Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპასპორტო ჟურნალისტის საქმე

09 ივნისი 2017

როდესაც სომხეთში ან აზერბაიჯანში მცხოვრებ კოლეგებს ვხვდები, პირად საუბრებში ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სურთ, საქართველოსნაირი ქვეყანა ჰქონდეთ. ისეთი, სადაც კრიტიკული აზრის გამო არ განდევნიან, არ დააპატიმრებენ, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მეტ-ნაკლებად სცემენ პატივს და არც ალტერნატიულ აზრს ჩაახშობენ. პირად საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ სურთ ჰქონდეთ ანგარიშგასაწევი სამოქალაქო საზოგადოება და მკვეთრად განსაზღვრული დასავლური კურსი.

მოკლედ, მეზობელი ქვეყნებისათვის ჩვენ, ერთგვარი “დემოკრატიის შუქურა” ვჩანვართ. ადგილი, სადაც საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულებს თავის საიმედოდ შეფარება და საქმის მშვიდად კეთება შეუძლიათ. ისინი ძნელად უშვებენ, რომ ასეთი მკვეთრად დასავლური ღირებულებების მატარებელი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრიდან, შესაძლოა, სხვა ქვეყნის დედაქალაქის ციხეში ისე აღმოჩნდენ, ვერც გაიაზრონ. ამავდროულად, პასპორტი სახლში დარჩეთ და დიდი რაოდენობის თანხით საზღვრის უკანონო გადაკვეთა დააბრალონ. უფრო ძნელად თავშესაფარი ქვეყნის ოფიციალური მხარის მტკიცებაა დასაჯერებელი, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის ცენტრის ნაცვლად, დაკავება მწვანე ზონაში მოხდა.

თითქმის 10 დღეა, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად პროტესტი არ წყება. აპროტესტებენ ჟურნალისტები და მოქალაქე აქტივისტები. აპროტესტებენ ყოველდღე, სხვადასხვა ადგილას. საკითხთან დაკავშირებით ხვდებიან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებსა თუ გავლენიანი ქვეყნების ელჩებს და ვერ ხვდებიან ქართულ ხელისუფლებას. პირები, რომლებსაც ბოლო დროს ერთ-ერთ საგანგაშო მოვლენაზე უნდა ჰქონდეთ პასუხი, ჟურნალისტების აქციას პერფორმანსსა და ცირკს უწოდებენ და ისეთი მნიშვნელოვანი კითხვებისაგან გარბიან, როგორიცაა თუ როგორ აღმოჩნდა თბილისის ცენტრიდან ბაქოში უპასპორტო ჟურნალისტი და იყო თუ არა ჩართული ამ ამბავში საქართველოს მთავრობა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მუხთარლის საქმემ კი ეს განწყობა გაამძაფრა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და მათი საქმისადმი დამოკიდებულება კი ქვეყნის იმიჯზე სასარგებლოდ არც სამეზობლოში და არც საერთაშორისო ასპარეზზე აისახება. ისევე, როგორც დემირელის სკოლის მასწავლებლის საქმე, რომლის დაკავებაც, თურქეთის პრემიერის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში საეჭვოდ დაემთხვა.  

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში ერთ-ერთი ლაქა ქართველი სპეცსამსახურების მონაწილეობა იქნება, თუმცა ორმაგად სამარცხვინო იქნება ფაქტი, თუ აღმოჩნდება, რომ მთელი ამ ოპერაციის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა და ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. ამ შემთხვევაში ხომ უცხოს კი არა,  ამ ქვეყნის მოქალაქესაც შეეპარება უსაფრთხოდ ყოფნაში ეჭვი.

მართალია, მოუმწიფებელი პოლიტიკური სპექტრი ჩვენნაირ ქვეყნებს ახასიათებს. თუმცა უხერხულია, როდესაც ყველა სახის კრიტიკაზე, ხელისუფლება ნიშნისმოგებით ახსენებს სისხლიან ცხრა წელს. ისე, თითქოს  იმ ცხრა წლის მანძილზე ჩადენილი უკანონო ქმედებები დღეს ჩადენილ უსამართლობას ანეიტრალებს. რომ თითქოს, ის ცხრა წელი და მაშინდელი მმართველი გუნდია პასუხისმგებელი მუხთარლის ამბავზეც, დემირელის სკოლის დირექტორზეც, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზეც, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მიწის შესახებ კანონზეც. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლობა იმ მთავრობის მხრიდან, რომელმაც ამბიცია, ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, იმ პასუხისმგებლობების აღებაზეც განაცხადა, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ქვეყნის განვითარებას რომ ეხება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^