Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სინდისი, აზროვნება, თავისუფლება

19 სექტემბერი 2017

„9/22/2017“

კალენდარი

ეკლესია არის კოლექტიური პრეზერვატივი. მასში თავშეფარებულ ადამიანებს იგი ჯგუფურად იცავს სამი ინდივიდუალურად გადამდები დაავადებისგან - იცავს სინდისისგან, იცავს აზროვნებისგან, იცავს თავისუფლებისგან. ამათ რომ დაავადებას ვუწოდებ, ჩემი პოეტური თავნებობის ბრალი არაა. დაავადება არის ის, რაც ადამიანის სხეულში, ნერვულ სისტემაში, ტვინსა და გონებაში ვითარდება და მყუდროებას ურღვევს, აწუხებს და ცხოვრებას უმწარებს, ურთულებს ადამიანს.

ამიტომ, ცხადია, ცამდე მართალია ყველა, ვინც ლიბერალიზმს, ანუ თავისუფლებას ზიზღით ან ამრეზით უყურებს, ეკლესიას კი ეკეკლუცება. ზიზღი ხომ ერთ-ერთი ევოლუციურად უძველესი ემოციაა, რომელიც ჩაბუდებულია ტვინის კონკრეტულ უბნებში, საიდანაც ის ფხიზლად მეთვალყურეობს ცოცხალ არსებას, რათა მან თავი შორს დაიჭიროს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებისა და სხეულებისგან. სწორედ ბიოლოგიურ ზიზღზეა აღმოცენებული კულტურის ერთ-ერთი მშვენიერი ნახელავი და, თანაც, მისი განუყრელად შემადგენელი ჰიგიენა. ამიტომ ისინი, ვინც ლიბერალიზმს, ანუ თავისუფლებას უპირისპირდებიან, სინამდვილეში ჰიგიენას იცავენ, ავადმყოფობისგან იცავენ ჯანმრთელობას. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ, ჩვენი ჯანმრთელობის დამცველებს, ცხადია, არარსებულმა ღმერთმა, რადგან სხვანაირს არც არასოდეს უარსებია. 

სინდისი იმდენად არის სინდისი და არა სხვების მოსაწონად მოქცევის სურვილი, რამდენადაც სინდისში მონაწილეობს აზროვნება და თავისუფლება. ასევეა აზროვნებაც, რომელიც იმდენად არის აზროვნება და არა დოგმატიზმი, დემაგოგია და პლაგიატი, რამდენადაც მასში მონაწილეობს სინდისი და თავისუფლება. ხოლო თავისუფლება მხოლოდ იმდენად არის თავისუფლება და არა რამენაირი სიხარბე, რამდენადაც მასში მონაწილეობს სინდისი და აზროვნება. მოკლედ, ამ სამის ერთმანეთისგან გამიჯვნა და განცალკევება თითოეული მათგანის დაკარგვას, დაკნინებას და გადაგვარებას ნიშნავს. და რადგან ჯოჯოხეთის ეს სამი მაშხალა უერთმანეთოდ ვერ არსებობს, სინდისს და აზროვნებას და თავისუფლებას, სამივეს ერთად ჯანდაბამდე გზა ჰქონია.   

ასევე გვიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ორი მეგობარი - ქსენოფობია და ჰომოფობია. ესენი ჩვენს ჯანმრთელობას იცავს უკვე არა იმდენად სინდისისა და თავისუფლებისგან, რამდენადაც აზროვნებისგან. მართლაც, სულ მარტივად და უტრირებულად რომ ვთქვათ, აზროვნება არის ინფორმაციით ოპერირება. ინფორმაცია კი მოგეხსენება, არის განსხვავება, რომელიც ქმნის განსხვავებას (გრეგორი ბეიტსონი). ამრიგად, განსხვავება აზროვნების საფუძველშია, როგორც მისი ატომარული, ელემენტარული შემადგენელი. სხვა სიტყვებით, განსხვავება არის აზროვნების, ცხადია, არა საკმარისი, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი პირობა. ამიტომ ყოველი მკაფიო განსხვავება, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე გადაეყრება, რომ თვალს იოლად ვერ აარიდებს, ბუნებრივად უბიძგებს მას, ადამიანს, აზროვნებისკენ. უფრო ზუსტად, განსხვავებულის განსხვავებულობა ისეთ მასალას აძლევს გონებას, რომელსაც მან მხოლოდ აზროვნებით შეიძლება გაართვას თავი, თუ, რა თქმა უნდა, სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის მომარაგებული სტერეოტიპებით და კლიშეებით ვერ მოასწრო მისი წაშლა ან თავისთვის „გასაგებად“ დამახინჯება.

