Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შუშანიკი თუ ვარსქენი?

04 სექტემბერი 2017

შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

რუსთველი

დროში ვერ შეჩერდება და მასში თავის ადგილს ვერ დაიკავებს ის, რასაც აქვს მხოლოდ მიზეზი, მაგრამ არ გააჩნია დროში მომდევნო შედეგი, რადგან მისი ტემპორალური ადგილი, ინტერვალი შემოსაზღვრული და დადგენილია მხოლოდ მიზეზის, ანუ წარსულის მხრიდან. ასეთი უშედეგო ფენომენი, ვიდრე თავის შედეგს შეიძენდეს, გამოიღებდეს და მიეყრდნობოდეს, იმყოფება დროის დაუმთავრებელ, ღია ინტერვალში, რომელიც ალბათ არის აწმყო.

აწმყოში არსებობს, იმყოფება ის, რასაც აქვს მიზეზი წარსულში, მაგრამ არ გააჩნია შედეგი მომავალში. ჩემი ჰიპოთეზის მიხედვით, ცნობიერებას აქვს კონკრეტული ბიოფიზიკური მიზეზი, მაგრამ არ გააჩნია და არ შეიძლება გააჩნდეს შედეგი, ის კაუზალურად ინერტულია. ამრიგად, ცნობიერება აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს აწმყოში, როგორც დროის ღია ინტერვალში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ცნობიერება ვერსად შეჩერდება დროში, რადგან ვერ მიეყრდნობა თავის შედეგს, ანუ ვერ მოექცევა და ვერ მოისვენებს ორივე მხრიდან ჩაკეტილ დროით ინტერვალში. ამიტომ ცნობიერება, რამდენადაც არსებობს, მუდმივად იძულებულია, იყოს მომავლისკენ წაქცეული აწმყო და გამუდმებით იცვლებოდეს.

რომ შევაჯამო, რადგან კაუზალურად ინერტულია, პრინციპულად უშედეგოა, ამიტომ ცნობიერება მთელ „ჩვეულებრივ“ ფიზიკურ სამყაროში უნიკალურია იმით, რომ ვერ ჩერდება აწმყოში, არამედ გამუდმებით ეშვება ღია მომავალში. ამრიგად, ცნობიერება არის ის, რაც თავის თავში ვერ ჩერდება, „თავის კანში ვერ ეტევა“. თუ ფიზიკური სამყაროს ყველა წარსული და მომავალი მომენტი სინამდვილეში არსებობს ერთდროულად, ჩვენ კი მხოლოდ გვეჩვენება, რომ რამე იცვლება... თუ ჯულიან ბარბერის ეს ჰიპოთეზა სწორია, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, საიდან ჩნდება ცვალებადობისა და მოძრაობის ილუზია, სუბიექტური შთაბეჭდილება, რომელსაც ჩვენ გამუდმებით განვიცდით, აღვიქვამთ და, რომელშიც ვატარებთ მთელ ჩვენს ცნობიერ ცხოვრებას. მართლაც, თუმცა ილუზიური და სუბიექტური, მაინც ეს რაღაცნაირი ცვლილება შესაძლებელია ბარბერის აბსოლუტურად სტატიკურ-უძრავი მომენტებისგან უძრავად შედგენილ - სამყაროში სწორედ იმიტომ, რომ ცნობიერება კაუზალურად ინერტულია და არანაირ შედეგს არ იწვევს, არაფრის მიზეზი არ შეიძლება გახდეს.

მართლაც, ასეთი, მიზეზობრივად უნაყოფო ფენომენის გადასვლა ერთი სტატიკური მომენტიდან მეორეში, განსაზღვრების ძალით, ვერაფერს შეცვლის ვერც იქ, საიდანაც მოდის და ვერც იქ, სადაც მიდის. მას ხომ არაფერზე არ შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. ასე რომ არ იყოს, ცნობიერება სუბიექტური არ იქნებოდა, ის არ იქნებოდა მესამე პირის პოზიციიდან, ანუ ობიექტური დაკვირვებისთვის მიუწვდომელი. მაგრამ სუბიექტური ცნობიერება სრულებით ობიექტური ბიოფიზიკური მიზეზების შედეგს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ფიზიკური სამყაროს ყოველ სტატიკურ აწმყოში ტვინის მიერ წარმოქმნილია ერთი ცნობიერება, ავტოხთონური ცნობიერების ერთი წვეთი.

