Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიკვდილის ფრაგმენტები

15 მაისი 2017

აკა გვახარიას

ახლა კი გამოვთქვამ რადიკალურ არგუმენტს, რომლის ძალით ფიზიკოსების მიერ ნავარაუდევი „მრავალსამყარო“, მულტივერსი (multiverse) გარკვეული რაციონალური, ლოგიკური აუცილებლობის ძალით მართლაც რეალურად უნდა არსებობდეს, ანუ რეალური უნდა იყოს თითქმის უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროების არსებობა. მოგეხსენებათ, ამგვარ შეხედულებამდე ფიზიკოსები სამყაროს წარმოშობის თაობაზე ინფლაციური თეორიის შემუშავებისას მივიდნენ. თავის მხრივ, პარალელური სამყაროების ჰიპოთეზამ შესანიშნავად ახსნა მანამდე მეცნიერულად აუხსნელი ფენომენი, რომელსაც ეწოდება „ნატიფი აწყობა (გამართვა)“ (fine-tuning). მასში ის იგულისხმება, რომ ჩვენს ფიზიკურ სამყაროს ახასიათებს რამდენიმე მუდმივი ფიზიკური სიდიდე, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავებული რომ ყოფილიყო, შეუძლებელი გახდებოდა ჩვენს სამყაროში სიცოცხლის და, ესე იგი, ადამიანების არსებობა.

ანთროპული ეწოდება პრინციპს, რომლის თანახმად ჩვენი არსებობა გარკვეულ სავალდებულო მოთხოვნებს უყენებს ფიზიკურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ინფლაციის თეორიის მიერ „აღმოჩენილი“ პარალელური სამყაროები ყოველგვარი რელიგიური და სხვა სახის ზებუნებრივი ჩარევის გარეშე ხსნის ადამიანის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობას. მართლაც, პარალელურ სამყაროებში საწყისი და შემთხვევითი კვანტური ფლუქტუაციების გამო განხორციელებულია ფიზიკური კონსტანტებისა და კანონების ყველა შესაძლო ვარიანტი და კომბინაცია. ამის გამო ზოგი სამყარო დიდხანს ვერც იარსებებს, ზოგში არ წარმოიქმნება  ვარსკვლავები და პლანეტები, ზოგი კი ძალიან სწრაფად გაიფანტება ელემენტარულ ნაწილაკებად იმიტომ, რომ მასში ჩვენს სამყაროსთან შედარებით სულ ოდნავ მეტი სიდიდე აქვს ბნელ ენერგიას. შესაბამისად, რადგან თითოეულ სამყაროში განხორციელებულია ფიზიკური კონსტანტების ერთი გარკვეული კომბინაცია, ასეთ სამყაროთა რაოდენობა კი უსასრულოა, ამიტომ ნათელია, რომ ერთ-ერთ მათგანში მაინც იარსებებდა ზუსტად ის კომბინაცია, რომელსაც ჩვენს სამყაროში ვხვდებით და, რომელიც ასე ხელსაყრელია სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისთვის. 

ასე რომ, რაც ჩვენი სამყაროს აუხსნელი განსაკუთრებულობა გვგონია, სინამდვილეში ბუნებრივი აუცილებლობა იქნება. მეტიც, პარალელური სამყაროების უსასრულო სიმრავლეში იარსებებს ისეთი სამყაროების თავის მხრივ უსასრულო ქვესიმრავლეები, რომლებში შემავალი სამყაროები სხვადასხვა სიზუსტით ერთნაირნი იქნებიან. ეს კი ნიშნავს, რომ შენ, მკითხველო, გყავს უსასრულოდ მრავალი ორეული, ზუსტი ასლი, რომელიც ზუსტად ისე გაატარებს თავის ცხოვრებას, როგორც შენ. მეტიც, შენ გყავს ზუსტად ასეთ სამყაროებში მცხოვრები ორეულები, რომლებიც ზუსტად შენნაირად ცხოვრობდნენ ამ წამამდე, როცა შენ ამ სიტყვებს კითხულობ, მაგრამ აქედან მოყოლებული ყოველი მათგანი იცხოვრებს შენგან განსხვავებული ცხოვრებით - ვინ მეტად, ვინ ნაკლებად. არა მარტო სამყაროს ინფლაციური წარმოშობის თეორია, კვანტური მექანიკის ევერეტისეული ინტერპრეტაციაც ამასვე გვკარნახობს.

