Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

7 არგუმენტი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის წინააღმდეგ

22 აპრილი 2017

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 3 თვიანი მუშაობის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს უყრის კენჭს. საბაზისო პროექტი ფაქტობრივად მთელს კონსტიტუციას გადასინჯავს და კლასიკურ საპარლამენტო მოდელს გვთავაზობს. აქვე ვიტყვი, რომ ერთაპალატიანი წარმომადგენლობითი ორგანოსა და უსუსური ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში სახელმწიფო მოწყობის ეს ფორმა შტოებს შორის ძალაუფლების აკურატული დანაწილებისა და ზედმიწევნით დაბალანსებული მოდელის გარეშე საფრთხის შემცველია, წარმოქმნის ძალაუფლების ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში კონსოლიდაციის რისკს. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შეფასდეს წარმოდგენილი პროექტი.

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ უზენაესი კანონის ახალი რედაქცია ბევრ ისეთ დებულებას შეიცავს, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან (მაგ: მთავრობის უნდობლობის მართლაც კარგი პროცედურა). თუმცა ამ პოსტში მინდა რამდენიმე ასპექტზე ვისაუბრო, რის გამოც მიმაჩნია, რომ შემოთავაზებულია პროექტი, სადაც ერთი მხრივ არასაკმარისად არის დაბალანსებული ძალაუფლება, ხოლო მეორე მხრივ ნაკლებად არის ორიენტირებული საზოგადოების ფართო ფენების სახელმწიფოს მართვაში ჩართულობაზე.

აქ შევეხები არა ყველა პრობლემას, რომელიც ჩემი აზრით წარმოდგენილ დოკუმენტშია, არამედ მხოლოდ იმათ, რომლებიც ყველაზე არსებითი მგონია. არ გამოვრიცხავ ,,გამორჩენას’’, რაც უკავშირდება მცირე დროს, რომელიც ამ ტექსტის მოსამზადებლად მქონდა, კომისიის მუშაობა ფორსიებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