აქ ორი გზა გვაქვს: ან უნდა დავუშვათ, რომ ფიზიკური სამყაროს ერთდროულად არსებულ სტატიკურ აწმყოებში დასაშვები და შესაძლებელია ერთადერთი არაილუზიური, რეალური მოძრაობა, რომელიც ახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ მიზეზობრივად უნაყოფო სუბიექტურობას, სუბიექტურ ცნობიერებას. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გართულებულ სურათს მივიღებთ, რადგან ჩვენი ცხოვრების ყოველ ცნობიერ მომენტში ტვინის ბიოფიზიკური საფუძვლიდან „წარმოიშობა“ ცნობიერების სუბიექტური წვეთი. ამასთანავე, ყოველი ასეთი ცნობიერება თავისუფლად გადავა ერთი ფიზიკური აწმყოდან მეორეში, რაც ცნობიერებების გაუგებარ და მზარდ დაგროვებას გამოიწვევს. ჩვენი ჩვეულებრივი, ადამიანური დაკვირვება კი მსგავსს არაფერს ადასტურებს. დროთა განმავლობაში, გაღვიძებიდან დაძინებამდე ან ასაკის მატებასთან ერთად ცნობიერება არც რაოდენობრივად და არც თვისებრივად, როგორც წესი, დიდად არ იზრდება.

ამიტომ უნდა მოვსინჯოთ მეორე გზა. სახელდობრ, უნდა შემოწმდეს, ხომ არ ნიშნავს და გულისხმობს თვითონ ფენომენის კაუზალური ინერტულობა (შედეგობრივი დაუსრულებლობა, ღიაობა, თავისუფლება) ამ ფენომენის რაღაცნაირ ცვალებადობას თუნდაც სრულებით უცვლელ, სტატიკურ ფიზიკურ სამყაროში და მის ფონზე. ეს მართლაც ასე იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ კაუზალურად ინერტული, მიზეზობრივად თავისუფალი ფენომენი ონტოლოგიურად განსხვავებულია მიზეზშედეგობრივად სრულფასოვანი ფენომენისგან. შეიძლება წარმოვიდგინოთ სამყარო, რომელშიც არაორდინარულ ფენომენს აქვს შედეგი, მაგრამ არ გააჩნია მიზეზი. ასეთი ფენომენი სუბიექტურად აღიქვამს მომავლიდან წარსულისკენ მიმდინარე ცვალებადობას, თუმცა მისი შესატყვისი ფიზიკური სამყარო შეიძლება თავისთავად სტატიკური იყოს.

რაც არ იწვევს ფიზიკურ შედეგს, რაც არ არის მიზეზი რამე ფიზიკურისთვის, რასაც არ გააჩნია შედეგი ფიზიკურ სამყაროში, ის „ფიზიკურად უხილავია“ (შესიტყვება გავაკეთე რობერტ საპოლსკისეული „ევოლუციურად უხილავის“ მიხედვით, რომელსაც იგი უწოდებს ისეთ ცოცხალ არსებებს, რომლებიც არ მრავლდებიან). სწორედ ასეთი ფიზიკურად უხილავი არის ცნობიერება, სუბიექტურობა. მაგრამ იქნებ ის არაპირდაპირი გზით მონაწილეობს სამყაროში. ფიზიკურ სამყაროში ცნობიერების მონაწილეობა სხვა მხრივ შეუძლებელი ჩანს, თუ არა, ასე ვთქვათ, „ავტოპოეტური რეპრეზენტაციით“. ასე ვარქმევ რეპრეზენტაციას, რომელიც თვითონ ქმნის თავის ობიექტს ანუ იმას, რის რეპრეზენტაციასაც წარმოადგენს. სწორედ ავტოპოეტური რეპრეზენტაცია შეიძლება იყოს ადამიანის კულტურისთვის დამახასიათებელი უნიკალური თავისებურება.