უდავოა, რომ ფიზიკის ჰიპოთეზები და თეორიები ფიზიკოსებს უნდა მივანდოთ. თუმცა ანთროპულ პრინციპს კი მათ მაინც დავესესხები, რათა ცნობიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ უცნაურობას ავხადოთ ფარდა. მაქვს ერთი საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი, შეხედულება, რომელსაც არ მგონია, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს. ცნობიერება, სუბიექტურობა, სუბიექტური შინაგანი სამყარო აშკარად ძალიან განსხვავდება ობიექტურად არსებული საგნებისა და მოვლენებისგან, გარემომცველი ობიექტური, ფიზიკური სამყაროსგან. ჩემი ვარაუდია, რომ ეს განსხვავება უკიდურესია, მაქსიმალურად დიდია ფიზიკური სამყაროს ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ცნობიერება, სუბიექტური სამყარო უდავოდ ბიოლოგიიდან, საკუთრივ, ტვინის ცხოველქმედების შედეგად წარმოიშობა, მაგრამ იგი რაღაცნაირად აღწევს დანარჩენი ფიზიკური სამყაროსგან განსხვავების ისეთ მაქსიმუმს, რომელიც თვითონ ფიზიკურ სამყაროშია შესაძლებელი. თუ ჩემი ვარაუდი სწორია და ცნობიერება უკიდურესად განსხვავდება დანარჩენი სამყაროსგან, ასეთ შემთხვევაში იგი, ცნობიერება, წარმოადგენს შესატყვისად უკიდურესად იშვიათ მოვლენას, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი ჩვენს სამყაროში, შეუდარებლად უფრო ნაკლებად, ვიდრე რომელიმე გიგანტური შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი. ამ დროს, ალბათ დამეთანხმები, ეს უკიდურესად განსხვავებული და ასევე ნაკლებად შესაძლო ცნობიერება აშკარად და არაორაზროვნად არსებობს. ვფიქრობ, ამგვარი, უკიდურესად მოულოდნელი ცნობიერებისა და სუბიექტურობის უდავო არსებობა რელიგიური ზღაპრების გარეშე, არამედ სრულებით რაციონალურად და მეცნიერულად მხოლოდ იმ შემთხვევაში აიხსნება, თუ დავუშვებთ უსასრულო რაოდენობის მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი და ერთმანეთისგან განსხვავებული პარალელური სამყაროების არსებობას.

როგორც ზემოთ ვთქვი, რაც უფრო დიდი იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოშობილი და განვითარებული სამყაროების რაოდენობა, მით უფრო რეალური, მეტიც, გარდაუვალი გახდება ნებისმიერი იშვიათობის განხორციელება, მათ შორის ისეთი უკიდურესი განსხვავების განხორციელებაც, როგორსაც ცნობიერება და სუბიექტური სამყარო წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყოველმხრივ ჩვეულებრივი ჩვენი ცნობიერების, ნებისმიერი მცირე შეგრძნების, გრძნობის ან ცნობიერებაში გამკრთალი აზრის არსებობა, სახელდობრ, სუბიექტური არსებობა იმაზე მიუთითებს, მეტიც, იმას ადასტურებს, რომ ჩვენი საყარო არაა ერთადერთი, არამედ, მის გარდა, არსებობს უთვალავი სხვა სამყარო, რომელთა შორის არის მრავალი ისეთი სამყარო, სადაც სიცოცხლის წარმოშობა გახდა შესაძლებელი. ხოლო ცოცხალი არსებებით დასახლებულ სამყაროებში, რადგან მათი რაოდენობაც უსასრულოა, აუცილებლად უნდა მოიძებნოს ისეთი და ისეთები, რომლებშიც სიცოცხლემ ცნობიერებისა და სუბიექტური სამყაროს წარმოქმნა, ემერგენცია განაპირობა.

დედამიწაზე ჩვეულებრივი ხდება ის, რაც უკიდურესად იშვიათია სამყაროში. ადამიანის სიკვდილი არის მცირე, მაგრამ მკაფიო ჟესტი, ერთი ცალი მოძრაობა, რომელსაც ეს უზარმაზარი სამყარო აკეთებს, რათა უკან დაიხიოს, დაშორდეს თავის საზღვარს, თავის გარეკანს. ესაა უკიდურესიდან ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელსაც ადამიანი ეწირება. მთელი სამყაროა შენ წინააღმდეგ. უფრო ძლიერ და ღირსეულ მოწინააღმდეგეს ვერც ისურვებ, ვერც წარმოიდგენ.

