Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესაზღვრე

15 სექტემბერი 2017

ვიდრე ჩვენს თავში ერთმანეთის დახმარებით არ გამოვძებნით და გამოვზრდით საკუთარ ძალებს, მანამდე თაღლითების სამკალი იქნება ჩვენი საზოგადოება, რომლის წინაპარი შუა საუკუნეების სისხლიანმა მდინარეებმა საბჭოთა კავშირის კიდევ უფრო სისხლიან ჭაობში ჩაიტანა. ეს ყველაფერი საბოლოოდ ისე მყუდროდ შეისისხლხორცა ამ კეთილშობილმა საზოგადოებამ, რომ ყველაზე მეტად საკუთარი ტყავის გადარჩენაში გაწაფულს, მას ახლა ცეცხლივით აშინებს, თუ კი რამეს თანამედროვეს და ადამიანურს გადაეყარა, რასაც თანმიმდევრული აზროვნების, დამოუკიდებელი სინდისის ან სხვისი უფლების ელფერი დაჰკრავს. ამ საზოგადოებას ინტერნეტიც კი, უკეთეს შემთხვევაში, სათევზაო ბადის ნაირსახეობა ჰგონია, იმის მაგივრად, რომ ჰამაკად მაინც მოიხმაროს. არადა, იქნებ არასოდესაა გვიან, ყველაფერი თავიდან დაიწყო და ახალი ბავშვობიდან ახლებურად ამოიზარდო? ცხადია, ეს არა, მაგრამ, ვინ იცის, რომელიღაც ერთი შეკითხვა გვაშორებს ცვლილებას.

ცნობიერება სადღაც შუაშია ფიზიკურ რეალობასა და მათემატიკას შორის. ასეა, ვფიქრობ, იმიტომ, რომ ობიექტური, ფიზიკური რეალობის ფენომენი არის ფიზიკური მიზეზის მქონე და, პრინციპში, ასეთივე ფიზიკური შედეგის გამომწვევი. ხოლო ცნობიერება არის, ასე ვთქვათ, სანახევროდ ფიზიკური ანუ განახევრებული ფიზიკურობის მქონე, რადგან ის არის მიზეზობრივად უნაყოფო ანუ კაუზალურად ინერტული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ფიზიკური, უფრო ზუსტად და ჯერჯერობით, ბიოფიზიკური მიზეზი სხეულსა და ტვინში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების სახით, მაგრამ არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს შედეგი ფიზიკურ სამყაროში. ასე თუ განვიხილავთ, მათემატიკაზე, მათემატიკურ „რეალობაზე“ შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც განეკუთვნება მათემატიკას, პრინციპულად მოკლებულია როგორც გამომწვევ ფიზიკურ მიზეზს, ასევე ფიზიკურ შედეგს. (აქ ვგულისხმობ მათემატიკურ კონცეპტებს და მათემატიკის საკუთარ, შინაგან ლოგიკასა და მეთოდოლოგიას, და არა იმ სრულებით ბიოლოგიურ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც აზროვნება აღწევს მათემატიკის სფეროს.)

ამრიგად, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უმიზეზო და უშედეგო მათემატიკური ფენომენი არის „კაუზალურად იზოლირებული“. ხოლო ორმხრივ აღჭურვილ - მიზეზისა და შედეგის მქონე - ფიზიკურ ფენომენზე ვიტყოდი, რომ ის „კაუზალურ ჩარჩოშია ჩასმული“ (causally framed). ამათ შორისაა მიზეზის კი, მაგრამ შედეგის არმქონე ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, „კაუზალურად ასიმეტრიული“ ცნობიერება და სუბიექტურობა. ამგვარი კლასიფიკაციის თუ განაწილების შემდეგ ალბათ საბოლოოდ უარს ვიტყვი კაუზალური ინერტულობის ტერმინზე და მას შევცვლი კაუზალური, მიზეზშედეგობრივი ასიმეტრიულობით, რომელიც უფრო ზუსტი მეჩვენება.