კულტურის, როგორც ავტოპოეტური რეპრეზენტაციის, მიერ შექმნილი და შეთხზული სამყარო ობიექტური სამყაროს გარკვეული სურათის გარდა, მოიცავს მასში ჩაწნული ცნობიერების, სუბიექტურობისა და მეს ფორმებსა და შინაარსებს. ასეთი კულტურა სხეულის გავლით გადაეცემა ტვინის ინფორმაციულ ბირთვს და საბოლოოდ - მენტალური მიტოზის შედეგად - სუბიექტური ცნობიერებისა და თვითცნობიერების შინაარსად გარდაიქმნება. მაგრამ უკუკავშირი კულტურას აქვს და შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ არაცნობიერ, ბიოლოგიურ „მესთან“. ადამიანის კულტურის მთელი ჯადოქრობა, როგორც ჩანს, იმაშია, რომ კულტურა ამ არაცნობიერ „მეს“ ისე ეპყრობა და ითვალისწინებს, როგორც ცნობიერ, სუბიექტურ „მეს“. თუმცა ცნობიერი „მეს“ შესახებ თავისივე შეთხზული წარმოდგენის ადეკვატურობას და მართებულობას კულტურა ვერასოდეს შეამოწმებს, რადგან ცნობიერება ფიზიკურად უხილავია. ჩემი ტერმინოლოგიით ის არის „მიზეზობრივად თავისუფალი“, ანუ ისეთი რამ, რაც პრინციპულად მოკლებულია ფიზიკური შედეგის გამოწვევის და, შესაბამისად, ფიზიკური მიზეზის როლის შესრულების უნარს. ამრიგად, ესაა ჩიხში შესვლის, ჩიხში ყოფნის თავისუფლება, რომელსაც ალბათ ძნელად შეიძლება დაბრალდეს რამე თავისუფლების მსგავსი. მაგრამ, ამავე დროს, ყოველგვარი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისგან თავისუფლება, ანუ სრული უდანაშაულობა, რატომაც არა, სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც ბავშვობისას მაინც განუცდია იღბლიან ადამიანს. იმ განცდას, ცხადია, მეტი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ყალთაბანდობასთან, ვიდრე სოლიდურ თავისუფლებასთან, მაგრამ მაინც...

მენტალური მიტოზის შესახებ ჩემი ვარაუდის მიხედვით ცნობიერება არის ტვინის უკიდურესი სირთულის მდგომარეობის თავისებური განმუხტვის შედეგი. სხვათა შორის, განმუხტვის ფუნქციას მივაწერდი ცნობიერებას ჯერ კიდევ ჩემს წიგნში „ჰერაკლიტედან შენამდე“, იმ განსხვავებით, რომ განსამუხტ მდგომარეობად იქ წარმოდგენილი მქონდა თავისებური კოგნიტური კონფლიქტი: ეს შეიძლება იყოს რომელიმე დაუყოვნებელი და  რთული არჩევნის სიტუაცია, როგორიც იქმნება, როცა არსებისთვის რამდენადაც აუცილებელია საკვების სასწრაფოდ მოპოვება, ამდენადვე სარისკოა ამის გაკეთება; ან რამდენადაც მიმზიდველია კონკრეტული მდედრი, ამდენადვე საშიში ჩანს მის „კანონიერ“ პარტნიორთან მეტოქეობა. ასე რომ, წიგნის დროინდელ და ახლანდელ ჩემს ჰიპოთეზებს საერთო აქვს ცნობიერების წარმოდგენა გარკვეული კრიტიკული, ზღვრული ვითარების სახით. თითქოს ცნობიერება არის გამოუვალი მდგომარეობის „ეპიფანია“, რომელიც მთელ უშველებელ სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ამ ცნობიერებისთვისაა ხილული და სხვა არავისთვის, სხვა არაფრისთვის, არამედ სხვებმა მხოლოდ ივარაუდონ შეიძლება მისი არსებობა.

მაგრამ მივუბრუნდეთ უნაყოფობის, უშედეგობის უცნაურ თავისუფლებას, რომელიც ცნობიერებასა და ცნობიერ სუბიექტს გამოარჩევს მთელ სამყაროში. ერთ დროს ადამიანს თავი სამყაროს ცენტრში ეგულებოდა, მე კი მას ვთავაზობ არანაკლებ რადიკალურ გამორჩეულობას, ოღონდ არა რაღაცის ფლობის, არამედ პირიქით, რაღაც ისეთის უქონლობის გამო, რაც მის გარდა, სხვა ყველაფერს აქვს ტალახიანი კენჭიდან დაწყებული უზარმაზარი ვარსკვლავით დამთავრებული. ესაა მიზეზად გამოდგომის ანუ შედეგის გამოწვევის უჩვეულებრივესი უნარი.