  1. უკან გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების ნაწილში
  • ადამიანის უფლებების ჩამონთვალიდან ქრება ორი მნიშვნელოვანი მუხლი. ერთი ითვალისწინებს ადამიანებისთვის მინიმალურ გარანტიას სახელმწიფომ ხელის შეუწყოს დასაქმებაში, მიიღოს უმუშევრის სტატუსი და საარსებო მინიმუმი. მეორე ამბობს, კონსტიტუცია ასევე იცავს იმ უფლებებს, რომელიც ტექსტში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ უზენაესი კანონის პრინციპებიდან. ამ მუხლების პირველ თავში გადატანა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მათი დარღვევის შემთხვევაში ვერ იდავებენ სასამართლოს მეშვეობით;
  • მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, კონსტიტუციის მეორე თავის პროექტი არ ითვალისწინებს შრომითი უფლებების ეფექტური ზედამხედველობის ორგანოს, რაც დამატებითი გარანტია იქნებოდა კონკრეტული ადამიანების ექსპლოატაციისგან დასაცავად;
  • ამიერიდან კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს ქორწიების ცნებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, რითაც ის დამატებით საზრდოს მისცემს ჰომოფობიას, ჩაკეტავს საზოგადოების აღქმის ცვლილების კვალდაკვალ ამ ინსტიტუტის იურიდიული შინაარსის დინამიური განვითარების შესაძლებლობასა და შეამცირებს დღეს მოქმედ სტანდარტს.
  1. პარლამენტის დაკომპლექტების უსამართლო წესი
  • უდავოა, რომ პარლამენტის დაკომპლექტების შემოთავაზებული წესი აუმჯობესებს მოქმედ სისტემას, მაგრამ ის პრობემურია იმდენად, რამდენადაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ამომრჩევლის მხარდაჭერასთან შედარებით არაპროპორციულად ბევრი სადეპუტატო მანდატი. 5%-იანი ბარიერი და გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი, - ერთობლიობაში, პირველ ადგილზე გასულ პარტიას გადამწყვეტი უპირატესობით აღჭურავს სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიმართებით. მაგალითსთვის 2016 წლის არჩევნებში ასეთი მანდატების რაოდენობა იქნებოდა 30, რასაც ავტომატურად ქართული ოცნება წაიღებდა, რისი მეშვეობითააც 48% მხარდაჭერის პირობებში მანდატების 68%-ს გააკონტროლებდა. ეს დებულება გარანტიაა იმისა, რომ ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა  ფინანსური ინსტრუმენტებით აღჭურვილ ელიტებს შეუნარჩუნდებათ;
  • საგამოძიებო კომისია საპარლამენტო რესპუბლიკაში უმთავრესი ინსტრუმენტია ოპოზიციის ხელში გააკონტროლეს მთავრობა. ეს არსებითია, რადგან უმრავლესობა იმავე საქმეში ენთუზიაზმით არ გამოირჩევა, რადგან კაბინეტი მისი ორგანული ნაწილია. შემთავაზებული ცვლილებებით უმჯობესდება არსებული რედაქცია და კომისიის შემქნისთვის საჭირო ქვორუმი 76-დან 50 დეპუტატზე ჩამოდის, მაგრამ ეს არასაკმარისია, რადგან ამ იარაღს პარლამენტის 1/3-ის თანხმობის აუცილებლობა მოუქნელს ხდის უმცირესობის ხელში (მაგალითად დღეს პარლამენტში ამ წესით შეუძლებელი იქნებოდა საგამოძიებო კომისიის შემქნა), ის სულ ცოტა უნდა შემცირდეს 1/4-მდე, როგორც ეს სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებშია;
  1. მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე
  • მოქმედ კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაავალდებულებდა წელიწადში ერთხელ წარმსდგარიყო საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით სამთავრობო გეგმის შესრულების შესახებ. ამის გამოა, რომ მთავრობის მეთაური ფაქტობრივად მხოლოდ ნდობის გამოცხადების დროს მიდის პარლამენტში. ეს აკნინებს წარმომადგენლობითი ორგანოს როლს და ახალისებს პოლიტიკური პროცესების პარლამენტის გარეთ გატანის ტენდენციას, რაც განსაკუთრებით შეუსაბამოა საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებთან. არსებული ვითარება არც შემთავაზებული პროექტით იცვლება;
  • პროექტის მიხედვით პარლამენტის მიერ კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერს უჩნდება უფლება დამოუკდებლად დაითხოვოს ნებისმიერი მინისტრი, ან სულაც მთელი კაბინეტი შეცვალოს. თუმცა ეს საკითხი, უნდობლობის მარტივი პროცედურის გამო პრობლემური არ იქნებოდა, რომ არა საკანონმდებლო ორგანოს უუნარობა თანამდებობიდან გაათავისუფლოს მისთვის მიუღებელი მთავრობის წევრი. ეს დეპუტატებს მხოლოდ ერთ გზას უტოვებს უნდობლობა გამოუცხადონ კაბინეტს, რაც მეტისმეტად რადიკალური გზაა.
  1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების დაკომპლექტების უმრავლესობაზე მორგებული წესი

კონსტიტუცია ითვალისწინებს ე.წ. დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომელთა ფუნქციაა კონკრეტულს სფეროში შეაკავონ პოლიტიკური ორგანოების ძალაუფლება, ან შეამწმონ ისინი. ასეთი ინსტიტუტები ორგვარად კომპლექტდება, პირველი პრეზიდენტის წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს და ეს უკანასკნელი ამტკიცებს ან უარყოფს მათ (მაგ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, დამოუკიდებელი კომისიების წევრები და სხვ.) და მეორე პარლამენტი თავად უკეთებს კანდიდატებს ინიცირებას და თავადვე ამტკიცებს მათ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია უმცირესობის სავალდებულო თანხმობის წესის არსებობა, რადგან უმრავლესობამ ლოიალურად განწყობილი პირი არ დანიშნოს (პრეზიდენტის ინიცირების შემთხევაში იგულისხმოება, რომ ქვეყნის პირველი პირი ზეპარტიულია და არ მიიღებს პოლიტიკურად მაამებლურ გადაწყვეტილებას). შემოთავაზებულ ვერსიაში ამგვარი წესით უნდა აირჩეოდნენ: სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გენერალური პროკურორი.