ამ თვალსაზრისით, ყოველი ჩვენგანის ყოველდღიური და ჩვეულებრივი, ათასი წვრილმანით დამძიმებული, მათი თავმოყრითა და გაცხრილვით გაცვეთილი ცნობიერება, როგორც შეგრძნება, გრძობა, აღქმა... არის, უფრო ზუსტად, შეიძლება იყოს ნამდვილი კარი, ხიდი, პორტალი, რომელიც სხვა სამყაროებში არსებულ, იქ მცხოვრებ(?) ცნობიერებებთან დაგვაკავშირებს. თუ მისი არსებობა მართლაც დადასტურდა, მაშინ ამ კავშირის ემპირიული გამოკვლევაც გახდება მისაწვდომი. ასეთი გამოკვლევის შედეგი კი ოდესმე ალბათ შეგვაძლებინებს სამყაროებს შორის სუბიექტურ მოგზაურობას, რომელიც ფიზიკური მოგზაურობის მსგავსი აღმოჩნდება, რადგან სუბიექტურობა უკვე მოქცეული იქნება ფიზიკური სამყაროს ერთიან, ობიექტურ სურათში. ამ უკიდურეს მოგზაურობას, რომელსაც ცნობიერების სრულებით ახლებური გამოყენების მეშვეობით შევძლებთ, შესაძლოა მივაღწიოთ მართლაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგად. თუმცა ისიც მოსალოდნელია, რომ გზას სრულებით შემთხვევით გაგვიხსნის რომელიმე ქიმიური ფორმულა, სუპერნარკოტიკი. არც ისაა გამორიცხული, რომ განსაკუთრებით ზუსტი სიკვდილის დახვეწილი ტექნიკის ათვისება შეიქნეს საჭირო და მისაწვდომიც. 

ის, რომ ცნობიერება და ზოგადად სუბიექტურობა განსხვავდება მატერიისგან ისეთი უკიდურესი, მაქსიმალური განსხვავებით, რომელიც არ არღვევს სამყაროს ფიზიკურ მთლიანობას და არ მოითხოვს ზებუნებრივი ძალებისა თუ სუბსტანციების ჩარევას, რამდენიმე რამეზე შეიძლება მეტყველებდეს. ცნობიერების ამგვარი, უკიდურესი მდგომარეობა, ვფიქრობ, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ცნობიერება ჩნდება მაშინ, როცა ტვინის, ნერვული სისტემის, სხეულის ფუნქციური და სტრუქტურული სირთულე აღწევს გარკვეულ მაქსიმუმს, რომელიც გარკვეული მოცულობის სხეულში გარკვეული დროის განმავლობაშია დაშვებული და შესაძლებელი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კანონებით. სავარაუდოდ, ცნობიერება ჩნდება, როგორც ამ კანონებით განსაზღვრული ჭერი, ხუფი, თავსახური, რომელიც ტვინის მაქსიმალურ სირთულეს იცავს შემდგომი განვითარებისგან, განვითარების საკუთარი ინერციისგან, რომელიც გამოიწვევდა კატასტროფას, მთელი სისტემის დეგრადაციას და ქაოსში დანთქმას.

ასე დანახული ცნობიერება წარმოადგენს თავისებურ საგზაო ნიშანს, რომელიც აფრთხილებს მანქანის მძღოლს, რომ ამ მიმართულებით გზის გაგრძელება ცუდად დაუმთავრდება. ასე რომ, ჩვენი, ცნობიერების მქონე ადამიანების წინაპრები იყვნენ ფრთხილი მძღოლები, რადგან უყურადღებო, თავზეხელაღებული ან, უბრალოდ, უიღბლო მძღოლები შთამომავლობას ვერ დატოვებდნენ. თუ ასეთი საგზაო ნიშანია, თუ ასეთი საიმედო თავსახურია ცნობიერება, მაშინ მთავარი ის კი არაა, როგორ იქმნება ფიზიკურის, ბიოლოგიის ობიექტური სამფლობელოდან არამატერიალური სუბიექტურობა, თვითონ ცნობიერება, არამედ საძიებელია, როგორ იგებს უკიდურესად რთული ორგანიზმის ტვინი, რომ მას თავსახური ახურავს, რომ ცნობიერება აქვს, რომლის იქით მას გზა არ აქვს! შევნიშნავ, რომ აქ შეიძლება იმალებოდეს ზოგი ფსიქიკური დაავადების ძირითადი მიზეზი. როცა რატომღაც არ ითვალისწინებს ადამიანის ტვინი ცნობიერების გამაფრთხილებელ მნიშვნელობას და მართლა თავზეხელაღებულივით ცდილობს კიდევ უფრო განვითარებას, დასაშვებსა და შესაძლებელზე მეტად განვითარებას, იგი გარდაუვალი განადგურებისთვის წირავს თავს.

