Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი ევოლუცია?

18 აპრილი 2017

ცოცხალი არსება, როგორც ორგანიზმი, არის „ტემპორალიზებული სივრცე“, დროითი სივრცე... თუ ასეა, ამან უნდა ახსნას და განსაზღვროს ორგანიზმის ლოკალიზებულობა შემოგარსული მოცულობის სახით. ტემპორალიზებული სივრცე ალბათ გულისხმობს სივრცე-დროის ოთხი განზომილებიდან საკუთრივ სივრცის სამ განზომილებაში რაღაცნაირად ჩაკეცილ, უფრო ზუსტად, მარყუჟად გამოკრულ მეოთხე განზომილებას - დროს. ცოცხალი ორგანიზმი ამის შემდეგ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დროის წვეთი სივრცეში. ესაა, ასე ვთქვათ, მექანიკური საათი, რომელიც თავის თავს ქოქავს.

ამასთანავე, თუ ასეა, დარვინისეული ევოლუცია ბუნებრივი გადარჩევით, რომელიც ხორციელდება, როგორც შთამომავლობა ცვლილებით (descent with modification), უნდა იყოს ტემპორალიზებული სივრცის ევოლუციის პროცესი... ანუ არსებითად ფიზიკური პროცესი, რომელიც იმითაა განსაკუთრებული, რომ თუ მაკროსამყაროსთვის დამახასიათებელი „ჩვეულებრივი“ ფიზიკური პროცესები - ვთქვათ, ველოსიპედით სეირნობა ან დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო - დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მათგან განსხვავებით, ცოცხალი არსება წარმოადგენს პროცესს, რომელშიც პირიქით, სივრცე-დროის ერთ-ერთი განზომილება, დრო მიმდინარეობს.

ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მექანიკური საათი, რომელიც თავის თავს მომართავს, ქოქავს, „უკეთესად“ გააკეთებს ამას - თავისი თავის უკეთესად დამქოქავი იქნება - თუ დატოვებს შთამომავლობას დაქოქილი ახალი საათის სახით, რომელიც ისევე იმუშავებს, როგორც ამას მისი „მშობელი“ აკეთებს. კიდევ უფრო უკეთესად იმუშავებს მშობელი საათი, თუ მისი შთამომავალი არა მარტო პატიოსნად იმუშავებს მანამდე, სანამ დაბადებისას თანდაყოლილი ერთი დაქოქვა ეყოფა, არამედ მშობელივით შეძლებს თავისი თავის დაქოქვას ყოველ ჯერზე, როცა ამის დრო მოვა. ასეთ შემთხვევაში, თუ მშობელი და შვილი საათების ფიზიკური მდგომარეობა და გარემოს მათდამი დამოკიდებულებაც ერთნაირი იქნება, უმცროსი საათი იმუშავებს მას შემდეგაც, რაც უფროს საათს ყავლი გაუვა, გაცვდება და შეწყვეტს თავისი თავის დაქოქვას, რის შედეგადაც ერთხელ და საბოლოოდ გაჩერდება, ანუ „მოკვდება“ კიდეც.

მაგრამ მშობელი საათი, თუ თავისი თავის დაქოქვის უნართან (ინსტინქტთან) ერთად ნაშიერ საათს გადასცემს მეორე უნარს, რომლის ძალითაც ის თვითონაც შექმნის თავისნაირ და ასევე შთამომავლობის შემქმნელ მემკვიდრეს, ასეთ შემთხვევაში დაიწყება თაობათა უწყვეტი ჯაჭვი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი თაობის საათი არსებობის განმავლობაში ქმნის ერთზე მეტ შთამომავალს, რომელიც მშობლის მიერ სრულებით უნებლიეთ გამოჩენილი დაუდევრობის გამო მისგან ოდნავ განსხვავებული იბადება, ანუ არ არის მისი იდეალური ასლი. ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება ბუნებრივი გადარჩევა, რომელიც კონკრეტული გარემოს კარგად ამტან საათებს მუშაობისა და გამრავლების საშუალებას მისცემს, ხოლო მათ, ვინც, ვთქვათ, სინესტეს ცუდად იტანს, ან მანამდე „მოკლავს“, ვიდრე ისინი შთამომავლობის დატოვებას შეძლებენ, ან მხოლოდ სუსტი, უნაყოფო შთამომავლობის დატოვების უფლებასა და შესაძლებლობას მისცემს. ცხადია, ვთქვათ, ერთ მაგიდაზე მომრავლებული საათები ადრე თუ გვიან დაიწყებენ ერთმანეთთან უნებლიე კონკურენციას ისეთი ადგილებისთვის, სადაც სასურველი სიმშრალეა და არც იატაკზე დამღუპველი გადავარდნა ემუქრებათ. ვისაც არ გაუმართლებს, ის დამარცხდება ბუნებრივი გადარჩევის პროცესში, ანუ გადაშენდება.