გაგახსენებ, მკითხველო, რომ ჩემი მოკრძალებული ვარაუდის მიხედვით, როცა ადამიანი ცნობიერად მოქმედებს და რამეს აკეთებს, ამ დროს მოქმედებს არა მისი ცნობიერი „მე“, როგორც ამას გვეუბნება გავრცელებული მითი და ილუზია, არამედ მოქმედებს მისი არაცნობიერი ორეული, ტყუპისცალი, რომელიც ტვინში წარმოქმნილ ინფორმაციულ ბირთვშია საძიებელი, როგორც ობიექტურად არსებული ფენომენი, რომელიც არის რეალურად და სინამდვილეში მოქმედი აგენტი. ამ უკანასკნელს აქამდე „არაცნობიერ სუბიექტს“ ვუწოდებდი, მაგრამ ეს შესიტყვება ბრჭყალებს ითხოვს, ანუ დაზუსტებას საჭიროებს. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ამიერიდან ვილაპარაკებ ცნობიერი სუბიექტისა და მისი შესატყვისი „არაცნობიერი აგენტის“ შესახებ. ცხადია, იმ პირობით, რომ შევთანხმდებით: აგენტი ნიშნავს არა შპიონსა და მსტოვარს, არამედ იმას, რაც ან ვინც მოქმედებს ფიზიკურ სამყაროში და იწვევს ფიზიკურად ხილულ შედეგს.

ამრიგად, მენტალური მიტოზის შედეგად ტვინის ინფორმაციული ბირთვი იყოფა ორ შვილობილად: ერთი მათგანია მიზეზ-შედეგობრივად სრულფასოვანი, ობიექტურად არსებული, ცნობიერებას მოკლებული მაგრამ სრულებით გონიერი აგენტი; ხოლო მეორეა სუბიექტური ცნობიერება, როგორც ცნობიერების მქონე სუბიექტი, სწორედ რომ სუბიექტური სუბიექტი. არაცნობიერი აგენტისგან განსხვავებით ცნობიერი სუბიექტი - ზოგადად ცნობიერება და სუბიექტურობა - კაუზალურად ინერტულია, ანუ თავისუფალია მიზეზობრივად, მას არ შეუძლია, რამენაირი შედეგის გამომწვევი მიზეზი გახდეს ოდესმე და სადმე; ის სუბიექტია და არა აგენტი. სუბიექტი განუყრელია ცნობიერებისგან, ცნობიერი მდგომარეობისგან და, როგორც ასეთი, მუდამ ექვემდებარება თავის ცნობიერ აღქმებს, თავის ცნობიერებას, თავის სუბიექტურობას და თვითონ არასოდეს ზემოქმედებს რამეზე. ხოლო აგენტი არის კეთება და მკეთებელი, არის მიზეზი, რომელიც ზემოქმედებს და იწვევს შედეგს.

შედეგის უქონლობა, არქონა... შეუჩერებლობის, ცვლილებისა და „მდინარების“ ეკვივალენტურია. ვერ შეჩერდება, ანუ სტატიკური, უძრავი ვერ იქნება ის, რაც არ გამხდარა მიზეზი, რასაც არ გამოუწვევია და არ მოჰყოლია შედეგი. კაუზალურად ინერტული, შედეგის გამოწვევის უნარს მოკლებული ცნობიერება ვერ შეჩერდება, ვერ იქნება სტატიკური. ის, შეიძლება ითქვას, „უშედეგობაში ვარდება“. როგორც ჩანს, უნდა ვთქვა, რომ მიზეზი ჩერდება მხოლოდ შედეგთან. მაგრამ რას ნიშნავს უშედეგობაში (ჩა)ვარდნა? უშედეგობა ჰგავს მიზიდულობის ძალას, რომელიც თავისკენ მიაქანებს უშედეგოს. მაგრამ საით თავისკენ? სადაა ის მასიური სხეული, რომელიც უშედეგობის გრავიტაციული ძალით თავისკენ იზიდავს ცნობიერებას, როგორც კაუზალურად ინერტულს? ცხადია, არ არსებობს ასეთი სხეული ამ სიტყვის არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით.

