. აღშფოთებულმა ახალგაზრდამ პასუხად კაცს დანა მკერდში ჩაარტყა და მოკლა. რატომ უნდა გამხდარიყო იმ ახალგაზრდის აშკარად პრეისტორიული ტვინისთვის ერთი უბრალო შენიშვნა აუტანელი შეურაცხყოფა და დაუნდობელი აგრესიის გამომწვევი მიზეზი? ასეთი რეაქცია ხომ გაცილებით უფრო ხშირი მოვლენა იქნებოდა ყოველმხრივ პრიმიტიულ ჩვენს წინაპრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის საკმაოდ სწრაფად მოეღებოდა ბოლო შენიშვნის მიცემის სურვილსაც და მსურველსაც და ის სავარაუდო მუტაციაც ამოიძირკვებოდა.

ის კი არა, ზოგჯერ უწყინარი დახმარების შეთავაზებაც იწვევს, ერთი შეხედვით, გაუგებარ, ირაციონალურ გაღიზიანებას. (მკითხველს ვთხოვ, თავისი თავი და ახლობლები გაიხსენოს მსგავს ვითარებაში). ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს გარკვეულ იერარქიულ სარჩულთან, რომელსაც კულტურის ზედაპირის ქვეშ ლამის ინსტინქტურად ამოვიცნობთ ხოლმე. თითქოს შენიშვნის ან რჩევის მიცემის აქტი თავისთავად გულისხმობს შენიშვნის მიმცემის უფრო მაღალ, შენიშვნის მიმღების კი მასთან შედარებით დაბალ საფეხურზე დაყენებას, რაც დამცირებას ნიშნავს. თუ გავიხსენებთ, რომ პრიმატების სოციუმებისთვის მკაფიო და მკაცრი იერარქიაა დამახასიათებელი, ასეთივე სოციალური სტრუქტურაა მოსალოდნელი ჩვენი უშუალო წინაპრების ჯოგშიც. რაც ნიშნავს, რომ ყველა ინდივიდი უფრთხილდებოდა და ლამის სიცოცხლის ფასად იცავდა თავის შედარებით მაღალ მდგომარეობას სოციალურ კიბეზე. ამასთანავე, ცალკეული ინდივიდები და მათი მეგობრული კოალიციები გამუდმებით ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, რათა თავისი სოციალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, როგორც ეს დღეს ჩვეულებრივ ხდება იმავე პრიმატებში. ასე რომ, ჯერ უსიტყვო, მერე და მერე კი სულ უფრო დანაწევრებული შენიშვნა და რჩევა მართლაც შეიძლება აღქმულიყო ერთის უპირატესობის გამოვლენად და, შესაბამისად, მეორის დამცირების ცდად. ეს კი ნიშნავს, რომ გენეტიკური მუტაციით განპირობებული აგზნება და მასზე დამყარებული შენიშვნების მიცემის მოთხოვნილება და ჩვევა რამდენადაც ხელს შეუწყობდა კეთილისმყოფელ თანამშრომლობასა და კოოპერაციას ჯგუფის წევრებს შორის, ამდენადვე სახიფათო შეიძლება აღმოჩენილიყო სწორედ ერთიანობისთვის. 

თითქოს გამოუვალი მდგომარეობაა, რადგან სწავლების ბიოლოგიური ინსტინქტისა და შესატყვისი კულტურული ტრადიციის ჩამოყალიბების ჩემს ჰიპოთეზას წარმოშობისთანავე გადაშენება უწერია. ვფიქრობ, გაუმართლებელია იმის იმედად ყოფნა, რომ კოოპერაციით განპირობებული სარგებლობა გაცილებით სჭარბობდა შინაგანი კონფლიქტების მიერ მოტანილ ზიანს. ამიტომ შემოგვრჩა შენიშვნის მიცემის საკმაოდ სახიფათო მოთხოვნილება, ჩვევა და უნარი ჯერ ენის, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო სწრაფი განვითარების გზაზე შემდგარი კულტურისა და ცივილიზაციის სახით. უფრო სარწმუნო მეჩვენება ასეთი სცენარი: შენიშვნისა და რჩევის მიცემის უნივერსალური მექანიზმი ბიოლოგიური და სოციალური თვალსაზრისითაც გადაარჩინა მის გამოჩენამდე ევოლუციურად ჩამოყალიბებულმა სწორედ მკაფიო სოციალურმა იერარქიამ. თუ სწავლების უფლება მიეცემოდა და დარჩებოდა უფროსებს, სწავლისა კი უმცროსებს, ამ სიტყვის როგორც ასაკობრივი, ასევე იერარქიული მნიშვნელობით, მაშინ მინიმუმამდე შემცირდებოდა განხეთქილების დამატებითი საფრთხე. ხოლო ევოლუცია დაუბრკოლებლად გაამახვილებდა ყურადღებას სარგებლობაზე და არა ზიანზე, რომელსაც ეს საჩოთირო და ხშირად დაუძლეველი, მენდე, გადაულახავი მოთხოვნილება მოიტანდა პრიმიტიულ საზოგადოებაში. მეტიც, მკვახე შენიშვნის შემცვლელი გულითადი რჩევა ჰორიზონტალური თანასწორობისა და „მეგობრობის“ გამოხატულებაც გახდებოდა (სოციალური გრუმინგის მსგავსად) და კიდევ უფრო გაამყარებდა საზოგადოების შინაგან კავშირებს. ეს კი მეტ ნანადირევს და აფთრის მიერ მოპარულ ნაკლებ ბავშვს ნიშნავდა დაუნდობელი ათასწლეულების განმავლობაში.

ნუ გეგონება, მკითხველო, რომ ახლა ყველაფერი ყოველმხრივ უკეთესადაა. მაგალითად, საქართველოში იმ აფთარმა დღეს გუმბათი დაიდგა, ანაფორა გადაიცვა და პირდაპირ სკოლებიდან იტაცებს ბავშვებს, მათი გონებით იკვებება. კონსერვატორებად მოვლენილი მღრღნელებიც სახიფათოდ მომრავლებულან კულტურის ნარჩენებში. ისე, სიმართლე გითხრა, მეც ვერაფერი მოვუხერხე  შენიშვნანარევ ღრმააზროვნებას, თავის შეკავება ვერ ვისწავლე. ნეტა, ჩვენს ძალიან შორეულ წინაპრებს რომ კუდი ჰქონდათ, იმას როგორ შეელიენ?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^