როგორც გარემო პირობები, ასევე ყოველ ახალ თაობაში გაჩენილი მცირე, თანდაყოლილი განსხვავებები იმაშიც გამოიხატება, რომ არა მარტო სხვადასხვა თაობის, არამედ ერთი და იმავე თაობის საათებიც, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად განსხვავებულ დროს აჩვენებს. ერთმანეთს რომ შეადარო, ზოგი უფრო სწრაფად მოძრაობს, ზოგი კი უფრო ნელა. ახლა თუ საათების ამ სამყაროს ცენტრში მდებარე საათს მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი, არსებითად შემთხვევითი მდებარეობის გამო მიენიჭება სწორი დროის ჩვენების კომპეტენცია, მაშინ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სხვა საათი ან სწორ დროს აჩვენებს, ან წინ გარბის, ან უკან ჩამორჩება. ეს ყველაფერი, ცხადია, პირობითია, უფრო ზუსტად, ფარდობითია, რელატიური და ძალაუნებურად გვკარნახობს საათების საზოგადოების სქემატურ სურათს.

ისე გამოვიდა, რომ საათის მიერ დროის ჩვენებას აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიეცეს, რაც სხვადასხვა თაობის საათებისგან შედგენილ საზოგადოებაში გაჩნდება პრივილეგირებული მდებარეობა და, შესაბამისად, მისი დამკავებელი და ამიტომ სანიმუშო საათი. მხოლოდ ამის შემდეგ წარმოიშობა წარმოდგენა სწორ და არასწორ საათებზე, ანუ საზოგადოების ნორმალურ, მეტ-ნაკლებად ნორმალურ და არანორმალურ წევრებზე, შენზე და ჩემზე, მკითხველო. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ეს მოდელი საათების - და არა მარტო საათების - საზოგადოებას განვითარების არსებითად ორ გზას უტოვებს: ერთს საზოგადოება მიჰყავს იმისკენ, რომ ძალაუფლება და იერარქია ჩამოყალიბდეს და განაწილდეს, ასე ვთქვათ, ფარდობითი, რელატიური კომპეტენციის საფუძველზე; ხოლო მეორე მთავრდება იმით, რომ პირიქით, ძალაუფლება და იერარქია ხდება კომპეტენციისა და ავტორიტეტის სათავე.

გარკვეული, რა თქმა უნდა, არაცნობიერი და მექანიკური ცოდნა აუცილებლად თან უნდა ახლდეს თავისი თავის დამქოქავ, ცოცხალ საათს. მან უნდა იცოდეს, რამდენი დრო გავიდა ბოლო დაქოქვის შემდეგ, რათა თავისი თავის დაქოქვა მოასწროს და გაჩერებას, სიკვდილს გადაურჩეს. ასე რომ, წარსულის გაზომვა და გათვალისწინება ევოლუციის სათავეში მყოფ და, ამ აზრით, პრიმიტიულ საათებს უკვე უნდა შეეძლოთ. ისინი წარსული გამოცდილების საფუძველზე ცხოვრობენ თვითონ და წარსულის ცოდნას შთამომავლობას თანდაყოლილი ინსტინქტის სახით გადასცემენ, როგორც არსებობისა და გამრავლებისთვის აუცილებელ კიდევ ერთ უნარს. ამ თვალსაზრისით, წარსული არის ცოცხალი არსების პირველყოფილი ინსტინქტი. მაგრამ ისიც ნათელი მგონია, რომ შემთხვევითი ცვლილებებით დახუნძლული, გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმული და ბუნებრივი გადარჩევის ხელში ჩავარდნილი (თავისი თავის დამქოქავი) საათების თაობებში სრულიად შემთხვევით და თანდათან გამოჩნდებოდნენ ისეთი ინდივიდები, რომლებიც დროის ათვლის მეორე შესაძლებლობასაც აითვისებდნენ. ისინი შეიძენდნენ იმის უნარს, რომ განესაზღვრათ მომავალი ანუ ის, თუ რამდენი დროა დარჩენილი გაჩერებამდე და როდის უნდა დაიწყონ ზრუნვა ხელახლა დაქოქვაზე. აქვე ჩავურთავ ვარაუდს, რომ „ყოველი შემთხვევისთვის“ ან თავის დასაზღვევად ნაადრევად დაქოქვა პირდაპირ დამღუპველი თუ არა, ძალიან დამღლელი უნდა ყოფილიყო, რის გამოც, თუ ასე მოიქცეოდა, საათი საკმარის ენერგიას ვეღარ დააგროვებდა სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობის დასატოვებლად, ანუ უკვალოდ წაიშლებოდა. ამიტომ ევოლუცია ალბათ აითვისებდა და შემოინახავდა საჭირო დროის სწორი გამოთვლის ორივე სტრატეგიას, წარსულზე დამყარებულს და მომავლის წინასწარმეტყველს. ისიც ცხადია, რომ ორივე სტრატეგია ზედმიწევნით დაიხვეწებოდა იმავე ბუნებრივი გადარჩევის პროცესში, რათა საათს აუცილებელი და საკმარისი სიზუსტისთვის მიეღწია.