ამიტომ ალბათ უკეთესი იქნება, თუ უშედეგოს „მდგომარეობას“ შევადარებ არა ვარდნას გარეშე ძალის ზეგავლენით, არამედ ვიტყვი, რომ კაუზალურად ინერტული ანუ პრინციპულად უშედეგო ცნობიერება „თვითონ“ მირბის თავის უშედეგობაში და ვერ ჩერდება, რადგან არ გააჩნია შედეგის კედელი, რომელსაც მიეყრდნობოდა შესაჩერებლად. ეს იძულებითი თავისუფლებაა, რომელსაც ვერ გაექცევი. ამიტომ ცნობიერება და სუბიექტურობა, ვთქვათ, შენი ცნობიერება და შენი „მე“, როგორც არსებითად უშედეგო, კაუზალურად ინერტული, ვერ შეწყვეტს ამ „ვარდნას“, უფრო ზუსტად, სირბილს უშედეგობის ჰორიზონტისკენ, რომელსაც ვერასოდეს დაადგამ ფეხს. შენ და შენი ცნობიერება იძულებული ხართ, იყოთ ამგვარად თავისუფალი. მაგრამ, ვფიქრობ, თავისუფლების რამდენადმე შემსუბუქება, რატომაც არა, შესაძლებელია. საამისო მეთოდებს დიდი ხანია მიაგნეს ადამიანებმა წარმოდგენების, მუსიკისა და სერიალების სახით. ეს ყველაფერი იოლად მოძრავი შინაარსით ამარაგებს ცნობიერებას, რომელიც დროებით მხედარი ხდება და სანახაობის ბედაურზე ერთხანს ისვენებს.

რა აუცილებელია, რომ ობიექტურ, ფიზიკურ რეალობაში მოძრაობა და ცვალებადობა ნამდვილად არსებობდეს? იქნებ ყველაფერი ამოიწურება სტატიკური, გაყინული კადრებით, როგორც ჯულიან ბარბერის მეცნიერულ წარმოსახვაშია წარმოდგენილი? ხომ გახსოვს, როცა ერთმანეთს საკმარისად სწრაფად ენაცვლება სტატიკური გამოსახულების შემცველი კადრები, მაშინ კადრების მოძრაობა და მონაცვლეობა მათზე უძრავად აღბეჭდილი  გამოსახულებების (ილუზორულ) მოძრაობად გარდაიქმნება ხოლმე. ტელეეკრანზეც იგივე ხდება. უფრო ზუსტად, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს სუბიექტურ და ფენომენალურ ცნობიერებაში. იქნებ აქაა ძაღლის თავი დამარხული?

იქნებ მიზეზ-შედეგობრიობა არის ღარი, კალაპოტი, რომელიც ერთმანეთთან ისე აკავშირებს ზოგ ცალკეულ და უძრავ კადრს, რომ მასში, ამ კალაპოტში შესაძლებელი ხდება ცნობიერების მდინარება, რომელიც გაირბენს რა კადრებს, მათში დაინახავს „გამოსახულებების“, შინაარსების მოჩვენებით გაცოცხლებას, ამოძრავებას. თუ ასეა, მაშინ ცნობიერება არის ერთადერთი რამ, რაც აუცილებლად მოძრაობს ფიზიკურ სამყაროში მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი ყოველგვარ მოძრაობას მოკლებული, გაშეშებული და გაყინული კადრების („აწმყოების“) გროვაა და სხვა არაფერი.