ასეთ აღწერას ლოგიკურად მოჰყვება ჩვენთვის ნაცნობი მაკროფიზიკური სამყაროს დაყოფა სამ შრედ, სამ ფენად. ესენია მიზეზშედეგობრივ ჩარჩოში ჩასმული, ობიექტური ფიზიკური რეალობა, მიზეზშედეგობრივად ასიმეტრიული ცნობიერების სუბიექტური რეალობა და მიზეზშედეგობრივად იზოლირებული აბსტრაქტული მათემატიკური რეალობა. ასე რომ, პირობითად, სამი სახის რეალობას ვიცნობთ - ობიექტურს, სუბიექტურს და აბსტრაქტულს. ტემპორალობის თვალსაზრისით თუ დავახასიათებთ, როგორც ცნობილია, აბსტრაქტული და კაუზალურად იზოლირებული მათემატიკური ფენომენი ზედროულია; სუბიექტური ცნობიერება, შეიძლება ითქვას, „შეუჩერებელ აწმყოში“ არსებობს, ანუ თავისი უშედეგობის გამო შედეგით ამოუქოლავი, ღია მომავლისკენ მიისწრაფის და მისკენ იცვლება; ძირეული ფიზიკური ფენომენი კი მიზეზშედეგობრივ ჩარჩოშია ჩასმული ანუ თავისი მიზეზითა და შედეგით არის გარემოცული, რის გამოც ის შეიძლება მართლაც სტატიკური, სრულებით უძრავი იყოს, როგორც ალბერტ აინშტაინსა და ჯულიან ბარბერს მიაჩნიათ თავ-თავიანთ განსხვავებულ ჰიპოთეზებში.

ბიოფიზიკური მიზეზით განსაზღვრული ანუ, გარკვეული აზრით, ამოქოლილი წარსული სუბიექტური ცნობიერებისთვის შეუძლებელს ხდის მოძრაობას წარსულისკენ, მომავლიდან წარსულისკენ. სამაგიეროდ, დაუდგრომელი ცნობიერებისთვის ყოველთვის ღიაა საპირისპირო მიმართულება და შესაძლებელია სვლა წარსულიდან მომავლისკენ, რომელიც საკუთრივ ცნობიერების მიერ წარმოქმნილი მიზეზით არასოდესაა დაგმანული. ამიტომ სამყარო, რომელსაც ცნობიერება შეიძლება იცნობდეს, როგორც ბუნებრივ, ობიექტურ სამყაროს, ასევე წარსულიდან მომავლისკენ უნდა იცვლებოდეს, როგორც ხდება კიდეც. ამიტომ მთელი ჩვენი სუბიექტური სამყარო - ფენომენალური ცნობიერება, ცნობიერი მე, ცნობიერად აღქმული ობიექტური რეალობა - დინამიკურ, წარსულიდან მომავლისკენ მიმდინარე და ცვალებად დროშია გაფორმებული.

სუბიექტური აღქმისგან დამოუკიდებელ ობიექტურ, ფიზიკურ რეალობას რაც შეეხება, როგორც ზემოთ ვთქვი, „სინამდვილეში“ ის შეიძლება უცვლელი იყოს ანუ არსებობდეს სტატიკურ, უცვლელ დროში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს: 1) აინშტაინისეულ, ოთხგანზომილებიან სივრცე-დროში არსებულ სამყაროსთან, რომელშიც დრო არის სამი სივრცითი განზომილებისგან არაფრით გამორჩეული მეოთხე განზომილება; ესაა უძრავი დრო უცვლელ სამყაროში, რომლის ყველა „წარსული“ და „მომავალი“ მოვლენა, ყველა „მანამდე“ და „შემდეგ“ ერთდროულადაა მოცემული; 2) ან ჯულიან ბარბერისეულ სამყაროსთან, რომელიც შედგება ერთმანეთისგან იზოლირებული და სრულებით უძრავი, სტატიკური კადრებისგან, „აწმყოებისგან“, როგორც მათ ბარბერი უწოდებს. ცხადია, რომ დინამიკური დრო და ცვალებადობა არც ამგვარ ობიექტურ რეალობაში იარსებებს.

