Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰოლივუდური სიუჟეტი და ბანანის ჩენჩო შარაზე

04 ივლისი 2017

„...მოკლედ, უნდა გავფრთხილდეთ და გამოვფხიზლდეთ, რომ  გადახსნილ შარაზე გადაგდებულ ბანანის ჩენჩოდ არ დავამთავროთ არსებობა და ბანანების რესპუბლიკის მაცხოვრებლების „ბიო-ეგოიზმის" პრიმიტიულ ტერიტორიაზე არ შევრჩეთ მუდმივად და უკუნითი უკუნისამდე“. 

ფანტასტიკური ჟანრის რამდენიმე ჰოლივუდის ფილმს ასეთი სიუჟეტური საფუძველი აქვს: დედამიწაზე ჩამოდიან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი უმაღლესი დონის იერარქები (ელიენები), რომელთაც კაცობრიობის განადგურება განუზრახავთ. ეს აგრესია გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ადამიანმა, როგორც მოაზროვნე არსებამ, მისთვის გაღებული შანსი ვერ გაამართლა. ვერ გადაძლია თავისი ბიოლოგიურ/ადამიანური ბუნების ნორმალური მახასიათებლები: საკუთარ თავზე მუდმივი ორიენტაცია და ამით გამოწვეული ეგოიზმი/აგრესია, ავტონომიურობით შებყრობილობა და ანტროპოცენტრისტული დამოკიდებულება სამყაროსთან. ასე რომ, ადამიანი ვერ იქცა მაღალი ორგანიზაციის არსებად და მის მიერ ეს ვერგადაძლეული თვისებები ყოფიერების კოსმიური არსის გასრულებისთვის სერიოზული პრობლემა ხდება. ანუ კაცობრიობა ამუხრუჭებს ამ არსის საბოლოოდ გადახსნილი ყოფიერებისკენ დენადობას - მალულიდან დაუფარავში საყოველთაო შეღწევას. მოკლედ რომ ვთქვათ, ელიენი იერარქები ადამიანთა მოდგმის უკმაყოფილო არიან, რახან ადამიანებმა საკუთარი ცივილიზაცია კულტურის მისიის დამასრულებელ ფაზაში ვერ გადაიყვანეს: თავისი ბიოლოგიური არსებობის ინსტინქტი სამსხვერპლოზე ვერმოტანა.

 დღეს ჰოლივუდურ ფილმებში მოტანილი ადამიანის სულიერი სიბეჩავის ეს მითოლოგემა არანაირად აღარ შეეფერება რეალობას. დასავლური ცივილიზაციის კომუნალურმა სივრცემ, ადამიანში „ბიოლოგიური ეგოიზმის გადაძლევის“ ხარჯზე ზემოთ აღწერილი ერთიანობის გასრულების მიზანიც, გზებიც და ძალებიც მოიძია და ტრანსგრესიის განხორციელების პროცესს კონკრეტულად შეუდგა. ადამიანმა დაამტკიცა, რომ მას გააჩნია შინაგანი პოტენცია, საკუთარ თავში დაძლიოს სამყაროს მოხმარებითი თვითჩაკეტილობის ინსტინქტი.

რასაკვირველია, გავა კიდევ დრო, სანამ ამ იდეას კაცობრიობა სრულყოფილად გაითავისებს, მაგრამ ფაქტია უკვე მოხდა ის, რაც უმთავრესია: ამ იდეის და სიტუაციის სრულფასოვანი გააზრება და მისკენ ეკონომიკური ძალების მიმართვა! (ფილმ „ტრანსცენდენციაში“, ჯონი დეპის მონაწილეობით, სრულიად გასაგებად არის ნაჩვენები ცნობიერების გადახსნილი სივრცის იდეა, მისი მიღწევის გზები და ადამიანის მისთვის ჯერ არ მზადყოფნა).

 აი ჩვენთვის კი, ქართველებისთვის, ეს ჰოლივუდური ნარატივი ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავში გასარკვევად - თუ სად ვიმყოფებით და რა დინამიკის ნაწილი ვართ ამ დიდ იდეებთან მიმართებაში.

რასთან იგივდება ცნება „უმაღალესი კულტურა“ ჩვენში? საშუალო ქართველს ეგრევე ჩოხა, შოთა რუსთაველის პორტრეტი, სვეტიცხოვლის ან ჯვრის მონასტრის საჟურნალო ფოტო, ხატები, სუფრა დასადღეგრძელო გაახსენდება :)... საშუალოზე მაღალი დონის ქართველს კი, ზოგადად: განათლება, წიგნები, მუზეუმები, კლასიკური მუსიკა, ელეგანტურად ჩაცმულ-დახურული ადამიანები, კარგი მანერები და ნატიფ/ამაღლებული საუბარი მოელანდება.

ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ატრიბუტიკაა - „უმაღალესი კულტურა“ კი მომავლის ადამიანის კონტექსტში მხოლოდ ერთ ნიშნავს: მისი „ბიოეგოიზმის“ სრულ გადაძლევას მის ცნობიერებაში უსასრულოდ გაზრდილი და სრულფასოვნად დაფუძნებული ტოტალური ემპათიის მეშვეობით. ემპათიის, ანუ „სხვის“ სამყაროსთან (არსებობის სუვერენული ტერიტორიები იგულისხმება - სხვა ადამიანი, ცხოველი, მცენარე თუ ანგელოზი)  სრული თანაზიარების შესაძლებლობას. ემპათია ხომ „უწყვეტი-ერთიანის“ (ანუ ღმერთის) შეცნობის ყველაზე ღირებული და უღრმესი საფუძველია.

