Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავლის ლექსიკონი გენდერული: ანუ ჩამოლაბორანტებულ/ყავლგასული… (ნაწილი მეორე)

22 ივნისი 2017

ის, რასაც დღეს ჰომოსექსუალობის „პროპაგანდას” ეძახიანიმ ომის ნაწილია, რომელიც ზოგადად სოციალური შეგნების ტრადიციულ და სამომავლო ფორმებს შორის არის დღეს გაჩაღებული და გეტყვით - რატომ. იმიტომ კი არა, რომ ჰომოსექსუალობა ან ლესბოსური ურთიერთობები სამომავლო ფორმად იგულისხმება. არა! — უბრალოდ სამომავლო ცნობიერება სრულ მიმღებლობის მოთხოვნას ისახავს მიზნად, ანუ უნივერსალურად ტოლერანტური ბუნებისკენ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ითხოვს! მე თავად ეს სიტყვაც კი მეხამუშება — „ტოლერანტობა”, რადგან უფრო დათმენასთან, რაღაცის გადაძლევა, გონისმიერი დაძალებით მიღებასთან ასოცირდება. რა სირთულეა ჩემთვის იმის მიღება, რაც სხვა ადამიანების სიყვარულის ფორმაა? ამ ფორმების სიმრავლე და თავისებურება თავისთავად უნდა იგულისხმებოდეს და ბუნებრივად არსებობდეს გარშემო. არსებობს ერთი სიყვარული და მისი თამაშების ფორმებს ვერ დათვლი… ამაშია და აქ უნდა დავინახოთ თავისუფალი, უბიწო თამაშების არსი - რახან უბიწობა ქცევის რაიმე წესი კი არ არის, არამედ ცნობიერების ფორმაა საიდუმლო/მისტერიული ტერიტორიებისგან გამოწმენდილი.  

აგიტაცია და წამბაძველობა ადამიანს ვერ გახდის ისეთს, როგორიც არ არის. წამბაძველობით შეიძლება რაიმე დროებითი გამოცდილება მიიღო - რაც ნამდვილად არასოდეს არ არის ცუდი (არცერთ ტერიტორიაზე! :), მაგრამ ეს ვერ იქცევა შენი ცხოვრების წესად, რომელიც შენ კმაყოფილებას გგვრის… ჰომოსექსუალობას, ლესბოსელობას, ბისექსუალობას ნარკოტიკის ეფექტი არ აქვს - მასზე დამოკიდებული არ ხდები. :)

ჩვენ თუ რაღაც „გარყვნილებას” ვებრძვით და ამ სულელ სიტყვას განუწყვეტლივ ვიმეორებთ,  ამით ირიბად მისგან დიდ საიდუმლოს  ვქმნით, მიმზიდველს და ხიბლიანს - რახან აკრძალული ხილია მიმზიდველი და დახურული ტერიტორიებია მაგნეტური - ანუ ის, რაც არ ვიცით, ფარული, სხვა… უცნობი და აკრძალული გამოცდილება - მისტერიულთან (საიდუმლოსთან) და მისტიკასთანაც კი  ასოცირდება და მას ყოველთვის ტრანსგრესულობის შარმი სდევს, რაც ადამიანს თავბრუს ახვევს და ყველა ადამიანისთვის დიდი სატყუარაა.  მაგრამ ამ სიტყვა „გარყვნილების” ნაცვლად თუ „სიყვარულს“, „გაგებას“ და „სრულ მიმღებლობას“ ვამკვიდრებთ „გარემო და სიტუაცია ამ ღიაობით ივსება და მისტიკურ-მიმზიდველი დაჩრდილული ტერიტორიები ქრება. ასეთ სიტუაციაში ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, იყოს ის, რაც მის ბუნებაშია და მისდიოს მას; ეძებოს იგი და არა გასაიდუმლოებული ტერიტორიებით იხიბლებოდეს!

არ არის გასაგები? - სამწუხაროა…

ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები პროპაგანდირებული კი არა და ძალდატანებით-კანონიზებულია და მთელი აღზრდის სისტემა მუშაობს ასეთ დეტერმინაციაზე - ბავშვი პირველად რომ ჩაისუნთქავს, ის ისტორიულ ჰეტერო ჰაერს ისუნთქავს... და რა პროპაგანდა შეედრება, ან გაეჯიბრება ამას?! ადამიანმა როგორც უნდა, ისე უნდა იმოძრაოს სივრცეში... ყველაფერი უნდა იყოს გასაგები და გადახსნილი. საერთოდ, ამ საკითხს მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს და ასეც იქნება მომავალში - ამისთვის არის ბრძოლა „ნორმალური, არაკონდიცირებული, უსასრულო შესაძლებლობებისთვის” - სხვა არაფრისთვის!

მომავალში ბავშვი რომ იბადება, არავინ ეტყვის: შენ კუტუ გაბია, შენ კაცი გქვია, შენ „ცოლს” მოიყვან, ხანჯალს დაიკიდებ, შემომტანი იქნები და ა.შ. და ა.შ. ხოლო სხვა შემთხვევაში, ბავშვი რომ დაიბადება, არავინ ეტყვის: შენ ფუჩუ გაბია, ქალი გერქმევა, ცოლად მოგიყვანენ (როგორია - მ ო გ ი ყ ვ ა ნ ე ნ !), შენ გაგჟიმავენ, ბავშვს გააჩენ და უვლი, ქმარს დააკმაყოფილებ (დროდადრო) და ა.შ. და ა.შ. :))  ეს დამთავრდება...