ახლა თავისუფლების თვალსაზრისით განვიხილოთ რეალობის სამსაფეხურიანი „კლასიფიკაცია“. კაუზალურ ჩარჩოში ჩასმული ობიექტური, ფიზიკური ფენომენი შემოსაზღვრულია ორივე - მიზეზისა და შედეგის - მხრიდან, როგორც წარსულიდან, ასევე მომავლიდან. სხვა სიტყვებით, ის აუცილებლად არის, ერთი მხრივ, თავისი ობიექტური მიზეზის შედეგი და, მეორე მხრივ, თავისი ობიექტური შედეგის მიზეზი. ამიტომ ალბათ უნდა ითქვას, რომ მისი თავისუფლების ხარისხი ნულოვანია. ობიექტური ფიზიკურისგან განსხვავებით სუბიექტური (ცნობიერებისეული) ფენომენი შემოფარგლულია ობიექტური (ბიოფიზიკური) მიზეზის მხრიდან, მაგრამ ღიაა მეორე მხრიდან, რადგან არ იწვევს შედეგს. ეს კი ნიშნავს, რომ მიზეზით განსაზღვრული წარსული ცნობიერებისთვის, როგორც სუბიექტური ფენომენისთვის, დაგმანულია, ამოქოლილი, სამაგიეროდ კი მისთვის ღიაა მომავალი, რომელსაც ის ვერასოდეს შეავსებს თავისი შედეგით. ამიტომ სუბიექტური ფენომენი, ცნობიერება შეიძლება დავახასიათო, როგორც მომავლისკენ თავისუფალი და შეუზღუდავი. ობიექტური და სუბიექტური ფენომენებისგან განსხვავებით აბსტრაქტული მათემატიკური ფენომენი ყოველმხრივ და სრულად თავისუფალია, რადგან მას არც წარსული გააჩნია ობიექტური მიზეზის სახით, და არც ობიექტური შედეგით დადგენილი მომავალი.

ამრიგად, ობიექტური ფიზიკური რეალობა და აბსტრაქტული მათემატიკური რეალობა, ორივე შეიძლება აღმოჩნდეს ერთნაირად უცვლელი. საკითხავია, ესეც ხომ არ განაპირობებს აბსტრაქტული მათემატიკის „ამოუცნობ ნაყოფიერებას“ (იუჯინ ვიგნერის ცნობილი შესიტყვების თავისუფალი თარგმანი, მ.ლ.) ობიექტური ფიზიკური რეალობის აღწერის საქმეში. თუ მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ რადგან სუბიექტური რეალობა, ცნობიერება, აუცილებლად იცვლება მომავლისკენ და, ესე იგი, მოძრავ დროში არსებობს, ამიტომ ის მოკლებული იქნება როგორც ობიექტური, ასევე აბსტრაქტული, როგორც ფიზიკური, ასევე მათემატიკური რეალობისთვის საერთო რომელიღაც ძირეულ სტრუქტურას, რომელიც შესაძლებელს ხდის ერთის უცვლელობას დროში და მეორის ზედროულობას. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ცნობიერება, სუბიექტური რეალობა ვერ დაიყვანება - არ რედუცირდება - ფიზიკურ რეალობაზე და ვერც მათემატიკით აღიწერება.

ამიტომ ალბათ გამართლებულია სუბიექტური სამყაროს შესწავლა მისი უნიკალურობის, სახელდობრ, მისი მიზეზ-შედეგობრივი ასიმეტრიულობის თვალსაზრისით, რომელიც უნდა განაპირობებდეს ცნობიერების, სუბიექტურობის აუცილებელ და ცალმხრივ მიმართულ ცვალებადობას მიზეზით დახშული წარსულიდან შედეგით ამოუქოლავი მომავლის მიმართულებით. ესაა თავისუფლება, რომელიც ჰგავს თავისუფალი ვარდნის თავისუფლებას. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ცნობიერებისა და სუბიექტურობის თავისუფლება მდგომარეობს მის თვისებრივ თავისუფლებაში, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ცნობიერება პრინციპულად მოკლებულია უნარს, უშუალოდ შეასრულოს რამე შედეგის გამომწვევი მიზეზის როლი და ფუნქცია. ეს კი თითქმის არანაირად არაა დაკავშირებული თავისუფლების ტრადიციულ და, ამავე დროს, ხალხურ წარმოდგენასთან, რომლის თანახმად თავისუფლება არის არჩევანის თავისუფლება. ჩვენ არ გაგვაჩნია არჩევანის თავისუფლება, არამედ ჩვენ თვითონ ვეკუთვნით უშედეგობის თავისუფლებას.  