ტურისტული, ანუ უცხოელებისთვის სპეციალურად გამოყოფილი და იზოლირებული, ანუ საკმარისად სტერილური კონტექსტის გარეთ შენს საკუთარ, ესე იგი, ჩვეულებრივ და ყოველდღიურ გარემოში რაც უფრო ხშირად შეხვდები გარეგნობით, წეს-ჩვეულებით, ჩაცმულობითა და ენით განსხვავებულ უცხოტომელებს, მით უფრო მომრავლდება შენს გონებაში უცნობი განსხვავებები, რომლებიც გონებისმიერ გამკლავებას ითხოვს. იგივე მოგივა, თუ მათთვის „უსიტყვოდ“ მიჩენილ „უხილავ“ ადგილებს გამოცდენილ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების თავყრილობებსა და მსვლელობებს გადაეყრები. ამგვარი ტერიტორიული და სიმბოლური თავხედობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მათთვის თვალის არიდება და აუცილებლად მომრავლდება მკაფიო განსხვავებები შენს ადამიანურ გონებაში.

ეს კი აზროვნების განვითარების საფრთხეს ქმნის, რადგან თუ აუცილებელი მასალა საკმარისად აქვს მოცემული, თუნდაც ცოტაოდენი თანდაყოლილი უნარით და განათლებით შემკული გონება ძალაუნებურად იწყებს აზროვნებას, ანუ განსხვავებებთან მეგობრობას. რაც უფრო მეტყველია განსხვავება, მით უფრო გულითადია ეს მეგობრობა. მაგრამ ვისთვის გულითადი მეგობრობაა აზროვნება, ვისთვის კი საძულველი ავადმყოფობა. რადგან ხალხური სიბრძნე ამბობს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ამიტომ ვენდოთ მათ, ვინც თუნდაც მხოლოდ შესაძლო დაავადებისგან დაგვაზღვევს და დაგვიფარავს. მით უმეტეს, რომ საქართველოდ წოდებულ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად სწორედ ჩვენი ერთმანეთთან ნაცნობ-მეგობრობა იკავებს მოუსვენრობის შემყრელი გონებრივი უნარებისა და შემაწუხებლად შრომატევადი განათლების ადგილს.  

აი, სინდისს რაც შეეხება, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ერთ (კვაზი)ეტიმოლოგიურ არგუმენტს მოვიყვან, რათა აზროვნებასთან და თავისუფლებასთან მისი ერთგვარად მოულოდნელი კავშირი შევნიშნოთ. ხუმრობის თემაც გამხდარა ის უდავო ფაქტი, რომ სიტყვა „სინდისი“ და მისი სინონიმი „ნამუსი“ უცხო ენებიდანაა ქართულში შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებს საკუთარი, ქართული, სინდის-ნამუსი არც გააჩნიათ. მაგრამ სიტყვების ამგვარი ნასესხობა შეიძლება სწორედ სინდისისა და ნამუსის უფრო ღრმა მნიშვნელობას ინახავდეს, ცხადია, ძალაუნებურად და არა ნაქები ხალხური სიბრძნის წყალობით. ენაში ამ კონცეპტის აღმნიშვნელი მხოლოდ უცხო, ნასესხები სიტყვების არსებობა შემთხვევით, მაგრამ დამაჯერებლად მიანიშნებს სინდისის კავშირზე უცხოსთან, სხვასთან, განსხვავებულთან.

მართლაც, სინდისი ალბათ, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთარი ფიქრის, სიტყვისა და მოქმედების მიუკერძოებლად აწონ-დაწონვას. რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ შენი ისე განიხილო, როგორც არა-შენი, განიხილო ობიექტურად და არა სუბიექტურად, რამენაირი ანგარების კარნახით. ამ ისედაც საკმაოდ საჩოთირო საქმეში კი უცხო სიტყვა უფრო გამოდგება სინდისის-ნამუსის აღსანიშნად, ვიდრე რომელიმე „ძირძველი“ ქართული სიტყვა, რომელიც სინდისის უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის ფლობას და ერთგულებას დაგვაძალებდა, ჩვენი განსაკუთრებულობის შეგნებით ისედაც გონებადამძიმებულ ხალხს.

ზუსტად ეს გააკეთა, სინდისის კარი გაჭრა ალუდა ქეთელაურმა. თუმცა ამ კარში გასულს თავისიანებთან დასაბრუნებელი გზა მოეჭრა. აი, ეტიმოლოგიურ არგუმენტს ახლა ლიტერატურულიც მოვაყოლე. ეს კი დაღლის და დასასრულის მოახლოების ნიშანი შეიძლება იყოს, რომელსაც არ უგულებელვყოფ, თუმცა აზროვნებისა და სინდისის შემდეგ მოსახდელ ხარკს თავისუფლებასაც მოვუხდი.