მაგრამ აქ ერთი უცნაური რამ ხდება, გადამწყვეტი ოპერაციის შესრულებისთვის დროის შერჩევა წარსული გამოცდილების საფუძველზე თამამად შეიძლება. წარსული ისაა, რაც იყო, რამაც კვალი დატოვა, მომავალი კი ჯერ არ ყოფილა, მის კვალს ვერსად იპოვი. ამიტომ მომავალი მხოლოდ თუ მოგელანდება, მარტო ჰალუცინაციის სახით თუ გამოგეცხადება. ვფიქრობ, ევოლუციის რომელიღაც საფეხურზე საათებში თავიდან სრულიად შემთხვევით გაჩნდა მომავლის ჰალუცინაცია, რომელსაც თვითონ ეს საათები, ცხადია, ვერ აცნობიერებდნენ, რადგან უბრალოდ არ ჰქონდათ ცნობიერება. სამაგიეროდ, მათ უკვე შეეძლოთ ამ ჰალუცინაციის „წონის“ ან „სიმძაფრის“ პრაქტიკულად გათვალისწინება ამა თუ იმ ოპტიმალური მომენტის შესარჩევად. მოსალოდნელია, რომ ის საათები, რომლებიც ამას აკეთებდნენ წარსულისა და მომავლის, მეხსიერებისა და წინასწარმეტყველების შეჯერების, ურთიერთკორექციის საფუძველზე, შედეგად აღწევდნენ ბევრად უფო მეტ სიზუსტეს როგორც თავისი თავის დაქოქვის, ასევე გამრავლების არანაკლებ შრომატევად საქმეში. შესაბამისად, სწორედ ასეთი ინდივიდები იძენდნენ აშკარა უპირატესობას მხოლოდ წარსულზე დაყრდნობილ თანამოძმეებთან შედარებით, და თავის ამ მომგებიან ჰალუცინაციას მემკვიდრეობითაც გადასცემდნენ შთამომავლობას.

მკითხველო, თუ ჩემს ესეებში აქამდეც ჩაგიხედავს, მიხვდები, რომ, ჩემი ვარაუდით, სწორედ მომავლის ჰალუცინაცია წარმოადგენს ცნობიერებას. ხოლო ამ ესეში მონიშნული მოდელის მიხედვით ცნობიერებას ადრე თუ გვიან თითქმის აუცილებლად უნდა გადაჰყროდა ევოლუცია დროის გამოთვლის მისთვის მისაწვდომი ყველა შესაძლო გზის ბრმად, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ძებნის განმავლობაში. გამოდის, რომ ცნობიერება დროის ფუნქციაა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩნდება იქ, სადაც დრო სივრცეშია მოქცეული ლოკალური მარყუჟის სახით. მგონია ასევე, რომ თვითონ ამ მარყუჟის რაღაცნაირად მომცველი სივრცეც შესაბამისად ლოკალიზებული უნდა იყოს, ანუ გარემოსგან გარკვეული საზღვრით, გარსით იქნება უმეტესად გამოყოფილი. ასეთი მოცულობითი განცალკევება ნებისმიერი ცოცხალი (ერთ ან მრავალუჯრედიანი) ორგანიზმის აუცილებელი, საწყისი ნიმუშია.

ასეთივე, თითქმის გარდაუვალი აუცილებლობა ჩანს უკვე ცნობიერებაჩასახული ინდივიდებისგან შედგენილი საზოგადოების წარმოშობა ევოლუციის რომელიმე, შედარებით მაღალგანვითარებულ საფეხურზე. როგორც ვნახეთ, თავად საზოგადოების განვითარებაც არსებითად მხოლოდ ორგვარი შეიძლება იყოს - ის ან რაციონალურ, ანუ ფარდობით კომპეტენციას და, შესაბამის, რელატიურ ავტორიტეტს უნდა დაემყაროს, ან ირაციონალურ და შეძლებისდაგვარად აბსოლუტურ ძალაუფლებას. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი და არაბუნებრივი, რომ, ვთქვათ, საქართველოში საერო და საეკლესიო ხელისუფლება უგუნურთა აღმართს ერთნაირად ჯიუტი სიბეჯითით შესდგომია. არც ისაა ევოლუციის თვალსაზრისით მოულოდნელი, რომ ლიბერალიზმის მოძულე ვინმე ფილოსოფოსად წოდებული კონსერვატორი (ვთქვათ, ზაზა შათირიშვილი) ასე ძალიან ჰგავს პინგვინს, რომელსაც სხვა ფრინველებისთვის ფრენის აკრძალვა უნდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^