მიზეზისა და შედეგის მქონე ობიექტური ფიზიკური ფენომენების გვერდით კი განახევრებული ფიზიკურობით - უშედეგობით ანუ კაუზალური ასიმეტრიულობით - აღბეჭდილი სუბიექტური ცნობიერება ალბათ უნდა დავახასიათო, როგორც „დეფიციტური ფენომენი“. აქ „დეფიციტურობაში“ ვგულისხმობ არა იმდენად ფენომენის იშვიათობას, რამდენადაც მისთვის ნიშანდობლივ გარკვეულ „ხინჯს“, სახელდობრ იმას, რომ მას ფიზიკურ ფენომენთან შედარებით „აკლია“, არ გააჩნია შედეგი და მისი გამოწვევის უნარი.

რადგან ობიექტური, ბიოფიზიკური სხეულის გარდა ჩვენ ვარსებობთ ჩვენი სუბიექტურობისა და ცნობიერების სახითაც, ამიტომ ასეთი ანომალიური, კერძოდ, დეფიციტური ფენომენების ბუნებრივად და არა ზებუნებრივად წარმოშობა მოსალოდნელი უნდა იყოს თავად ფიზიკური სამყაროს ობიექტურ ქსოვილში. სათანადო პროცესი, რომელიც პირწმინდად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, წინა ესეებში მენტალური მიტოზის სახელით გავაცანი მკითხველს. აქ მხოლოდ იმას დავურთავ, რომ შესაძლოა დეფიციტურ ფენომენებს მათემატიკაც იცნობდეს. მართლაც, თუ სწორად მესმის, გიოდელის თეორემის თანახმად, მათემატიკაში დასაშვებია ისეთი ჭეშმარიტული მათემატიკური დებულებების არსებობა, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ რადგან შეუძლებელია ამგვარი დებულებების დაყვანა, რედუცირება აქსიომებზე, ამიტომ მათ არ გააჩნია, აკლია ის, რაც მათემატიკაში განუყრელად თან ახლავს „ნორმალურ“ ჭეშმარიტულ დებულებებს.

ადამიანის გონებასთან გიოდელის თეორემის დაკავშირებას საკმაოდ სერიოზული ტრადიცია აქვს, რომელსაც, პირველ რიგში, როჯერ პენროუზი და დუგლას ჰოფსტატერი წარმოადგენენ. მათგან განსხვავებით მე გონებისა და აზროვნების ალგორითმულ ან არაალგორითმულ ბუნებაზე არ ვმსჯელობ, არამედ ყურადღებას ვამახვილებ თავისებურ დეფიციტურობის ფენომენზე, რომელიც კიდევ ერთი დამაკავშირებელი რგოლი შეიძლება გახდეს ფიზიკურ სამყაროსა და მათემატიკას შორის, ოღონდ ამჯერად არა მოაზროვნე გონების, არამედ საკუთრივ ჩვენი მოუხელთებელი ცნობიერებისა და სუბიექტურობის მეშვეობით.

ასეა თუ ისე, ამ ჩემი ბედშავი ჰიპოთეზის თანახმად ანუ, მოკლედ, ჩემი აზრით, ცნობიერება და სუბიექტურობა წარმოიშობა, როდესაც რთული ფიზიკური სისტემა აღწევს ჩვენს ფიზიკურ სამყაროში შესაძლო მაქსიმალური სირთულის ზღვარს, რომლის დაშვება თითქოს დამჭირდა ობიექტური - მიზეზშედეგობრივ ჩარჩოში ჩასმული - ფიზიკური ფენომენებიდან თვისებრივად განსხვავებული - მიზეზშედეგობრივად ასიმეტრიული - სუბიექტური ცნობიერების წარმოშობის „ასახსნელად“. თუ ჩემი ვარაუდი რამენაირად ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, სუბიექტურობის მქონე ცოცხალი არსებები, არც მეტი, არც ნაკლები, სამყაროს საზღვარზე ვართ გამწესებული და იქ ვიმყოფებით, ვიდრე ცნობიერ მდგომარეობას ვინარჩუნებთ.

ადამიანო, მთელი ამ უზარმაზარი სამყაროს მესაზღვრე ხარ და მაინც ასეთი მეწვრილმანე?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^