მისმა გაუგონარმა მოქმედებამ არც რამისგან და არც რამისთვის გაათავისუფლა ალუდა ქეთელაური. უბრალოდ და მხოლოდ მან თავისუფლება ცნობიერად აღიქვა.  აქ მხოლოდ მოკლედ გავიხსენებ ჩემს მთავარ, უფრო ზუსტად, აკვიატებულ პერსონაჟს და ვიტყვი, ვივარაუდებ, რომ როგორც სივრცეს აქვს სამი განზომილება - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, რომლებითაც იზომება სივრცეში არსებული ყველა საგანი და მოვლენა, ასევე ადამიანის ცნობიერებას აქვს სამი განზომილება - სინდისი, აზროვნება და თავისუფლება. შესაბამისად, მათ მიხედვით გაიზომება ყველაფერი, რაც ადამიანის გარემომცველი სამყაროდან, სხეულიდან და გონებიდან აღწევს მის ცნობიერებაში. 

ალუდა ქეთელაური თავისი მოქმედებებით აზროვნებდა. არც ამას ვამბობ მეტაფორულად. რამდენადაც აზროვნება არის შინაგანი, ინტერნალიზებული მოძრაობა და მოქმედება (რობერტო ლინასი), ამდენადვე შეიძლება ითქვას, რომ მოქმედება არის გარეგანი, ექსტერნალიზებული აზროვნება. ორივე შემთხვევაში სიტყვები შეიძლება იყოს მხოლოდ ვერბალური აკომპანემენტი და არა უშუალოდ აზროვნება. ვაჟა-ფშაველას მიერ შეთხზული სიტყვები მისი მთავარი პერსონაჟის, ალუდა ქეთელაურის, თავისუფლების აკომპანემენტია, თანმხლები ვერბალური მელოდია. წარმოიდგინე, რა იქნებოდა, თავისი ფიქრით, სიტყვით და საქმით ადამიანის მთელი ცხოვრება თავისუფლების თანმხლები მელოდია რომ იყოს. რა იქნებოდა, ასე რომ იყოს.

თუ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რაც კი მასზე იყო დამოკიდებული, რათა დაენგრია თავისი ცხოვრება,  მაინც ამ ნანგრევებში ბინადრობს მშვიდად და უზრუნველად უკვე საკმაოდ მრავალი წელია, ასეთ იღბლიან უსამართლობას ერთადერთი ახსნა აქვს. აშკარაა, ორიოდე ნაცნობს მან დასტყუა ამოუწურავი გულისხმიერება, რომლის წყალობით არც სიგარეტი, ყავა და ინტერნეტი აკლია და, როგორც ხედავ, არც სიტყვების აკრეფით გართობა. ეს მართლაც რომ „თუ ადამიანი“ მისთვის შეუფერებელ ისეთ თემებსაც გაუშინაურდა, როგორებიცაა ნამუსი და ცნობიერება, ლიბერალიზმი და თავისუფლება. მეტიც, მან ორიოდე აბზაცის ზემოთ ვითომ მწარედ და მხნედ გაკენწლა სამოქალაქო და საეკლესიო ფორმაში გამოწყობილი თანამემამულეები, რომლებსაც ერთხელ ცოტა გრძლად, მაგრამ არაორაზროვნად უწოდა „მარშით მავალ პატრიოტთა და სხვა დინგების ალიანსი“, რასაც ახლაც იმეორებს ანუ ვიმეორებ. მოკლედ და მკაფიოდ, მკითხველო, თუ შენ ხარ ვინმე მიდებ-მოდებას ჯერ ვერშელეული ახალგაზრდა, გაითვალისწინე, რომ არაფრის ფასად მისაბაძი მაგალითებიც არსებობს, საბედნიეროდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

მეც

პირველად მსგავსი შემთხვევა თინეიჯერობისას, მეტროში მქონდა. როდესაც ვაგონში შესვლისას, სიხალვათეში ვიღაცის ხელი ჩემს უკან ...
14 ოქტომბერი
14 ოქტომბერი

„ჩვენი თამაში" - მეგობრული ბურთით - რედ ...

რატომ მეგობრული? - პასუხს კითხვისას მიიღებთ რაგბი ჩემს ცხოვრებაში ლიტერატურიდან შემოვიდა. 2014 წელი. აკა მორჩილაძის წი ...
13 ოქტომბერი
13 ოქტომბერი

სილამაზე, როგორც სასჯელი

ჩვენი ნება და არჩევანია გვჯეროდეს და ვამტკიცოთ, რომ სილამაზე აბსოლუტურია; რომ ის სამყაროს გადაარჩენს; რომ ის მიუღწეველი ...

მეტი

^