მოკლედ, უშედეგობა ნიშნავს მოძრაობას; კაუზალური ინერტულობა, რომელსაც მე განვსაზღვრავ, როგორც მიზეზობრივ თავისუფლებას, ნიშნავს მოძრაობას, შეუჩერებელ მოძრაობას, რადგან კაუზალურად ინერტული ვერ პოულობს თავის შედეგს, რომელსაც მიადგებოდა და რომელთანაც შეჩერდებოდა, ანუ მოექცეოდა რომელიმე ერთხელ და სამუდამოდ გაქვავებულ კადრში. ასე უპირისპირდება ერთმანეთს მიზეზ-შედეგობრივი უძრაობა და უშედეგობის მოძრაობა. ეს კი მეტაფიზიკური სურათია, რომელიც დაზუსტებას მოითხოვს. სახელდობრ, ერთი და იგივე ცნობიერება გაირბენს ფიზიკური სამყაროს სტატიკურ აწმყოებს, თუ სხვაგვარადაა საქმე? მე მაინც ვემხრობი რომელიღაც წინა ესეში გამოთქმულ ვარაუდს, რომ ცნობიერებას ტვინი წარმოშობს - უნდა წარმოშობდეს - გამა ტალღების თანხლებით, ანუ წამში დაახლოებით ორმოცჯერ. მაგრამ წამის თუნდაც მეორმოცედი შეიძლება მოიცავდეს ფიზიკური სამყაროს სტატიკური კადრების მილიარდობით მილიარდს. ეს კი ნიშნავს, რომ ცნობიერების ერთი წვეთი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გადასერავს უამრავ სტატიკურ აწმყოს, რითიც ქმნის, თუ შეიძლება ასე ითქვას, „მოძრაობის ატომს“.

თუ ასეა, საძიებელია, რა განაპირობებს სუბიექტური ცნობიერების უწყვეტობას და მასში აღქმული ფიზიკური და სხვა სახის - კოგნიტური ან ემოციური - მოძრაობის უწყვეტობას, რომელიც ჩვენ და ჩვენი გონების თვალწინაა გადაშლილი. სავარაუდო კანდიდატებს შორის, ვფიქრობ, თავიდანვე ყურადღებას იქცევს მეხსიერება. ასეც უნდა იყოს, რადგან საკმარისია, რომ ცნობიერების ყოველ ახალ წვეთში შედიოდეს თანდაყოლილი მეხსიერება, ცოდნა წინა წვეთის შინაარსის შესახებ, რათა ადვილად წარმოსადგენი შეიქნეს, თუ როგორ ჩნდება მოძრაობის უწყვეტად გაგრძელების ილუზია. ცნობიერების ყოველი ახალი წვეთი შინაარსობრივად განაგრძობს წინა წვეთის მიერ დასრულებულ მოძრაობას. ცხადია, ამგვარი მეხსიერებით ცნობიერების თითოეულ წვეთს ამარაგებს ბიოლოგიური ტვინი მასში განვითარებული მენტალური მიტოზის შედეგად. მაგრამ ტვინს არ ახსოვს ცნობიერების მიერ გარბენილი მარშრუტი, რადგან ცნობიერების სწორედ კაუზალური ინერტულობის გამო ტვინისთვის სრულებით უცნობია ყველაფერი, რაც ცნობიერებაში შეიძლება ხდებოდეს.

როგორიც არ უნდა იყოს - გაღვიძებიდან დაძინებამდე უწყვეტად ერთი და იგივე ან წამში ორმოცჯერ წარმოშობილი და გამქრალი - ცნობიერება არის მოძრაობა მიზეზ-შედეგობრივ კალაპოტში. და სწორედ ცნობიერების ამ დაუდგრომლობის შედეგად ფიზიკური სამყაროს შემადგენელი სტატიკური აწმყოების, უძრავი კადრების შინაარსები თვითონ ცნობიერებას წარმოუდგება, როგორც ამ შინაარსების ილუზიური ამოძრავება. ესაა შედეგი, რომელიც მხოლოდ სუბიექტურ ცნობიერებაშია ხილული და ამიტომ არ არღვევს ცნობიერების კაუზალურ ინერტულობას. არა მარტო ინდივიდუალური ცნობიერება, არამედ კინო-, ტელე- და ინტერნეტიმპერიებია დამყარებული ილუზიაზე, რომლის ძალით უძრავი გამოსახულებების ობიექტური მონაცვლეობა გარდაიქმნება თავად გამოსახულებების სუბიექტურად აღქმულ მოძრაობად. აქ ვახსენე კადრების ობიექტური მონაცვლეობა, რაც შემთხვევით არ მომსვლია. ობიექტურად არსებული მოძრაობისგან დაცლილი, სრულებით სტატიკური ფიზიკური სამყაროს სურათი მე მოხმობილი მაქვს არა მისი მეცნიერული დამაჯერებლობის გამო (რასაც მე ვერ შევაფასებ), არამედ, როგორც განსაკუთრებით რადიკალური ვარიანტი, კონტრასტული ფონი, რომელზეც შეიძლება უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ცნობიერებისა და სუბიექტურობისთვის დამახასიათებილი შინაგანი დინამიკურობა.

