Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სილამაზე, როგორც სასჯელი

13 ოქტომბერი 2017

ჩვენი ნება და არჩევანია გვჯეროდეს და ვამტკიცოთ, რომ სილამაზე აბსოლუტურია; რომ ის სამყაროს გადაარჩენს; რომ ის მიუღწეველი იდეაა; უტოპიაა, რომელიც სინამდვილეში თაყვანისმცემლებისათვის ესთეტიკური თავშესაფარია და სკეპტიკოსებისთვის - სიფხიზლეგამოვლილი და სასტიკი რეალობა, რომელიც მოვლენებს მაინც თავის სახელებს არქმევს.

ლიკა ქავჟარაძის სიკვდილი გარკვეული თვალსაზრისით სილამაზის მითის მტკივნეული რევიზიაა და ამავე მითის მეათასედ გადამოწმება!.. და ეს ბიბლიასავით ძველია კინოში: ასე იყო ჯინ სებერგის შემთხვევაში (გოდარის და შაბროლის მუზა), რომელიც 60-იანი წლების კინოს სახედ იქცა და 40 წლის გარდაიცვალა. ამავე მითებში დარჩა „როშფორელი ქალიშვილი“ - ულამაზესი ფრანსუზა დორლეაკი, კატრინ დენევის და, რომელიც ავტოავარიას 25 წლის ასაკში ემსხვერპლა...

ასე იყო და იქნება, ვიდრე, ვთქვათ, მერილინ მონროს სიკვდილისა და სილამაზის საიდუმლო იარსებებს და ვიდრე ეს საიდუმლო არ განჯადოვდება; ანუ ათასნაირად არ გადაკეთდება, წვრილმან ჭორებად არ დაიშლება და არ გასაჯაროვდება. რასაც, სხვათა შორის, მსოფლიო მედია დღესაც შთამაგონებელი და სადისტური სიამოვნებით უწყობს ხელს.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, სილამაზე იყო და დარჩა ლიკა ქავჟარაძის სამუდამო სასჯელად, ტვირთად, გნებავთ, მეტაფორად, რომელსაც სინამდვილეში ის მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის ხარჯზე უმკლავდებოდა. კინორეჟისორებმა (თენგიზ აბულაძით დაწყებული, გუგული მგელაძით დამთავრებული) რატომღაც ჩათვალეს, რომ მისი სილამაზე მისი ფატალიზმია, მისი ნამდვილი „მე“, რომლის მიღმა თითქმის აღარაფერია საძიებელი. ამის გამო მას როგორც მხოლოდ „მშვენიერ ქალს“, როგორც სამშვენისს, როგორც ხატსა და მეტაფორას აღიქვამდნენ.

მაგრამ მსოფლიო კინომ კარგად იცის ხატების მსხვრევის საშიში ფენომენი: ერთ დროს მოსიყვარულე კინოკამერა დაუნდობელ ზღაპრულ სარკედ იქცევა და ვინც შიგ ჩაიხედავს, დროის შემაძრწუნებელ კვალს დაინახავს. სწორედ დაუნდობელი კამერის მზერას გაექცა 36 წლის ასაკში გრეტა გარბო, როდესაც „ორსახოვან ქალში“ (1941) საკუთარი სილამაზის წარმავალობა და მომავლის შიში ცხადად შეიგრძნო. სილამაზის დეგრადაციისა და განადგურების თემას ასახავს ბილი უაილდერი „სანსეტ ბულვარში“, რომლის მთავარი გმირი, კინოვარსკვლავი (გლორია სვენსონი) გადაწყვეტს, რომ დროს შეებრძოლოს. და როგორ მთავრდება ეს ბრძოლა? რის ფასად უჯდება მას კიბეზე ჩამოსვლა კამერების წინ ლეგენდარულ ფინალურ სცენაში?!

ჩამოთვლილი ლეგენდარული მსახიობებისგან განსხვავებით, ლიკა ქავჟარაძე არ ყოფილა დიდი მსახიობი. მისი მთავარი დამსახურება და ნიჭიც მისი იშვიათი, ეკრანზე ტირაჟირებული სილამაზე იყო, რომელიც რატომღაც აჩენდა დაუძლეველ სურვილსა და მოლოდინს, რომ მუდამ ასეთად დარჩენილიყო, როგორიც „ნატვრის ხეში“ იყო. თუმცა მეხსიერებაში დაგროვილი მისი სახის აჩრდილები დროთა განმავლობაში დნებოდა, ცვდებოდა და მას ახალი შინაარსით ვერ ავსებდა ვერც რეჟისორთა ძალისხმევა და ვერც თავად მსახიობი. ალბათ  იმიტომ, რომ საზოგადოება მას უფრო სიმბოლოდ აღიქვამდა, ვიდრე ცოცხალ, ცვლილებებისა და მუდმივად განვითარების მოსურნე პიროვნებად. მაგრამ არც ეს არის გასაოცარი, სილამაზეს ყველა დროს აღტაცებაში მოჰყავდა და მოჰყავს  ადამიანები... მათ გადაწყვიტეს, რომ ლიკა ქავჟარაძის სოლამაზე არის მისი მუდმივი როლიც და მისი საჯელიც!

ხოლო  როცა მოვიდა სიკვდილი - ყველაზე ინტიმური და ყველაზე შემაჯამებელი რამ, მის მიერ შესრულებული 30-მდე კინოროლის მიუხედავად, ყველას მაინც მარიტა გაახსენდა: ეპიზოდი, როდესაც ის ხელებში მომწყვდეულ ციცქნა, მკვდარ ჩიტს დასცქერის სევდიანი თვალებით. რითაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სახე მარიტას მუდმივ სახედ იქცა; როლი, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა და რომელმაც მთელი მისი შემდგომი ცხოვრება გამოძერწა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^