ემპათია, ცნობიერების გაფართოებით იძენს ძალას, ანუ ცნობიერების გაჭრით საკუთარ საზღვრებს გარეთ და სხვა ტერიტორიებზე არსებულში (საკუთარი თავის გამოდევნილად) შეჭრა/გაზიარებით. სწორედ ასეთი ცნობიერებაა უმაღლესი კულტურის გასრულებული შედეგი  და არა ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის საჭირო დროის გრძლივობაში თანმდევ/მომყოლად გაფორმებული ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტიკა.

როგორც ფუკო ამბობდა - ინტელექტუალების ვალდებულებაა საზოგადოებაზე ზრუნვა! ამიტომ, ზემოთ აღწერილ - „უმაღლესი კულტურის“ მიზნისკენ მსწრაფ სახელმწიფოში (თუ ასეთი მიზანი მასში გაცნობიერებულადაა წარმოდგენილი) ინტელექტუალებმა სწორედ ზემოთ აღწერილი, უკიდურესი კულტურული ამოცანა უნდა გააცნონ საზოგადოებას, დაუსახონ ის მიზნად და გააცნონ მისკენ მიმავალი გზები. ამაში კი ინტელექტუალებს სახელმწიფოს სრული თანადგომა უნდა ჰქონდეთ.

საზოგადოებაზე ზრუნვის ნახსენებ ამ უმთავრეს მიზანს („ბიო-ეგოიზმის“ ინსტინქტის დაძლევაში თანადგომას), უკვე როგორც მნიშვნელობით მეორე, მოსდევს საზოგადოების ეკონომიკური უზრუნველყოფის საკითხი. აი ასე ნაწილდება მართებულ სახელმწიფოში ადამიანზე საღი და ნამდვილი ზრუნვის პრიორიტეტები.

ეს მიზნობრივი სუბორდინაცია კომუნისტებსაც ესმოდათ, მაგრამ - არც საბოლოო მიზანი ჰქონდათ ცხადად გარკვეული (დედამიწაზე ადამიანთა კარგად და თუნდაც თანასწორად ცხოვრება კაცობრიობის მთავარი მიზანი არ არის) და არც განხორციელების გზა ჰქონდათ ნაპოვნი (ტექნოლოგიური ბაზა, დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი - როგორც კომუნალური სულიერების გამრღვევი შანსი).

მთავრობა და სახელმწიფო, რომელსაც ზემოთ ხსენებულ ეთიკურ დინამიკაზე და მიზანთა სუბორდინაციაზე არაფერი გაეგება, წარმოდგენა არა აქვს საით უძღვება თავის ქვეყანას და რისთვის. ამიტომ ასეთი სახელმწიფო და ასეთი მთავრობა არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს პროგრესის მომტანად.

დასავლეთში მთავრობამ გამრღვევი დინამიკის მატარებლის მთავარი როლი სრულიად ცნობიერად და მთელი გასაქანით „მესამე სივრცეს“ ჩააბარა - კულტურული ავანგარდის მატარებლებს, რომელნიც ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის მქონე პირველი ორი სივრცის, სახელმწიფოს და ეკლესიის ავტორიტეტს არ იღებენ.  ამ სივრცის კულტურული ტექსტები, ქცევისა და ჩვევათა ნორმები, პროტესტი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ და უსასრულო სუბვერსიულობა, მთავრობამ და სახელმწიფომ საზოგადოებრივი ცხოვრების ზესასარგებლო აუცილებლობად აღიარა და ამით (არაპირდაპირად), ეს  „ემფატიის ანგელოზები” საზოგადოების სამსახურში ჩააყენა კულტურის გარდასვლის საქმეში. „მესამე სივრცე“, პროფანულ ტერიტორიაზე არსებული სულიერების ლაბორატორიაა - ეს ფუნქციაც მან ბერობის ინსტიტუტს ჩამოართვა.

ინტელექტუალების ამოცანაა, ამოიცნონ და გაიაზრონ „მესამე სივრცის“ მიერ მოტანილი სულიერების შედეგები, კულტურის გადალახვის სტრატეგიები და ხერხები და ამ საგანძურის აზრი და არსი გააცნონ ადამიანებს. ასეთი გზით და ასეთი ზრუნვით ისწავლის ადამიანი კულტურაგადალახული „უცნობი მომავლის“ ამოცნობას და შემდეგ ამ ბილიკებზე სიარულის სწავლას. უამისოდ კი, ადამიანებს ცხოვრების ბოლოს ან „ოლიგარქის მაცივრის რეალობა“  შერჩებათ ხელში, ან კიდევ - „ქარიზმატიული სოციალური სიხალისის” სულიერებაგამოცლილი ტლიკინი (რაც ქართველებს ასე უყვართ).

გასაცნობიერებელია, რომ სახელმწიფოს და მთავრობის ნამდვილად უმაღლესი მისია და როლი დიდ და სამყაროსეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - ცივილიზაციის სულისკვეთების შესატყვისი ეთიკური მომავლის შემოტანას საზოგადოებაში. „მესამე სივრცის" არქონის პირობებში, სწორედ საზოგადოების ასეთი სულიერი პროსპექტის მიზანია ჩვენს ქართულ სოციალურ ცნობიერებაში სრულიად გაუქმებული და, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხვრილი და ეთიკურზე ზრუნვა უზნეო, ციანიდ დაღდასმულ ეკლესიაზეა გადაბარებული. ძალიან მძიმეა „ბანანის ჩენჩოს" პერსპექტივა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^