მთავარი კი ალბათ ისაა, რომ ცნობიერების დინამიკურობა, ნახევრად მითიურ მიზეზ-შედეგობრივ კალაპოტში მისი დინება, სინამდვილეში მხოლოდ ნახევრად მოძრაობაა. ნახევრად იმიტომ, რომ მოძრაობა გულისხმობს გადაადგილებას ერთი წერტილიდან მეორეში, ერთი ადგილიდან მეორეში. მაგრამ სუბიექტურობის გამო, იმის გამო, რომ მოკლებულია ფიზიკურ სამყაროში რამენაირი შედეგის გამოწვევის უნარს, არსებითად უშინაარსოა ცნობიერების ობიექტურ ადგილმდებარეობაზე საუბარი. ასეთი რამ არსებობს და აღიქმება მხოლოდ სუბიექტურად, მხოლოდ იმავე ცნობიერების მიერ და სრულებით უხილავია გარედან, ანუ მესამე პირის პერსპექტივაში. როგორც დროში, ასევე სივრცეში არ გააჩნია სუბიექტს და მის ცნობიერებას თავისი შინაარსისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული მდებარეობა.

რადგან ცნობიერება მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ თუ ნახევრად, სუბიექტურად მოძრაობს, ალბათ ამიტომაც ტოვებს ჩემზე უზუსტობის შთაბეჭდილებას ცნობიერების აღწერა დინამიკური მეტაფორებით, როგორიც არის „ცნობიერების ნაკადი“. ნაკადი, სირბილი და ვარდნა ერთნაირად გადაჭარბებაა, როცა თვითონ ცნობიერება ნაკლებია ობიექტურად არსებულ ნებისმიერ ფენომენზე იმით, რომ თუმცა ბიოფიზიკური მიზეზის მიერაა გამოწვეული, სამაგიეროდ თვითონ ვერ იწვევს ვერანაირ ობიექტურ შედეგს. იმასაც გავიხსენებ, რომ სწორედ ეს ვითარება გულისხმობს ცნობიერებისა და სუბიექტურობის მიზეზობრივ თავისუფლებას, რომელიც მიზეზად ყოფნის შეუძლებლობაში მდგომარეობს. ეს კი გვკარნახობს თავისებურ შეხედულებას: თავისუფლება არის განახევრებული აუცილებლობა.

კი, აქ უნდა გაგვახსენდეს სპინოზას ცნობილი დებულება „თავისუფლება არის გაცნობიერებული აუცილებლობა“. დავეთანხმებოდი, თუ დამეთანხმებოდა, რომ გაცნობიერება ნიშნავს განახევრებას, შემცირებას. ეს კი უდავოდ ასეა, რადგან ცნობიერად აღქმა ნიშნავს აღქმულის წარმოდგენას გარკვეულ პერსპექტივაში. ეს კი ნიშნავს აღქმის ობიექტის მხოლოდ ნაწილის დანახვას და დანარჩენის ვერ დანახვას, ან ნიშნავს გარკვეული კუთხით, გარკვეულ რაკურსში დანახვას, რაც არის უარის თქმა ყველა სხვა შესაძლო რაკურსზე. სწორედ ამას გულისხმობენ, როცა სუბიექტურობას საყვედურობენ ადამიანს მისი რომელიმე შეხედულების გამო.

