Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე „დევი“ გავხდი“

05 ოქტომბერი 2017

„კი, უეჭველი ითამაშებ!“

ეს მომწერა „სავეამ“ და ამ მომენტიდან ისე დავიწყე ცქმუტვა, როგორც თეატრალურში მისაღები ტურების წინ. 4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშებ დიდ, თხუთმეტკაცა რაგბის. რა დონის რაგბიც არ უნდა ითამაშო, თუ გიყვარს, მონატრება იცის სასწაული; ისე გწყურია, როგორც სკოლის მოსწავლეს გაზაფხულის მზიან დღეს არდადეგები.

***

90-იანებში და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც კი ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხედავდნენ ბოროტ სულებს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს და მრავალ სხვა უცნაურობას. თუმცა ორიათასიანების დადგომასთან ერთად ეს თემაც მიწყნარდა. არც „დევების“ გამოჩენას მოჰყოლია აჟიოტაჟი. ჩემს მეხსიერებაში კი პირველი სამოყვარულო რაგბის კლუბი 2011 წლიდან ჩნდება. ჯერ იპოდრომზე ვნახე ოვალური ბურთის ირგვლივ შემოკრებილი ეს საზოგადობა, შემდეგ ფეისბუქზე ეს ფრაზაც ამოვიკითხე „მე „დევი“ გავხდი“  და წლევანდელ შემოდგმამდე შორიდან ვაკვირდებოდი ამ კლუბს და მასში მოთამაშე ჩემს მეგობრებს.

***

ეს იყო პირველი სამოყვარულო რაგბის კლუბი საქართველოში, ეს არის ყველაზე ტიტულოვანი სამოყვარულო გუნდი და გუნდი, რომელშიც ყველაზე მეტ ვეტერან ბორჯღალოსანს და ლეგიონერს უთამაშია. ეს ის კლუბია, სადაც თავშალა, თავფეჩა, ცოლის ძმა, ჩიქენა, დრაგო, სასედა,  ძეგლი, ტყისკაცა სხვანი და სხვანი ერთად ბურთაობენ.

***

თამაში მარტყოფშია, „დევებისა“ და „მარბიელის“ დაპირისპირებაზე გუნდების სახელებით ნუ იმსჯელებთ. ვიცვლი, ვემზადები, მაისურს ვირგებ, გავდივარ და თამაშიც იწყება.  

 ზოოპარკის გემზე მჯდარხართ? სიმაღლიდან წყალში გადმომხტარხართ? დენს დაურტყამს თქვენთვის? აი ეს ყველა შეგრძნება ერთად იყრის თავს, როცა მოწინააღმდეგის მგეზავის (10 ნომრის) დაკიდებული ბურთი პირდაპირ ჩემკენ მოდის, ვიჭერ და ვუტევ. რაღაცები მახსოვს, რაღაცებს ვიხსენებ და პირველი კარგი გაჭრაც, ორი კონტაქტი და ლელოს მივუახლოვდით. პირველად ვთამაშობ სამოყვარულო ლიგაში თამაშს, სადაც ბურთი ხაზის მოთამაშეებსაც აქვთ და გახსნილი თამაშია. ოცდაორმეტრიანში შევედით, ბურთი მივიღე და ლელოო.  ჩემ თავთან უკვე ჩემპიონი ვარ, მაგრამ მალევე არასწორ პოზიციას ვირჩევ და ზუკას (მოთამაშე  მწვრთნელის) შენიშვნაც არ აყოვნებს. აუტის ხაზთან თავმოყრილი დიდი და ვეტერანი „დევები“ გვამხნევებენ, ლაღად ვუბერავთ  და სილაღე რაგბიში და არამარტო რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ლელოც და 43 -12.

***

სამოყვარულო ლიგის შემდეგ, „დევების“ რეგიონალ ლიგის გუნდის თამაშია. „დიდებიც“ იგებენ, ვწრუპავ ლუდს, ვტკბები სარაგბო უქმე დღით და დაჩეჩქვილი კუნთები და ძვლები სასიამოვნოდ მიბუჟდება.

 მახსენდება 2011 წელს მეგობრის ფეისბუქსტატუსი დევებში დებიუტის შემდეგ:

„მე „დევი“ გავხდი“.

პ.ს.

 ყველა თამაშს მოჰყვება მესამე ტაიმი, მესამე ტაიმზე ასეთი შეძახილი ისმის:

„დევებს ავე“;

„დევები სვამენ და დევები მღერიან“;

„გამოდი, გამოდი, დევები გელიან“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^