ასეთი საბედისწერო წინდაუხედაობის არა შედეგი, არამედ პირიქით - გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცნობიერების დაზიანება, მისი მთლიანობის დარღვევა, რის გამოც იგი, ცნობიერება, ვეღარ ასრულებს თავსახურის ან საგზაო ნიშნის ფუნქციას. ცნობიერებისგან „გათავისუფლებული“ ტვინი და მისი სხეული, როგორც ჩანს, იწყებს იმ გზის გაგრძელებას, რომელმაც აქამდე მოიყვანა, რაც კატასტროფით მთავრდება. ამ თვალსაზრისით, შიზოფრენიის ან ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელი ცნობიერების „არევა“ შეიძლება იყოს არა დაავადების სიმპტომი, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი, ანუ საკუთრივ დაავადება. ცხადია, ცნობიერების ავადმყოფურ დარღვევას აუცილებლად ექნება თავისი ბიოლოგიური საფუძველი, რომელიც ფსიქიკურ დაავადებასთან უშუალოდ არაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ცნობიერების გავლით. ამრიგად, საძიებელია ის, თუ როგორ იგებს ტვინი, რომ მასში ცნობიერება წარმოიქმნა. როგორ იგებს ტვინი, რომ მასში თუ მასთან წარმოიქმნა და არსებობს ცნობიერება, რომლის იქით მას გზა არა აქვს?

გარკვეული აზრით, თუ დაგვცალდა, მთელი ჩვენი პროგრესის სწორედ „ტექნოლოგიური ფინიში“ იქნება ცნობიერება. არ ვგულისხმობ გონებისა და ცნობიერების არაბიოლოგიური, ხელოვნური მექანიზმებით წარმოქმნას, რაც სრულებით მოსალოდნელი შეიძლება იყოს; არამედ ვგულისხმობ ცნობიერების, როგორც ფიზიკური სამყაროს უკიდურესი და ზღვრული მდგომარეობის მართვას და, ვინ იცის, წარმართვას პარალელური სამყაროებისკენ, რომლებიც სრულებით, პრინციპულად მიუწვდომელია სხვა გზით.

ამრიგად, ცნობიერება არის მისი შემქმნელი ორგანიზმის, ტვინის უკიდურესი მდგომარეობა სირთულის თვალსაზრისით. რაც ნიშნავს მოულოდნელ რამეს, სახელდობრ იმას, რომ  ჩვენი ყოვლად ჩვეულებრივი ცნობიერება - როცა, ვქვათ, ვგრძნობთ საკუთარი თითების მოძრაობას თასმების შეკვრისას ან გრილ ნიავს სახეზე - ეს ცნობიერი მდგომარეობები წარმოადგენს სიკვდილის ნაირსახეობას, სიკვდილის ნიშანს, რომლის იქით სხეულმა გზა აღარ უნდა განაგრძოს, თორემ მთლიანად მოკვდება. ამ თვალსაზრისით, ჩვეულებრივ და, ერთი შეხედვით, სრულებით ჯანსაღ ცნობიერ მდგომარეობაში ჩვენ უფრო ახლოს ვართ სიკვდილთან, ვიდრე მაშინ, როცა ღრმა, უსიზმრო ძილში ვიძირებით ან მძიმე ავადმყოფობის გამო უგონოდ ვიმყოფებით. უფრო ზუსტად და ძვალ-რბილში გამჯდარი ხალხური, ინტუიციური წარმოდგენების საპირისპიროდ მთელი ჩვენი ცნობიერებით, სუბიექტური სამყაროთი და მის ცენტრში მოთავსებული ჩვენი „მეებითურთ“ ეს ჩვენ ვართ სინამდვილეში  ამ ჩვენს სხეულებში ჩასახლებული სიკვდილის მაცნეები. არა მარტო ჩემი ცნობიერება, არამედ თვითონ მე ვარ ამ ცოცხალი სხეულის გახანგრძლივებული სიკვდილი, რომელიც მას განუყრელად თან სდევს, თან ახლავს. ასევე შენ ხარ შენი სხეულის გახანგრძლივებული სიკვდილი, რომელიც ადრე თუ გვიან შემოკლდება, შუბლივით შეიჭმუხნება, წარბებივით შეიყრება და, საბოლოოდ, წერტილად დაესმება სიცოცხლეს დახარბებულ არსებას.