მაგრამ სუბიექტურობა - ცნობიერება და სუბიექტი - არ ამოიწურება გარდაუვალი პერსპექტივიზმით. პანფსიქიზმის მიმდევარი თანამედროვე ფილოსოფოსები და მეცნიერებიც ელემენტარული ცნობიერების არსებობას ვარაუდობენ სამყაროს საფუძველში, ეგრეთ წოდებული, მატერიის ელემენტარულ ნაწილაკებშიც კი. მაგრამ ჩემს ესეებში რამდენადმე ფრაგმენტულად განვითარებული მონახაზის მიხედვით ცნობიერება წარმოადგენს იმის შედეგს, რომ გარკვეული რთული სისტემები - კერძოდ, ადამიანის ტვინი - ზოგჯერ აღწევს ჩვენს ფიზიკურ სამყაროში (სავარაუდოდ) დაშვებული უკიდურესი სირთულის ზღვარს, რის შედეგადაც წარმოიქმნება განახევრებული ფიზიკურობის მქონე, უფრო ზუსტად, ფიზიკური შედეგის გამოწვევის უნარის არმქონე ფენომენი. ასეთი ფენომენი ნახევრად ობიექტურია, ანუ არის სუბიექტური. ასე რომ, ცნობიერება ბინადრობს არა სამყაროსა და ბუნების სარდაფში, არამედ სხვენში. გამოდის, რომ ცნობიერება არსებითად და სრულებით ბუნებრივად ზებუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ამიტომაც ჰგუობს ასე იოლად ცნობიერება თავის შინაარსებს შორის ისეთი შეთხზული ზებუნებრივი ძალების და არსებების გამოჩენას, როგორებიც არიან ღვთაებები და ღმერთები, ანგელოზები და ჯინები, სასწაულმოქმედი წმინდანები და სხვანი და სხვანი.

სადაც ცნობიერებისა და სუბიექტურობის არსებობას შესაძლებლად მიიჩნევს კულტურა, იქვე სხვა არამატერიალური ან ნაკლებად მატერიალური არსებების შექმნისთვისაც გადაიშლება ასპარეზი. ეს კი, ალბათ, განაპირობებს თვითონ ცნობიერების კულტურისეული მოდელის და შემდეგ თავად სუბიექტური ცნობიერების შევიწროებას. თუ ობიექტური, რეალური სამყაროსთვის დამახასიათებელი აუცილებლობის გაცნობიერება ნიშნავს ამ აუცილებლობის ისეთ განახევრებას, შემცირებას, რომელიც გზას უხსნის თავისუფლებას, სამაგიეროდ საპირისპირო შედეგს უნდა იწვევდეს ცნობიერებაში არარეალური ღმერთის მოხვედრა. ასეც ხდება. რელიგიურ კულტურაში ყალიბდება სულ უფრო ძლიერი ზებუნებრივი არსების, ღმერთის, როგორც უეჭველი აუცილებლობის სახე და შესაბამისი ემოცია, რომლებიც ინდივიდუალური სხეულისა და ტვინის გავლით აღიბეჭდება ცნობიერ სუბიექტში მისი უმაგალითო თავისუფლების ხარჯზე და საზიანოდ.

სრულებით გონიერი ნაწილით, იმ არაცნობიერი აგენტით, რომელიც ცნობიერი სუბიექტის მიზეზ-შედეგობრივად სრულფასოვანი ტყუპისცალია, ყოველ ჩვენგანს შეუძლია, თანდათან შექმნას რელიგიური სივიწროვისგან განთავისუფლებული ცნობიერებისა და სუბიექტის ნიმუში, რომლის მიხედვით შევძლებთ სიკვდილამდე თავისუფლად ცხოვრებას. სიკვდილი კი ის უკანასკნელი ცდა და ექსპერიმენტია, რომლის ჩატარებაც ადამიანს შეუძლია. მერე რა, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგი უკლებლად ყველასთვის უცნობი და უსარგებლო დარჩება. ხელოვნება ხომ ხელოვნების ნაწარმოებშია და არა ისეთ წვრილმანებში, როგორიც არის სტვენა ან ოვაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სინდისი, აზროვნება, თავისუფლება

„9/22/2017“ კალენდარი ეკლესია არის კოლექტიური პრეზერვატივი. მასში თავშეფარებულ ადამიანებს იგი ჯგუფურად იცა ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

მესაზღვრე

ვიდრე ჩვენს თავში ერთმანეთის დახმარებით არ გამოვძებნით და გამოვზრდით საკუთარ ძალებს, მანამდე თაღლითების სამკალი იქნება ჩ ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

მგზნებარების ანა-ბანა - ინტერვიუ გია ეძ ...

(ნაწილი პირველი) მანანა გაბრიჩიძე:  25 წელზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობთ, რატომ დატოვეთ საქართველო? გია ეძგვერაძე ...

მეტი

^