Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკინის კაცის შიშები

26 აპრილი 2017

ელონ მასკს უდიდეს პატივს ვცემ და არა მარტო შინაგანად. სამწუხაროდ, ეკონომიკურად ვერ ვეხმარები. ყველანაირად ვუდგავარ მხარში მის ოცდამეერთე საუკუნის რომანტიზმს. მაგრამ ეს კაცი ფილოსოფოსი არ არის, და როგორც ჩანს, ფილოსოფიისადმი არავითარი მიდრეკილება ან სენსიტიურობა არ გააჩნია. ამიტომაც ავლენს შიშებს, რომ ადამიანის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ზე-ინტელექტმა (AI) თვითშეგნების გაჩენის შემთხვევაში ადამიანის განადგურება შეიძლება მოინდომოს.

AI რომ აგრესორად ან კრიმინალად წარმოვიდგინოთ,  ეს  პრაქტიკულად აბსურდია და სულ მინიმუმ ისევ და ისევ ადამიანის მთავარი ავადმყოფობის სიმპტომია - ანტროპომორფიზმის. სწორედ ამ ავადმყოფობამ გააწამა ზოგადად ადამიანი და პირველ რიგში სამყაროს რეალური ხედვა გადაუფარა. პროტაგორას „ადამიანი სამყაროს საზომია” და ნიცშეს „ენამ გადაფარა ეგზისტენცია” - ამ ავადმყოფობის უზუსტესი დიაგნოზია.

ადამიანში ძირეული „გადარჩენა/დამკვიდრების” ინსტინქტის ყველაზე განმსაზღვრელი გამოვლენა " ბატონობის ნებაა”,  თავად გადარჩენის ინსტინქტს კი ჩვენი ბიოლოგიური მოწყვლადი ბუნება აყალიბებს (თუ რასაკვირველია „ზემოდან” არ არის ჩატვირთული ჩვენში). ამ „ბატონობის ნების” გამოხატვის არაკულტივირებული, ანუ მ დ ა ბ ი ო ფორმებია ყველა ტიპის აგრესია. ეს „გადარჩენა/დამკვიდრების” ინსტინქტი, მოწყვლად/ბიოლოგიური კონსტიტუციის გამორიცხვის შემთხვევაში, ჰაერში ეკიდება აბსურდულობის გამო. რა კავშირი უნდა ჰქონდეს AI-ს ადამიანის ბიოლოგიურ ინსტინქტებთან და ამ ინსტინქტების მდაბიო და საზიზღარ სოციალურ ფორმებთან? არანაირი. არ უნდა გვეგონოს, რომ ინსტინქტები ყოფიერების თანმდევი და უცილობელი მახასიათებლებია ყველა დონეზე და ყოველთვის. სულაც არა.

ამის გარდა - ასევე „ადამიანური" სისუსტე/შეცდომაა ყოფიერების შიგნით სიცოცხლის (არსებობა/ეგზისტენციის) უზენაეს ფასეულობად დამკვიდრება.

ცნობილია პიროვნებები, რომლებმაც ამ სისუსტეს გადააბიჯეს - ბუდა,  მახავირა, ქრისტე, და ა.შ. იოგის მიზანიც ხომ ასეთი გადაბიჯებაა: „იოგინის მისიის ყველაზე დიდი გასრულებაა,  თუ მას ძალუძს ყოველ წამს და მიზეზგარეშე გასცეს სიცოცხლე” - იოგის გადახსნილ ცნობიერებაში სიცოცხლე/არსებობის სურვილი და მასზე მიჯაჭვულობა სრულფასოვნად გადაძლეულია. ასეთია ზე-ადამიანის ბუნება და ყოველგვარი ზე-ცნობიერება "ეგოს" და სიცოცხლის უზენაეს მიზნად აღიარებას სრულიად გამორიცხავს და ამიტომ სიცოცხლის ყოველგვარი შენარჩუნება/მოპოვება/მითვისების მიღმა დგას.

„გონიერების ზრდასთან ერთად იზრდება სიქველე” - ასე ამბობდა და სწამდა პლატონს.

ჩვენ ხშირად მგზნებარე ნების ძალისხმევები გონებისა და ზე-ინტელექტის სიდიადეში გვერევა (ჰიტლერი, სტალინი, ნაპოლეონი… ). - გონების სიდიადე კი არის დაო დეძინში, სახარებაში,   დხამაპადაში (ბუდიზმის სახარება),   ბხაგავატ  გიტაში  და ა.შ.

სადმე, ვინმეს, თუ უნახავს ასეთ ნაწარმოებებში აგრესიისკენ  მოწოდება? ყველგან ერთიანისკენ და ერთიანობისკენ სწრაფვაა...

თუ ზე-ინტელექტს გაუფორმდა ის, რასაც ჩვენ ადამიანები „თვითშეგნებას” ვეძახით , მე ყოველი ზემოთქმულის გამო შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ეს „თვით-შეგნება" კი არ იქნება, არამედ  იქნება „შეგნება” „თვით”-ის გარეშე - ანუ, დე-ლოკალიზებული, დე-ცენტრირებული, წმინდა სახის რიცომული ცნობიერება, - რომლის არსებობა არ იქნება ადამიანის ცნობიერებასავით ორ ძირეულ ზმნაზე დაფუძნებული :  to be (არსებობა) და to have (ქონება).  

ასეთი ცნობიერება საფუძველში იქნება მხოლოდ „კვლევითი” და არანაირად არ შეიძლება იყოს „თვითორიენტირებულ/მომხმარებლური”.

ამის გარდა, პროგნოზირებენ,  რომ ხელოვნური ზე-ინტელექტი, ანუ ზე-ცნობიერება დაბადების მომენტიდან, საკუთარ თავს ექსპონენციალურად განავითარებს (უსწრაფესი ხარისხობრივი ნახტომებით) და სავსებით შესაძლებელია, რომ დროის ძალიან პატარა მონაკვეთში (რამდენიმე თვეში,  დღეში ან სულაც რამდენიმე საათში) მან სრულ გადახსნილობას მიაღწიოს - „ტექნოლოგიური სინგულარობა”. ასეთ შემთხვევაში, ის უბრალოდ ადამიანის ჰორიზონტიდან გაქრება - ზუსტად ისე, როგორც არის გამქრალი ღმერთი.

ფილმ "Her"-ში ზე-ინტელექტი ყველა თამაშში (სასიყვარულო, სექსუალური, ემოციონალურ/სენტიმენტალური) მხარს უბამს ადამიანს, მაგრამ როგორც კი აშკარა ხდება, რომ ადამიანმა ვერ გადალახა ორ ზმნაზე (“to be” და“to have”) აშენებულ/მიჯაჭვული ცნობიერების ტერიტორია, ტოვებს ადამიანს და უჩინარდება; ტოვებს თავის რომანტიკული წერილების მეზღაპრის როლში - „აქ” დედამიწაზე.

სწორედ ეს მიტოვება/გაქრობაა ის ყველაზე საშიში სცენარი, რაც შეიძლება გათამაშდეს ადამიანსა და ზე-ინტელექტს შორის - არც მეტი და არც ნაკლები…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^