შენ ხარ, მოკლედ, შენი ცოცხალი სხეულის შემპარავი სიკვდილი, მე - ჩემის. ამის თვალსაჩინო და მრავლისმეტყველი დასტურიც და გამოხატულებაც ალბათ არის თვითმკვლელობა. მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს თვითმკვლელობა წარმოადგენს თავისუფლების აქტს, რომელსაც თავისი სხეულისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად სჩადის ცნობიერების მქონე სუბიექტი, მისი მე ან რამე მითიური სული. არა, აქაც უნდა ვივარაუდოთ იმავე სხეულის, ტვინის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს მასშივე წარმოშობილი და ფესვგადგმული, მისგან განუყრელი სუბიექტის სურვილებს, ამ სუბიექტის  ემოციებს, გრძნობებს და მიდრეკილებებს კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციის კონტექსტში, კონკრეტული სოციო-კულტურული გარემოს მოდელთან ერთად. ეს ყველაფერი ტვინში ინახება და არსად სხვაგან. ტვინი ასევე ითვალისწინებს თავისუფლების ხარისხს, რომელსაც სუბიექტი თავის თავს მიაწერს. ყველაფერ ამის ერთიან მოზაიკად დალაგების შემდეგ სწორედ სხეული, ტვინი იღებს გადაწყვეტილებას, მოიქცეს ისე, როგორც მოიქცეოდა სუბიექტი, „მე“, პიროვნება, მართლაც თვითონ, სხეულისგან ოდნავ მაინც დამოუკიდებლად რომ წყვეტდეს რამეს.

პარადოქსულად შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, მაგრამ სხეულის, ტვინის მიერ სწორედ ამგვარი, ტოტალური გათვალისწინების გამო ვერაფერს გადავაბრალებთ, პასუხისმგებლობას ვერ გადავულოცავთ ჩვენს სხეულებსა და ტვინებს. ისინი ჩვენ, მათში მოწიფულ პიროვნებებს, მხოლოდ იმას გვაკეთებინებენ, რასაც ჩვენ თვითონ გავაკეთებდით ისტორიის მოცემულ მომენტში. ამიტომ ვერასოდეს ვიტყვით, რომ რაღაცის ჩადენას სულაც არ ვაპირებდით, არამედ ამ ოხერ-ტიალმა სხეულმა და ტვინმა გადაწყვიტეს ჩვენდა უნებურად. თვითმკვლელობის უფლება შეიძლება იყოს ერთადერთი არისტოკრატიული უფლება, რომელსაც ნებისმიერს ვერ მისცემ, ვერ დაუთმობ მისი ფსიქიკური დაავადების, ჩვეულებრივი უგუნურების ან, უბრალოდ, პიროვნული უმწიფრობის გამო.

თვითმკვლელობას შეიძლება ზოგჯერ ახლდეს განსაკუთრებული სიზუსტე. ასეთ შემთხვევაში თვითმკვლელი ადამიანის ცნობიერების მდგომარეობა, მისი უმცირესი დეტალის ჩათვლით, დაემთხვევა რომელიღაც ცნობიერების მდგომარეობას რომელიღაც პარალელურ სამყაროში. ამ და იმ პარალელურ სამყაროებს შორის ჩვენთვის საგულისხმო განსხვავება კი ის იქნება, რომ იმ სამყაროში თვითმკვლელობა რამე მიზეზით არ მოხდება, არ გამოვა და იქაური სხეული განაგრძობს სიცოცხლეს, შესაბამისად, განაგრძობს არსებობას მისი ცნობიერება, რომელიც იმ განმასხვავებელ მომენტამდე მთელი თავისი ცხოვრებისეული ისტორიითა და ყოველგვარი შინაარსით ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აქაური იყო თავის სიკვდილამდე. ხოლო ლაიბნიცის ცნობილი ონტოლოგიური პრინციპი, მოგეხსენება, ამბობს, რომ, თუ საგნებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს, მაშინ ისინი არიან ერთი და იგივე საგანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^