  1. პრეზიდენტის არჩევის ირიბი წესი

უნდა ვთქვა, რომ ზოგადად არ ვარ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრე და კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკაა ჩემი იდეალი, თუმცა იმის გამო, რაც პირველივე აბზაცში აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ ამგვარი გადახვევა ჩვენს შემთხვევაში სასარგებლო იქნებოდა. სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევა ნიშნავს დამატებით არჩევნებს და შესაბამისად დამატებით ბარიერს ხელისუფლების კონსოლიდაციისკენ მიდრეკილი ნებისმიერი უმრავლესობისთვის, ამავდროულად ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვილ პირს მეტი ლეგიტიმაცია ექნება, ეს დაეხმარება მას იყოს დამოუკიდებელი და წინ აღუდგეს კონსტიტუციური ბალანსისთვის საფრთხის შემქმნელ მცდელობებს. საკანონდემლო ორგანოს დაკომპლეტების შემოთავაზებული წესის პირობებში პრეზიდენტის ირიბი არჩევნები კონკრეტულ ვითარებაში მმართველი გუნდისთვის კარგი საშუალებაა ქვეყნის პირველ პირად ლოიალურად განწყობილი პირი გაამწესოს.

  1. ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის დეფიციტი სასამართლო ხელისუფლებაში
  • შემოთავაზებული ვარიანტი კვლავ ითვალისწინებს მოსამართლეთა 3 წლიანი პრობაციით გამწესებას. ეს ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ინდივიდუალ მოსამართლეს მანიპულაციის ობიექტად აქცევს.
  • ცვლილებების პროექტით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. სიახლე ვენეციის კომისიის რჩევის გათვალისწინებაა, თუმცა ეს დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცესში ჩართვას მოითხოვდა და არა ქვეყნის პირველი პირის გამორიცხვას. შესაძლებელი იყო არსებულ მოდელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამატება, რითაც საკასაციო სასამართლოს დაკომპლეტება ორწვეროვანის ნაცვლად სამწვეროვანი გახდება. ახალი ფილტრის გაჩენა გაზრდიდა დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირების შანსს.
  • მიუხედავად კომისიის წევრთა ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნისა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიენიჭა ე.წ. ,,რეალური კონტროლის’’ უფლებამოსილება. რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტლების კონსტიტუციურობის შემოწმებას. ამ ინიციატივის მხარდაჭერა გააუმჯობესებდა უფლებების დაცვის სტანდარტებს ქვეყანაში და ადამიანებს მიანიჭებდა შესაძლებლობას ეფექტურად ებრძოლათ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
  • აქვე უნდა ითვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლება გააუქმოს ჩატარებული არჩევნები თუ ის არაკონსტიტუციურ ნორმებს დაეფუძნა. ამგვარად ჩვენ გვექნება რეალობა, სადაც მიუხედავად არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე ჩატარებული არჩევნებისა არ იარსებებს მექანიზმი უზენაესი კანონით განსაზღვრულ კალაპოტში პოლიტიკური პროცესის დაბრუნებისთვის.
  1. უკონტროლო ეკონომიკური თავისუფლება

დღეს მოქმედი კონსტიტუცია იდეოლოგიზირებულია, ის იკითხება როგორც ნეოლიბერალური დოკუმენტი, შემოთავაზებული კონსტიტუცია ვერ ახერხებს არსებით გარღვევას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც პირველ რიგში გამოიხატება იმ ნორმები შენარჩუნებით, რომელიც საგადასახადო რეფერენდუმს შეეხება.

რამდენადაც შესაძლებელი იყო მოკლედ შევეცადე ჩემი პოზიციის გადმოცემას. როგორც გამოჩნდა შემოთავაზებულ პროექტს ბევრი ნაკლი აქვს, მართალია მათი დიდი ნაწილი ამ მოდელს მემკვიდრეობით წინასგან ერგო, მაგრამ კომისიას ქონდა შანსი გამოესწორებინა ისინი. დღეს თანამოაზრეები კიდევ ერთხელ, ამ ფორმატში უკანასკნელად, შევეცდებით დავარწმუნოთ კოლეგები და ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული წინადადებები კონსენსუსის საგანი გავხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის მიღებით საფუძველს ჩავუყრით კიდევ ერთ კონსტიტუციურ რეფორმას, რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნილი უკმაყოფილების ნაყოფი იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^