ჰომოსექსუალთა ან ლესბოსელთა რიცხვი იზრდებაო! რომ იზრდებოდეს კიდევაც, მერე რა?

ჯერ ერთი - კი არ იზრდება (მე ასე მგონია) უბრალოდ ადამიანები ნაკლებად მალავენ მათ ბუნებაში არსებულ ტენდენციებს და ამიტომ მათი რეალური რიცხვი გამოჩნდა და შეიძლება ბევრი მათგანი, ვინც დათრგუნა საკუთარი თავი და ამით საკუთარი ფსიქიკა დაიზიანა, ახლა თავის საწყისს, ანუ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. და თუ მართლა იზრდება, ესე იგი, ბუნებას და ყოფიერების ბედს ასე სურს,  იცოდეთ - ჭეშმარიტება არის ის, საითაც აიღებს გეზს ყოფიერების ბედი (ჰაიდეგერი ტერმინი).

შეიძლება ჩვენ, კაცობრიობა კვლავაც ერთსქესიანობისკენ მივისწრაფვით. უნდა შევიგნოთ ადამიანი არის ტრანზიტული არსება და მასში ყველაფერი (ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური) განუწყვეტლივ ტრანზიტის მდგომარეობაშია.

ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე მომწერა: ხელიხელჩაკიდებული ახალგაზრდა მამაკაცების ფოტო ჰომოსექსუალობის პროპაგანდააო.

ახალგაზრდა ქალის და კაცის ხელჩაკიდებული სურათებს მიაქვს მედია და ეს ჰეტეროსექსუალობის პროპაგანდაა? არა - ხომ?  ნორმალური სიტუაციის ნორმალური ასახვაა. ჰომოსექსუალობას რომ ნორმად არ ვთვლით, იმიტომ გვიჩნდება ასეთი აზრი. თუ ჰომოსექსუალობას ქცევის ნორმად ჩავთვლით, მაშინ პროპაგანდად ასეთი ფოტო არ აღიქმება და სწორედ ესაა მიზანი - ყველა ტიპის ურთიერთობების სრულ ნორმად აღქმა! მაშინ ყმაწვილი ყმაწვილთან ხელჩაკიდებული ისევე ლამაზია, როგორც ქალიშვილი ყმაწვილთან ხელგადახვეული და ა.შ. და ასეთი ხედვა და დამოკიდებულება ღვთაებრივია - რადგან სიყვარული (მახინჯად დატყვევებული თვალის ჭვრიტინის გარეშე, რასაკვირველია) ყველას მხოლოდ აერთიანებს და ამაღლებს… უკლებლივ ყველა ურთიერთობა შეიძლება იყოს მაღალი გამამდიდრებელი და ასევე დამამცირებლად დაბალი და უღირსი - რაც ჰეტეროურთიერთობებში სიმდაბლე და უღირსობა მომხდარა მთელი ისტორიის განმავლობაში, ასეთი ხომ ერთსქესიან ურთიერთობებს ჯერ არც დასიზმრებიათ… :)

პატრიარქალური ცნობიერების ფორმულა და ფუნდამენტი, ლიტერატურის კოლოსი „ვედაა”, სადაც წერია „ქალები, ბავშვები, ცხოველები - ერთი დონეა და ამიტომ კაცი უნდა გაუფრთხილდეს მათ და მოუაროს” - ეს ყველაფერი ბერძნულ კულტურაზე ათასწლეულებით ადრე დაიწერა... ვედურ კულტურაში ქმარს უნდა ემსახურა ღმერთისთვის და ქალს ღმერთის ტერიტორიაზე მხოლოდ ქმრის მსახურებით შეესვლებოდა - ასე იყო დადგენილი! (აქედან მოდის ქმრის ფეხების ბანაც :). აი ასეთია ძირები. იქ და იმ დროის საზოგადოებიდან მოყოლებული დამკვიდრდა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები (გამრავლების, ანუ ჯიშის გაგრძელების  „უზენაესი” მიზნით) და პატრიარქალური ოჯახი (სოციალურ/ეკონომიური ქმედითობის მიზნით)!

პრაქტიკულად ჩვენს დრომდე, ანუ ტექნოლოგიების გაჩენამდე იყო ადამიანი ფიზიკურ/ბილოგიურ გადარჩენაზე ჩაბღაუჭებული და ეს იყო მისი ერთადერთი დაკავება, რომელიც აუტანელი იქნებოდა, მასში სიამოვნება რომ არ ეპოვა და დაენახა. მაგრამ დღეს შრომა/ჭაპანში სიამოვნება დამთავრდა, ბედნიერება უბრუნდება თავის არსობრივ ბუნებას (გაიხარეთ ყველამ, კაცებმაც და ქალებმაც) — ახალი ფიზიო/ბიოლოგიურისგან თავდახსნილი ბედნიერების დრო მოდის და გაუგეთ ამ დროს და თქვენს შანსს.

ვიმეორებ: ჭეშმარიტება არის ის, საითაც აიღებს გეზსყოფიერების ბედი. ადამიანებს უჭირთ საკუთარი ტრანზიტული ბუნების აღქმა და გაცნობიერება (ამას მას არავინ ასწავლის - არც ოჯახში, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში). არადა, ადამიანის ტრანზიტულობა ერთადერთი 100%-იანი განსაზღვრებაა ჭეშმარიტების ჩვენს დასაზღვრულ რეალობაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^